ნონა მიხელიძე - ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის მომხრე პარტიების გამარჯვებით და ევროსკეპტიკოსთა მარცხით დასრულდა

26 მაისს ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე და იმაზე, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს იგი ევროპაში მიმდინარე პროცესებზე და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა რომის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს ნონა მიხელიძეს.

- ქალბატონო ნონა, 26 მაისს ევროკავშირის 28 ქვეყანაში ევროპარლამეტის არჩევნები გაიმართა. გარკვეულ წრეებში იყო მოლოდინი, რომ 26 მაისის არჩევნებში ევროპელი ლიბერალები დამარცხდებოდნენ. და ეს მაშინ, როცა ევროპის ბევრ ქვეყანას პრაქტიკულად ლიბერალები, ან ლიბერალური მიმართულების სოციალ-დემოკრატები მართავენ. რა შეგვიძლია ვთქვათ ევროპარლამენტის შედეგებზე განსაკუთრებით ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის ძალთა ბალანსის თვალსაზრისით?

- ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის მომხრე პარტიების გამარჯვებით და ევროსკეპტიკოსთა მარცხით დასრულდა. ეს უკანასკნელნი ახალ პარლამენტში მხოლოდ 10%ით იქნებიან წარმოდგენილნი.

“ევროპის სახალხო პარტიას” უმრავლესობის შესაქმნელად მოუწევს შეთანხმების მიღწევა “სოციალისტებისა და დემოკრატების” და “ლიბერალებისა და დემოკრატების” ჯგუფთან

რაც შეეხება ძალთა ბალანსს, ის იცვლება - “ევროპის სახალხო პარტიას” უმრავლესობის შესაქმნელად მოუწევს შეთანხმების მიღწევა“ სოციალისტებისა და დემოკრატების” და “ლიბერალებისა და დემოკრატების” ჯგუფთან. აღსანიშნავია, რომ არჩევნები მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა.

- არჩევნებამდე დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი დეპუტატი აღმოჩნდებოდა ულტრამემარჯვენე თუ ულტრამემარცხენე პარტიებიდან.

ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში ამგვარი დეპუტატები რომელი ქვეყნებიდან არიან უფრო მეტნი და სავარაუდოდ, რატომ?

- ულტრამემარჯვენეების თვალსაზრისით ყველაზე თვალშისაცემი იყო მათი გამარჯვება საფრანგეთში, იტალიასა და უნგრეთში. საფრანგეთის შემთხვევაში ლე პენის ულტრამემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიამ აჯობა მაკრონის ცენტრისტულ რენესანსის ალიანს და 24%-ით პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2014 წლის არჩევნებთან შედარებით ლე პენმა დაკარგა ხმები და 27%-დან 24%-მდე ჩამოვიდა. ეს არ არის საკმარისი ძალა იმისთვის, რომ მან ნაციონალური არჩევნების დროს ქვეყნის სამართავად საჭირო ხმების რაოდენობა მიიღოს.

საფრანგეთში ლე პენის ულტრამემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიამ აჯობა მაკრონის ცენტრისტულ რენესანსის ალიანს და 24%-ით პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2014 წლის არჩევნებთან შედარებით ლე პენმა დაკარგა ხმები და 27%-დან 24%-მდე ჩამოვიდა. ეს არ არის საკმარისი ძალა იმისთვის, რომ მან ნაციონალური არჩევნების დროს ქვეყნის სამართავად საჭირო ხმების რაოდენობა მიიღოს

რაც შეეხება იტალიას, აქ გამრჯვებას მემარჯვენე მატეო სალვინი ზეიმობს. თუმცა იტალიის შემთხვევაშიც ნაკლებ სავარაუდოა, სალვინის ლეგამ დიდხანს შეინარჩუნოს 34%-იანი მხარდაჭერა, რადგან უახლოეს მომავალში მათ სერიოზული ეკონომიკური რეფორმების გატარება მოუწევთ, იმისთვის რომ თავიდან აიცილონ დღგ-ს გაზრდა.

იტალიაში გამრჯვებას მემარჯვენე მატეო სალვინი ზეიმობს. თუმცა, იტალიის შემთხვევაშიც ნაკლებ სავარაუდოა, სალვინის ლეგამ დიდხანს შეინარჩუნოს 34%-იანი მხარდაჭერა

არსებული სახელისუფლებო შემადგენლობით სერიოზული რეფორმების გატარება შეუძლებელია, რადგან ეკონომიკურ სისტემაზე ლეგასა და 5 ვარსკვლავის პოზიციები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე რომ, პოლიტიკური და სახელისუფლებო კრიზისი იტალიაში გარდაუვალია.

რიგ ქვეყნებში ნაციონალისტებისა და ულტრამემარჯვენე, პოპულისტური პარტიების გამარჯვება დიდ გავლენას ვერ მოახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე, პირიქით მათი პოზიციების მარგინალიზაცია ევროპარლამენტში გარდაუვალია

რომ დავუბრუნდეთ ევროპარლამენტს, როგორც აღვნიშნე, რიგ ქვეყნებში ნაციონალისტებისა და ულტრამემარჯვენე, პოპულისტური პარტიების გამარჯვება დიდ გავლენას ვერ მოახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე, პირიქით მათი პოზიციების მარგინალიზაცია ევროპარლამენტში გარდაუვალია, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია.

- ევროკავშირისთვის და ახალი პარლამენტისთვის დიდ გამოწვევად რჩება "ბრექსითი". თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რით დასრულდება "ბრექსითთან" დაკავშირებული პროცესი და, რა გავლენა ექნება მას ევროპაში მიმდინარე პროცესებზე?

- როგორც ვიცით, 24 მაისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ტერეზა მეიმ თავისი გადადგომა დააანონსა. სავარაუდოდ, მის ადგილს ბორის ჯონსონი დაიკავებს. თუმცა, არც ეს შეიძლება ითქვას გადაჭრით, რადგან ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ პარტიაში დიდი მღელვარებაა, იმის გათვალისწინებით რომ კონსერვატორებმა ხმების მხოლოდ 9% მიიღეს, მაშინ როცა "ბრექსითის" მომხრე პარტიამ 32%.

ევროკავშირმა უკვე დაიწყო ფიქრი ე.წ. დიფერენცირებულ ინტეგრაციაზე, ანუ ინტეგრაციის ისეთ მოდელებზე, რომელიც გულისხმობს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ევროპასთან, მაგრამ ის არ ითვალისწინებს წევრობას... არ არის გამორიცხული, ამგვარი მოდელი შესთავაზონ ბალკანეთის ქვეყნებს, თურქეთს, უკრაინას და საქართველოს

ახალმა პრემიერმა, ვინც არ უნდა იყოს ის, შეიძლება მოსინჯოს, თუ რა შანსები აქვს ე.წ. ჰარდ ბრექსითს ანუ ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე 31 ოქტომბრამდე. სავარაუდოდ, ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდება, რაც თავის მხრივ ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას გამოიწვევს.

არ არის გამორიცხული, რომ პროცესის ამგვარმა გაწელვამ ახალი რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობა შექმნას. საბოლოო ჯამში, რით დამთავრდება ეს ტრაგიკომიკური ისტორია, ძნელად პროგნოზირებადია.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ რა გავლენა ექნება "ბრექსითს" ევროკავშირის პოლიტიკაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო ფიქრი ე.წ. დიფერენცირებულ ინტეგრაციაზე, ანუ ინტეგრაციის ისეთ მოდელებზე, რომელიც გულისხმობს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ევროპასთან, მაგრამ ის არ ითვალისწინებს წევრობას.

არ არის გამორიცხული, ამგვარი მოდელი შესთავაზონ ბალკანეთის ქვეყნებს, თურქეთს, უკრაინას და საქართველოს.

- ჩვენ აუცილებლად შევეხებით ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, მაგრამ მანამდე ევროკავშირსა და რუსეთის ურთიერთობებზე მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების პოლიტიკა და რამდენად ეფექტურია ის რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში?

- როგორც ვიცით ევროკავშირის პასუხი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე და აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებულ ომზე იყო 2014 წელს შემოღებული სანქციების რეჟიმი, რომელიც დღემდე გრძელდება.

მაგრამ, მხარეებს შორის განხეთქილების მიზეზი კიდევ უფრო ღრმაა, ვიდრე ეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები შეიძლება იყოს. კერძოდ კრიზისი სამი საკითხის ირგვლივ წარმოიქმნა. 1. იდეოლოგიური განხეთქილება - რუსეთი თავისი მმართველობის სტილით სრულ წინააღმდეგობაში მოვიდა დასავლურ ლიბერალიზმთან და გლობალურ წესრიგთან. ფასეულობათა შორის სხვაობა დღითიდღე მწვავდება, როგორც ინსტიტუციონალურ ისე არასამთავრობო დონეზე.

თუ რა პოლიტიკური ფორმა შეიძლება მიიღოს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობამ, მაშინ როცა ამ ორ აქტორს შორის ფასეულობით კონტექსტში ნამდვილი უფსკრულია, დღემდე პასუხგაუცემელი რჩება

ევროპაში არიან მთელი რიგი აქტორები, რომლებიც მოელიან თავიანთი მთავრობებისგან ნორმატიული ასპექტების გათვალისწინებას, როცა საქმე ეხება მათი ქვეყნის ბილატერალურ ურთიერთობებს რუსეთთან. ასე რომ, შეკითხვა - თუ რა პოლიტიკური ფორმა შეიძლება მიიღოს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობამ, მაშინ როცა ამ ორ აქტორს შორის ფასეულობით კონტექსტში ნამდვილი უფსკრულია, დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.

2. კრიზისი შექმნილია უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, დასავლეთს სურს შეინარჩუნოს ის სისტემა, რომელიც ეფუძნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, 1975 წლის ჰელსინკის აქტს და 1990 წლის პარიზის ქარტიას.

ეს კი წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის სურვილთან, შეინარჩუნოს გავლენის სფეროები პოსტსაბჭოთა სივრცეში და ისარგებლოს არაფორმალური ვეტოს უფლებით, იმ შემთხვევაში თუ ნატო ან ევროკავშირი გადაწყვეტს გაფართოებას და წევრობას შესთავაზებს საქართველოს ან უკრაინას.

3. განხეთქილების მიზეზი გახდა ასევე რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი ევროპის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ასპექტებს.

ევროკავშირის პოზიციები წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის სურვილთან შეინარჩუნოს გავლენის სფეროები პოსტსაბჭოთა სივრცეში და ისარგებლოს არაფორმალური ვეტოს უფლებით, იმ შემთხვევაში თუ ნატო ან ევროკავშირი გადაწყვიტავს გაფართოებას და წევრობას შესთავაზებს საქართველოს ან უკრაინას

ევროპაში ის ძირითადად დეზინფორმაციის გავრცელებასა და ევროსკეპტიკური პოლიტიკური ძალების წახალისება-დაფინანსებასთან ასოცირდება. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი კი არის, დასავლეთის დემორალიზაცია, მისი დანაწევრება და დემოკრატიის, როგორც მმართველობის მოდელის, დისკრედიტაცია.

ამ ეტაპისთვის ევროკავშირს არ გააჩნია კონკრეტული სტრატეგია, თუ როგორ გაუმკლავდეს იმ დიდ გამოწვევას, რასაც რუსეთი ჰქვია. არსებობს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ ფედერიკა მოგერინის მიერ გახმოვანებული ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობების ე.წ. 5 პრინციპი: 1. მინსკის ხელშეკრულების შესრულება.

2. ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.

3. ევროკავშირის შიგნით რეზილენტურობის გაზრდა, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჰიბრიდული შეტევა და ა.შ.

ევროპაში რუსეთი ძირითადად დეზინფორმაციის გავრცელებასა და ევროსკეპტიკური პოლიტიკური ძალების წახალისება-დაფინანსებასთან ასოცირდება. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი კი არის, დასავლეთის დემორალიზაცია, მისი დანაწევრება და დემოკრატიის, როგორც მმართველობის მოდელის, დისკრედიტაცია

4. რუსეთთან თანამშრომლობა მხოლოდ შეზღუდულ თემებზე, როგორიცაა მაგალითად, შუააღმოსავლეთში არსებული კრიზისები, ტერორიზმი და გლობალური დათბობა.

5. ურთიერთობების გაღრმავება რუსეთის სამოქალაქო სექტორთან და ხალხთა შორის კავშირის გაფართოება.

იყო მოლოდინი, რომ იტალია ვეტოს დაადებდა სანქციების რეჟიმის შენარჩუნებას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ვნახოთ, დარჩება თუ არა სალვინის მთავრობა ევროკავშირის ამ პოლიტიკის ერთგული ივნისში დაგეგმილი კენჭისყრის დროს

რაც შეეხება სანქციების გახანგრძლივების პერსპექტივას, ძნელი პროგნოზირებადია, რა მოხდება, რადგან როგორც მოგეხსენებათ, სანქციების განახლება ხდება ყოველ 6 თვეში ერთხელ და ის მოითხოვს ყველა წევრი-სახელმწიფოს თანხმობას.

იყო მოლოდინი, რომ იტალია ვეტოს დაადებდა სანქციების რეჟიმის შენარჩუნებას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ვნახოთ, დარჩება თუ არა სალვინის მთავრობა ევროკავშირის ამ პოლიტიკის ერთგული ივნისში დაგეგმილი კენჭისყრის დროს.

- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების ფონზე, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება ევროპასთან საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები?

- საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დიდი ხნით შენარჩუნდება სტატუს-კვო. ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ მთავარ ამოცანად რჩება, ერთი მხრივ, ხელშეკრულების იმპლემენტაცია და, მეორე მხრივ, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება შენგენის ზონაში.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დიდი ხნით შენარჩუნდება სტატუს-კვო... ფიქრი იმაზე, რომ წევრობის პერსპექტივა საქართველომ შეიძლება უახლოეს მომავალში მიიღოს, არარეალისტურია

ფიქრი იმაზე, რომ წევრობის პერსპექტივა საქართველომ შეიძლება, უახლოეს მომავალში მიიღოს, არარეალისტურია, ძირითადად ორი მიზეზის გამო - ევროკავშირი არ არის მზად გაფართოებისთვის და თავის მხრივ, საქართველოს დემოკრატიის ხარისხი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ არც ჩვენი ქვეყანაა მზად, მიიღოს გაწევრიანების პერსპექტივა.

- მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებზე ბევრი ვისაუბრეთ მე კითხვას მაინც ასე დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით, 26 მაისს ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ სავარუდოდ, რა გაირკვა - საით მიდის ევროპა და როგორი იქნება ევროპის როლი საერთაშორისო პოლტიკაში?

- ევროპა არის გლობალური აქტორი, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.

ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპამ ევროკავშირის პერსპექტივაზე ტესტი წარმატებით ჩააბარა

ევროპარლამეტის არჩევნები გარკვეულწილად იყო ტესტი იმისა, თუ რამდენად არსებობს ევროკავშირის მოქალაქეებს შორის იმის გააზრება, რომ გლობალურ პრობლემებთან ჭიდილში ცალკეული წევრი-სახელმწიფოები ზედმეტად სუსტები არიან და რომ გლობალურ პრობლემებს ერთიანი ძალით ჭირდება გამკლავება.

ვფიქრობ, ევროპამ ეს ტესტი წარმატებით ჩააბარა.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“