დავით მათიკაშვილი - გირგვლიანის საქმის ადვოკატის შავგულიძისგან, თავის არიდება კითხვაზე: არიან თუ მერაბიშვილი და ახალაია პოლიტპატიმრები, უბრალოდ ამორალურია

შალვა შავგულიძისგან, რომელიც საზოგადოებამ ისე გაიცნო, როგორც გირგვლიანის საქმის ადვოკატი, თავის არიდება კითხვაზე: არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები და ტყუილი საუბარი იმაზე, რომ მან არ იცის, რისთვის იხდიან ისინი მსჯავრს, არის უბრალოდ ამორალური, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სხვა პირებთან ერთად, სასჯელს იხდიან მერაბიშვილი და ახალაია. ამდენად, როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, შავგულიძის მხრიდან ამ კითხვაზე თავის არიდება „შოკისმომგვრელი“ იყო.

„უმძიმესი მოსასმენი იყო სანდრო გირგვლიანის ადვოკატისგან, თუმცა ამჟამად ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების გუნდის წევრისგან შალვა შავგულიძისგან, ყოვლად უსუსური მცდელობა, თავი აერიდებინა ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ამავდროულად წყალგამყოფი მნიშვნელობის მქონე კითხვაზე პასუხისგან: არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები. კიდევ უფრო მეტად შოკისმომგვრელი იყო შავგულიძის ის განცხადება, რომ არ იცის, რის გამო იხდის ბაჩო ახალაია სასჯელს. ვანო მერაბიშვილზე კი ახსენა გაყვანის ეპიზოდი, რაზეც ევროსასამართლომ ცალსახად მიუთითა, რომ ამ პროცესუალურ ეპიზოდს არანაირი კავშირი არ აქვს მერაბიშვილის მიმართ არსებით ბრალდებებზე. შავგულიძის ამ პასუხმა შოკისმომგვრელი ეფექტი იქონია დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე. ყველა ის პირი, ვისაც იმ ხელისუფლების მსახვრალი ხელი შეეხო, შოკში იყო იმ პოზიციის გამო, რომელიც სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ გუშინ დააფიქსირა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, იმ მრავალ პირთან ერთად, სასჯელს იხდიან ახალაია და ივანე მერაბიშვილი. ეს ყველაფერი არ იცოდა სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა? ეს უეცარი გულმავიწყობაა თუ შეგნებული მცდელობაა, თავისთვის პოლიტიკურად სუბიექტურად არასახარბიელო პასუხი არ გასცეს მედიას და ქულები დაიწეროს ან შეინარჩუნოს ამ პოზიციით?!“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს