მაია ცქიტიშვილი - კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და იმისთვის, რომ ის სრულად გამოვიყენოთ, საჭიროა ამ შესაძლებლობების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019“-ში მონაწილეობს, რომელიც “Radisson Collection Estate Tsinandali”-ში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ვიცე-პრემიერმა, პანელზე გამოსვლისას, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც კახეთის რეგიონში ხორციელდება და ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

„კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და იმისთვის, რომ ის სრულად გამოვიყენოთ, საჭიროა ამ შესაძლებლობების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. პირველ რიგში, აქცენტს გავაკეთებ საგზაო ნაწილზე, რადგანაც სწრაფი კავშირი რეგიონებს შორის და მთლიანად საქართველოსთან, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან, მნიშვნელოვანია საწარმოო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ წელს, დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება ქვეყნის ინფრასტრუქტურაში და აქედან დიდი ნაწილი საგზაო პროექტებს მოხმარდება.

„კახეთში წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია 132 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მათ შორისაა, თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი გზა, რომლის დასრულების შემდეგ 110 კმ-იანი მონაკვეთის გავლის ნაცვლად, ჩვენ შევძლებთ 28კმ-იანი გზით დავაკავშიროთ ეს ორი რეგიონი, რაც ბევრად უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ნიშნავს. ასევე, მიმდინარეობს გურჯაანის შემოვლითი ახალი 16კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, 2020 წელს კი ვიწყებთ ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას. წელს დარსულდება თბილისი-ბაკურციხის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პროექტირება, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 მილიარდი ლარია, რაზეც უკვე ინტენსიური მოლაპარაკების ფაზაში ვართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგიონში დაახლოებით 40 მლნ ლარის ღირებულების 117 კმ-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უკვე გაფორმებულია კონტრაქტი და თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.

საინვესტიციო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა