ქართული პრესის მიმოხილვა 31.05.2019

უარი ქართველებს ევროპაში ყველა სახის თავშესაფარზე!

ტოტალური ქაოსი ფოთის პორტის გარშემო და ხელისუფლების გაუგებარი თავის მართლება

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N6, ივნისი, 2019) მიმოხილვა

* * *

უარი ქართველებს ევროპაში ყველა სახის თავშესაფარზე!

“უვიზო რეჟიმით ევროპაში წასული და თავშესაფრის მოთხოვნით ჩაბარებული ქართველების დეპორტაციები გახშირებულია. ამის ნათელი მაგალითი კი ჯერ მხოლოდ მაისში დეპორტირებული ქართველების რიცხვია, როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 100-მდე ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. ევროპული სახელმწიფოებიდან სპეცრეისების დამატება, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს და თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ევროპიდან გამოდეპორტირებული ქართველებით სავსე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში თვეში ორჯერ ან სამჯერ ეშვება. ქართველები ბოლო თვეების განმავლობაში გერმანიიდან, ირლანდიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან გამოაძევეს. ქართველებს ყველა სახის თავშესაფარზე უარი უკვე დაჩქარებული წესით ეძლევათ. გადაწყვეტილების მთავარი მოტივი კი, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვით, ევროპისგან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო სახელმწიფოებოდ აღიარებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უარი ქართველებს ევროპაში ყველა სახის თავშესაფარზე! / “ლტოლვილად ჩაბარებიდან 2-3 კვირაში საემიგრაციო სამსახურში ქართველების დეპორტაციის პროცესს იწყებენ”.

“29 მაისს ბარსელონაში მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან 119 ადამიანი გაასახლეს, მათ შორის 79 საქართველოს მოქალაქეა. გავრცელებული ცნობით, ამავე შენობას თავს ქართველი კრიმინალები აფარებდნენ. ესპანური გამოცემა წერს, რომ მიტოვებულ შენობაში რამდენიმე ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. როგორც პოლიციაში განაცხადეს, შენობაში მდებარეობდა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების თავშესაფარი. გამოძიების მიხედვით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან 70-ზე მეტი სახლის გაქურდვაში. ესპანური მედიის ცნობით, მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან გამოსახლებაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. სულ გამოსახლებას დაექვემდებარა 119 ადამიანი. საქართველოს 79 მოქალაქიდან 28 საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააპატიმრეს. აპრილში ამავე შენობაში ჩატარებული სპეცოპერაცის დროს დააკავეს 53 ადამიანი, რომელთაც “ქართველი კანონიერი ქურდების ბანდის წევრობაში ადანაშაულებდნენ”. დაკავებების დროს კი სავარაუდოდ, ერთი ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მასთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პოლიციამ მათ ტელეფონები ჩამოართვა და ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა...”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოჯახების ნაწილი თავშესაფრის მოლოდინშია, ნაწილი კი სკოლაში იმ მიზეზით ცხოვრობს, რომ მათ ბინის ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ. არ არის გამორიცხული, საქართველოს მოქალაქეების ნაწილის ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდეს. ამ დროისთვის ქართველებს საკონსულოს წარმომადგენლები არ დაკავშირებიან. “პოლიციის ალყა იყო და განუცხადეს იქ მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც თავს აფარებდნენ ამ სკოლის შენობას, რომ შენობა უნდა დაეტოვებინათ. ამ წუთამდე, ისინი ემზადებოდნენ და ბარგს ამზადებდნენ, ბოლომდე არავის არ სჯეროდა, რომ მართლა ასე გაწირავდნენ, მაგრამ ახლა ვესაუბრე სოციალურ მუშაკებს და მითხრეს, რომ ოჯახებს, ვისაც განაცხადი აქვთ შეტანილი წითელ ჯვარში ან რომელიმე სოციალურ ორგანიზაციაში, გადაანაწილებენ იმ დაწესებულებებში, სადაც სოციალურად მიუსაფარი ოჯახები არიან გადანაწილებული. ვისაც არ აქვს არანაირი განაცხადი წარდგენილი, მათ არ ვიცი, გაუშვებენ და ალბათ თვითონ მოძებნიან რამეს... დაახლოებით 20-მდე ბავშვია და მაქსიმუმ 10 ოჯახი იქნება” - განაცხადა ესპანეთში ორგანიზაცია “ემიგრანტების სახლის” დამფუძნებელმა, დიანა ციხისთავმა. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოზეპ ბორელმა თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე 28 იანვარს, რომ “ესპანეთი საქართველოს განიხილავს, როგორც ქვეყანას პოლიტიკური პრობლემების გარეშე, ამიტომ ამ მოტივით საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბორელმა განაცხადა, რომ ეს ნაკადი უნდა შევამციროთ და ამ ადამიანებმა თავიანთი დრო და ფული არ უნდა ხარჯონ განუხორციელებელ ამოცანებზე. საქართველოში ბოლო წლებში სიტუაცია უცვლელია, თუმცა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 40-იდან 1000-მდე გაიზარდა. რა უჯდება ამა თუ იმ ევროპის ქვეყანას ქართველების გამოდეპორტება - სტატისტიკა ამის შესახებ არ არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, ქართველების დ სხვა ქვეყნის მიგრანტების შენახვაზე ფულის დახარჯვა აღარ უღირთ. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ გერმანიიდან 6 613 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა, უმეტესობა საქართველოში, ალბანეთსა და იტალიაში გაუშვეს. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ რათა გაიგონ, რომ თუ ევროპაში წასვლასა და თავშესაფრის მოთხოვნას გადაწყვეტთ, გაითვალისწინონ, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის გამო ისინი დეპორტირებულების სიაში აუცილებლად მოხვდებიან. ამას გარდა, პრობლემები შეექმნება ევროპასთან მოპოვებულ განძს - უვიზო რეჟიმს და ქვეყნის რეპუტაციაც შეილახება”, - დასძენს გამოცემა.

“მაშინ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაჭრას და ჩვენი მოქალაქეების ევოპაში გადინების რიცხვი შეამციროს. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ქართველების მასობრივი დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოდან მასობრივად გაზრდილმა მიგრაციამ განაპირობა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვში მეორე ადგილზეა, პირველზე კი ალბანეთია. ამიტომაც, რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა საქართველო დაჩქარებული წესით უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, რადგანაც ქართველების უკან სამშობლოში დაბრუნების პროცედურები გაადვილებული ყოფილიყო. გოგოლაშვილი განმარტავს, რომ ევროპას მიგრანტების და თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდება და ამიტომაც ამ ხარჯების გაღება აღარ უღირს. მისი განცხადებით, მართალია, არ არსებობს ამის სტატისტიკური კვლევა, თუმცა არსებობს მონაცემები, იმის შესახებ თუ რა თანხებს გამოჰყოფს ქვეყანა მიგრანტების შესანახად - მაგალითისთვის გერმანიამ 2018 წლის ბიუჯეტიდან თავშესაფრის მსურველებისთვის 23 მილიარდი ევრო დახარჯა”, - წერს სტატიის ავტორი.

“სამწუხაროდ ბოლო თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით 2018 წელს, ქართველების რიცხვი, რომლებიც ევროპაში თავშესაფარს ითხოვენ, ძალიან გაზრდილია. მსოფლიოში რიცხობრივი მონაცემებით, ალბანეთის შემდეგ მეორე ადგილას ვართ. ამიტომაც ევროპის ქვეყნებმა საქართველოს უასფრთხო ქვეყნად აღიარება სწრაფად დაიწყეს, რადგანაც ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცედურები გაუადვილდეთ. ევროპის ქვეყანაში ლტოლვილად ჩაბარებიდან 2-3 კვირაში საემიგრაციო სამსაუხრში ქართველების დეპორტაციის პროცესს იწყებენ. ე.წ. პოზიტივს იგივე თავშესაფარს თითქმის აღარავის აძლევენ. პროცედურა ბევრ ბიუროკრატიას მოიცავს, ჩაბარების დღიდანვე ქართველებს ეძლევათ საბუთი, რომელიც მათ აცნობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მათი მოთხოვნა თავშესაფარზე არ იქნება დაკმაყოფილებული. დეპორტაციის ხარჯების გადახდაც წესით ქართველებს ეკისრებათ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოდან ევროპაში გაქცეულებს უკან დაბრუნება არ სურთ, უცხოელი პოლიციელები მათ ძალით გამოძევებას იწყებენ, ამ შემთხვევაში კი ხარჯებს ადგილობრივი მთავრობები ფარავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“ფაქტია, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ადამიანები იძულებულები არიან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვონ. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც არ ხარ რეალურად პოლიტიკური დევნილი და შენს სიცოცხლეს შენს ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება, თავშესაფარს არავინ მოგცემს. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეგვიჩერონ და ჩვენი მოქალაქეების ასეთ მძიმე სიტუაციაში ყოფნა თავიდან ავირიდოთ. პირველ რიგში, აუცილებელია რომ შევისწავლოთ ის რეგიონები საიდანაც მოსახლეობის მასობრივი გადინება ხდება. დავიწყოთ გარკვეული ინვესტიციების და რესურსების ამ კუთხით მობილიზება. ასევე უცხოური ინვესტიციებიც მოვიზიდოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დასაქმება მოხდეს. შევიმუშაოთ გარკვეული პროგრამები, რომ ასეთ მასობრივ გადინებას ხელი შეუშალოთ. სხვაგვარად სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. მხოლოდ პოლიციური რეჟიმის გამკაცრება და ხალხის დაკავება გამოსავალი არ არის”, - დაასკვნის რესპონდენტი.

ტოტალური ქაოსი ფოთის პორტის გარშემო და ხელისუფლების გაუგებარი თავის მართლება

“რასთან გვაქვს საქმე - ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 28 დღის წინ საიდუმლოდ გაცემული ნებართვა ეს დაბალი რანგის ჩინოვნიკის, სსიპ-ის ხელმძღვანელის შეცდომა იყო, როგორც ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, თუ ეს იყო ხელისუფლებაში რაღაც ჯგუფის მიერ დაგეგმილი ნაბიჯი და საბოტაჟი ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, და ის დიდი სკანდალის ატეხვის გამო ჩაიშალა?! ფოთის პორტის გარშემო დიდი ქაოსი შეიქნა და ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებები და გაუგებარი თავის მართლება პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ტოტალური ქაოსი ფოთის პორტის გარშემო და ხელისუფლების გაუგებარი თავის მართლება.

“ამის შემდეგ მონისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თურმე ამ მასშტაბური და სტრატეგიული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობაში არავინ არაფერი იცოდა და ნებართვის ჩუმად გაცემის მიზეზით გაათავისუფლა, ტექნიკური და სამშენებლო ზესამხედველობის სააგენტოს უფოსი გრიგოლ კაკაურიძე., რომელმაც შემდგომ მედიასთან თქვა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და მინისტრი კურსში არ ჩაუყენებია. ამ “აღიარებას” კითხვები ახლავს - რას ნიშნავს, როცა მინისტრის გვერდის ავლით დაბალი რანგის ჩინოვნიკი წყვეტს ასეთ მნიშვნელოვან საკითხს და და მოჰყვება თუ არა ამას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ბრიფინგზე ანაკლიის კონსორიუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, “ეს არის დაუჯერებელი, რომ 28 დღის განმავლობაში მთავრობაში ამის შესახებ არავინ იცოდა”. მისი თქმით ამ გადაწყვეტილებამ ანაკლიის პროექტი დააზიანა და უკან დახია.. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განმარტებით, აშკარაა, რომ ხელისუფლების გარკვეული ჯგუფი მოქმედებდა ანაკლიის პორტის წინააღმდმეგ და საქმე გვაქვს აშკარა საბოტაჟთან, რითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანაკლიის პორტის პრიორიტეტული სტატუსი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციაში და ნებისმიერი საბოტაჟი ამ პროქტის მიმართა შეგვიძლია განციხილოთ, როგორც სს დანაშაული. ძალიამ მიამიტი უნდა იყო არ გესმოდეს, რომ ფოთის პორტში ანალოგი მშენებლობის შემთხვევაში ანაკლიის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ეჭვქვეშ დგება და შესაბამისად, ინვესტორები უარს ამბობენ პროექტზე. რა დიდი არითმეტიკა უნდა ამას - ეს იყო პირდაპირი საბოტაჟი. ბოლოს და ბოლოს უნდა დაეცადათ, სანამ ანაკლია აქტიურ ფაზაში გადავიდოდა და ამის შემდეგ ფოთში რაც უნდა, ის ეკეთებინათ... საინტერესოა, ვის ინტერესში მოქმედებდა ჩინოვნიკი და ვისთან ჰქონდა გარიგება, რომ ეკონომიკის მინისტრმა არ იცოდა? გამოსაძიებელია ვინ იყო დამკვეთი”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ოპოზიცია აცხადებს, რომ თურნავას განცხადება არადამაჯერებელია, რადგან სააგენტოს ხელმძღვანელი ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა და თუკი მინისტრისგან ჩუმად ხდება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და ამის ერთი თვით დამალვა, ეს მიუთითებს მთავრობის მიერ ქვეყნის მართვის უნარის პრობლემაზე. კითხვები აქვს “ოცნების” დეპუტატს, დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას, რომლის თქმით შეცდომა დაშვებულია, დამაჯერებლობა აკლია განცხადებას, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას სსიპ-ის ხელმძღვანელი ისე იღებს, რომ მთავრობამ არაფერი იცის. მისი ქმით, 7 ივნისს ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში უნდა მივიდეს და ამ “სიურპრიზის” უკან რა დგას, ამ თემაზე ბევრი კითხვა დაისმება”, - დასძენს გამოცემა.

“კეთდებოდა განცხადებები, რომ თურნავა არის ის მინისტრი, რომელიც ქვეყანაში დინამიკას შექმნიდა, არადა ვხედავთ, რომ თურნავა არა თუ დინამიკას, არამედ ძლივს დაწყებული საქმეების შემაფერხებელიც კი აღმოჩნდა, რადგანაც ის ემსახურება კონკრეტული დაჯგუფებების ინტერესებს და შესაბამისად არ აინტერესებს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. არც ერთი თავმოყვარე მინისტრი არ გააკეთებდა იმ განცხადებას, რაც თურნავამ გააკეთა. მან ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, რითიც ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ეკონომიკის მინისტრი, ხაზი გადაუსვა”,- აცხადებს “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეიდან ფოთს აღარავინ გაეკარება, პლუს დაზიანდა ანაკლია” - დავით ჭიჭინაძე.

“თურნავას განცხადება იმდენად დაუჯერებელია, რომ საბავშვო ბაღის დონის განცხადებაა და ამას მინისტრმა რომ დააყოლოს, დედას ვფიცავარ, მართლა არ ვიცოდიო, შეიძლება ცოტა მეტი დამაჯერებლობაც მიეცეს. ასეთი განცხადებით ინვესტორებთან ყველანაირ ნდობას ვკარგავთ. დაუჯერებელია, რომ ეკონომიკის მინისტრმა არ იცის, რომ ქვეყანაში 250 მილიონი დოლარი უნდა ჩაიდოს, როცა ამის შესახებ იცის მთელმა ფოთმა და დიდი მოლოდინიც იყო ფოთში, რომ სამუშაო ადგილები და ფული გაჩნდებოდა. დღეიდან ფოთს აღარავინ გაეკარება, პლუს დაზიანდა ანაკლია, რომელიც არ არის კომერციული პროექტი, უფრო პოლიტიკური პროექტია. ვხედავთ, რომ ამ ვიწრო, ერთმანეთში დაპირისპირებას ეწირება, როგორც პოლიტიკური პროექტი, ისე ეკონიმიკური პროექტიც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე და შეკითხვაზე - “ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესია ანაკლიის პორტის ჩაძირვა და ფოთის პორტის განვითარება...”

“არ ვიცი. თუ ჩხარტიშვილი ასე აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უპირისპირდება და მათი ამხელა განცხადებების შემდეგ ამის უნარი შესწევს, მაშინ ჩხარტიშვილი ყოფილა ამ ქვეყანაში ყველაფერი. ეკონომიკური თვალსაზრისით ანაკლიის პროექტის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა იყო, მაგრამ, ბოლოს დავინახეთ, რომ ამ პროექტს სტაბილურობის მომტანი პოლიტიკური, რეგიონალური დატვირთვა ეძლევა და ამ პროექტთანაა დაკავშირებული გარკვეული გავლენები შავ ზღვაზე. ეს დაადასტურა აშშ-ის წარმომადგენელმა უკრაინაში კურტ ვოლკერმა, როდესაც თქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მათთვის ძალიან საინტერესოა. ასევე რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თქვა, რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია შავ ზღვაში ბალანსის შესანარჩუნებლად”.

“ანაკლიის პორტმა უნდა მოიზიდოს ახალი ტვირთები, საუბარია 9 მილიონ ტონა ტვირთებზე, რაც ფოთის პორტს უპირისპირდება კონკურენციის თვალსაზრისით. ფოთის პორტში მხოლოდ ინვესტორის ფულია, ეკონიმიკური გათვლით, ეტყობა, ფოთის პორტი ბევრად უფრო მომგებიანია თავისი ბიზნეს გეგმით, ვიდრე ანაკლიის პორტი, რადგან იქ სახელმწიფოს უწევს რაღაც გარანტიების მიცემა და ამას თხოულობენ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები. მე ვთვლი, რომ რადგანაც ასეთი მძლავრი წნეხია ანაკლიის პორტის აშენებაზე, კონსტიტუციაშიც გვიწერია ეს და სახელმწიფომ უნდა იტვირთოს რაღაც გარანტიები, ამიტომ გადაწყვიტეს ალტერნატიული ეკონომიკური პროექტი, რომელიც მოგებას მოუტანდათ, მაგრამ ვხედავთ, რა შედეგიც მოჰყვა. მოხდა ის, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფოთის პორტის პროექტი, რომლის შესახებ დადგენილებები ჯერ კიდევ წლების წინ არის გამოცემული და ეს იდეა სამინისტროში დიდი ხანია ტრიალებს, მთელი ფოთიც ზეიმობდა ამას, ბანერიც კი იყო დამზადებული, ჩაშალეს. შესაძლებელი იყო ნორმალურად დალაგებულიყო ყველაფერი, მაგრამ ხალხის ინტერესები უკუაგდეს და ახლა მოძებნეს ადამიანი, ვისაც ხელები შეაწმინდეს. ამ ქმედებით ქვეყანამ რეპუტაცია დაკარგა და ინვესტიციების ჩადებასაც არავინ მოინდომებს. ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ბევრ კითხვას აჩენს. პანკისში ჩვენ ვნახეთ, რომ 7 მილიონი ღირებულების ინვესტიციის გამო ინვესტორის ინტერესებს როგორ იცავდა ხელისუფლება მთელი პოლიციის და სპეცრაზმის დახმარებით და აქ, ფოთში 250-მილიონიანი ინვესტიცია კი უცებ შეცდომად აღიარეს და ადამიანი მოხსნეს. ამის შემდეგ ვინ ჩადებს ფულს? ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული კითხვის ნიშანი დაუსვა „ქართულმა ოცნებამ”, - დაასკვნის რესპონდენტი.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N6, ივნისი, 2019) მიმოხილვა

ჟურნალი “არსენალი” 15 წლის გახდა / ამერიკული ულტიმატუმი თურქეთს და საქართველოს ინტერესები / სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი: საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი / ქართველი პოლიციელები წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა დადებითად შეაფასა / უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების კვალდაკვალ / ქართველი მეხანძრე-მაშველები საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას შეძლებენ

“26 მაისს ჩვენი “არსენალის” დაბადების დღე იყო. 15 წლის წინ, 2004 წლის 26 მაისს, რუსთაველის პროსპექტზე აღლუმის მონაწილეებს “არსენალის” პირველი ნომერი საჩუქრად დავურიგეთ... “არსენალი”, ჯერ როგორც საგაზეთო რუბრიკა, 1996 წელს ყოველკვირეული გაზეთიდან “7 დღე” ახალშექმნილ გამოცემა “კვირის პალიტრაში” გადმოვიტანეთ. “კვირის პალიტრის” გაძლიერებასთან ერთად, რუბრიკა “არსენალის” ერთგული მკითხველის რიცხვმაც იმატა და 2004 წელს გავრისკეთ, ჟურნალის სახით გამოგვეცა “არსენალი... 255 ნომერი 15 წლის განმავლობაში შეიძლება ბევრისთვის არაფერს ამბობს, მაგრამ თითოეული ნომერი ბრძოლაში "იბადებოდა", ზოგჯერ ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, როდესაც ჟურნალისთვის მასალები 2004 წლის ცხინვალის, 2008 წლის აგვისტოს ომიდან თუ სხვა შეიარაღებული კონფლიქტების ზონიდან (ერაყიდან) იგზავნებოდა. შეცდომებიც, ბუნებრივია, გვქონია, მაგრამ არავინ გაგვიკრიტიკებია და არც არავინ შეგვიქია დაუმსახურებლად”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N6, ივნისი, 2019) სტატიაში სათაურით 15 წელი “არსენალთან” ერთად / საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” 15 წლის გახდა.

“არსენალს", ბევრი სხვა პერიოდული გამოცემისგან განსხვავებით, არავითარი გრანტი არ აუღია და მთლიანად დამოკიდებულია თვითდაფინანსებაზე, ანუ რამდენი ჟურნალი გაიყიდება. წმინდა სპეციფიკური გამოცემისთვის ეს ძალზე რთულია, როდესაც “ყვითელი პრესა” ყვავის ჭორების “სენსაციური” სტატიებით, მაგრამ, სამაგიეროდ, “არსენალის” წაკითხვით მიღებული ცოდნით თუკი ერთი სიცოცხლეც ვიხსენით ომებში, ესე იგი, ტყუილად არ გვიშრომია. “არსენალის” მიზანი ყოველთვის იყო და არის, ქართველებში მებრძოლი სული გააღვიძოს და ჩვენი ჟურნალის წაკითხვის შემდეგ, თუკი ერთმა ახალგაზრდამაც კი გადაწყვიტა სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგომა, ჩავთვლით, რომ საქართველოს გაძლიერებაში მცირე წვლილი ჩვენც შეგვიტანია. არადა, კარგად ვიცით, რომ განვლილი 15 წლის განმავლობაში "არსენალის" არაერთმა მკითხველმა საუკეთესო სამხედრო კარიერა გაიკეთა და ზოგიერთ მათგანს დღეს გენერლის სამხრეებიც კი ამშვენებს. “არსენალის” ერთგულ მკითხველებს ვულოცავთ ჟურნალის დაბადების დღეს და ვპირდებით, რომ მომავალშიც სამხედრო თემაზე პროფესიონალურ დონეზე მომზადებულ სტატიებს მივაწვდით!”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საერთაშორისო სკანდალი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორ მნიშვნელოვან წევრ ქვეყანას – აშშ-სა და თურქეთს შორის ღრმავდება. თეთრი სახლი თურქეთის ხელისუფლებას კატეგორიულად სთხოვს გააუქმოს 2,5 მლრდ დოლარიანი კონტრაქტი, რომელიც რუსული C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენას ითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პენტაგონი დაბლოკავს მეხუთე თაობის F-35 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ თვითმფრინავის შექმნასა და 100 ერთეულის შეძენაში ანკარამ უკვე გადაიხადა დიდი თანხა. ოთხი F-35, რომლის კილებზეც უკვე დახატულია თურქეთის დროშა, გასული წლის შემოდგომიდან დგას ერთ-ერთ ამერიკულ სამხედრო აეროდრომზე, მაგრამ მათ თურქეთში გაგზავნას ამერიკელი გენერლები არ ჩქარობენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ამერიკული ულტიმატუმი თურქეთს და საქართველოს ინტერესები / ვაშინგტონი ანკარას 7 ივნისამდე აძლევს დროს გადაიფიქროს მოსკოვისგან საზენიტო რაკეტების ყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ...

“აშშ-ის ხელისუფლების გულისწყრომას ის იწვევს, რომ მისმა ნატოელმა პარტნიორმა თურქეთმა რუსული საზენიტო სისტემის ყიდვა ამჯობინა. საპასუხო არგუმენტები აქვთ ანკარაშიც: როდესაც ამერიკელებს საზენიტო “პეტრიოტების” შეძენასა და წარმოების ტექნოლოგიის გადმოცემას ვთხოვდით, უარით გამოგვისტუმრეს, შემდეგ ჩინური საზენიტო-სარაკეტო სისტემების ყიდვა დავაპირეთ და ნატომ დაგვიბლოკა. იმავე ნატოს წევრ საბერძნეთს თუ შეუძლია რუსეთისგან C-300-ების ყიდვა, თურქეთს რატომ უშლით ხელს C-400-ების ყიდვაშიო? თურქეთ-აშშ-ს შორის რომ შავმა კატამ გაირბინა, რამდენიმე წელია აშკარაა, რაც საქართველოს წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს. “ცივი ომის” დროს საბჭოთა კავშირს ნატოსთან სახმელეთო საზღვარი საქართველოს მონაკვეთშიც ჰქონდა და საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდგომ არსებობდა იმის წინაპირობა, რომ ალიანსის წევრი თურქეთი გამხდარიყო საქართველოს ნატოში გაწევრების დამაჩქარებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგრამ ეს არ მოხდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, პირიქით, ბოლო წლებში საქართველოს ჩრდილოელი და სამხრეთელი მეზობლების “ჩახუტების” პოლიტიკა შეიძლება ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი პროცესის შემაფერხებელი გარემოებაც გახდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“15-17 აპრილს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ქალაქ ანკარაში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო აკადემიების რექტორების შეხვედრას დაესწრნენ. თანამშრომლობას სამმხრივ ფორმატში საფუძველი შარშან აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით ჩაეყარა. პირველი ოფიციალური შეხვედრაც სწორედ აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის უმაღლეს სამხედრო სკოლაში გაიმართა. წელს სამხედრო აკადემიების რექტორების შეხვედრას თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებელმა უმასპინძლა. ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანასთან ერთად ჩართული იყოს მსგავსი სახის თანამშრომლობაში”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი: საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი.

“თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებელში ოფიციალური ვიზიტისას თითოეული ქვეყნის სამხედრო აკადემიამ პრეზენტაციაზე წარადგინა ინფორმაცია სასწავლებელში არსებულ აკადემიურ და სამხედრო პროგრამებზე, მიმდინარე პროექტებსა და სპორტულ მეცადინეობებზე. ამას გარდა, მხარეებმა მოკლედ შეაჯამეს გასულ წელს ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. “სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხედრო სასწავლებლებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების გამოკვეთას. თურქეთში ვიზიტის დროს აკადემიის დელეგაციას სასიამოვნო შესაძლებლობა ჰქონდა პირადად შეხვედროდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებსა და მსმენელებს, რომლებიც ამჟამად თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებელში სწავლობენ”, - ამბობს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პოლკოვნიკი მამია ბალახაძე. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი მხოლოდ რექტორების შეხვედრებს არ მოიცავს. ის გულისხმობს ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი კადეტებისა და იუნკრების ერთობლივი სპორტული შეჯიბრებების ჩატარებასაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“15-19 აპრილს თურქეთის სახმელეთო ძალების სასწავლებლის ორგანიზებით აკადემიის იუნკრებმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად იასპარეზეს სპორტის ხუთ სახეობაში: სამხედრო ხუთჭიდში, სირბილში, ფრენბურთში, ფეხბურთსა და ათლეტიზმში. “ამგვარი სპორტული აქტივობები, განსაკუთრებით სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შორის, უმნიშვნელოვანეს დატვირთვას ატარებს: ერთი მხრივ, აკადემიის იუნკრებს საშუალებას გვაძლევს ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ სპორტის გუნდურ თუ ინდივიდუალურ სახეობაში და რაც მთავარია, საერთაშორისო ასპარეზზე ვასახელოთ აკადემია; მეორე მხრივ, საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები იუნკრებს გვაახლოებს სხვა ქვეყნების კადეტებთან, რომლებისგანაც ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება. სასიხარულოა, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავ გაიმართება და მომავალში აკადემიაც უმასპინძლებს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს”, - აცხადებს აკადემიის იუნკერი ლევან ურუმაშვილი, რომელიც ქალაქ ანკარაში ორგანიზებულ სპორტულ ჩემპიონატში მონაწილეობდა. რთულ და დაძაბულ შეჯიბრებებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა პირველი ადგილები დაიკავეს კროსში, 400 მეტრზე სირბილსა და ფრენბურთში, - განაგრძობს გამოცემა.

“მომავალ წელს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გამართულ სამხედრო აკადემიების რექტორების შეხვედრასა და სპორტულ ჩემპიონატს უკვე ეროვნული თავდაცვის აკადემია უმასპინძლებს. პოლკოვნიკი მამია ბალახაძის თქმით, „ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის უდიდესი პატივი იქნება აზერბაიჯანელი და თურქი კოლეგების მასპინძლობა. ასეთი შეხვედრები კიდევ უფრო განამტკიცებს ამ ქვეყნებს შორის სამხედრო განათლებისა და მომზადებაში პარტნიორულ კავშირებს და გამოკვეთს თანამშრომლობის პერსპექტივებს”, - დასძენს გამოცემა.

“შს სამინისტროს ინფორმაციით, წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (COT) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც კომიტეტის დელეგაციის მიერ 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში ვიზიტს ეყრდნობა. ვიზიტის დროს სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობაც შეფასდა. “წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი პოზიტიურად აფასებს პოლიციის ნაბიჯებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის მიმართულებით~, – წერს შსს. ანგარიშში ნათქვამია, რომ შემოწმების პერიოდში პოლიციის, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრის თანამშრომელთა არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ გამოვლენილა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ქართველი პოლიციელები დადებითად შეაფასეს / წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) - პოლიციის თანამშრომელთა არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ გამოვლენილა.

“განსაკუთრებით დადებითად არის მოხსენიებული საპატრულო პოლიციის მიერ ახალი სამხრე კამერების გამოყენება და პოლიციის თანამშრომელთა მუდმივი გადამზადება შს სამინისტროს აკადემიაში, ასევე, უწყებაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა. კომიტეტმა დადებითად შეაფასა დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობა, როგორც იქ განთავსებული პირების უფლებების (მათ შორის დაცვის უფლება, უფლება თარჯიმანზე და ა.შ.) დაცვის, ასევე ინფრასტრუქტურის, ჰიგიენური პირობებისა და სამედიცინო შემოწმებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზიანებების აღრიცხვისა და დოკუმენტირების წესი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. რაც შეეხება კომიტეტის რეკომენდაციებს, ისინი ეხება არსებული მდგომარეობის უფრო გაუმჯობესებასა და სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს”, - აღნიშნავს შს სამინისტრო, რომლის ინფორმაციით "სექტემბერში ჩატარებული შემოწმების შემდეგ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი სამინისტრომ უკვე შეასრულა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რამდენიმე წელია მეორე მსოფლიო ომში დაკარგულ ქართველ მეომრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვეძებ. ხანგრძლივი ძიების შემდგომ ჩანაფიქრის ასრულების დღეებიც დადგა - გერმანიაში მივდივარ, ზაქსენის მიწის რამდენიმე ქალაქში ის საერთო საფლავები უნდა ვნახო, სადაც ასობით ქართველია დაკრძალული... თვითმფრინავში გერმანელების გარემოცვაში მოვხვდით, საქართველოზე შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებდნენ, რამდენიმე მთიანი რეგიონის სახელი ახსენეს: სვანეთი, გუდაური, გოდერძი... გერმანიაში წასვლის მიზეზი მკითხეს, ვუთხარი, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების საფლავები ვიპოვე-მეთქი. გაოცდნენ, რა უცნაური ხალხი ხართ ქართველები, გერმანიაში საკუთარი წინაპრის საფლავებსაც იშვიათად ნახულობენო. რამდენიმე ამბავს მოვყევი მათზე, ვისაც ახლობელი ომში ჰყავდა დაკარგული, მათ შესახებ არაფერი იცოდა და როდესაც მათი საფლავების ან დაღუპვის ადგილის შესახებ იგებდნენ, საოცარ ემოციას გამოხატავდნენ-თქო, უფრო გაოცდნენ...”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების კვალდაკვალ.

“საქსონიის მხარის ძალიან ლამაზ და მშვიდ ქალაქ ქემნიცში დავბინავდით. დრეზდენის საკონცენტრაციო ბანაკის საარქივო მასალებში ქართველი მეომრების მონაცემები მოვიძიე. კემნიცთან ახლოს, ჰოენშტაინ ერნსტ ჰალის სასაფლაოზე წავედით, რომელიც წიწვოვანი ტყეების ხეივანშია. რამდენიმე ასეულ საფლავის ქვაზე რუსულ, უკრაინულ, პოლონურ და სხვა ეროვნების გვარებს შორის ქართულ გვარებს ვეძებთ და მალევე ვპოულობთ. არტაშ კისიშვილი (დაბადებული 1907 წლის 18 დეკემბერს, გარდაიცვალა 1944 წლის 6 ივლისს); შაქრო ყურეშიძე (დაბადებული 1908 წლის 5 ოქტომბერს, გარდაიცვალა 1944 წლის 10 ივნისს; იოსებ ჩიგლაიძე (ან ჭიღლაიძე), დაბადებული 1901 წლის 15 იანვარს, გარდაიცვალა 1943 წლის 13 თებერვალს) – ეს გვარები საერთო სტენდზეა მიწერილი, თუმცა ყველა მათგანს გასწვრივ თავისი ნომერი აქვს, იგივე ნომრებია რიგებად დაყოფილ საფლავებზე. პირველი ქართული გვარის წაკითხვისთანავე მღელვარება მიპყრობს. მეორე მსოფლიო ომის საშინელებიდან ქართველი ბიჭები გერმანელებმა სხვადასხვა ფრონტზე აიყვანეს ტყვეებად და ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანაკზე დაქვემდებარებულ გარე ტყვეთა ბანაკში წაასხეს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ტყვეებსა და დაპყრობილი ქვეყნებიდან წამოყვანილ მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ავტოსახელოსნოში ამუშავებდნენ”, - წერს რეპორტაჟის ავტორი.

“გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის მეგი სტემპენის თქმით, ბანაკში რამდენჯერმე იფეთქა დიზენტერიისა და ტუბერკულოზის ეპიდემიებმა. ზოგი პირდაპირ ავტონაწილების ქარხანაში კვდებოდა, ზოგი ბანაკში ან ლაზარეთში. 1944 წლამდე გარდაცვლილებს წმინდა ქრისტეფორეს სასაფლაოზე მარხავდნენ, შემდეგ, როდესაც ბანაკში სიკვდილიანობა გახშირდა, პირდაპირ ტყის პირას გათხარეს საერთო საფლავი. 1959 წელს ტყისპირა საერთო სამარხებიდან 300 კაცი გადაასვენეს და იმ ადგილს “ტყის საფლავები” უწოდეს, რადგან ტყიდან გადმოსვენებული ადამიანები არიან დაკრძალული. “როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, მივდივარ ჩემს ქართველ ბიჭებთან, სანთლებს ვუნთებ და ვეუბნები, რომ თითქმის საუკუნის შემდეგ ისინი ისევ ახსოვთ საქართველოში და მათ შესახებ მცირედი ინფორმაციის მოპოვებას დიდი სიხარულით ხვდებიან~, - ამბობს მეგი, რომელიც შორეულ გერმანიაში ამ ბიჭების ერთადერთი ქართველი ჭირისუფალია. ჩვენს მათ საფლავებზე საქართველოს დროშას ვდებთ, სანთლებს ვანთებთ და კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ ისინი არავის დავიწყებია, პირიქით, სულ უფრო მეტი ადამიანი გვეხმაურება და დახმარებას გვთხოვს. იქიდან დრეზდენის სასაფლაოზე წავედით. ჩვენი მასპინძლის თქმით, იქ რამდენიმე ათასი ადამიანია დაკრძალული: სამხედრო ტყვეები, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც დრეზდენის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ, მათ შორის ქალები და ბავშვები. ასევე ისინი, ვინც უმძიმეს ყოფას თვითმკვლელობა არჩიეს - მათი სასაფლაო ცალკეა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ქართველი მეომრების საფლავი დრეზდენის საგარნიზონო სასაფლაოზეა. იქ ჩვენი მასპინძლის ნაცნობები, ქართველი ემიგრანტები, რობერტ ბოჭორიშვილი და გია ცაავაც დაგვხვდნენ. რობერტ ბოჭორიშვილი 2000 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. მაშინ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გაცვლითი სახელმწიფო პროგრამით დრეზდენში სახმელეთო ჯარების ოფიცერთა სკოლაში მიავლინეს. სავარჯიშოდ ტყეში დადიოდნენ და გზად სწორედ ამ სასაფლაოს გამოვლა უწევდათ. “ერთხელაც ვიფიქრეთ, ამდენია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული და იქნებ ვინმე ქართველიც იყოს-მეთქი. გზის პირას ვიპოვეთ უფროსი სერჟანტი გორდელაძე და ისე შევყვირეთ, ვითომ ცოცხალი ქართველი გვეპოვოს. იქვე, შორიახლოს, ვიპოვეთ ჯანგულიაშვილისა და კვაციგიშვილის საფლავები, მოგვიანებით კიდევ ერთი, კვაცაძეც”, - გვიყვება რობერტ ბოჭორიშვილი - “მას შემდეგ ყოველი წელს ამოვდივართ, სანთლები ამოგვაქვს და ჭიქა ღვინით მოვიგონებთ, თითქოს აქ, ამ შორეულ მიწაზე, ჩვენს ბაბუებთან ამოვდივართ მონატრებული შვილიშვილები, მით უფრო, რომ მეც მყავს უგზო-უკვლოდ დაკარგული ბაბუა, რომლისგანაც ბოლო ცნობა კრასნოდარიდან მოვიდა. მის საფლავს დღემდე ვეძებთ”... დრეზდენში დასაფლავებული ქართველები უკვე ომის დასრულების შემდგომ ტყვეთა ბანაკში გაურკვეველი დიაგნოზით, სავარაუდოდ, საერთო სისუსტით დაიღუპნენ”- დასძენს ავტორი.

ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ იმ მეომრების გვარ-სახელებს, რომლებიც დრეზდენის სასაფლაოზე ვიპოვეთ: კ. უ. გორდელაძე, უფროსი სერჟანტი, დაბადებული 1925 წელს, დაიღუპა 1947 წელს; გ.ა. კვაციგიშვილი, დაბადებული 1923 წელს, დაიღუპა 1945 წელს; ჯანგულიაშვილი ვ.ი; ც.ე. კვაცაძე - დაბადებული 1922 წელს, დაიღუპა 1946 წლის 4 მაისს. P.შ. რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ემოციური ეპიზოდი გველოდა წინ - ცაითჰაინში წავედით, სადაც 187 ქართველია დასაფლავებული. ეს იყო გერმანიაში ყველაზე დიდი ლაზარეთი, რომელიც ბანაკთან ერთად ფუნქციონირებდა. წელს მისი დახურვიდან 74-ე წელი შესრულდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გაერო-ს საერთაშორისო საძიებო და სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის სამდივნოს ეროვნული აკრედიტაციის პროცესის (NAP) დაწყების ხელშესაწყობად, ოფიციალური წერილით გასულ წელს მიმართა. NAP-ის მიღება საქართველოს სახანძრო-სამაშველო ძალების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვასა და გადამზადებას ითვალისწინებს, რაც საქართველოს მეხანძრე-მაშველების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აკრედიტაციის მიღების პროცესში ჩვენს ქვეყანას მენტორობას გერმანია გაუწევს. ამის პარალელურად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტექნიკური და მატერიალური გადაიარაღების პროცესიც დაიწყო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით უცხოეთში ქართველი მეხანძრე-მაშველების იმედზეც იქნებიან / მეხანძრე-მაშველებმა INSARAG-ის აკრედიტაცია მიიღეს და საერთაშორისო სამაშველო მისიებში მონაწილეობას შეძლებენ.

“საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები, ამ ვიზიტის მიზანი იყო ადგილზე შეეფასებინათ როგორც ქართველი მეხანძრე-მაშველების პროფესიონალიზმი და მომზადების დონე, ისე სამსახურის ტექნიკური შესაძლებლობები. ვისაუბრეთ საქართველოსთვის INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების პროცესში გერმანიის მხარდაჭერაზეც. ჩვენი მეგობარი ქვეყნის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური ამ პროცესში მენტორობას გაგვიწევს. ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტულ რეკომენდაციებს გერმანიისგან სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჩვენ აკრედიტაციის მიღებასთან კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს. “INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებით, საქართველო საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა საერთაშორისო სამაშველო ოპერაციაში”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

“გარდა ამისა, საქართველოსა და გერმანიის შესაბამის სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობების გაუმჯობესების ხელშეწყობა - მეხანძრე-მაშველების პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით ჩატარდება მაღალი დონის ტრენინგები და სასწავლო კურსები, განხორციელდება ერთობლივი პროექტები ინსტიტუციონალური გაძლიერების მიმართულებით”, - დასძენს თემურ მღებრიშვილი.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო