როცა გენერალური პროკურორი მონაწილეობს კონკურსში, როცა ვხედავთ ასევე სხვა მოქმედ მაღალი თანამდებობის პირს, იბადება კითხვა, ეს რამდენად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შერჩევის პროცესი როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასევე პარლამენტში დაჩქარებული წესით არ წარიმართოს.
„არიან ადამიანები, რომელთაც კონკურსში მონაწილეობას ვერავინ ვერ დაუშლის, მაგრამ ჩემი პირადი პოზიციაა და ბუნებრივია, როცა სავარაუდოდ, გენერალური პროკურორი მონაწილეობს კონკურსში, თუმცა ჯერ კანდიდატების ბიოგრაფიები არ გამოქვეყნებული და არ ვიცით, ეს გენერალური პროკურორი თადუმაძეა თუ სხვა შალვა თადუმაძე. როცა ვხედავთ ასევე სხვა მოქმედ მაღალი თანამდებობის პირს, იბადება კითხვა, ეს რამდენად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებია. რამდენად დამოუკიდებლადაა მათი მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება. ახლა მთავარია არ წარიმართოს პროცესი დაჩქარებულად, როგორც ამას საბჭო ცდილობს და როგორი განცდაც რჩება, რომ ყველაფერი მინიმალურ ვადაში ჩაატიოს და ამ სიჩქარის ფონზე არ დაზიანდეს თავად პროცესის ხარისხი. რადგანაც პროცესი გაიხსნა, ახლა მნიშვნელოვანია, არ აჩქარდეს არც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არც პარლამენტი და პროცესი წარმართონ მაქსიმალურად ხარისხიანად. თითოეული კანდიდატის გამოკვლევა, შესწავლა მოხდეს დეტალურად და არ დატოვონ განცდა, რომ ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია, არაფერს არ აქვს აზრი და ეს ყველაფერი იყო ფორმალობა, რისი შიში საზოგადოებას და მათ შორის ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა დღეს გაასაჯაროვა 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, ილონა თოდუა, გიორგი კონდახიშვილი, თამარ ლალიაშვილი, დავით მამისეიშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, დავით ღიბრაძე, მერაბ ჯორბენაძე, პაატა სილაგაძე, ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"