ქართული პრესის მიმოხილვა 06.06.2019

“ჩვენ ვხსნით ყველა კარტს, რაზეც აქამდე ჩუმად ვიყავით” - ხორავას ქუჩის საქმის საიდუმლო

“ორმხრივი სამხედრო ბლოკი” - აშშ-მ უკრაინას შესაძლოა ნატოს არაწევრი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს

პაატა ზაქარეიშვილი - “ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი”

* * *

“ჩვენ ვხსნით ყველა კარტს, რაზეც აქამდე ჩუმად ვიყავით” - ხორავას ქუჩის საქმის საიდუმლო

“ის, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე არ გააკეთა პროკურატურამ, შესრულდა შს სამინისტროს ხელით. მიღწეულია ზაზა სარალიძის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდია. კიდევ ერთი ქულა გიორგი გახარიას სასარგებლოდ, რომელსაც ახლა უკვე მირზა სუბელიანის შემდეგ, მიხეილ კალანდიას ოჯახი ემუქრება. წელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ, შსს-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ კალანდია არასანდო მოწმეა, მისი დაკავება გაბედა. კალანდიას ოჯახი ამბობს, რომ შესაძლოა საზოგადოებამ ბევრი ისეთი მაღალჩინოსნის სახელი და გვარი გაიგოს, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა. ოჯახი იმუქრება, რომ კარტებს გახსნის. “გამოიყენეს როგორც სჭირდებოდათ და შემდეგ დააკავეს”,-ამბობს კალანდიას ძმა ლუკა კალანდია. რატომ და ვინ აფარებდა ხელს მიხეილ კალანდიას? - პროკურატურის “ოქროს მოწმეს”. შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი მისმა ოჯახმაც გასცეს. თუმცა, სარალიძე ასევე ელოდება, რომ სიმართლის დადგენის პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო და დასასჯელი კიდევ ბევრია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ჩვენ ვხსნით ყველა კარტს, რაზეც აქამდე ჩუმად ვიყავით” - ხორავას ქუჩის საქმის საიდუმლო.

“რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად, რადგან ყველას გვესმის, რომ მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება მალე”, - ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ 3 ივნისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. მეორე დღეს კი მიხეილ კალანდია დააკავეს. მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად 5 ივნისს წარუდგინეს. დაკავებულს ბრალი არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ედება. მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ კალანდია წარდგენილ ბრალში დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მიხეილ კალანდიას ძმა კი ხორავას ქუჩის საქმის დღემდე უცნობ დეტალებზე პირველად ალაპარაკდა. ლუკა კალანდიას ინფორმაციით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე მათ წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო. “ჩვენ ვხსნით ყველა კარტს” - კალანდიას ოჯახი შსს-ს აფრთხილებს. ის ხელისუფლებას და შს სამინისტროს პოლიტიკურ თამაშებში ადანაშაულებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კალანდია ყვება, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა. მისი თქმით, მორჩაძე მათთან 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ივანე ნაკაიძემ მიაგზავნა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის, უკვე მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ბიძა, ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. “ეს პიროვნება არის ერთ-ერთი დაკავებულის ბიძა, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ადამიანია და, ალბათ, მათი ინტერესიცაა. იქიდან გამომდინარე, ვამბობ მე ამას, რომ მათ მოგვიგზავნეს, ვითომდა, ჩვენი ნათესავი ადამიანი სახლში იმ მიზნით, რომ მიხეილს შეეცვალა ჩვენება და ჩვეულებრივად განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მიხეილმა მერე ჩვენება შეცვალა. მერაბ მორჩაძე მოვიდა და გვითხრა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის ბავშვობის მეგობარი და ახლობელი იყო. თქვენ ხვდებით, ახლა რა ხდება? ჩვენ ახლა ვხსნით ყველა კარტს, რაც აქამდე არ გაგვიხსნია, რაზეც აქამდე ჩუმად ვიყავით”, - განაცხადა ლუკა კალანდიამ. ის, რაზეც გლდანის ციხეში ჩაწერილ აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობდა, ფაქტობრივად კალანდიას ოჯახი ადასტურებს. კალანდიას განცხადებით, მათ მიუტანეს უკვე დაწერილი ჩვენებები და მათზე ხელი მოაწერინეს, რის შემდეგაც კი უთხრეს, რომ მათ გაუშვებდნენ, ხოლო საპატიმროში მათი მამა, თენგიზ კალანდია დარჩებოდა. ლუკა კალანდიას თქმით, თენგიზ კალანდიასაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხოლო დაემუქრნენ, რომ მის მცირეწლოვან დას და დედასაც დააკავებდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამრუდებზე 11 ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კომისიამ გამოკვეთა და ხელისუფლებას უკვე შეუძლია, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში ამ ადამიანების მიმართ გარკვეული მოკვლევა დაიწყოს. ხოლო კალანდიას დაკავება და ჯგუფურ მკვლელობაში მისი პასუხისმგებლობის გამოკვეთა, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. დეპუტატი ამბობს, რომ სამწუხაროა, 8 თვე დასჭირდა იმის გაკეთებას, რაც უკვე ნათელი იყო კომისიის მუშაობის შედეგად და უბრალოდ, რაღაც კინკლაობის გამო არ მოინდომეს, კომისიის დასკვნის მიხედვით ემოქმედათ და ზუსტად იგივე გააკეთეს 8 თვის შემდეგ. ხოშტარია ასახელებს რამდენიმე პირს, რომელთაც საქმის გამრუდებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მისი აზრით, გენერალურ პროკურორ შოთაძეს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს”, - დასძენს გამოცემა.

“შოთაძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ კონკრეტული გამრუდებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ: რომ არ ამოიღეს ტანსაცმელი კალანდიასი, არ ამოიღეს ამ ადამიანების მიმოწერა და ამან ხელი შეუწყო საქმის გამრუდებას; მეორე, მან ასევე იცოდა მირზა სუბელიანის ფაქტორის შესახებ ამ დანაშაულის პირველივე დღეს და არათუ არ მოითხოვა მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები, არამედ, ბოლომდე ხელს აფარებდა მას. ასევე, შოთაძემ საზოგადოება გამიზნულად მოატყუა ექსპერტიზის დანაზე დნმ-ს არსებობის თუ არარსებობის შესახებ მაისში. ასევე, უნდა დადგეს ზვიად ფხაკაძის, მთავარი მოქმედი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც მიჰყავდა ეს საქმე”, -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელენე ხოშტარია.

“ეს ადამიანი პირდაპირ იყო წარმოდგენილი გამყალბებელ პროკურორად, რომლის მთავარი ფუნქციაც იყო კალანდიაზე ხელის დაფარება. ის მაგალითად, კომისიაზე იძახდა, რომ კალანდია ურტყამდა სარალიძეს, მაგრამ ეს იყო გაშველებაო. ასევე, ატყუებდა კომისიას და მათ შორის, სასამართლოს, რომ ვითომ, კალანდია იყო არა ფარდულში, არამედ, 9 მეტრის მოშორებით. ეს პროკურორი ცრუ ჩვენებებს იძლეოდა კომისიაზე, სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელია ამ საქმის გამრუდებაზე და ეს არის დასაბუთებული კომისიის დასკვნაში. ამას გარდა, მისი კურატორი პროკურორები, გაბოძე, გაბიტაშვილი, კაპანაძე - ესენი არიან ადამიანები, ვინც ისმენდნენ მოხსენებებს ამ საქმეზე და უბრალოდ, თვალს ხუჭავდნენ და ესეც არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა”, - მიიჩნევს ხოშტარია.

“ანალიტიკოსი გია ნოდია კი კალანდიას დაკავებას პოლიტიკურ კონტექსტში აფასებს და ამბობს, რომ 18-თვიანი დაგვიანებით ხელისუფლებამ ხალხის პროტესტის, ხალხის შიშის გამო უკან დაიხია. უფრო კონკრეტულად კი, ნოდია ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად ივანიშვილმა გახარიას დაავალა, რადგანაც მას ხალხის მოსალოდნელი მღელვარება აფერხებდა და აღარ უღირდა, რომ კალანდია და საერთოდ სარალიძის თემა პოლიტიკური თამაშის ნაწილი ყოფილიყო”, - წერს სტატიის ავტორი.

“ივანიშვილი უკმაყოფილო იყო პროკურატურის, რადგან ამ უწყებამ შარში გახვია ხელისუფლება. ამიტომაც, ამ საქმიდან გამოსავლის პოვნა გახარიას დაევალა. როგორც უკვე ჩანს, ივანიშვილის შემდეგ ქვეყანაში ის არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი და მას ენდობა. ფაქტია, რომ გახარია პრემიერზე გავლენიანი ფიგურაა. მან ივანიშვილის ნდობა დაიმსახურა სხვადასხვა კრიზისული სიტუაციის ჩაწყნარებით. სახიფათო სცენარია ქუჩაში ხალხის გასვლა და ამ დროს არჩევნების ჩატარება. ეს არის ფორმულა ხელისუფლების დასამარცხებლად. ბიძინა ივანიშვილს ამის ეშინია. მას სწორედ ამიტომ სჭირდება ისეთი ხალხი ხელისუფლებაში, ვისაც სიტუაციის დაწყნარება შეუძლია. გახარია სიტუაციის კონტროლს როგორც მოეხერხება ისე ახერხებს. ხანდახან ბოდიშით, ხან ცინიზმით, ხისტი პოზიციით, მოქნილობით და გონიერებით. ეს არის ადამიანი, რომელიც კრიზისის მართვის უნარით გამოირჩევა. მას მიეცა საშუალება, დაენახა, რომ პროკურატურას კალანდია აღარ სჭირდება და საჭირო დროს გადაწყვეტილებაც მიიღო. მით უმეტეს საქმეში ახალი გარემოება არაფერია”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ნოდია.

“ორმხრივი სამხედრო ბლოკი” - აშშ-მ უკრაინას შესაძლოა ნატოს არაწევრი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს

“აშშ-ს კონგრესმა საკითხი წამოჭრა უკრაინისთვის არანატოს წევრი მოკავშირის სტატუსის მინიჭების შესახებ. რამდენიმე დღის წინ კი, ვაშინგტონში უკრაინის საელჩომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინა შესაძლოა ამერიკისთვის ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირე გახდეს, საელჩოს ცნობით, კანონპროექტი აშშ-ს კონგრესში განსახილველად უკვე შეტანილია სახელწოდებით: “კანონი უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში”. კანონპროექტი ოფიციალური კიევისათვის ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო შეირაღების მიწოდებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აშშ ასევე დაეხმარება უკრაინას რუსეთის მხრიდან კიბერშეტევისაგან დაცვაში და უკრაინის ნებისმიერი ტერიტორიული ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ორმხრივი სამხედრო ბლოკი” - აშშ-მ უკრაინას შესაძლოა ნატოს არაწევრი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს.

“ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ აშშ-მ უკრაინის აქტიური მხარდაჭერა დაიწყო და ევროპელი დიპლომატების შეშფოთებას, რომ "ამერიკა რაიმეს სანაცვლოდ უკრაინას რუსეთს შესთავაზებს", ამის საფუძველს ვერ ხედავს. “აშშ-ს კონგრესმა საკითხი დასვა უკრაინისთვის ამერიკის არანატოს წევრი მოკავშირის სტატუსის მინიჭების შესახებ. მისი გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, რომ აშშ-მ ძალიან აქტიური მხარდაჭერის პროექტები დაიწყო უკრაინის სამხედრო და სამხედრო საზღვაო ფლოტის, ხოლო ამ პირობებში ფიქრი იმაზე, რომ უკრაინას ამერიკა "გაუცვლის” რამეში რუსეთს, ძალიან არასერიოზულია. უფრო მეტსაც გეტყვით, (როგორც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია) რუსეთმა ოფიციალურად შეატყობინა აშშ-ს, რომ დაიწყო თავისი სამხედროების გაყვანა ვენესუელიდან - ალბათ ვენესუელა ვეღარ ანაზღაურებს იმ ხარჯებს, რომელიც რუსეთს აქვს ვენესუელაში ასე, რომ არ მგონია, ასეთი განცხადებას რაიმე საფუძველი ჰქონდეს”, - აცხადებს მენაღარიშვილი. სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ქვეყანას რომელსაც ექნება “ნატოს არა წევრის” სტატუსი, ფაქტობრივად ხდება ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არა ნატოს წევრი მოკავშირის სტატუსი საკმაოდ მნიშვნელოვანია და საკმაოდ სერიოზული განცხადებაა, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, უკრაინა ფაქტიურად ხდება ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე ორმხრივ დონეზე, აქ საუბარია სამხედრო ბლოკის გაერთიანება. (გაერთიანებაში არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ათი ქვეყანა იქნება თუ ოცდაათი) აქედან გამომდინარე, ჩავთვალოთ, რომ ფაქტობრივად მინი-ბლოკის ერთგვარი მომენტი იქნება და იქნება ისეთივე ურთიერთობა უკრაინასთან, როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოსთან გააჩნია დე ფაქტოდ, ოღონდ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. ამერიკა არცერთ სახელმწიფოს არ დააძალებს ამ ე.წ. “მინი კავშირის” წევრობას, თუ მაგალითად საქართველოს ექნება ამ კავშირის დახმარების სურვილი, ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს განცხადება და იმუშავოს ამ მიმართულებით, როგორც ახლა უკრაინა მუშაობს. მუშაობდა პეტრო პოროშენკოს მთავრობა, რომელმაც ეს პროცესი მიიყვანა ამ დონემდე და ზელენსკიც როგორც ჩანს ამას აგრძელებს. საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავსი სტატუსის მინიჭება, რადგან ჩვენ გვექნება ამერიკის მხრიდან დაცულობა ორმხრივ დონეზე, ეს არის ფაქტობრივად ორმხრივი სამხედრო ბლოკის შექმნის იდეა”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

პაატა ზაქარეიშვილი - “ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი”

“საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს უყვარს სიმშვიდე და წესრიგი, რაც პოლიტიკას არ უხდება. პოლიტიკას უყვარს დაპირისპირება და კონკურენცია. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ ივანიშვილს თავისი ადვოკატი უნდოდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და არც ის, რომ ივანიშვილი ასუსტებს კობახიძის ფრთას, რადგან ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი, რომ ამან არ გამოიწვიოს ერთმანეთთან დაპირისპირება და სიტუაცია იყოს დაბალანსებული, ყველას ჰქონდეს თავისი სახრავი. სამწუხარო ისაა, რომ ქვეყანაში არაფერი არ იცვლება და მივყვებით დინებას”, - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი” - პაატა ზაქარეიშვილი.

“ქართველმა ხალხმა “ოცნება” დაიქირავა, რომ გაესტუმრებინა “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ ამ პოლიტიკური ძალის მძევლად იქცა და დღეს “ნაციონალური მოძრაობის” შავ -თეთრი ასლია. ოპოზიციაშიც ერთობას ვერ ვხედავ, ეს აჩვენა მთაწმინაზე მეორე ტურის წინა პერიოდმა, ოპოზიცია არ ეხმარება შავგულიძეს. მოკლედ ერთი და იგივე სერიალებს ვუყურებთ. ერთადერთი იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნებისთვის შეიცვალოს სიტუაცია - მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებას” უმრავლესობა მაინც ეყოლება პარლამენტში, ოპოზიციამ შეძლოს ხმების 60%-ის მოგროვება, რათა გაჩნდეს შანსი შეიქმნას უმცირესობის მთავრობა, რომელსაც ექნება ბიუჯეტის და მთავრობის დამტკიცების შესაძლებლობა. რაც შეეხება ეკა ბესელიას ახალი პარტიას “სამართლიანობისთვის”, მისასალმებელია, რომ ახალი პოლიტიკური ძალა იქმნება მაგრამ ერთია პარტიის დაფუძნება, მეორეა წარმატების მიღწევა. რაც შეეხება შანსებს, ბარიერი დაბალია 3%-ი და იმედია რომ გაალახავენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ერთადერთი, რაზეც ნამდვილად არ მიყვარს საუბარი, არის სააკაშვილის თემა და ვფიქრობ, რომ საზოგადოება ძალიან დიდ დროს უთმობს სააკაშვილის პერსონას, არადა, იგი ამდენ ყურადღებას არ იმსახურებს. მაგრამ, რადგან საზოგადოებას აინტერესებს, გეტყვით ჩემს აზრს. მერე რა რომ ბახატაძე და ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეთს, დაშავდა ამით რამე? ასე ივანიშვილიც შეეჩეხა დავოსში პუტინს და მედვედევს ლიფტში და ატყდა ერთი ამბავი. რა, არ უნდა შეხვდნენ ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს? რაც მეტი შეხვედერები იქნება ოფიციალური თუ არა ოფიციალური ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. რაც შეეხება, ზელენსკის, როგორც დემოკრატიულ გზაზე მდგომი პრეზიდენტი, არ შეიძლებოდა რომ სააკაშვილს, რომელსაც უკანონოდ ჰქონდა მოქალაქეობა ჩამორთმეული, არ დაებრუნებინა. მან ეს გააკეთა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მის მთავრობაში მიიწვევს. ზელენსკის სააკაშვილი სჭირდება პოროშენკოსთან საბრძოლველად. ერთგვარი ხელკეტი მის ხელში, თუ პოროშენკო თავს წამოყოფს. უკრაინაში ძალიან კარგად ესმით, რომ სააკაშვილის ფაქტორის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ უნდა გაფუჭდეს. ერთ ბნელ ოთახს მისცემენ, რომ არ იხმაუროს და პრობლემები არ შექმნას. სააკაშვილს ხომ ერთ თემაში ყოფნა წელიწადნახევარზე მეტი არ შეუძლია...” - დასძენს პოლიტოლოგი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა