ლაშა ტუღუში - რაც უფრო რადიკალურია კონსერვატიული განწყობები, მით უფრო ანტიდასავლური და შესაბამისად, პრორუსულია საზოგადოება

ლიბერალური აკადემიის მიერ კახეთსა და შიდა ქართლში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორს ლაშა ტუღუშს ესაუბრა.

- ბატონო ლაშა, "ლიბერალური აკადემია თბილისმა" და კავკასიის კვლევითმა ცენტრმა საინტერესო კვლევა ჩაატარა კახეთსა და შიდა ქართლში თემაზე "ანტილიბერალური პოპულიზმი და რუსული გავლენის საფრთხე საქართველოს რეგიონებში“.

ვიცით, რომ კვლევის შედეგები საკმაოდ მრავალასპექტიანია...

- ჩვენ შევისწავლეთ პოლიტიკური განწყობები ორ რეგიონში, შიდა ქართლსა და კახეთში. გვაინტერესებდა რა გავლენას ახდენს ამ რეგიონებში პოლიტიკურ განწყობებზე ანტილიბერალური პოპულიზმი და მასთან დაკავშირებული რუსული საფრთხეეები.

ინტერესს ისიც აღვივებს, რომ ზოგადად დღევანდელ მსოფლიოში იზრდება ანტილიბერალური, ანტიდასავლური და პოპულისტური ძალების გავლენა.

ანტილიბერალიზმი, რომელმაც კომუნიზმის „წითელი იდეები“ ჩაანაცვლა, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი და ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია. მოსკოვი ცდილობს ეს იდეები თავს მოახვიოს ყველას, მათ შორის მის სამეზობლოს

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა გვაჩვენა, რომ ეს ტენდენციები ევროპაშიც ძლიერდება. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო იცვლება. ამ თვალსაზრისით საინტერესოა რა ხდება ჩვენთან, როგორი დამოკიდებულებაა ჩვენს სოციუმში ზოგადად საქართველოში და კერძოდ, რეგიონებში.

ეს საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ანტილიბერალიზმი და პოპულიზმი რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგშია. ანტილიბერალიზმი, რომელმაც კომუნიზმის „წითელი იდეები“ ჩაანაცვლა, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი და ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია. მოსკოვი ცდილობს ეს იდეები თავს მოახვიოს ყველას, მათ შორის მის სამეზობლოს.

კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთს ამ თვალსაზრისით სამოქმედოდ აქვს საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები საქართველოში. ჩვენ ეს რეალობა უნდა დავინახოთ, და რამდენადაც შესაძლებელია თავი დავიცვათ მისგან

კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის გარკვევაც, თუ რა შესაძლებლობები აქვს რუსეთს საქართველოში ამ თვალსაზრისით.

- კვლევამ რა განახათ, რამდენად იმოქმედა რუსული საგარეო პოლიტიკის დოქტრინად ქცეულმა ანტილიბერალურმა და ანტიდასავლურმა პროპაგანდამ საქართველოს იმ ნაწილში, სადაც თქვენ კვლევა ჩაატარეთ?

- კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთს ამ თვალსაზრისით სამოქმედოდ აქვს საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები საქართველოში. ჩვენ ეს რეალობა უნდა დავინახოთ, და რამდენადაც შესაძლებელია თავი დავიცვათ მისგან.

- გვესმის, რომ საკმაოდ დიდი თემაა სასაუბროდ, მაგრამ შეგიძლიათ მოგვიყვეთ როგორ აისახა რუსული პროპაგანდის მცდელობები კახეთისა და შიდა ქართლში არსებულ პოლიტიკურ განწყობებზე?

- კვლევა შედგება რამდენიმე ნაწილისგან. კვლევის ერთმა ნაწილმა საშუალება მოგვცა გაგვეზომა თუ როგორია რადიკალური კონსერვატიული განწყობები. ამგვარი განწყობები ბევრი მაჩვენებლებით იზომება.

დიდია მოთხოვნა ქარიზმატულ ლიდერზე, მკვეთრად ნეგატიურია დამოკიდებულება პოლიტიკური ელიტების მიმართ, უარყოფითია დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ

უნდა ითქვას, რომ გამოკითხულთა შორის რადიკალური კონსერვატიული განწყობები საკმაოდ მაღალია.

მაგალითად, დიდია მოთხოვნა ქარიზმატულ ლიდერზე, მკვეთრად ნეგატიურია დამოკიდებულება პოლიტიკური ელიტების მიმართ, უარყოფითია დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ.

რაც უფრო რედიკალურია კონსერვატიული განწყობები, მით უფრო ანტიდასავლური და შესაბამისად, პრორუსულია საზოგადოება

ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ რაც უფრო რედიკალურია კონსერვატიული განწყობები, მით უფრო ანტიდასავლური და შესაბამისად, პრორუსულია საზოგადოება. ანუ უფრო მეტია პროცენტი იმ ადამიანების რაოდენობის, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდათ ევროკავშირი და უნდათ ევრაზიული კავშირი.

- როგორც ახსენეთ, კვლევის თანახმად პოლიტიკური ელიტების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულებაა, დაბალია ნდობა არჩეული ინსტიტუტების მიმართ. ფაქტია, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობენ და სავარაუდოდ, რატომ არ ენდობიან მათ მიერვე არჩეულ ადამიანებს?

- რა თქმა უნდა, მოქალაქეები მონაწილეობენ არჩევნებში და ინსტიტუტებიც მათი მონაწილეობითაა არჩეული. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნიჰილისტური განწყობები საკმაოდ ძლიერია. პოპულიზმი ძირითადად არსებული სისტემისა და ელიტის უარყოფას ეყრდნობა.

საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია ნიჰილიზმი, რაც კარგ ფონს ქმნის საიმისოდ, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვონ ანტისისტემურმა ძალებმა

სადაც ერთ მხარეს არის ნამდვილი, ჭეშმარიტი ხალხი და მეორე მხარეს არიან გახრწნილი, კორუმპირებული ელიტები. ამ შემთხვევაში ელიტებში არ იგულისხმება მხოლოდ ხელისუფლება, იგულისხმება ყველა ინსტიტუცია, რომელიც არის დაკავშირებული როგორც საზოგადოებრივი აზრის შექმნასთან, ისე, პოლიტიკის ჩამოყალიბებასთან, იგულისხმება ყველა, ვისაც გარკვეული როლი და ფუნქცია აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამაში შედის მედიაც, პარტიებიც, ხელისუფლება და ასე შემდეგ.

როგორც გითხარით, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია ნიჰილიზმი, რაც კარგ ფონს ქმნის საიმისოდ, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვონ ანტისისტემურმა ძალებმა.

ანტისისტემურ ძალებში იგულისხმებიან ისეთი ძალები, რომლებიც თავის პოლიტიკას აგებენ არსებული სისტემისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნეგატივსა და უარყოფაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მონაწილეობას იღებს არჩევნებში, არჩეული ორგანოების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია... ყველაზე მაღალია ნდობა ეკლესიისა და ჯარის მიმართ. არადა, ეს ორი ინსტიტუტი არ არის არჩევითი

რა თქმა უნდა, ამას ხელს უწყობს ის პოლარიზაცია და დისკურსი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მონაწილობას იღებს არჩევნებში, არჩეული ორგანოების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. ეს ეხება როგორც ადგილობრივი ორგანობისადმი ნდობას, ისე პარლამენტის, მთავრობისა და სასამართლოს მიმართ ნდობას.

ყველაზე მაღალია ნდობა ეკლესიისა და ჯარის მიმართ. არადა, ეს ორი ინსტიტუტი არ არის არჩევითი. ორივე ინსტიტუტი დაკავშირებულია ჩვენს არქაულ წარმოდგენებთან. ერთ ხელში გიჭირავს ხმალი, მეორე ხელში ჯვარი, რაც ჭეშმარიტი მამულიშვილის წარმოდგენას ქმნის.

- კვლევაში აღნიშნულია, რომ კონსერვატიზმი უკუკავშირშია ასაკთან, ახალგაზრდების შეხედულებები უფრო ნაკლებად კონსერვატიულია. ორივე რეგიონში ასეა?

- დიახ, ორივე რეგიონში ასეა. გამოკითხვა ასაკის მიხედვით პოზიციების დაფიქსირებასაც ითვალისწინებდა. ახალგაზრდებში ნაკლებად იკვეთება რადიკალური კონსერვატიული განწყობები.

ისინი უფრო ლიბერალურად და ადეკვატურად აფასებენ რეალობას. აქ საუბარი არაა რომელიმე ლიბერალური მიმართულების პარტიისადმი სიმპატიების გამოხატვაზე. საუბარია ზოგადად, ლიბერალური მიდგომებისადმი დადებითი დამოკიდებულების დაფიქსირებაზე. აქვე მინდა გითხრათ, როცა საუბარია კონსერვატიზმზე, ამ ტერმინს უარყოფით კონტექსტში არ ვიყენებთ.

ჩვენ მეტი ყურადღება მივაქციეთ რადიკალურ მემარჯვენე განწყობებს. ის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ კრემლი ცდილობს თანამოაზრეები უფრო ჰყავდეს რადიკალურ მემარჯვენეებში და მათ დაეყრდნოს. კრემლში სწორედ ამ მიმართულებით დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს

ასეთი რამ იკვეთება იმ შემთხვევაში, თუ საუბარია კონსერვატიზმის რადიკალურ გამოვლინებაზე. ასევე ლიბერალური ცენტრისადმი სიმპატიების გამოხატვისას, იგულისხმება როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ცენტრები.

ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ არსებობენ რადიკალური მემარცხენეებიც და რადიკალური მემარჯვენეებიც. პოპულიზმი არსებობს როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ტიპის.

ამ კვლევისას ჩვენ მეტი ყურადღება მივაქციეთ რადიკალურ მემარჯვენე განწყობებს. ის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ კრემლი ცდილობს თანამოაზრეები უფრო ჰყავდეს რადიკალურ მემარჯვენეებში და მათ დაეყრდნოს. კრემლში სწორედ ამ მიმართულებით დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს.

- საინტერესოა კვლევის ამგვვარი შედეგი - მართალია, პროდასავლური ორიენტაცია დომინირებს და დასავლური ორგანიზაციების მიმართ მხარდაჭერა მაღალია, ამის მიუხედავად სამიზნე აუდიტორიის დიდი ნაწილი ისევე როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდანაც ხედავს მომავალ საფრთხეებს. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ეს იმას ნიშნავს, რომ დამოკიდებულებებში ურთიერთგამომრიცხავი ელემენტები არსებობს. რასაც სერიოზული დაფიქრება და მოქმედებებიც სჭირდება.

მაგალითად, იდენტობისა და კულტურის თვალსაზრისით ამ რეგიონებში საფრთხეს დაახლოებით თანაბრად ხედავენ როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდან. ალბათ საჭიროა, უფრო კარგად გავერკვეთ თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

ორივე რეგიონში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია... მაგრამ, ძალიან უცნაური სურათია, როცა ვაანალიზებთ პასუხს კითხვაზე, თუ ვინ არის მტერი. პასუხები უცნაური და სხვადასხვაგვარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს საზოგადოებასთან „სერიოზული ნამუშევარია“

კვლევის შედეგებით ნათლად ჩანს რომ ამ რეგიონებში რუსეთიდან მომდინარე პოლიტიკურ საფრთხეებს ხედავენ. მათ უდიდეს ნაწილს კარგად ესმის, რომ სწორედ რუსეთს აქვს განხორციელებული ოკუპაცია, მაგრამ როდესაც საუბარი კულტურას ეხება, მაშინ ირკვევა, რომ ამ შემთხვევაში ისინი საფრთხეს ორივე მხრიდან ხედავენ.

იმავდროულად ორივე რეგიონში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.

მაგრამ, ძალიან უცნაური სურათია, როცა ვაანალიზებთ პასუხს კითხვაზე, თუ ვინ არის მტერი. პასუხები უცნაური და სხვადასხვაგვარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს საზოგადოებასთან „სერიოზული ნამუშევარია“.

ნათლად ჩანს, რომ არსებობს ისტორიული ფობიებები და მეხსიერებები, რომელთა გაღვივებამ პერსპექტივაში შესაძლოა საკმაოდ რთული სურათი მოგვცეს.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საზოგადოებაში ამგვარი განწყობების მიზეზი იყოს ის, რომ ჩვენ მოსახლეობას ევროკავშირზე და ევროპულ პოლიტიკურ მოდელებზე ნაკლები ინფორმაცია აქვს.

ამის მიზეზი ისიც ხომ არ შეიძლება იყოს, რომ უფროსი ასაკის მოსახლეობა არ ფლობს ინგლისურ ენას, ხოლო რუსული ენა კარგად ახსოვთ და რუსული სამყარო მათთვის საკმაოდ ცნობილია?

- დიახ, ამ თვალსაზრისითაც საინტერესო იყო კვლევა - გამოჩნდა რომ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც უფრო კარგად ფლობს რუსულ ენას, უფრო მეტად არის ანტიდასავლურად განწყობილი. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველას, თუმცა, სტატისტიკური სურათი ასეთია.

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც უფრო კარგად ფლობს რუსულ ენას, უფრო მეტად არის ანტიდასავლურად განწყობილი. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველას, თუმცა, სტატისტიკური სურათი ასეთია

ევროპასა და ევროკავშირზე ინფორმირებულობა და ცოდნის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა, არსებობს სხვა საზომიც, კერძოდ, მითებით ზემოქმედება, რომელიც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს საზოგადოების განწყობებზე.

- მაგალითად?

- ეს ეხება ძირითადად პოლიტიკურ, ოპერატიულ ან ფუნდამენტურ მითებს. მაგალითად არსებობს მითი, რომ რუსეთი არის უძლეველი, რომ მას ვერავინ დაამარცხებს. ასევე ის, რომ დასავლეთი ლიბერალიზმის მიმდევარია და ის გულისხობს გარყვნილებას, ის საფრთხეა ჩვენი თვითმყოფადობისთვის. არსებობა მითი, რომ დასავლურ პოლიტიკურ მოდელი არის ანტიეროვნული, ანტიქართული მოვლენა. ასევე არსებობს მითი, რომ დასავლეთი ებრძვის ქრისტიანულ სამყაროს და მართლმადიდებლობას.

არსებობს მითი, რომ დასავლური პოლიტიკურ მოდელი არის ანტიეროვნული, ანტიქართული მოვლენა. ასევე არსებობს მითი, რომ დასავლეთი ებრძვის ქრისტიანულ სამყაროს და მართლმადიდებლობას

რადგან დასავლეთისთვის დღეს ყველაზე დიდი საფრთხეს მართლმადიდებლობა წარმოადგენს. ეს მითები მოქმედებს საზოგადოების განწყობებზე და გავრცელება სხვადასხვა ფორმით ხდება. დროდადრო „აცოცხლებენ მითებს“.

საინტერესოა ასევე ფუნდამენტური მითით ზემოქმედება, მაგალითად, როგორიცაა კატეხონის მითი - რაც ურთულესი, კრიტიკული ვითარების შემთხვევაში ბოლო იმედის არსებობას გულისხმობს. ანუ ასეთ შემთხვევაში ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ქართველ ხალხს?

საკმაოდ სერიოზულ ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთია ბოლო იმედი, რადგა ის მართლმადიდებელია. თუმცა არის მეორე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ბოლო იმედი სწორედ დასავლეთია.

ესეც ძალიან სერიოზული მითია, რომლის გაცოცხლება პერმანენტულად ხდება გარკვეულ კრიტიკულ ვითარებებში.

საკმაოდ სერიოზულ ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთია ბოლო იმედი, რადგან ის მართლმადიდებელია. თუმცა არის მეორე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ბოლო იმედი სწორედ დასავლეთია

ეს მითები ჩვენთან მუშაობს, მაგალითად „მითი გაცოცხლდა“ მას შემდეგ რაც გარეჯთან დაკავშირებით ვითარება დაიძაბა და სიტუაცია საკმაოდ სახიფათო გახდა, ვინაიდან იგი ეხება ერთი მხრივ ტერიტორიის კუთვნილებას და მეორე მხრივ რელიგიას. ტერიტორიას, როგორც საარსებო სივრცეს და ქრისტიანობას, როგორც ჩვენს იდენტობას.

რუსეთი დაპირისპირების პირობებში განავითარებს იდეას, რომ “აგრესიულ ისლამთან“ ბრძოლისას ლიბერალური დასავლეთი კი არ დაიცავს საქართველოს, არამედ დაიცავს მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთი.

ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ანტილიბერალური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივება სწორედ ამგვარი მითების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ეს მითები არსებობს და მათი არსებობა პრაქტიკაში საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან პროცესი რაციონალური სიბრტყიდან შეიძლება გადავიდეს ირაციონალურ სიბრტყეში.

- კვლევის ერთ-ერთ დასკვნა-მიგნებაში ნათქვამია - ზოგადად, პროდასავლური ორიენტაცია ოდნავ მეტად არის გავრცელებული კახეთში, ვიდრე შიდა ქართლში.

სავარაუდოდ, ამის მიზეზი შიდა ქართლის კონფლიქტის ზონასთან სიახლოვე უნდა იყოს, მაგრამ მე ამჯერად კითხვას სხვაგვარად დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით, ამ ორ რეგიონში ჩატარებული კვლევა რამდენად ასახავს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ განწყობების სავარაუდო სურათთან?

- ძალიან ძნელი სათქმელია. ჩვენ მხოლოდ ორი რეგიონში ჩავატარეთ კვლევა. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ამგვარი კვლევები სხვაგანაც ჩავატაროთ. ვგეგმავთ კიდეც. ვფიქრობ, განსხვავებები იქნება, მაგრამ იქნება საერთო ტენდენციებიც.

დიდია მოთხოვნა ქარიზმატულ ლიდერებსა თუ ბელადებზე. გამოკითხულთა 1/3 სურს, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქარიზმატული, არადემოკრატიული ტიპის ლიდერი

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ კვლევები უნდა ვატაროთ სწორედ რეგიონებში, იმის გამო რომ კარგად დავინახოთ პრობლემები. კვლევამ დაგვანახა, რომ პოპულიზმი კარგად ყველაზე უფრო იქ მუშაობს, სადაც ავტორიტარიზმზე მოთხოვნა მაღალია. დიდია მოთხოვნა ქარიზმატულ ლიდერებსა თუ ბელადებზე. გამოკითხულთა 1/3 სურს, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქარიზმატული, არადემოკრატიული ტიპის ლიდერი.

დემოკრატიასთან დამოკიდებულების საკითხიც საკმაოდ პრობლემურად მეჩვენა. კახეთში გამოკითხულთა მხოლოდ 50%-ს მიაჩნია, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა. 22%-ს მიაჩნია, რომ საერთოდ სულერთია მმართველობის როგორი ფორმა იქნება ქვეყანაში.

ქვეყანაში არსებობს მოთხოვნა ქარიზმატულ, არადემოკრატიულ, ანტილიბერალურ და პოპულისტ ლიდერებზე, მაგრამ არ არის მიწოდება

ამგვარი დამოკიდებულებები ჯამში საკმაოდ სახიფათო სურათს გვაძლევს. პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ კითხვაზე ვინ სურთ მათ რომ იყოს ქვეყნის მმართველი, პიროვნებების დასახელება უჭირთ.

ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებობს მოთხოვნა ქარიზმატულ, არადემოკრატიულ, ანტილიბერალურ და პოპულისტ ლიდერებზე, მაგრამ არ არის მიწოდება.

შეიძლება ითქვას, რომ საბედნიეროდ, ჯერჯერობით ამ ტიპის ძლიერი პოლიტიკური ძალები ჩვენში არ არსებობენ. ყოველ შემთხვევაში ამ კუთხით მათ თავი ჯერ არ გამოუვლენიათ.

- ამას წინათ ინტერნეტით გავრცელდა რუსეთში ანტიდასავლური და პოპულისტური განწყობებით გამორჩეული ლიდერის დუგინის განცხადებები საქართველოზე.

უცნაური რამ ხდება, რუსული მედიის უმრავლესობას აშკარად გაუსკდა „საქართველოს სიყვარულის ბუშტი.“ ამ თვალსაზრისით პოლიტიკოსებიც გამოირჩევიან. მათ შორის დუგინიც. თუ 2008 წელს დუგინი კრემლს თბილისის აღებისაკენ მოუწოდებდა, ახლა სიყვარულში გვეფიცება.

დუგინი აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის დასაყრდენს სწორედ ანტილიბერალური, ანტიდასავლური განწყობების ადამიანები არიან და მოსკოვმა მათთან უნდა გააგრძელოს და გააღრმავოს თანამშრომლობა.

როგორც ჩანს, რუსეთი ჩვენთან ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურადაც მუშაობს. თქვენი დაკვირვებით, საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობები რამდენად უკავშირდება რუსული პროპაგანდის გააქტიურებას?

- რა თქმა უნდა, საქართველოში ანტილიბერალური და ანტიდასავლური განწყობების შექმნაში აშკარად ჩანს ე.წ. რუსული ხელი. მიუხედავად ამისა, ქართულ პოლიტიკაში პრაქტიკულად არ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი კარგია და დასავლეთი ცუდია. არადა, დასავლეთი დღეს ლიბერალ- დემოკრატიულია.

საქართველოში ანტილიბერალური და ანტიდასავლური განწყობების შექმნაში აშკარად ჩანს ე.წ. რუსული ხელი

თუ ჩვენ ვიტყვით, რომ დასავლეთი ცუდია, ასეთ შემთხვევაში საქართველოში ანტილიბერალური და ანტიდასავლური ძალები გაძლიერდებიან. ასეთი ძალები ძლიერდებიან თავად ევროპაში. მათ რუსეთი უჭერს მხარს.

თუ ანტილიბერალური და ანტიდასავლური ძალები საქართველოში გაძლიერდებიან, ცხადია, რომ მათ მხარს მოსკოვი დაუჭერს და ისინი იქნებიან მათთვის ყველაზე სასურველი პარტნიორები.

რუსეთი არ ქმნის ახალ იდეოლოგიას, რუსეთი ეყრდნობა, აღვივებსა და აძლიერებს იმ იდეოლოგიურ ჩარჩოს, რომელიც ისედაც არსებობს. ჩვენ ხშირად ძალიან მარტივად ვუყურებთ სიტუაციას, ვფიქრობ რომ საქმე გვაქვს ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების ლამის ასპროცენტიან ექსპორტთან. ასე არ არის, ამგვარი განწყობები ჩვენში არსებობს, არსებობს გარეთაც.

რუსეთის ამოცანაა, დღეს ის გახდეს მთელ მსოფლიოში რადიკალური და კონსერვატიული იდეების მატარებელი ძალების ლიდერი და მისი დაცვის გარანტი. ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება როგორც ზოგადად ქრისტიანული სამყარო, ისე განსაკუთრებით მართლმადიდებლური სამყარო.

ეს კარგად ჩანს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში. დუგინი და სხვა რუსი ექსპერტები ძირითადად ახმოვანებენ იმ თეზისებს, რომლითაც მოსკოვი ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში აპელირებს.

რუსეთი არ ქმნის ახალ იდეოლოგიას, რუსეთი ეყრდნობა, აღვივებსა და აძლიერებს იმ იდეოლოგიურ ჩარჩოს, რომელიც ისედაც არსებობს... ანტილიბერალი და ანტიდასავლური განწყობები ჩვენში არსებობს, არსებობს გარეთაც

ვხედავთ, რომ ის ამ თვალსაზრისით სულ უფრო მეტად აქტიურდება, არ ერიდება დეზინფორციულ ექსპანსიას, კარგად იყენებს ჰიბრიდული ომის მექანიზმებს და ასევე არ ერიდება ამ საქმეში ფინანსური მექანიზმების ამოქმედებას. ფაქტია, რომ ამით რუსეთმა ბევრ რამეს მიაღწია. რუსეთი ევროპარლამენტის არჩევნებში ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ძალებს დაეხმარა და ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით აღმოჩნდნენ ევროპარლამენტში.

თუ ამგვარი ბერკეტები რუსეთს ევროპის ქვეყნებში გააჩნია, ფაქტია, რომ მას ისინი საქართველოშიც ექნება. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანოთ.

- გასაგებია, რომ კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მაგრამ არ ენდობა მის მიერვე არჩეულ ინსტიტუტებს და ფიქრობს, რომ ჩვენში დემოკრატია ან არ, ანდა სრულფასოვნად არ მუშაობს.

თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ერთის მხრივ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა, რომ ხალხს დემოკრატიული მმართველობის მიმართ ნდობა გაუჩნდეს?

- მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებზე ანტილიბერალურმა ძალებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს, ნამდვილ დემოკრატიებს ამგვარი გამოვლინებების მიმართ გამომუშავებული აქვთ იმუნიტეტი.

ხელისუფლებამ უნდა აშენოს დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტები

ამგვარი იმუნიტეტი არც ჩვენს საზოგადოებას და არც ხელისუფლებას არ აქვს. ამიტომ, ვისაც ამ საკითხებზე ფიქრის გარდა პოლიტიკის განსაზღვრა ევალება და აქვს ბერკეტები, მათ ყველაფერი უნდა იღონონ, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი დააბანდონ განათლებაში, საზოგადოების ინფორმირებულობას და დემოკრატული პროცესების განვითარებაში, მათ შორის სამართლიანობაზე დაფუძნებული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში.

- გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ ცოდნის შეძენას დრო სჭირდება. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ რომ ხალხმა დაინახოს, რომ დემოკრატია მუშაობს იმ სფეროებშიც, რომლებშიც პრობლემები რეალურად არსებობს?

- რეცეპტი მარტივია - ხელისუფლებამ უნდა აშენოს დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტები.

ჩვენი გზა მომავალზე, ცივილიზაციაზე და განვითარებაზე უნდა იყოს გათვლილი

ჩვენ ისეთ პროგრამებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის გათანამედროვეობაზე, პროგრესზე.

მესმის, რომ ეს რთული თემაა, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს. ჩვენი გზა არ გახლავთ წარსულში დაბრუნების გზა. ჩვენი გზა მომავალზე, ცივილიზაციაზე და განვითარებაზე უნდა იყოს გათვლილი.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”