გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართველოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, რომელიც სეტყვის შედეგად დაზარალდა, დახმარებას მიიღებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა უმთავრესი პრიორიტეტია.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას მყისიერი თანადგომისთვის. ჩვენ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. შიდა ქართლში ძლიერი სეტყვის შედეგად საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის მხრიდან; საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა“ ფარგლებში, გორისა და ქარელის მოსახლეობა ფინანსურ დახმარებას მიიღებს საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად. მათ საშუალება მიეცემათ, განაახლონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ეს არის ქართული და ამერიკული მხარეების მიერ შექმნილი სწრაფი რეაგირების პროექტი, რომლითაც ჩვენს ხალხს მიზნობრივ დახმარებას გავუწევთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თავის მხრივ, USAID მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა განაცხადა, რომ დახმარების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ფერმერებისთვის ტექნიკის შეძენაც.

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ ქართველ ფერმერებს კრიტიკული ზარალის ანაზღაურებაში. ჩვენი მხარდაჭერის ბიუჯეტი 1 მლნ დოლარია. დახმარების ფარგლებში, ასევე შესაძლებელი იქნება ფერმერებისთვის ტექნიკის შეძენა, რაც მათ მომავალში საქმიანობას გაუადვილებს. ვფიქრობ, ეს არის ქვეყნებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი“, - განაცხადა USAID მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა.

შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა USAID მისიის ხელმძღვანელს საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისათვის და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობაში მხარდაჭერა, ნათლად წარმოაჩენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.

პიტერ ვიბლერს მხარდაჭერისა და მყისიერი რეაგირებისთვის მადლობა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმაც გადაუხადა.

„აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ძლიერი სეტყვის შედეგად, შიდა ქართლის სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა. მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების დაზიანებული ფართობი 10 000 ჰექტრამდეა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ზრდა, არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა