რას აკეთებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო

ინტერვიუ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროს დავით ჩხეიძესთან.

- ბატონო დავით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა კითხვები ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით...

- დიახ, 2019 წელს ძალაში შევიდა კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“, რომელიც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ემბლემების, განმასხვავებელი ნიშნების, უნიფორმების, სხვა სიმბოლოების შეცვლა-განახლება. მოგეხსენებათ, რომ ყოველი ასეთი განახლება დაკავშირებულია ძალიან დიდ საბიუჯეტო ხარჯებთან. თებერვლის შემდეგ უკვე რამდენიმე უწყებასთან მოგვიწია მსგავსი შეზღუდვის გამოყენება და ცხადია, მცირე უწყებისთვის ამ ზეწოლასთან გამკლავება რთულია.

- თქვენი უწყების საქმიანობით დაინტერესებას სწორედ ამას უკავშირებთ?

- რადგან ჰერალდიკა, სახელმწიფო სიმბოლოები პოლიტიკისგან შორს დგას და აქამდე არც ბიზნეს ინტერესებთან ჰქონდა შეხება, ჩვენ ყოველთვის გვიჭირდა საინფორმაციო საშუალებების ყურადღების მოკრება. სარეკლამო თანხები საბჭოს ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც ჩვენი საქმიანობის კრიტიკული შესწავლა, რომელიც საბოლოოდ აცნობს საზოგადოებას საბჭოს საქმიანობას ჩვენთვის მისასალმებელია. ძნელია პირდაპირ დაკავშირება, უბრალოდ მცდელობა იყო საბჭოს პოლიტიკურ ჯგუფებთან გაიგივების, მაშინ როდესაც სახელმწიფო სიმბოლოები არ შეიძლება იყოს პარტიული მოვლენა.

- თუ სახელმწიფო სიმბოლოებს ცვლილება არ სჭირდება, მაშინ რა საქმიანობას ეწევა საბჭო ბოლო ათი წლის განმავლობაში, როდესაც მისი ბიუჯეტი წელიწადში 400 ათას ლარს აჭარბებს?

- აღნიშნული კანონის მიღებამდე საბჭოს იშვიათად, მაგრამ მაინც უწევდა ერთადერთ ბრალდებაზე პასუხის გაცემა, საქართველოს სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებით, რომ დროშა უნდა შეიცვალოს. არადა საქართველოს სახელმწიფო დროშა უძველეს დროშად არის მიჩნეული ევროპაში და რუკაზე, სადაც გამოსახულია ევროპული სივრცე, საქართველო მონიშნულია სწორედ ხუთჯვრიანი დროშით. ჩვენი დროშა ჩვენი ევროპულობის ისტორიული, პოლიტიკური, გეოგრაფიული დასაბუთებაა და გასაგებია, რატომ შეიძლება უნდოდეთ ამ დროშასთან დაპირისპირება.

რაც შეეხება საბჭოს დანარჩენ საქმიანობას, სახელმწიფო სიმბოლოების გარდა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებებში შედის ნებისმიერი სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, როგორც სახელმწიფოსთან, საზოგადოებას ყოველწუთიერად აქვს ამ სიმბოლოებთან შეხება, დაწყებული პირადობის მოწმობით, პოლიციელის განმასხვავებელი ნიშნით, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო, ფულის ნიშანი, პასპორტი, ქალაქის გერბი... ამ უამრავი სიმბოლოს ერთ საერთო სახელმწიფო სტილში მოქცევის პოლიტიკას წარმართავს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.

- და რამდენად საჭიროა, მცირე ქვეყნისთვის ამდენი სიმბოლო?

- დიახ, არ არის საჭირო და საბჭოს საქმიანობის მიზანია, არა სიმბოლოების გამრავლება, გამრავალფეროვნება, არამედ მათი შემცირება და შეძლებისდაგვარად გაერთგვაროვნება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან სახელმწიფოსთან ერთად გაუქმებული იყო ჰერალდიკაც, ღირსება აღინიშნებოდა ლენინის ორდენით, საქართველო ნამგლითა და უროთი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აღდგა 1918-1921 წლის სახელმწიფო სიმბოლოები, მაგრამ სამხედრო ნიშნები, ჯილდოები, ემბლემები შეიქმნა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სტილში, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გართულდა საქმე, რადგან სხვადასხვა მოსაზრებით აღნიშნული სიმბოლოები იცვლებოდა და შედეგად მივიღეთ სრული გაუგებრობა.

- საბჭო ვერ წარმართვადა ჰერალდიკურ პოლიტიკას?

- საბჭო შეიქმნა 2008 წელს და ძირითადად ადამიანებით, რომლებიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული ნებაყოფლობით საწყისებზე „ჰერალდიკის ასოციაციის“ ფარგლებში სწავლობდნენ და აზუსტებდნენ სახელმწიფო ჰერალდიკურ ტრადიციას. ამ მუშაობის შედეგად მოხდა 2004 წელს სახელმწიფო სიმბოლოების დადგენა, პოლიციის სიმბოლიკის გამოყვანა საბჭოთა მემკვიდრეობიდან. მხოლოდ 2008 წელს ბატონი ელდარ შენგელაიას ძალისხმევით საბჭოს მიეცა საჯარო დაწესებულების სახე. ამ თვალსაზრისით, ბატონი ელდარის ცნობადობა წაადგა საბჭოს, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ელდარმა დიდი კვლევა გასწია უცხოეთის არქივებში, საიდანაც ჩამოვიდა უამრავი დოკუმენტი, რომელიც მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ხუთჯვრიანი დროშა ყოველთვის იყო აღმართული.

- საბჭოს შექმნიდან მოყოლებული რა შეიცვალა?

- შეიცვალა უამრავი რამ, მაგალითად, 10 წლის განმავლობაში შეიქმნა საქართველოს 70-მდე მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა. თუ სახელმწიფო დაწესებულებების საკითხში საბჭო მოწოდებულია რამდენიმე სიმბოლომდე დაიყვანოს დაწესებულებების ემბლემები, მუნიციპალიტეტების შემთხვევაში პირიქით, სადაც არის ადგილობრივი ბიუჯეტი, თვითმმართველობა საჭიროა არსებობდეს ჰქონდეთ საკუთარი სიმბოლოები, განსხვავებული სიმბოლო ყველა დასავლური ტრადიციული თვითმმართველობის ატრიბუტია. საბჭო უწევდა კოორდინაციას, რომ ყველა სიმბოლო შექმნილიყო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და მოსულიყო ჰარმონიაში ევროპულ ჰერალდიკასთან. საოცარი წარმატება ხვდა ამ საქმიანობას. ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, ბატონი მამუკა გონგაძე აირჩიეს ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებულ წევრად, ჰერალდიკის საბჭოს წევრია მსოფლიო ვექსილოლოგთა ასოციაციის. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები არის გაფორმებული ევროპის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნებთან, რაც იმის აღიარებაა, რომ სახელმწიფო გამოვიდა საბჭოთა ესთეტიკიდან. დღევანდელი პატრულის თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის განმასხვავებელი ნიშანი, ფორმა სრულ შესაბამისობაშია დასავლურ სტანდარტებთან. მეტწილად მოწესრიგდა უწყებრივი ჯილდოების სიტემები. სახელმწიფო წარმოუდგენელია ამ სიმბოლოების გარეშე, როდესაც თქვენ გესაუბრებათ პოლიციელი, მესაზღვრე თქვენ უნდა ხედავდეთ სახელმწიფოს და ხედავთ სწორედ სიმბოლოების ენით.

- საეთაშორისო თანამშრომლობა რას მოიცავს?

- მაგალითად, საქართველოს მთავრობა 10 ივნისამდე მიიღებს დადგენილებას „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოსახვის, აღმართვისა და გამოფენის წესის შესახებ“. როგორ უნდა გამოიფინოს დროშა, როგორ უნდა გამოისახოს გერბი, დაწესებულების ემბლემა... ამ საკითხებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისობაში მოყვანა სახელმწიფო ტრადიციებთან და მიღება. გამოცდილების გაზიარება ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის შესაბამის უწყებებთან, სწორედ ამის საფუძველზე ხდება ასეთი დადგენილებების და კანონების შემუშავება. რაც შეეხება გერბებს, ემბლემებს... დაწესებულების, მუნიციპალიტეტის გაყოფის, გაერთიანების შემთხვევაში, მოქმედებს სხვა წესები, როგორ უნდა იყოს მიღებული ახალი სიმბოლო, რომელი სიმბოლოები უნდა დარჩეს, რომელი დაიკარგოს...

- რამდენი ადამიანია საბჭოს საქმიანობაში ჩართული?

- უშუალოდ საბჭოში მუშაობს 11 ადამიანი, რომელზეც გაიცემა ხელფასი. სახელფასო ფონდი არის თვეში დაახლოებით 23. 750 ლარი, საიდანაც გაიცემა დაახლოებით 19 000. ცხადია, თანხას თუ გაამრავლებთ 12 თვეზე და შემდეგ 10 წელზე, ამით შეიძლება ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანის გაღიზიანება, მაგრამ დასახელებული თანხა, ღიმილისმომგვრელია, როდესაც გიწევს თავი გაართვა ამოდენა უფლებამოსილებებს, მაგრამ საბჭოსთან მოქმედებს მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც შედგება ჰერალდიკის, ვექსილოლოგიის, ფალერისტიკის სპეციალისტებით, ასევე ისტორიკოსებით ისინის ნებაყოფლობით საწყისებზე იკრიბებიან და განიხილავენ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ცვლილების, დადგენის საკითხებს. იგივე სპეციალისტებს საბჭო ხშირად წარადგენს სხვადასხვა დაწესებულებებში ეროვნულ ბანკში, მუნიციპალიტეტებში, ძალოვან უწყებებში. სიმბოლიკასთან დაკავშირებით შექმნილ საბჭოებში მონაწილეობის მისაღებად.

- ითქვა, რომ საბჭო აწყობს გამოფენებს და გამოსცემს ჟურნალს?

- როგორც გითხარით, ბიუჯეტი არ ითვალისწინებს სარეკლამო თანხმებს, ამიტომ საბჭო ამზადებს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ამსახველ ბანერებს და მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს გამოფენებს, მივლინებით აგზავნის თანამშრომლებს და საზოგადოებას აცნობს სახელმწიფო სიმბოლიკის რაობას, მნიშვნელობას. ასევე ყოველწლიურად გამოსცემს ჟურნალს, სადაც შედის, სამეცნიერო ნათარგმნი საერთაშორისო და ადგილობრივი პუბლიკაციები ჰერალდიკის საკითებზე. გარდა პუბლიცისტური საქმიანობისა, საბჭო აწყობს კონფერენციებს, მაგალითად ეროვნულ დონეზე მოეწყო წყალტუბოს კონფერენცია და მიეძღვნა თბილისის მუნიციპალური სიმბოლოების შექმნის საკითხს, მანამდე თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც დაესწრნენ საერთაშორისო ექსპერტები, მანამდე ყვარელში ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოებთან დაკავშრებით, საბჭო შეხვედრებს მართავს საჯარო დაწესებულებების პროტოკოლის სამსახურებთან და აცნობს სახელმწიფო სიმბოლოების და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენების წესებს.

- საბჭო არ არის დაკავებული სიმბოლოების შექმნით?

- ჰერალდიკის საბჭოს უფლებამოსილებებში არ შედის სიმბოლოების, ჯილდოების, ემბლემების შექმნა, მაგრამ ხშირად როდესაც დაწესებულება, თვითმმართველი ერთეული კონკურსის გზით ვერ გამოავლენს გამარჯვებულს, საბჭოში დასაქმებული სპეციალისტები უსასყიდლოდ უწევენ დახმარებას. ძალიან ბევრი სიმბოლო მათი შექმნილია, განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ბატონ მამუკა გონგაძეს. წარუმატებელი კონკურსის მიზეზი ხდება დაბალი მონაწილეობა, ინტერესი, პრემია... საერთოდ, ჰერალდიკის საკითხების ცოდნა ძალიან დაბალია, სწორედ სახელმწიფოებრიობის მოშლის გამო. სხვა ქვეყნებში მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი ინსტიტუტი განსაზღვრავს თითოეული ღილის, სამკლავურის სახეს, რომ არაფერი ვთქვათ ჯილდოზე. ჩვენთან თითოეული ასეთი საკითხის გადაწყვეტას სჭირდება დიდი ძალისხმევა. ითქვა, რომ ბატონ ვანო ზარდიაშვილს და ბატონ დავით მათიკაშვილს გადაეცათ მედალიონები „სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ კანონი, რომელსაც ხსენებული დეპუტატების ინიცირებით დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტმა თითქმის სამი წელი ვერ გადიოდა, სწორედ ჰერალდიკის საკითხების ნაკლებ მნიშვნელობის გამო სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის. მედალიონის გადაცემას იყო სრულიად დაცლილი პოლიტიკური შინაარსისგან, რადგან მსგავსი მედალიონი გადაეცა ასევე ყოფილი ხელისუფლების წევრებს. ყველა ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის, ვისაც ღვაწლი აქვს.

- ახალი კანონი გარდა საბიუჯეტო თანხების დაზოგვისა, რა მიმართულებით შეუწყობს ხელს ჰერალდიკის განვითარებას?

- უკვე მოგახსენეთ, რომ საბჭოს პოლიტიკა უწინარესად მიმართულია სიმბოლოების შემცირებისკენ, გაერთგვაროვნებისკენ. ვინც დაკავშირებულია ლოგოების დიზაინთან მოწოდებულია უკიდურესად მინიმალისტური მიდგომებისაკენ, ჰერალდიკის კანონიკა იგივე მიდგომით ხელმძღვანელობს, რომ დაამკვიდროს შეძლებისდაგვარად მარტივი, მკაცრი და გამომსახველი სიმბოლოები, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაიკარგოს სახელმწიფო ტრადიცია, სახელმწიფოს ვერ „შეფუთავ“ - როგორც იტყვიან - ფსევდო-თანამედროვე ბრენდებით. სახელმწიფო სიმბოლოში, დაწესებულების ემბლემაში, ფულის ნიშანზე, მუნიციპალიტეტის გერბში, სამხედრო უნიფორმაზე უნდა ისახებოდეს ქვეყნის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. 3000 წლის სახელმწიფოს ვერ ექნება გერბად შავი კვადრატი ან ლამაზი ყვავილი. საკმარისია გადავხედოთ დიდი ტრადიციების მქონე ევროპის ქვეყნებს, რომ ეს თვალსაჩინო გახდება. ყველა მოწინავე თანამედროვე დიზაინის სამშობლო ლონდონია, მაგრამ შეხედეთ დიდი ბრიტანეთის გერბს...

- ახალი კანონის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ საბჭო კიდევ არაერთხელ მოხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭომ ერთგვარად შეიძინა მარეგულირებლის ფუნქცია, ცხადია, რომ ნებისმიერი ცვლილებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას მოსალოდნელია უკმაყოფილება, მაგრამ სიმბოლოების შემცირებისთვის, გამკაცრებისთვის, სახელმწიფოს ღირსეული სახის ჩამოსაყალიბებლად სხვა მიდგომა წარმოუდგენელია. მაგალითად გამოდგება, სამხედრო საბრძოლო დროშების პაკეტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა საბჭოში და ჩაანაცვლა სხვადასხვა დროს შექმნილი სხვადასხვა მხატვრული შინაარსის და მოხატულობის დროშები. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ საბოლოოდ პრეზიდენტმა დაამტკიცა და დღეს სამხედრო ძალებს აქვთ ერთგვაროვანი, მკაცრი და თვალსაჩინო საბრძოლო დროშები. უკმაყოფილება გამოიწვია საოცრად ნიჭიერი მხატვრის ვახტანგ რურუას მიერ შექმნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგოს სტილისტურმა სახეცვლილებამ, სირთულეებია მოსალოდნელი თბილისის სიმბოლოების გერბის და დროშის დაგეგმილი ცვლილებისას, ისინიც ცნობილი გრაფიკოსის ემირ ბურჯანაძის შექმნილია, მაგრამ ჰერალდიკურად არაკანონიკურია. სახელმწიფო ჯილდოების სიტემა არის დასახვეწი და შესამცირებელი, პატარა ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს ამ რაოდენობის ჯილდო, მეტადრე სრულიად ეკლექტური, სხვადასხვა დროსა და პირობებში შექმნილი, ამიტომ დაპირისპირება და საბჭოს საქმიანობით დროდადრო „დაინტერესება“, საკმაოდ ჯანსაღი პროცესია. თავის მხრივ, საბჭო მზად არის წარადგინოს თითოეული წლის ანგარიში ყველა დახარჯული ლარის მიზნობრიობა. საზოგადოებრივი კონტროლი, მხოლოდ აამაღლებს საბჭოს ცნობადობას და საქმიანობის ეფექტურობას, და რაც მთავარია დაგვიცავს დაინტერესებული ჯგუფების, პირების ზეწოლისგან.