ბიძინა გეგიძე და მერაბ ბოლქვაძე თანხმდებიან, რომ სამშენებლო კოდექსის გადავადება  განაშენიანების რეგულირების სფეროში პრობლემებს გაამწვავებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე თბილისის გენგეგმის თანაავტორს, მერაბ ბოლქვაძეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ეხებოდა, რომლის დაჩქარებულად მიღებაც დამატებით პერიოდს განუსაზღვრავს მუნიციპალიტეტებს კანონქვემდებარე აქტების კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

ბიძინა გეგიძის განცხადებით, უკვე არსებობს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის დამტკიცებასაც თბილისი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.

„სწორედ გენგეგმამ უნდა განსაზღვროს ქალაქის სამომავლო ურბანული და ტერიტორიულ-სივრცითი განვითარება. წარმოდგენილ კანონპროექტში კი თითქოს უგულებელყოფილია ის პოზიტიური შედეგი, რაც გენერალური გეგმის მიღებას უნდა მოეტანა. რეალურად, მშენებლობის კოდექსის მოქმედების გადავადება თბილისის მერიისთვის იგეგმება 2020 წლის სექტემბრამდე, თუმცა, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს განსაკუთრებულ დათქმას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან უკვე დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმებს ძალას უნარჩუნებს 2025 წლამდე. ფაქტია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან წარმოდგენილი ინიციატივა თანხვედრაში არ არის მშენებლობის კოდექსთან და გენერალური გეგმის მიღების მიზნებთან“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

მერაბ ბოლქვაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ გენერალური გეგმა მორგებულია ქალაქის მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხო, ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის მიზანს. ის ასევე დაეთანხმა ბიძინა გეგიძეს, რომ მშენებლობის კოდექსის მოქმედების გადავადება და დამტკიცებული გრგ-ების მშენებლობის კოდექსთან ჰარმონიზების დაგვიანება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს არამიზნობრივი განაშენიანების გაგრძელებას.

შეხვედრის შემდგომ ბიძინა გეგიძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რასაც ხსენებული საკანონმდებლო პაკეტის ნაჩქარევი მიღება გამოიწვევს:

„გენერალურ გეგმასთან უნდა იყოს შესაბამისობაში ყველა სამშენებლო ნებართვა, ასევე ყველა გრგ, რომლებიც მიღებულია როგორც გარკვეული პერიოდით ადრე, ისე უახლოეს წარსულში, მაგალითად 2019 წლის ივნისში. გენერალური გეგმის მოქმედება პირდაპირ უკავშირდება მშენებლობის კოდექსის ძალაში შესვლას. ხსენებული კოდექსი ძალაში უნდა შესულიყო მიმდინარე წლის 3 ივნისს. თუმცა, სრულიად მოულოდნელად და ნაჩქარევად, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმით, კოდექსის ამოქმედებამდე 2 დღით ადრე, პარლამენტში შემოვიდა ინიციატივა მშენებლობის კოდექსის ძალაში შესვლის ვადის 1 წლითა და 3 თვით გადავადების შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის განმარტებით, პარლამენტისათვის ინიციატივით მომართვის მოტივს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტების მხრიდან ორგანულ კანონთან კანონქვემდებარე აქტების ჰარმონიზებისათვის არასაკმარისი ვადები. უცნაურია, რომ აღნიშნულის შესახებ ნათელი გახდა კოდექსის უშუალო ამოქმედების წინა დღეებში, როცა პარლამენტმა ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღო ორგანული კანონი და ყველა შესაბამის სამსახურს მისცა საკმარისი ვადა კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისათვის. ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტის მიღება პირდაპირ გამოიწვევს ქაოსური განაშენიანების პრაქტიკის გაგრძელებას. აშკარაა, რომ კოდექსის სავალდებულოობის გადავადება და უკვე არსებული განაშენიანების რეგულირების გეგმების ძალაში დატოვება აჩენს ფართომასშტაბიანი და არამიზნობრივი მშენებლობების ნებართვების გაცემის მაღალ რისკს.

მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ჟვანიას ქუჩა, რომელიც ახალი გენგეგმის მიღებამ, ფაქტობრივად, გადაარჩინა, რამდენადაც ხსენებულ ტერიტორიაზე შეიცვალა ზონალობა და აიკრძალა ყოველგვარი მშენებლობა, მიუხედავად უკვე დამტკიცებული გრგ-ების არსებობისა. ფაქტია, ახალი ინიციატივა აჩენს კითხვებს და ქმნის შესაძლებლობას, ფაქტიურად უკანონო მშენებლობები გაგრძელდეს იმავე წარმატებით, როგორც აქამდე მიმდინარეობდა.“ - განაცხადა ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

გენგეგმის თანაავტორისა და ფრაქციის თავმჯდომარის აზრები და დამოკიდებულება თანხვედრაშია. ისინი მიიჩნევენ, რომ მშენებლობის კოდექსის მოქმედების გადავადება და გრგ-ების ძალაში დატოვება ქმნის მაღალი ინტენსივობის კოეფიციენტის კორპუსების მშენებლობის ნებართვების მოპოვებისა და გენგეგმასთან მიმართებით გარკვეული მანიპულაციების განხორციელების მაღალ რისკებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო