თსუ-ში საბიბლიოთეკო დღეები დაიხურა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო დღეების დახურვასთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკის საცავებში დაცულ უნიკალურ, მათ შორის, ავტოგრაფიან წიგნებთან ერთად, პირველად გამოიფინა ანტონ II კათალიკოსის ფერწერული პორტრეტი. აღნიშნული პორტრეტი 1930-იანი წლებიდან ბიბლიოთეკის საცავებშია დაცული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ასევე გაეცნო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ცნობილი ბიბლიოთეკარების ცხოვრებას, შემოქმედებას და საბიბლიოთეკო დარგის შესახებ ბიბლიოთეკათმცოდნეების ნაშრომებს.

საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით, თსუ-ს ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა საღინაძე, თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელი რუსუდან ასათიანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ბიბლიოთეკარები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სტუდენტები ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ საბიბლიოთეკო დღეების დახურვა სწორედ თსუ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენი ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესია საქართველოში თავისი წიგნადი ფონდით. საბიბლიოთეკო სფეროში არსებულ პრობლემებზე, გადასაჭრელ საკითხებზე, გამოცდილების გაზიარებაზე იყო საუბარი თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში. ამასთან, საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიებაზე გამოფენილი იყო თსუ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალური მასალები,“- განაცხადა თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ლაშა საღინაძემ.

თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის შენობაში ერთდროულად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

„გამოფენა რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ჩვენს საცავებში დაცულია რარიტეტული, უნიკალური საბიბლიოთეკო დოკუმენტები, რომელიც იშვიათ გამოცემებს განეკუთვნება. აქ არის ასევე წარმოდგენილი საქართველოში შექმნილი საბიბლიოთეკო შრომები, არა მხოლოდ უნივერსიტეტელი ბიბლიოთეკარების, არამედ ზოგადად ბიბლიოგრაფიული ნაშრომები და სხვა,“ - აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

თსუ-ს ბიბლიოთეკარის ქეთევან სამადაშვილის თქმით, საბიბლიოთეკო ასოციაციამ გამოსცა წიგნი „ბიბლიოთეკარი-ხელოვანი“.

„წიგნში თავმოყრილია ხელოვან ბიბლიოთეკართა ნაშრომები, მათ შორის ჩემიც“,- განაცხადა ბიბლიოთეკარმა.

საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელმა რუსუდან ასათიანმა განაცხადა, რომ დღეს განახლდა და კიდევ უფრო გაღრმავდა ურთიერთობები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებთან.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას აქცენტი უფრო რეგიონალურ ბიბლიოთეკებზე ჰქონდა გაკეთებული, დღეს განახლდა და კიდევ უფრო გაღრმავდა ურთიერთობები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებთან,“ - აღნიშნა საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საბიბლიოთეკო საქმიანობაში, კიდევ უფრო დაიხვეწება მნიშვნელოვან მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანაში არსებულ ბიბლიოთეკებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ კონსენსუსს მივაღწიეთ ჩვენს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის ინიციატორი, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს,“ - განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.

საბიბლიოთეკო დღეების დასკვნითი ღონისძიების დასრულების შემდეგ თსუ ბიბლიოთეკაში მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც განხილვის თემა წიგნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი და საბიბლიოთეკო დარგში საკანონმდებლო ინიციატივა იყო.

როგორც ცნობილია, ანტონ II-ის პორტრეტი სულ რამდენიმეა შემორჩენილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო