ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2019

შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰიბრიდული შემოტევის შესაკავებლად - რა იყო პომპეოს მთავარი გზავნილი

ვინ უშლის ხელს გახარიას გაპრემიერებას - სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე

ამერიკელთა მინიშნების შემდეგ ანაკლიის პორტს კიდევ 6-თვიანი შეღავათი დაუწესეს

* * *

შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰიბრიდული შემოტევის შესაკავებლად - რა იყო პომპეოს მთავარი გზავნილი

“საქართველომ აშშ-სგან პირველად მიიღო ასეთი მკაცრი გაფრთხილება - ის გზავნილი, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გუშინ გააკეთა, სწორედ ამის დასტური გახლავთ, - “მე იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს”, - საქართველოს მოუწევს ანაკლიის პორტის პროექტის დასრულება. მკაცრი გაფრთხილება მხოლოდ ანაკლიის პორტის პროექტს არ მოიცავდა, აქცენტი ასევე გაკეთებული იყო სამართლიან არჩევნებსა და სასამართლო სისტემაზე. 11 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა, სადაც მან ღიად ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, რაც ვაშინგტონის მტკიცე ინტერესს ადასტურებს. “საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრას აფასებს. მისი განცხადებით, აუცილებელია იმ მკაცრი გზავნილების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც ამ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობამ მიიღო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰიბრიდული შემოტევის შესაკავებლად - რა იყო პომპეოს მთავარი გზავნილი / “აშშ-ს ინტერესებშია, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს დასავლური სტანდარტებით და არა კორუფციული გარიგებებით და არაფორმალური მმართველების ზედამხედველობის ქვეშ”.

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა და ზოგადად, სახელმწიფოს მშენებლობა სწორედ ამ პარტნიორობაზეა დამოკიდებული. აშშ-ს ჩართულობა და ის საკმაოდ მკაცრი გაფრთხილებები, რაც საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო, ყურადსაღებია და ამას სჭირდება ზედმიწევნით შესრულება. ეს ერთი და იგივე პრობლემის სხვადასხვა გამოვლინებაა; სასამართლო რეფორმა, არჩევნები, როგორც დემოკრატიული მმართველობის მთავარი შემადგენელი ნაწილი, - ეს არის ფორმალური მმართველობა არაფორმალურის მაგივრად. ის, რომ პარლამენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქმე კანონის მიხედვით აკეთონ, შეასრულონ ის დაპირებები, რაც ხალხს მისცეს და არა ერთპიროვნულ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. ეკონომიკური სტრატეგიული ვექტორი, - ეს არის თავისუფალ ეკონომიკაზე აღებული ორიენტირი და არა რუსეთსა თუ ჩინეთზე, რომელთაც სხვადასხვა, არცთუ ისე კეთილსინდისიერი მიზნები აქვთ ეკონომიკური კუთხით საქართველოსთან მიმართებაში. ამის კონკრეტული გამოვლინება პორტთან დაკავშირებით გაკეთებული გზავნილი იყო, რომ ეს პორტი უნდა აშენდეს”, - აღნიშნა ქუთელიამ. ის ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს; მისი თქმით, მართალია აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, თუმცა, აშშ-საც სჭირდება საქართველო და სწორედ ამიტომ არის გამახვილებული ყურადღება ანაკლიის პორტზე. მისი თქმით, აშშ-ს ინტერესს წარმოადგენს საქართველო შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოსთვის ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ ამერიკისთვისაც საქართველო ასევე მნიშვნელოვანი ქვეყანა გახლავთ, - საქართველო შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის კომპონენტი, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას გააძლიერებს და ასევე მის დემოკრატიულობის ხარისხს გაზრდის. ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ჩანს რუსული ჰიბრიდული ომის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ეს გახლავთ სწორედ სხვასთან ერთად ეკონომიკური ექსპანსია, რაც ავტომატურად ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემის ეროზიას ნიშნავს. აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებშია, რომ საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობა, სტრატეგიულ-ინფრასტრუქტურული პროექტები გამჭვირვალედ განხორციელდეს, დასავლური სტანდარტებით და არა კორუფციული გარიგებებით და არაფორმალური მმართველების ზედამხედველობის ქვეშ. სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვას რუსეთის ჰიბრიდული ომის შესაკავებლად. შავი ზღვის უსაფრთხოება ამერიკისთვის და ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა, ვიდრე რუსეთის ან რუსეთს ამოფარებული კომპანიების, განსაკუთრებით კორუფციული გარიგებით. ამიტომაც არის ანაკლია მნიშვნელოვანი პროექტი. რეგიონში აშშ-ს სტრატეგიული ინტერესები მხოლოდ საქართველო არაა, - ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოება და ახლო აღმოსავლეთი. აქედან გამომდინარე, ეს არის საქართველოსთვის შანსი, რომ თავისი მოქმედებით მაქსიმალური რეალიზება მოახდინოს. ამ მხრივ, ჩვენი და ამერიკის ინტერესები რეგიონში ემთხვევა და ანაკლიის პორტი ამის გამოვლინებაა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბათუ ქუთელია.

“ვაშინგტონიდან საჯაროდ კრიტიკა ითქვა იმისთვის, რომ ეს გაეგონა უკვე არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქართულ საზოგადოებასაც სცოდნოდა აშშ-ის პოზიცია და გაეგონათ იგივე ოპონენტებს, იქ ნახსენები იყო რუსული და ჩინური მხარე. ყველას გასაგონად გაესვა ხაზი ამ პრობლემებს. ასეთი რაღაც მხოლოდ სერიოზული პრეტენზიების დროს ხდება ხოლმე. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ კულისებში ეს ყველაფერი ბევრად უფრო მკაცრად იყო ნათქვამი”,- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გზავნილებზე კომენტარისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “პომპეომ ანაკლიასთან დაკავშირებით დიპლომატიურად უთხრა ხელისუფლებას, რომ არ გამოვა ეს ვირეშმაკული თამაშები” - ხუხაშვილი.

“როცა კობახიძემ ჩაატარა ბრიფინგი და გველაპარაკა რაღაც იბერიის გაბრწყინებაზე და მართლმსაჯულების სისტემის უკვე მერამდენე ტალღაზე, იმავე დღეს ისაუბრა პომპეომ იგივე მართლმსაჯულების პრობლემებზე, არჩევნების პრობლემებზე და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დიპლომატიურად უთხრა ხელისუფლებას, რომ არ გამოვა ეს ვირეშმაკული თამაშები ამ პროექტთან დაკავშირებით. დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება მიმდინარეობს დღეს მსოფლიოში და საქართველო არის ფრონტის ხაზზე. ამერიკელები მოიაზრებენ, რომ ანაკლიის პორტი არის ახლად ფორმირებადი უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შავ ზღვაში და ეს აბსოლუტურად გასაგებიცაა. ამ გლობალური გადანაწილების ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა შავი ზღვა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან შავ ზღვაში ჯერჯერობით რუსეთი დომინირებს და ამ კონიუნქტურის შეცვლა უნდა ვაშინგტონს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ეს დიდი ბრძოლაა. გვექმნება იმის ილუზია, რომ პომპეომ გამოაცხადა და ყველაფერი დალაგდა. სამწუხაროდ, ამ სამყაროში ასე არ ხდება დიდი ხანია. დღეს მოწინააღმდეგე მხარე იბრძვის და მათგან საპასუხო ქმედებებს უნდა ველოდოთ. ასე რომ, ეს რთული ბრძოლაა და დიდი სიბრძნე მართებს ხელისუფლებას და არა ის სიბრიყვე, რაც აკეთეს ანაკლიასთან დაკავშირებით, როცა ამ პროექტის საბოტირების მცდელობა იყო რამდენიმე ტალღად... რაც შეეხება ჩინეთის ხსენებას, ჩინეთთან დაკავშირებით უფრო საუბარი იყო ინფრასტრუქტურის კონტროლზე და არა ტვირთებზე. ტვირთები, რა თქმა უნდა, ჩინურიც უნდა გადაიზიდოს, მაგრამ აქ საპორტო ინფრასტრუქტურის ჩინური ინვესტიციების ქვეშ მოქცევაზე საფრთხეზე იყო მინიშნება. ანაკლიის კონსორციუმში ძირითადად ამერიკელი ინვესტორები მონაწილეობენ. თუ გახსოვთ, როცა ალტერნატიული კონკურსი ჩატარდა, ალტერნატიული პროექტი ჩინური იყო. ასევე, როცა ფოთზე იყო საუბარი, იქაც ჩინურ ინვესტიციებზე იყო ლაპარაკი. ასე რომ, პომპეოს, ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში”, - დაასკვნის ხუხაშვილი.

ვინ უშლის ხელს გახარიას გაპრემიერებას - სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე

“მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, მედიაში “ქართული ოცნების” შიდა წყაროებიდან გამოდის ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში და სავარაუდოდ, იმ კვირაში შესაძლებელია სამთავრობო ცვლილებები მოხდეს. როგორც “რეზონანსს” უდასტურებენ, უკვე შუალედური არჩევნების შემდეგ, გიორგი გახარიას გაპრემიერების შესახებ აქტიური საუბარი ისევ დაიწყო. ის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად პრემიერობისთვის ემზადება. ყველაფერ ამაზე კი ეჭვს ის გარემოებაც აჩენს, რომ გიორგი გახარია გავლენებს ძალოვან უწყებებში და სხვადასხვა სამინისტროებში აძლიერებს. თუმცა, როგორც ასევე ბოლო დროს გამოჩნდა, გახარიას პრემიერობა გუნდში დიდად არ სურთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ უშლის ხელს გახარიას გაპრემიერებას - სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე / “ოცნებაში” იმ ლიდერის წარმოჩენას ეცდებიან, რომელიც რეალურად ლიდერობს, ასეთი კი ივანიშვილის გარდა სულ ორია - ესაა გახარია და კალაძე”.

“სავარაუდოდ, ღარიბაშვილის უკან დაბრუნების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო სიაზე დიდი ბრძოლა მიდის. ღარიბაშვილს სურს, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს და სიაში მისთვის სასურველი ადამიანები მოხვდნენ. ანალოგიურს გიორგი გახარიაც ცდილობს. გულხელდაკრეფილი არც კახი კალაძეა. ამიტომაც ყველაფერი ახალ სამთავრობო ცვლილებებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს. მან გადაცემა “რეაქციაში” დასმულ კითხვაზე - იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, განაცხადა, რომ ამას გუნდი წყვეტს და თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს ცვლილებებიც მოხდება. მან კატეგორიულად უარყო მასზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოში გადასვლას გეგმავს. “ქართული ოცნების” წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს. თუმცა, არაფერს გამორიცხავს. მისი აზრით, მსგავსი ცვლილებები ყოველთვის საჭიროა და მით უმეტეს საპარლამენტო არჩევნების წინ ალბათ სასურველიც იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ. თუმცა, გამორიცხვით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ვნახოთ, დაველოდოთ და დრო გვიჩვენებს რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, უარყოფითად განწყობილი არ ვარ და მგონია მსგავსი ცვლილებები უფრო სასარგებლოც არის. შევხედოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ”, - აცხადებს ქანთარია. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია თვლის, რომ თუ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია რეალურია, მაშინ ლოგიკას ცოტა მოკლებული იქნება. მსგავსი ცვლილებები უფრო ხშირად წინასაარჩევნოდ ხდება, რადგანაც საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, თითქოს ქვეყანაში რაღაც იცვლება. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ შიდა სიტუაციას ასე სჭირდებოდეს და გახარიას გაპრემიერება რაღაც სიტუაციის დალაგებას ემსახურებოდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ფაქტი ერთია, ყველა კარგად ხვდება, რომ დღევანდელი პრემიერი ბახტაძე იმაზე სუსტია, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, საერთოდ არ არსებობს. განსხვავებით კვირიკაშვილისგან, რომელსაც რაღაცის გადაწყვეტა მაინც შეეძლო და შედარებით პრინციპული იყო. ბახტაძე როგორც პოლიტიკური ლიდერი ვერ შედგა. მას რაიმე საკუთარი ხედვა არ გააჩნია. ამას ხედავენ როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის გარეთაც. ამიტომ, როგორც ჩანს, თავად “ოცნებაში” წინასაარჩევნოდ იმ ლიდერის წარმოჩენას ეცდებიან, რომელიც რეალურად ლიდერობს. ასეთი კი ივანიშვილის გარდა სულ ორია - ესაა გახარია და კალაძე. გახარიას როგორც ვხედავთ, დე ფაქტო ლიდერი და მმართველია. ყველა კრიზისულ სიტუაციაში ეგ მიდის და პასუხობს. შესაძლოა, ივანიშვილს ახლა გაუჩნდა სურვილი, რომ მის მაგივრად რაღაცაზე პასუხისმგებლობა კიდევ სხვამაც აიღოს. მართალია ფორმალური მმართველობიდან გამომდინარე ბოლომდე პასუხისმგებლობას ვერც გახარია აიღებს, მაგრამ რის საშუალებასაც მისცემენ, იმაზე მაინც იქნება პასუხისმგებელი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“მისივე თქმით, გახარიას გაპრემიერებაზე საუბარი ბოლო დროს ხშირად მიდის, თუმცა ფაქტია, რომ ამას ხელისუფლებაში არსებული გარკვეული ჯგუფები ხელს უშლიან. კაკაჩია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენის შემდეგ, როგორც ჩანს გუნდის შიგნით საპარლამენტო სიაზე გარკვეული დაპირისპირება მიდის. ყველა ეცდება, რომ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა უფრო მეტი ჰყავდეს. ამიტომაც, გახარიას პრემიერობა, როგორც ჩანს გუნდის შიგნით გულზე ბევრს არ ეხატება. ამიტომაც, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კონკურენცია სულ უფრო გაიზრდება და დაპირისპირების კერები კიდევ უფრო გამწვავდება”, - დასძენს გამოცემა.

ამერიკელთა მინიშნების შემდეგ ანაკლიის პორტს კიდევ 6-თვიანი შეღავათი დაუწესეს

“ანაკლიის კონსორციუმის თხოვნა ფინანსური ვალდებულებების შესრულების თარიღის გადავადებაზე მთავრობამ გაითვალისწინა და ვადა 6 თვით გაუხანგრძლივა. კონსორციუმში ამბობენ, რომ პროექტისთვის საჭირო კაპიტალი სრულად აქვთ მობილიზებული. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, კონსორციუმი ამჟამად ცდილობს 520 მილიონის აკუმულირებას, აქედან 400 მილიონი არის საკრედიტო რესურსი, ანუ ნასესხები კაპიტალი, რომლის თაობაზე ბანკებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დანარჩენი 120 მილიონი კი საკუთარი კაპიტალია, რომელიც ასევე კონსორციუმს დიდი ხნის განმავლობაში უნდა ჰქონოდა მობილიზებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ამერიკელთა მინიშნების შემდეგ ანაკლიის პორტს კიდევ 6-თვიანი შეღავათი დაუწესეს.

“ევროკავშირთან შესაძლო და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან მოლაპარაკება არ ეხება მთლიანად 400 მილიონს. ის ეხება მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. ამ თანხებზე შეთანხმება მიმდინარეობს არა ჩვენს შორის, არამედ ბანკებსა და კონსორციუმს შორის. ეს არის მათი სფერო, მათი საკითხი, ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ”, - განაცხადა ცქიტიშვილმა. ანაკლიის კონსორციუმისთვის ფინანსური სქემის დახურვის ვადა აქამდე 15 ივნისისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა ვერაფრით შედგა შეთანხმება მთავრობასა და ოთხ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას შორის, რომლებმაც პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი უნდა დააფინანსონ. მთავრობამ ეს ნაბიჯი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გუშინდელი განცხადების შემდეგ გადადგა. “იმედია, საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. იგი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ”, - განაცხადა პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტისას. სახელმწიფო მდივნის განცხადებას მალევე მოჰყვა ბახტაძის რეაგირება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერდა ანაკლიის კონსორციუმის თხოვნას ფინანსური ვალდებულებების შესრულების თარიღის გადავადებაზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე, ამერიკული ყველაზე ძლიერი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი პროექტში. მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თითოეული ჩვენგანი და რა თქმა უნდა, კონსორციუმის მონაწილე წევრები, კონკრეტულ შედეგზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი. თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება და რა თქმა უნდა, გვაქვს სრული მხარდაჭერა მის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას, რომ მივეხმაროთ კონსორციუმს აღებული ვალდებულებების შესრულებაში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ტელეეთერით. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ე.წ. ფინანსური საკითხების დახურვის რამდენჯერმე გადავადების გამო სახელმწიფომ კონსორციუმს 11 მლნ აშშ დოლარის პირგასამტეხლო აპატია... მიუხედავად ამისა, მთავრობამ კონსორციუმს კიდევ ერთხელ გაუწია შეღავათი და პროექტის მხარდაჭერა ამ კუთხით გამოხატა”, - განაგრძობს გამოცემა.

“თავის მხრივ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” აცხადებენ, რომ პროექტისთვის საჭირო კაპიტალი სრულად აქვს მობილიზებული. “კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის, ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად. რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში - 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას”, - აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში”, - წერს სტატიის ავტორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო