საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი - ემიგრაციაში მყოფი ქართველები უნდა გახდნენ საბერძნეთის საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი, ვიდრე  ამ ქვეყანაში იმყოფებიან

დღეს საბერძნეთში დაახლოებით 80 ათასი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. ამ მონაცემებით, რუსეთის შემდეგ საბერძნეთი მეორე ქვეყანაა ემიგრანტთა რაოდენობით და ერთ-ერთი პირველია, რომელთანაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. 1992 წლის 20 აპრილიდან ორი ქვეყანა როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობს. 2015 წლიდან საქართველოს საელჩოს ელადაში ელჩი იოსებ ნანონაშვილი ხელმძღვანელობს. დასაქმება და ბინადრობის უფლება საბერძნეთში; უვიზო მიმოსვლა და პროცესთან დაკავშირებული საფრთხეები, კრიმინალი და მასში ჩართული საქართველოს მოქალაქეები - ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსმა“ ელჩთან ინტერვიუ საბერძნეთში მდებარე საქართველოს საელჩოში ჩაწერა.

- ბატონო იოსებ, როგორია საბერძნეთში ქართული სათვისტომოს მდგომარეობა, რა არის მათ წინაშე არსებული მთავარი პრობლემები, რაზეც შესაბამისად, საელჩოს უწევს ზრუნვა?

- საელჩოს ურთიერთობა ქართველ ემიგრაციასთან შეგვიძლია დავყოთ ორ აქტად: ერთი არის ცენტრალიზებული აქტი - როგორც მოგეხსენებათ, დიასპორებთან ურთიერთობა არის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ამიტომ ის დიასპორული პროგრამები და სიახლეები, რომელიც განკუთვნილია ქართველი ემიგრაციისთვის მიწოდებულია ამ ცენტრალიზებული არხით. ვთავაზობთ სხვადასხვა სახის ინიციატივებს, თუმცა ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფლობდეს საბერძნეთში ლეგალური ბინადრობის ნებართვას.

შარშან საელჩოს ინიციატივით, ქართველი იურისტების მხარდაჭერით, ორგანიზაცია ICMPD-ის (International Center for Migration Policy Development) ხელშეწყობით მომზადდა პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის შესახებ ყოვლისმომცველ ინფორმაციას მოიცავს. ჩვენ ემიგრანტებს შეუძლიათ მიიღონ ძალიან გასაგებ ენაზე მათთვის განკუთვნილი ინფორმაცია, როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური ყოფნის პირობებში რა სოციალური და სხვა უფლებებით შეუძლიათ ისარგებლონ, რა პროცედურებით, რომელი ინსტიტუტების ჩართულობით, რა დროის ინტერვალებით, რა ფასად - ყველა რეგულაცია და ყველა პროცედურა არის წარმოდგენილი ამ დოკუმენტში. ეს არის ცოცხალი დოკუმენტი, საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს და მასში ცვლილებები იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად შედის, რომელსაც ადგილობრივი პარლამენტი იღებს. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს გზამკვლევი და ამ კუთხით მისცა ბიძგი სხვა ქვეყნებში ანალოგიური პროექტების ინიცირებასაც. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რისი უფლება აქვთ საბერძნეთში ლეგალურად თუ არალეგალურად ყოფნის პირობებში.

- კონკრეტულად რისი უფლებება აქვთ, როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში?

- ამ უფლებების დეტალურად ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ეს უფლებები ეხება როგორც დასაქმებას, ასევე სწავლას, ჯანდაცვას, სეზონურ დასაქმებას ანუ ყველა რეგულაცია არეგულირებს მესამე ქვეყნის მოქალაქეების ყოფნას საბერძნეთის რესპუბლიკაში. გზამკვლევი სამჯერ გადაწერილი დოკუმენტია, რომელიც დავიდა რიგითი მოქალაქისთვის გასაგებ ენაზე, რათა შეძლონ ძალიან მარტივად აზრის გამოტანა, რასთან აქვთ საქმე. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამსახურთან. თავად საბერძნეთს აქვს არჩეული პოლიტიკა, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამარტივება მოხდეს ბინადრობის უფლების მინიჭების. ჩვენ ამ უწყებასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. თავის მხრივ, ჩვენ თვითონაც ვუზიარებთ სამინისტროს ჩვენ გამოცდილებას და გარკვეულ რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომელი სოციალური ჯგუფებისთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს სოციალური ბინადრობის უფლების გამარტივება. მხოლოდ 2018 წელს საქართველოს 5008 მოქალაქემ მიიღო საბერძნეთში ბინადრობის ლეგალური უფლება, რაც მე მაძლევს იმის იმედს, რომ ეს ტენდენცია მომავალში გაგრძელდება.

- ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბერძნეთის მიგრაციის სამსახური კეთილგანწყობილია თანამშრომლობის კუთხით? - დეტალურად რომ მოგვიყვეთ, რაში გამოიხატება ეს კეთილგანწყობა?

- ნამდვილად. ახლა ბერძნული მხარე ძალიან კეთილგანწყობით გვეთანამშრომლება. ხდება საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვის ვადების დაჩქარება. მაქსიმალურად ცდილობს, რომ არსებული რესურსი გამოიყენონ იმისთვის, რომ განცხადებების განხილვის ვადები შემჭიდროვდეს და სადაც დამატებითი ადამიანური რესურსია საჭირო, ამატებენ თანამშრომლებს.

- ეს ერთი მხრივ, ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა ეს სიმარტივე ერთგვარად ხელს ხომ არ შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების, სამუშაოს მაძიებლების საქართველოდან გადინებას? როგორ ფიქრობთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს აქვთ უკან, საქართველოში დაბრუნების სურვილი?

- თავისთავად ეს წინააღმდეგობრივი საკითხია, ამ თემის დანახვა სხვადასხვა კუთხით შეიძლება, მათ შორის იმ ნეგატიური კუთხითაც, რომ ჩვენ ემიგრაციას ვწყვეტთ დედასამშობლოს და ხელს ვუწყობთ, რომ ისინი საბერძნეთში დამკვიდრდნენ. თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს მრავალათასიანი მოქალაქეთა ჯგუფები, რომელთაც არ აქვთ წვდომა ელემენტარულ სოციალურ სერვისებზე საბერძნეთში. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს არის პირველი რიგის ამოცანა, რომ ხალხს, რომელიც აქ შრომობს, აქ მოღვაწეობს (იმედი მაქვს, რომ დროებით), უნდა გახდნენ საბერძნეთის საზოგადოების ნაწილი და სრულფასოვანი წევრები იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდითაც ისინი აქ იმყოფებიან - ჰქონდეთ წვდომა განათლების, ჯანდაცვის სხვადასხვა სოციალურ პროგრამებთან. სახელმწიფოს ხედვაა ერთი მხრივ, შეინარჩუნოს მაქსიმალური კავშირი თავის ემიგრაციასთან, იკვებოს მისი ინტელექტუალური რესურსის, გამოცდილების გამოყენებით, მაგრამ მეორე მხრივ, მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული პირობები იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფებიან. ახალგაზრდების უკან დაბრუნება კი არის საერთო ეროვნული ამოცანა. ეს გამოწვევა მხოლოდ საქართველოს წინაშე არ დგას. ეს არის ნებისმიერი ქვეყნის გამოწვევა, რომლის ახალგაზრდობაც საზღვარგარეთ იღებს განათლებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველო აღარ არის 10 წლის წინანდელი საქართველო, როდესაც უცხოეთში მოგზაურობა იყო გარკვეული სახის ფუფუნება. ქართველი ახალგაზრდები იღებენ განათლებას, ბრუნდებიან სახლში და ისევ უპრობლემოდ შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა. ემიგრაციის პირველ ტალღაზე წასული მოქალაქეები კი თვლიდნენ, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ჰქონდათ გეზი აღებული და ვერ ბრუნდებოდნენ, რადგან დაბრუნება ბევრ ბარიერთან იყო დაკავშირებული.

- ბინადრობის უფლებაზე ვისაუბრეთ. ალბათ, ერთ-ერთი მწვავე საკითხია დასაქმების საკითხი. ამ მხრივ თუ ეხმარება საელჩო საქართველოდან ჩამოსულ სამუშაოს მაძიებლებს?!

- დიახ, გარკვეულწილად ბინადრობა არის პირველი საკითხი. მეორე საკითხია დასაქმება. ჩვენი მიზანია დასაქმებულსა და საქართველოს მოქალაქეს შორის დამყარდეს საქმიანი ურთიერთობა, მათ უნდა მიიღონ მუშაობის უფლება კონკრეტული კონტრაქტების საფუძველზე. სახელმწიფო ძალიან ინტენსიურად მუშაობს შრომითი მიგრაციის რეგულირებაზე და საბერძნეთის შემთხვევაში მიგრაციის თემას გავაფართოვებდი და დავარქმევდი შრომითი მიგრაციის რეგულირებას. გეტყვით, რომ ჩვენ უკვე ვცვლით აზრებს საბერძნეთის სახელმწიფოსთან, უკვე გამოხატულია ოფიციალური სურვილი დაიწყოს ექსპერტული განხილვა იმ შესაძლებლობების, რომელიც ორ ქვეყანას შეუძლია შრომითი მიგრაციის სფეროში ერთმანეთს შესთავაზონ. აქაც ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, მას, ვინც საბერძნეთის ტერიტორიაზე შრომობს, ჰქონდეს ლეგალური შრომის პირობების უფლება და წვდომა ყველა იმ შესაბამის ბენეფიტზე, რომელიც ეკუთვნის საბერძნეთში მომუშავე ყველა მესამე ქვეყნის პირს. ეს არის ძალიან კომპლექსური თემა. სახელმწიფო ბოლო წლებში, როგორც სტრუქტურიზებულად, ისე კონცეპტუალურად აყალიბებს თავი მიდგომას ამ საკითხების მიმართ.

- რა პროფესიის კადრები ესაჭიროება ძირითადად საბერძნეთს საქართველოდან?

- სწორედ ეს არის საელჩოს ფუნქცია: შევქმნათ ის პლატფორმა, სადაც ბერძენი და ქართველი ექსპერტები შრომის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად გამოკვეთენ იმ სფეროებს, სადაც შეიძლება ჩვენ ერთმანეთს შრომითი ბაზარი გავუხსნათ. საბერძნეთში ამ ეტაპზე ძირითადად არაკვალიფიციური მუშახელია წარმოდგენილი საქართველოდან - დეტალებში არ შევალ. ახლა ექსპერტების ჯერია განსაზღვრონ პროფესიული კუთხით სად შეუძლია საქართველოს მოქალაქეს დასაქმება. მუშაობა მიმდინარეობს. მიმდინარე კვირას უნდა ჩატარებულიყო ექსპერტთა შეხვედრა ათენში, თუმცა ევროკავშირის არჩევნებმა აქ პოლიტიკური ლანდშაფტი შეარყია და ექსპერტების შეხვედრა გადავადდა.

- უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, არაერთი პირის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოდან გადიან ის ადამიანები, ვისაც სხვა ქვეყანაში დარჩენა სურს - რა ვითარებაა ამ კუთხით საბერძნეთში?

- მე მიმაჩნია, რომ ის ვითარება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით არის შექმნილი, დიდად არ განსხვავდება იმ ვითარებისგან, რომელიც შეიქმნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ფაქტობრივად, ვიზალიბერალიზაცია იქნა შემოღებული ევროპაში. იქაც იყო ანალოგიური პრობლემები, იქაც გახდა საჭირო სტრატეგიული პარტნიორების ჩართვა, იქაც განხორციელდა რიგი ღონისძიებები პრობლემის გადასაჭრელად. მთავარია, რომ სახელმწიფო დროულად რეაგირებს პარტნიორების წუხილზე. მთავარია, რომ პრობლემა დროულად იყო გამოვლენილი და ადეკვატურად იყოს ნაპასუხები. იგივეს ვაკეთებთ საბერძნეთში. ამ პროცესში ჩართულია ოთხი ძირითადი სახელმწიფო უწყება: საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს, შრომის სამინისტრო და მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრო. საელჩო ყოველკვირეულად ფაქტობრივად, ოპერატიული კომუნიკაციის რეჟიმში იგებს ბერძენი პარტნიორების მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო ხელისშემშლელ ფაქტორებზე. საბედნიეროდ, საბერძნეთს ამგვარი წუხილი არ გამოუთქვამს. მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაცია ეს მხოლოდ ბარიერის გარეშე მიმოსვლა არ არის, მას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა მთავარი შედეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების. ასე რომ, ჩვენ და ევროპელი პარტნიორებიც თანაბრად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს და ამ მონაპოვარის შენარჩუნებისთვის ვახორციელებთ ერთობლივ საქმიანობას.

- საბერძნეთს არ აქვს უსაფრთხო ქვეყნების სია. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო ამარტივებს თავშესაფრის მოთხოვნას. ხშირია თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან?

- დიახ, მართალია საბერძნეთს არ აქვს უსაფრთხო ქვეყნების სია. პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები საბერძნეთში არის, თუმცა ჩვენ გვაქვს მხოლოდ მიახლოებითი სტატისტიკა. ის პირები, რომლებიც ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, ბუნებრივია, ახდენენ დისტანცირებას, როგორც საელჩოსგან, ასევე სახელმწიფო სისტემისგან. თავის მხრივ, საბერძნეთის სახელმწიფო არ აქვს უფლება, რომ გაამხილოს ოფიციალური ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ბუნებრივია, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად ეს მაჩვენებელი გაიზარდა. პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი იზრდება მიგრაციის ნაკადის ზრდასთან ერთად. პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას პრაქტიკულად, რეალური საფუძველი არ აქვს, ამიტომ ეს არის ერთ-ერთი არაკეთილსინდისიერი ხერხი, რომ გარკვეული ლეგალური სტატუსი შექმნან ქვეყანაში.

- შეუძლებელია, არ შევეხოთ ისეთ პრობლემურ თემას, როგორიც კრიმინალია. რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთის სამართალდამცავ უწყებებთან აქვთ შეხება?

- შეფასება ძნელია. თვალს ვერ დავხუჭავ, ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს საბერძნეთში. 2017 წელს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ შეთანხმებას. ეს ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს. მეორე მხრივ, საერთო ამოცანაა, რომ ამ წარმატებული ბრძოლის შედეგებმა არ პოვოს იმ ტიპის გამოხმაურება ბერძულ საზოგადოებაში, რომელიც დააზიანებს დღევანდელ საქართველოს იმიჯს და ჩვენი თანამოქალაქეების ყოფნას საბერძნეთის რესპუბლიკაში. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში და დანაშაულის შესახებ, რომელშიც საქართველოს მოქალაქე არის დაფიქსირებული, მაქსიმალურად არ ვრცელდება ადგილობრივ მედიასაშუალებებში. ზოგჯერ ადგილობრივი პრესა კრიმინალურ შემთხვევებზე, რომელშიც ქართველები მონაწილეობენ ქართული მედიისგან იგებს და მასზე დაყრდნობით წერს. ორგანიზებულ დანაშაულს არ აქვს ეროვნება. ეს ზოგადი პრობლემაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ გამოწვევის დასამარცხებლად, თუმცა ამ პროცესმა არ უნდა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის იმიჯი საბერძნეთში და ჩვენი თანამოქალაქეების საცხოვრებელი პირობები.

- ბატონო იოსებ, მარტის თვეში დიპლომატიური უწყება გაიხსნა სერბეთის რესპუბლიკაში, რომელიც ასევე თქვენს კურაციის სფეროში შედის. რატომ დადგა დღის წესრიგში საელჩოს გახსნა და რა კუთხით იგეგმება ურთიერთობების გაღრმავება ორ ქვეყანას შორის?

- ის, რომ დიპლომატიური ოფისი გაიხსნა, პირდაპირ მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარება მაღალ დონეზეა. უკვე შევქმენით პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი. არსებობს საქართველო-სერბეთის ევროკავშირის დიალოგი. დავაარსეთ კომისია, რომელიც ეკონომიკური კუთხით იმუშავებს და პირველი სხდომა 3-4 ივლისს გაიმართება. გავცვალეთ უმაღლესი დონის ვიზიტები. ინტენსიური გახდა საპარლამენტო თანამშრომლობა. გვაქვს ურთიერთდაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ახლა ჩვენი ამოცანაა, ქართულ ბიზნესს გავუხსნათ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონი. ამ მიზნით არის დანიშნული საქართველოს საპატიო კონსული ქალაქ ბელგრადში. მისი პირდაპირი დავალებაა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების ბიზნესკონტაქტების განვითარებას. იგეგმება საქართველოს რკინიგზის გენდირექტორის ვიზიტი, რადგან არსებობს სატრანსპორტო ინტერესები, რომ სერბეთზე გამავალი ტვირთების გადმოდინება მოხდეს საქართველოს შავი ზღვის გასწვრივ კორიდორზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერბეთი არის ევროკავშირის შემდგომი გაფართოების არეალი და ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები. თავის მხრივ, ჩვენც ვუზიარებთ მათ ჩვენს გამოცდილებას. მიმდინარე შემოდგომაზე იგეგმება იუსტიციის მინისტრის ვიზიტი და გაიხსნება პირველი რეგიონული იუსტიციის სახლი.

ეკა წივწივაძე

„ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს