სულხან სალაძე - სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ კანონპროექტის მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ სასამართლოების თავმჯდომარეებს ირჩევს იუსტიციის საბჭო

სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ კანონპროექტის მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის გადაწყვეტილების უფლება ისევ აქვს იუსტიციის საბჭოს და არა თავად კონკრეტულ სასამართლოებს, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძემ, სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ კანონპროექტზე საუბრისას, „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ერთი მთავარი პრობლემა, რაც დარჩა ამ კანონპროექტში, არის ის, რომ კვლავ ძალაში რჩება ნორმა, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარე. ვფიქრობ, რომ პრიორიტეტული და სწორი მიდგომა იყო, რომ ეს ყოფილიყო არჩევითი და თავად კონკრეტულ სასამართლოებს აერჩიათ, ვინ იქნებოდა ხელმძღვანელი. მე არ ვიცი, რა იყო მთავარი არგუმენტაცია იმ პოზიციიდან, ვინც თვლის, რომ იგივე ნორმა უნდა დარჩენილიყო ძალაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამაზე იქნება მსჯელობა, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენების დროს, როდესაც პარლამენტში გადაინაცვლებს პროცესი, იქ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის თემა“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი, იუსტიციის სკოლის შესახებ კანონს ეხება, რომლის ნორმების ინტეგრირება საერთო სასამართლოების კანონში ხდება.

ასევე, საია-ს თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტში მნიშნელოვანია დისციპლინური წარმოების საკითხი, რომლის მიხედვითაც, გაიწერა ახალი რეგულაციები, მოწესრიგდა დისციპლინური წარმოების პროცესი და გაიწერა წარმოების ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც მანამდე არ იყო უზრუნველყოფილი.

„მნიშვნელოვანი ჩანაწერია, მე ვფიქრობ ის, რომ მაგალითად, თუ იუსტიციის საბჭოს წევრი აკეთებს ზოგად შეფასებას სასამართლო სისტემისა და იქ არსებული პრობლემების შესახებ, ის არ შეიძლება აცილებული იყოს საბჭოს საქმეებიდან და მოსამართლეების საქმეებიდან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტში ამ საკითხზეც იყო საუბარი. რაც შეეხება მსხვილ საკითხებს, ეს არის იუსტიციის სკოლა. კანონი უქმდება და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ინაცვლებს, ამიტომ ამ კანონპროექტის დიდი ნაწილი სწორედ მოიცავს იუსტიციის სკოლას, რადგანაც ეს კანონი ცალკე აღებული უქმდება და მთელი ამ ნორმების ინტეგრირება ხდება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. საბჭოსთან დაკავშირებითაც არის მნიშვნელოვანი ჩანაწერი. მაგალითად, სკოლის მართვასთან და მიღებასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს ნორმები არ ამოქმედდება დაუყოვნებლივ, ეს ნორმები ამოქმედება 2020 წლის სექტემბრიდან და ასევე კიდევ ერთი საკითხი, რაც ასევე საინტერესო და სადისკუსიოა, ეს ეხება დისციპლინური საქმის წარმოებას, ეს არის ძირითადი ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელზეც საინტერესო და მნიშნელოვანი იყო მსჯელობა“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა