თამარ ტალიაშვილი - საქართველოში ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონსულტაციები სრულად ინსტიტუციონალიზებულია

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს მიღწევებსა და საქართველო-ევროსაბჭოს ურთიერთობებზე საუბრობს. მისი თქმით, სწორედ ევროსაბჭოსა და „ათეა“-ს ურთიერთობების საფუძველზე შექმნილი პლატფორმები და მექანიზმები ქმნიან დროულ და სათანადო ფორმატს, რომელიც ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებულ, ეფექტურ გადაწყვეტილებათა მიღებას და აძლიერებს ევროპულ ღირებულებებს.

– ქალბატონო თამარ, წელს ევროპის საბჭო 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. თქვენ, როგორც ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, როგორ შეაფასებდით, რა არის ევროსაბჭოს მთავარი მიღწევა?

– 70 წელიწადში ევროპის საბჭომ წარმატებით მოახერხა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიული მმართველობის ძლიერ ინსტიტუტებზე, ადამიანის უფლებათა დაცვასა და კანონის უზენაესობაზე. დემოკრატიული მმართველობის აღნიშნული მოდელი, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის უნიკალურ სისტემას, რომელიც ეყრდნობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ევროპის საბჭო 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაარსდა და ის საერთო ფასეულობებზე დამყარებული პოლიტიკური დემოკრატიის მხარდაჭერით უზრუნველყოფს დემოკრატიულ უსაფრთხოებას. მისი მიზანია წევრი ქვეყნების კიდევ უფრო მეტად გაერთიანება, ასევე, იმ იდეებისა და პრინციპების განხორციელება, რომლებიც ჩვენი, ევროპული ოჯახის, საერთო მემკვიდრეობა გახლავთ და ხელს უწყობს სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესს.

– დღეს, მსოფლიო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორ უნდა მოხდეს ევროპული დღის წესრიგის გაძლიერება?

– დღეს, არსებული გამოწვევების პირობებში, ევროსაბჭოს მისია ისეთივე რელევანტურია, როგორც 70 წლის წინ. ევროსაბჭოს შექმნიდან რამდენიმე წელიწადში, წევრმა სახელმწიფოებმა გაიაზრეს როგორც ადგილობრივი დემოკრატიისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ისე ევროკავშირის ფორმირებაში მათი ასახვის მნიშვნელობა.

თვითმმართველობების როლი მზარდია და ევროპული მოდელის შენარჩუნება, როგორც არასდროს, ისე მოითხოვს ადგილობრივი საზოგადოებისა და ხელისუფლებების ფართო ჩართულობას.

ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას შესწევს ძალა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მოქალაქეებთან დაახლოებისა და ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენის კუთხით. ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის შექმნის მიზანი სწორედ ევროკავშირის დემოკრატიისადმი ადგილობრივი და რეგიონალური ასპექტების გაძლიერება იყო. ამ კონგრესის წევრ 47 ევროპული ქვეყნის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა არჩეულ წარმომადგენელს გააზრებული აქვს კონგრესის მნიშნველობა - წარმოადგინოს და დაიცვას ევროპის 150 000 ტერიტორიული თემის ინტერესი. გარდა ამისა, კონგრესი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის ორგანო, რომელსაც შეუძლია ყოვლისმომცველი სტრატეგიის ჩამოყალიბება და რომლის მიზანსაც ევროპული დემოკრატიის აღორძინება წარმოადგენს.

– როგორია საქართველოსა და ევროსაბჭოს ურთიერთობები დღეს? რისი მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას?

– უკვე 20 წელია, რაც ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოს სრულფასოვანი წევრია. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო ნოემბრიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და აღიარება იმისა, რომ საქართველოში წარმატებით გატარდა რეფორმები. ამ პლატფორმას საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა ხელი შეეწყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

ცალკე გამოყოფას იმსახურებს ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მნიშვნელობა და მინდა აქვე, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის წევრებს, ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხისა და თვითმმართველობათა ევროპულ ქარტიასთან შესაბამისობის შეფასებისას, ერთმნიშვნელოვნად დადებითი ანგარიშისათვის. ჩვენი ქვეყანა მუდმივად გრძნობს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი დეოკუპაციის მიმართულებით.

– რა როლი აქვს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობა ეროვნულ ასოციაციას (ათეა) ევროპის საბჭოში და როგორ იყენებს ასოციაცია აღნიშნულ პლატფორმას?

– საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წელს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა და აერთიანებს საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულს. „ათეა“ გახლავთ საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას.

საქართველოს დელეგაციას, რომელიც რეგიონთა და ადგილობრივ თვითმმართველობათა პალატების 10 წევრისგან შედგება, ევროპის საბჭოს კონგრესში, მმართველი პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ხელმძღვანელობს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონსულტაციები სრულად ინსტიტუციონალიზებულია. ადგილობრივ თვითმმმართველობათა ეროვნული ასოციაცია („ათეა“) უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობასა და მონაწილეობას ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ ევროკავშირისა და „ათეა“-ს ურთიერთობების საფუძველზე შექმნილი პლატფორმები და მექანიზმები ქმნიან დროულ და სათანადო ფორმატს, რომელიც ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებულ, ეფექტურ გადაწყვეტილებათა მიღებას და აძლიერებს ევროპულ ღირებულებებს.

ამ პლატფორმას ვიყენებთ წარმატებული რეფორმებისა და გამოცდილებების გაზიარებისთვის, ისეთ სფეროებში, როგორიც არის: ღია მმართველობის ფორმატში გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ადამიანის უფლებები, მოქალაქეთა ჩართულობა, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, და სხვა.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ევროპის ტრიბუნას ჩვენ ვიყენებთ მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში ისეთი საკითხების აქტუალიზაციისათვის, როგორიც არის: რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაცია, საზღვრისპირა/კონფლიქტურ სოფლებში არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა