საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში შინაარსიანი და საქმიანია. დოკუმენტში მთელი რიგი მიმართულებები არის საინტერესოდ წარმოდგენილი. ანგარიში მოიცავს მაკროეკონომიკურ მიმოხილვას. დოკუმენტში ასახულია არა მარტო სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ ნაერთი ბიუჯეტის შესრულებაც. ასევე საინტერესოა ფისკალური პროგნოზების და ფაქტების ურთიერთშედარება,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში წარადგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 4,7 % შეადგინა. წამყვანი როლი ეკონომიკის ზრდაში ეჭირა კერძო სექტორს. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასულ წელს 19,5 პროცენტით გაიზარდა, ინფლაციის დონე კი 1, 5 %-ით განისაზღვრა.

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკის კუთხით გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. იმპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აჭარბებს ექსპორტის მაჩვენებლებს. 2016 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვქონდა 13,1 პროცენტი, თუმცა, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად გვაქვს გარკვეული გაუმჯობესება. 2018 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა 7,7 პროცენტი, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა და მომავალში ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტაბილურად გვქონდეს 5 პროცენტზე უფრო დაბალი ნიშნული და ეს მოგვცემს გაცილებით მეტ სტაბილურობას ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილი იყო 10 მილიარდ 260 მილიონი ლარის ოდენობით, რაც დაგეგმილთან შედარებით გადაჭარბებით, 10 მილიარდ 500 მილიონი ლარის ოდენობით, 100,1 პროცენტით შესრულდა. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-სთან მიმართებაში 0,79% შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანმა საკასო ხარჯმა შეადგინა 12 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში გადაჭარბებით იქნა შესრულებული. „2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თვალსაზრისით. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებამ 100, 8% შეადგინა, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მან ასევე ისაუბრა მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების დაგეგმილ მაჩვენებლებთან შესაბამისობისა და ათვისების მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, სამინისტროების მიერ შესრულების მაჩვენებელი მაღალია და ის თითქმის ყველგან 100 პროცენტს აჭარბებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე, გენერალურის აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ წარუდგინა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის მიერ გაცემულ ძირითად რეკომენდაციებზე, რაც გააუმჯობესებს საჯარო ფინანსების მართვის ხარისხს და ხელს შეუწყობს ეფექტიანობის ზრდას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასა და მის პლენარულ სხდომაზე წარდგენას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საბიუჯეტო ოფისის დასკვნის გარეშე განიხილა. აღნიშნული მიზეზით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის დღის წესრიგიდან მოხსნის საკითხი, განხილვის დაწყებამდე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა დააყენა და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო ოფისის დასკვნის გარეშე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ დაადასტურა, რომ საბიუჯეტო ოფისის დასკვნა მომზადებული არ არის და ის კომიტეტს არა აქვს. მან საბიუჯეტო ოფისის უფროსისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა.

კომიტეტის წევრებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გააცნო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებზე იმსჯელა. კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის წევრების, მამუკა მდინარაძის, კახაბერ კუჭავას და მიხეილ ყაველაშვილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილეს და პროექტით შეთავაზებულ სიახლეს, სპორტული დანიშნულების ავტომობილების აქციზის გადასახადის შემცირებას მხარი დაუჭირეს.

დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიას, გოგა გულორდავას და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე. სასამართლო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდება.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ წარუდგინა. მომხსენებლის განმარტებით, პროექტით, „შრომითი ურთიერთობის“ ცნება განიმარტება და მიეთითება ის ალტერნატივები, პირობები და ამ პირობების ის მინიმალური ოდენობები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს სამართლებრივი ურთიერთობა, რომ იგი შრომით ურთიერთობად ჩაითვალოს. კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

კანონმდებლებმა, სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების, გია ჟორჟოლიანის და ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. პროექტის თანახმად, უქმე დღეების ჩამონათვალს დაემატება 1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე დაემატება.

კომიტეტმა ასევე არ დაუჭირა მხარი პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ქანთარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც დადგენილი უქმე დღეების ჩამონათვალიდან ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის ამოღებას და 14 მაისის ,,სამშობლოს დღედ“ გამოცხადებას ითვალისწინებს.

საკომიტეტო განხილვის ფორმატში გაიმართა მსჯელობა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

„ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კომიტეტმა, დღესვე, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ მხარი დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო