ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2019

გია ხუხაშვილი - “ოცნებამ” საკუთარ თავს ურტყა, ყელი გამოიჭრა და ახლა კომაშია”

გავრილოვი საქართველოში ივანიშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა?

* * *

გია ხუხაშვილი - “ოცნებამ” საკუთარ თავს ურტყა, ყელი გამოიჭრა და ახლა კომაშია”

“პარადოქსული სიტუაცია მივიღეთ: ის ფაქტი, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ და “ქართული ოცნება” მუდმივად არიან ერთმანეთთან და ამ დაპირისპირებით იკვებებიან, ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი, მაგრამ ამჟამინდელი ვითარების უნიკალურობა იმაში იყო, რომ მოძებნეს ის ვითარება, რომელზეც გავრილოვთან დაკავშირებით თითქოს თანხმდებოდნენ და ზუსტად იმ საკითხზე, რაზეც თითქოს შეთანხმდნენ, სწორედ ამაზე ატყდა ყველაზე დიდი კონფლიქტი. როგორც ჩანს, მათ შორის იმდენად მიუღებელია შეთანხმება, რომ ამან უფრო გააბრაზა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “ოცნებამ” საკუთარ თავს ურტყა, ყელი გამოიჭრა და ახლა კომაშია” / “ქვეყანამ რომ განვითარებას გააგრძელოს, ამისთვის ორი პოლიტიკური გვამი გვჭირდება”.

“ნაციონალური მოძრაობის“ ბუნება არავის უკვირს. ისინი ყოველთვის გამწვავებაზე მიდიან, ისინი პროვოკაციაზე წამსვლელები არიან, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად თავი “ნაციონალური მოძრაობის” სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა. ეს არის სისტემური მანკიერების თვალსაზრისით საბოლოო შედეგი. დიახ, როდესაც ისინი ლაპარაკობენ 9 წელზე, ეს ხომ არ არის კალენდარული 9 წელი? ის 9 წელი ასოცირდებოდა რაღაც მანკიერებებთან და ამაზე იყო მუდმივი აპელირება. ახლა ვსვამ კითხვას, იმ 9 წლის განმავლობაში იყო ერთი მოვლენა მაინც, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გადმოიბარა და დღეს არ მართავს მას “ქართული ოცნება” კოლექტიური მურუსიძის სახით ანუ სისტემური უბედურების სახით? გუშინ მან ეს დააგვირვივინა ამით. მუდმივად იყო აპელირება 7 ნოემბერსა თუ 26 მაისზე და ეს დაგვირგვინდა გუშინ. მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკაც ეს იყო, რომ მას ჰქონდა მოცემულობა დაეშალა მიტინგი იმიტომ რომ მეორე დღეს ამ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო აღლუმი და ა.შ. ანუ არაფერი არ იცვლება – ეს არის მანკიერი სიმბიოზი – “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”, ანუ მამაშვილი ერთმანეთთან არჩევენ საქმეებს და მოსახლეობა ილახება...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“თავი დავანებოთ მიტინგის დაშლას, მერე დევნა და ცემა-ტყეპა რა იყო?! ფაქტობრივად ხელისუფლებამ მიტინგის დაშლა გადაზარდა დარბევაში, ასე გამოვიდა. ამოცანა თუ იყო მოედნის გათავისუფლება, მერე დევნა და ცემა-ტყეპა დაიწყეს… იცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ უკან დაბრუნების წერტილი გავლილია. მე არანაირი ხალისი არ მაქვს, რომ რჩევები მივცე, აღარ იმსახურებს ეს ხელისუფლება რჩევების მიცემას. უკვე დადგა დროს როდესაც, – ხომ გახსოვთ მერაბიშვილის ცნობილი ფრაზა – “ორი გვამი მჭირდება” – მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანას სჭირდება “ორი გვამი” იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს პოლიტიკური გვამი – ვინ არიან თქვენ თავად მიხვდით და მკითხველიც მიხვდება…”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “ინტერვიუში ადრე მითხარით, რომ ოპოზიცია კი არ გაიმარჯვებს, არამედ “ქართული ოცნება” თავისი ხელით გამოიჭრის ყელს…” – პასუხობს:

“რა თქმა, ახლა ზუსტად ეს ხდება. ამ პროცესში ვართ ახლა. ეს ფორმულა მუშაობს. ასე მივედით სადიზმიდან მაზოხიზმამდე – იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გუშინ ოპოზიციას კი არ სცემა სპეცრაზმის საშუალებით, არამედ საკუთარ თავს ურტყა ურო, თვითდაზიანებები მიიყენა და საბოლოოდ ყელი გამოიჭრა და დაკარგა მორალური უპირატესობის ბოლო ნამცეცი”.

“მე ვფიქრობ, რომ პრიცესიდან გამოსვლა ხელისუფლებისთვის უკვე შეუძლებელია. ხელისუფლება უკვე კომაშია, ანუ ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. კომატოზურ მდგომარეობაშია, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება მისი ყოფნა ამ მდგომარეობაში, ამაზე პასუხი არ მაქვს. ეცდებიან, რომ ეს ყველაფერი გაიხანგრძლივონ, მაგრამ ისტორიული კანონზომიერებაა ეს და ამ ქვეყნის ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ასეთი ხელისუფლება ვერ გადარჩება. დეგრადაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა, მაგრამ როდის რა მოხდება, ამაზე პასუხი არ მაქვს… რაც შეეხება ოპოზიციას - აზრი არ აქვს ოპოზიციაზე ლაპარაკს, მას თავის უბედურება ჰყოფნის, მაგრამ ოპოზიციის პრობლემა არ არის ეს, ეს არის სახელმწიფოებრივი პრობლემა”, - დაასკვნის ხუხაშვილი.

გავრილოვი საქართველოში ივანიშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა?

“საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველებს სისხლიანი ღამე რუსების საამებლად მოუწყო - დარბევის მეორე დღეს მოსკოვში გაკეთებულმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ “ოცნება” მათთვის გაისარჯა. კრემლი კვლავ უკმაყოფილოა, რუსი ჩინოსნები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ საქართველო უკვე თავისი პროცინცია ჰგონიათ – სხვა შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს თბილისის მოვლენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა არ უნდა მოეწვია და არც დუმას უნდა მოეთხოვა თბილისი სისხლიანი მოვლენების გამოძიებაში ჩართვა. დუმა ჩვენს დასჯას მოითხოვს, მათი კანონმდებლები აცხადებენ, რომ რუსეთმა ქართულ კურორტებს და პროდუქციას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით გავრილოვი საქართველოში ივანიშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა? / რა მოსთხოვეს ამერიკელებმა საქართველოს მმართველს.

“კრემლი საქართველოს ყურადღებას არასდროს აკლებდა, მაგრმ ახლა ძალიან საეჭვოდ გაიგიჟეს თავი. ეს მარტო იმის ბრალი არ არის, რომ სერგეი გავრილოვი, სხვა დეპუტატებთან ერთად საქართველოდან გაიქცა, - მოსკოვში უარესებიც გაუტარებიათ. “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ გავრილოვის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ავადსახსენებელ ასამბლეას არ უკავშირდება. მას მოსკოვიდან ბიძინა ივანიშვილისთვის გზავნილი ჰქონდა ჩამოტანილი და ამის შესახებ მისთვის პირადად უნდა ეთქვა: საუბარია აფხაზეთია რკინიგზის გახსნაზე, რომლის ამოქმედებასაც მოსკოვი და ერევანი დიდი ხანია ითხოვენ. ბოლო დროს ამ თემაზე რაღაც დაახლოება მოხდა და როგორც ამბობენ, ამის გამო დაეძაბა თბილისს ბაქოსთან ურთიერთობა. ამ რკინიგზის ამოქმედებას ამერიკაც ეწინააღმდეგება, ივანიშვილს კი ამერიკის წინააღმდეგ წასვლა არ სურს, ისევე როგორც რუსეთთან საქმის გაფუჭება. წყარო ამბობს, რომ ივანიშვილმა ქვეშევდრომებს მოსთხოვა, როგორმე მისი და გავრილოვის შეხვედრა არ შემდგარიყო... წყარო ასავე დასძენს, რომ ოპოზიციას რომც არ აეტეხა ამბავი რუსი დეპუტატის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომაზე, ამაზე “ოცნება” გადაირეოდა. ხელისუფლება გადაირია კიდევაც და შესაბამისი განცხადებებიც გააკეთა…”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ასეთ ფონზე მოსკოვიდან ჩამოსული დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო ივანიშვილის მონახულების გარეშე დაეტოვებინა. მოლაპარაკებები არ შედგა და ალბათ, ამიტომ გაცოფდნენ ასე საშინლად რუსეთში. ამიტომაც ითხოვენ აქციის მონაწილეების დასჯას - მათთვის “გავრილოვის ღამე” საკმარისი არა აღმოჩნდა. თუმცა რაც რუსეთისთვის "ლაითი სასჯელია", ხოლო საქართველოს ხელისუფლებისთვის "ძალის პროპორციული გამოყენებაა", დასავლეთისთვის აღმოჩნდა არადემოკრატიული ქმედება – ივანიშვილმა ამის გამო სერიოზული გაფრთხილებები მიიღო. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროს თქმით, 21 მაისს ივანიშვილს ბევრ სატელეფონო ზარზე მოუწია პასუხის გაცემამ. მას ამერიკელი სტუმრები ეწვივნენ და და მასთან საკმაოდ მძიმე საუბარი გამართეს – წყაროს ინფორმაციით, “გავრილოვის ღამის” გამო გვარიანად ჩააქვესკნელეს და პოლიტიკიდან წასვლა მოსთხოვეს, ამის სანაცვლოდ კი უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდნენ. იმისთვის, რომ ოლიგარქი უსაფრთხოდ იყოს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამას გარდა მას მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაც მოუწევს. ივანიშვილი არჩევნებს დათანხმდა, მაჟორიტარულის გაუქმებაზე კი მოლაპარაკებების ისე მიმდინარეობს... ამავე ლაპარაკის შედეგი იყო ის, რომ ირაკლი კობახიძე სპიკერობიდან გაუშვეს – ამხელა ფილარმონია კაცი ისე გადააყენეს, განცხადების გაკეთების უფლებაც არ მისცეს” - დასძენს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს