ტყვია, რომელიც მიზანში მოსახვედრი არ არის!!!

„კვირის პალიტრის“ რედაქტორის სვეტი

შეცდომები, ბოდიშები, მიტინგები, დაჭრილები და სანქციები...

საყოველთაო აღშფოთების, გაბრაზებისა და გაურკვევლობის ფონზე, გადავწყვიტე, არ გადაგღალოთ მხატვრული წიაღსვლებით და ემოციების მაქსიმალური მოთოკვით მოგახსენოთ ჩემი მოკრძალებული აზრი ჩვენს დღევანდელ ყოფაზე. დავიწყოთ:

შეცდომები:

1. გავრილოვის "ტახტრევანში" ჩასმა და საქართველოსთვის სულში ჩაფურთხება (იმედია, ეს მართლაც შეცდომა იყო და არა "სპეცოპერაცია");

2. კობახიძის უტიფარი პასუხები ბაქოდან და მმართველი ძალის უმოქმედობა მის უსწრაფესად გადასაყენებლად, სანამ სისხლი დაიღვრებოდა...

ბოდიშები:

კალაძის ბრიფინგი, კობახიძის უმწეო და უაზრო დაცვა დაყავლგასული ბოდიშების დაანონსება, რომელიც თურმე კობახიძესა და ქუცნაშვილს უნდა მოეხადათ და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი;

ვერავინ მიხვდა, რა იდო ქართველებისთვის იმ წუთებში სასწორზე, ვერც იმას მიხვდნენ, რომ ხელისუფლების ბოდიშებს დიდი ხანია ყავლი გაუვიდა და ფასი დაეკარგა, ვერც იმას მიხვდნენ, რომ თავმოყვარე პოლიტიკოსის ბოდიში - პოლიტიკური პასუხისმგებლობისაღებაა!

მიტინგები:

20 ივნისის სპონტანური მიტინგები, რითაც საზოგადოებამ ჩვენს ქვეყანას ღირსება ცოტათი აღუდგინა, გამაერთიანებელი და ჯანსაღი იყო, სანამ რევანშისტი პოლიტიკოსები თავიანთი მზაკვრული გეგმის განხორციელებას არ დაიწყებდნენ და "მელასავით" ცბიერი მოწოდებებით პარლამენტში "მშვიდობიანად შესვლას" არ გადაწყვეტდნენ (რაც აუცილებლად სკრუპულოზური გამოძიების საგანი უნდა გახდეს. მსგავსი მოქმედებები და სიტუაციის არევა რევანშის დაუოკებელი წყურვილით მათთვის ხომ არახალია!).

დაჭრილები:

20 ივნისს პოლიცია მოთმინებით იდგა და აგრესიული ნაწილის შეტევებს კანონის ფარგლებში იგერიებდა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. რა მოხდა მაშინ, როცა ეს შეხლა-შემოხლა უკვე შენელდა და რატომ გახდა საჭირო რეზინის ტყვიების ხალხისა და ჟურნალისტებისთვის დაშენა, გაუგებარი და აღმაშფოთებელია. დავიჯერო, მარტო გაზი და წყლის ჭავლი არ იკმარებდა?! რად უნდოდა 100-200 მომიტინგეს დილის 5 საათზე გმირთა მოედნამდე დევნა და რეზინის ტყვიების სახეში სროლა?! ვინ აგებს პასუხს თვალისჩინწართმეულ ჩვენს მოქალაქეებზე (ესეც გამოძიების საგანი უნდა გახდეს და დამნაშავემ პასუხი აგოს), თუ აქაც ბოდიში მოვიხადოთ და მორჩა, ჰაა???

სანქციები:

პუტინი რომ საქართველოს ნებისმიერ სიტუაციაში დასჯისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს, ვიცოდით და ახლაც კარგად ვნახეთ, როგორ მომენტალურად და წერტილოვნად დაგვარტყეს გაგანია ტურისტულ სეზონზე "უფროსმა მართლმადიდებელმა ძმებმა", როგორ გაბედეთ და ჩვენი "გავრილა" ემისარი გამოგვიძევეთო. ღმერთმა დაგვიფაროს და, ვლადიმირ ვლადიმირის ძემ არ გადაწყვიტოს ჩვენი მოქალაქეების სატვირთო თვითმფრინავებით გამოგზავნა საქართველოში, რასაც შეიძლება ღვინის ემბარგოც მიაყოლოს და მერე ვიკითხოთ ეკონომიკური ზრდა და პროცენტები...

P.S. არაორდინარული და სწრაფი გადაწყვეტილებების (საკადრო თუ სხვა) მიღებაა საჭირო, რომ ხალხს აპათია და უიმედობა გაუქრეს, ენდოს მთავრობას და როგორმე მშვიდობიანად გავაგრძელოთ ცხოვრება. განსაკუთრებით უცხოელმა ტურისტებმა უნდა იგრძნონ უსაფრთხოდ თავი. ეკონომიკურმა გუნდმა სასწრაფოდ უნდა დაგეგმოს კონტრნაბიჯები, რათა რუსული სანქციები რამდენადაც შეიძლება უმტკივნეულო გახდეს და ლარის კურსზე დამღუპველად არ იმოქმედოს... სასწრაფოდ გამოიძიონ ერთი თუ მეორე მხარის ძალადობრივი თუ პროვოკაციული ქმედებები და ძალის გადამეტების ფაქტები. და რაც მთავარია, ეს გამოძიება სარწმუნო უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს დამნაშავეთა ჯეროვანი დასჯა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა (რაც 20 ივნისს ნამდვილად არ იყო) რეზინის ტყვია საკუთარი ხალხისთვის მიზანში მოსახვედრი არ არის!!!

გიორგი თევდორაშვილი