ირაკლი  მელაშვილი -  პროპორციული სისტემის ინიცირებით,  ხელისუფლებამ პოლიტიკურად ძლიერი და პრაგმატული ნაბიჯი გადადგა, რომელიც  საზოგადოების ინტერესების შესაბამისი აღმოჩნდა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ წევრს, ექსპერტ ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკანორ მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ. მას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური გაუკეთდება.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მელიას დაცვის სარჩელი, რომელიც უკავშირდებოდა მის მიერ საჯარო სივრცეებში განცხადებების კეთებაზე უფლების მოპოვებას. როგორ შეაფასებდით 20 ივნისიდან მოყოლებული ერთი მხრივ აღმასრულებელი, ხოლო მეორე მხრივ სასამართლო ხელისუფლების მოქმედებას?

- აღმასრულებელი ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ, როცა შენიანს არ სჯი ძალის გადამეტებისა და სისასტიკისათვის, მერე უკვე ნაკლებად გაქვს შესაძლებლობა სამართალდარღვევისათვის რეალური პასუხი მოსთხოვო სხვას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენელს.

როცა ხელისუფლება ვერ ნახულობს თავის თავში ძალას, ჩადენილ უკანონობაზე მისი სამინისტროს ხელმძღვანელის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, ამის შემდეგ რთულია, ადეკვატურად დასაჯო ოპოზიციის წარმომადგენლები მათ მიერ 20 ივნისის ღამეს ჩადენილ ქმედებებზე

პარლამენტის შენობის შტურმი იყო დაუშვებელი და ეს არის დასჯადი ქმედება. ასევე, დაუშვებელი იყო ახალგაზრდა ბავშვების დასახიჩრება, რაც ხდებოდა 21 ივნისს დილით შსს-ს თანამშრომლების მიერ.

როცა ხელისუფლება ვერ ნახულობს თავის თავში ძალას, ჩადენილ უკანონობაზე მისი სამინიტროს ხელმძღვანელის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, ამის შემდეგ რთულია, ადეკვატურად დასაჯო ოპოზიციის წარმომადგენლები მათ მიერ 20 ივნისის ღამეს ჩადენილ ქმედებებზე.

მე პირადად დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი სერიოზული პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას შსს-ს უნდა უმადლოდეს. რომ არა 21-ში დილით ძალოვანების მიერ ძალაუფლების გადამეტების ფაქტები, რომელმაც უმძიმესი შედეგები გამოიღო და რაზეც გადავიდა საზოგადოების ძირითადი ყურადღება.

რომ არა ძალოვნების გაუგებარი ქმედებები 20-21 ივნისის ღამეს, ვფიქრობ, „ნაცმოძრაობას“ ბევრად უფრო გაუჭირდებოდა აეხსნა საზოგადოებისთვის თავისი ქმედებები და ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა საზოგადოების მოთხოვნა, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილიყვნენ არეულობის ინსპირატორები.

და კიდევ ერთი, ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის მეორე პირის, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებით აიღო.

რომ არა ძალოვნების გაუგებარი ქმედებები 20-21 ივნისის ღამეს, ვფიქრობ „ნაცმოძრაობას“ ბევრად უფრო გაუჭირდებოდა აეხსნა საზოგადოებისთვის თვისი ქმედებები და ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა საზოგადოების მოთხოვნა, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილიყვნენ არეულობის ინსპირატორები

პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა გავრილოვის ჩამოყვანის, მისი პარლამენტში მიყვანისა და პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნის გამო. ის ვერ იქნება პასუხისმგებელი აქციის დარბევისას ძალის გადამეტების ამბავზე. ეს ნონსენსია.

- რადგან გახარიას გადადგომა-არგადადგომის თემა აქტუალურ საკითხად რჩება - თქვენი აზრით, თავად მმართველი გუნდისთვისა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის რა უფრო კარგი იქნებოდა - გახარიას გადადგომა თუ თანამდებობაზე დარჩენა?

- ზოგადად, პირველ რიგში, მინდა შევეხო ახლაგაზრდების პროტესტს და ამის გარშემო გაჩაღებულ დისკუსიას. ხაზგასმით მინდა ვთქვა - ეს იყო ახალგაზრდების პროტესტი. თითქმის ყოველ საღამო მივდიოდი აქციებზე და კარგად ვხედავდი, ვინ იყო მომიტინგეების ძირითადი ნაწილი.

ხელისუფლებასაც და „ნაცმოძრაობსაც“ აწყობს, რომ ხალხის თვალში ეს მიტინგები გაიგივებული იყოს „ნაცმოძრაობასთან“

თუ არ ჩავთვლით იმ დღეს, როცა „ნაცმოძრაობა“ ეცადა ახლგაზრდების მიერ დაანონსებული თავისუფლების მარში ექცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მარშად, რითაც იმას მიაღწია, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დღეს გაერიდა აქციას. ჩართეთ ტელევიზორები, გადაახვიეთ კადრები და აუცილებლად დაინახავთ სხვაობას იმათ შორის, ვინ იდგა საღამოს აქციაზე და ვინ იდგა წინა დღეებში.

საქმე, ჩემი აზრით, იმაშია, რომ ხელისუფლებასაც და „ნაცმოძრაობსაც“ აწყობს, რომ ხალხის თვალში ეს მიტინგები გაიგივებული იყოს „ნაცმოძრაობასთან“.

ხელისუფლებას იმიტომ, რომ მას ურჩევნია თქვას, რომ უპირისპირდება არა ახალგაზრდობას, რომელსაც სურს ცვლილებები, ამ შემთხვევაში მორალურად და პოლიტიკურად ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ წამგებიან სიტუაციაშია, არამედ რევანშისტულ, არეულობის მომხრე „ნაცმოძრაობას“.

მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობასაც“ სურს, რომ ეს მიტინგები მის მიერ მართულად აღიქვას საზოგადოებამ, ხელისუფლების მიერ გაკეთებული პოლიტიკური დათმობები მან მიიწეროს და ზოგადად, საზოგადოებას ანახოს, რომ ახალგაზრდები კი დადიან მიტინგზე, მაგრამ პოლიტიკური წარმატებები მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტიურობის შედეგია და რომ არა ისინი, ახალგაზრდები ვერაფერს შეძლებდნენ.

ხელისუფლებას იმიტომ, რომ მას ურჩევნია თქვას, რომ უპირისპირდება არა ახალგაზრდობას, რომელსაც სურს ცვლილებები, არამედ რევანშისტულ, არეულობის მომხრე „ნაცმოძრაობას“

ამიტომ ორივე მხრიდან პროპაგანდისტული მანქანა ებრძვის ამ ახალგაზრდებს ტელევიზიებით, თავიანთი პარტიული ტროლებით სოცქსელებში და ა.შ.

შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ამ ახალგაზრდების გამოხატვის ფორმა, მოთხოვნები, ლოზუგები, მესიჯები, ვარცხნილობა, ქცევა და ა.შ. მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ მათ გააჩნიათ იდეალები, რისთვისაც იბრძვიან. ეს იდეალია თანასწორობა.

მათი აქტივობის შედეგია პოლიტიკური ცვლილებები პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, დაკავებულების გამოშვება. დარჩა ერთი მოთხოვნა - შს მინისტრის გადადგომა. რატომ იბრძვის ეს ხალხი და რისთვის?

„ნაცმოძრაობასაც“ სურს, რომ ეს მიტინგები მის მიერ მართულად აღიქვას საზოგადოებამ, ხელისუფლების მიერ გაკეთებული პოლიტიკური დათმობები მან მიიწეროს

ჩემთვის ეს მარტივად აღსაქმელია, რომ ახალგაზრდები ითხოვენ სახელმწიფო ცხოველურად არ ექცეოდეს თავის მოქალაქეებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა პასუხი უნდა აგონ მოქალაქის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე, რომ შს მინისტრს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება თავისი ქვეშევრდომების მხეცურ საქციელზე. რა არის ამაში მიუღებელი?

რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ძალოვანების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე ვსაუბრობთ, სულ ვწუწუნებთ, რომ არავინ ისჯება, რომ ძალოვანები ხელშეუხებლები არიან, გადახედეთ მედიას, ის სავსეა მსგავსი ისტორიებით ახლაც და ასე იყო 30 წლის განმავლობაშიც.

ახალგაზრდები ითხოვენ, რომ სახელმწიფო ცხოველურად არ უნდა ექცეოდეს თავის მოქალაქეებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა პასუხი უნდა აგონ მოქალაქის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე... რა არის ამაში მიუღებელი?

დღეს ამ გამოსვლებით პირველად ჩნდება შანსი მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფისათვის პასუხისმგებლობა დაეკისროს არა მეისრეს, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირს.

თუ ახალგაზრდებმა მიაღწიეს ამას, ეს ნიშნავს, რომ შეიქმნება პრეცედენტი, რომელიც მომავალში მინისტრსაც და სამინისტროს თანამშრომლებსაც აიძულებს ათგზის დაფიქრდნენ, სანამ ხელს აღმართავენ უბრალო მოქალაქეზე. ამით ჩვენ უკეთესი ქვეყანა გავხდებით, უფრო დაცული იქნება თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების უსაფრთხოება და უფლებები. მე გლობალურ კონტექსტში ასე ვუყურებ ამ ახალგაზრდების ბრძოლას.

ეს არის ჩემთვის პირველხარისხოვანი და არა ის, ვინ გამოვა აქციაზე მიკროფონთან, ვინ ეცდება ამ აქციის მართვას, არის თუ არა მიშა მშვილდაძე ვინმეს მიერ მართული და ა.შ.

ეს აქციები არ არის ლიდერებისა და ბელადების მიერ ორგანიზებული და მართული. სხვათა შორის, ბოლომდე არც მათი ორგანიზებულია, ვისაც მიჰყავს ეს აქციები, ისინი უფრო ტექნიკურ, ორგანიზატორულ ფუნქციას ასრულებენ. ასეთი აქციები ჩვენთვის უცხოა, ასეთ დროს ყოველთვის ვიღაც იყო ლიდერი, ვისაც ხალხი მიჰყვებოდა და აქცია მის სახელთან იგივდებოდა

ამ აქციაზე ახალგაზრდები მოდიოდნენ არა იმიტომ, რომ ვინმე ძალიან პოპულარულმა ლიდერმა მოუწოდა მათ. არც ერთი წამყვანი არაა იქ არც გამსახურდია და არც კოსტავა, რომელთა მოწოდებაზე ათასობით ადამიანი გამოდიოდა, არამედ იმიტომ, რომ მათ აწუხებთ ის პრობლემები, რაზეც საუბრობენ, მათ აქვთ პროტესტი იმის გამო, რაც მოხდა და უნდათ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება.

ეს აქციები არ არის ლიდერებისა და ბელადების მიერ ორგანიზებული და მართული. სხვათა შორის, ბოლომდე არც მათი ორგანიზებულია, ვისაც მიჰყავს ეს აქციები, ისინი უფრო ტექნიკურ, ორგანიზატორულ ფუნქციას ასრულებენ. ასეთი აქციები ჩვენთვის უცხოა, ასეთ დროს ყოველთვის ვიღაც იყო ლიდერი, ვისაც ხალხი მიჰყვებოდა და აქცია მის სახელთან იგივდებოდა.

ეს არ არის მიშა მშვილდაძის ან სალომე ბარკერის მიტინგი. ეს პროტესტი ბევრი ადამიანის ორგანიზებულია. ეს სიახლე არ გვესმის და შესაბამისად საზოგადოების ნაწილი ახალგაზრდების აქტიურობას უნდობლობით უყურებს და რადგან სცენაზე ვერ ხედავს აქციის პოლიტიკურ ბელადს, სცენის უკან კულუარებში ეძებს მას. შესაბამისად, ახალგაზრდების მოთხოვნები ჰგონია რომლიღაც პოლიტიკური ძალის ნამართი.

სწორი ნაბიჯი იქნებოდა გახარია გამოძიების დასრულებამდე გადამდგარიყო იმავე საღამოს, როცა თვალნათელი გახდა მიტინგის დაშლის შედეგები. ის, ვინც ურჩია გახარიას არ გადამდგარიყო, არ მგონია, რომ მისი კეთილისმსურველი იყოს

გახარიას გადადგომას რაც შეეხება, ჩემი აზრით, საკითხი ძალიან მარტივია. როდესაც გაქვს მიტინგის დაშლის ასეთი მძიმე შედეგები, როდესაც პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს, მინიმუმ, გამოძიების დასრულებამდე მინისტრი უნდა გადადგეს, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ მინისტრი გახარია რამე გავლენას მოახდენს გამოძიების შედეგებზე.

ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი იქნებოდა გახარია გამოძიების დასრულებამდე გადამდგარიყო იმავე საღამოს, როცა თვალნათელი გახდა მიტინგის დაშლის შედეგები. ის, ვინც ურჩია გახარიას არ გადამდგარიყო, არ მგონია, რომ მისი კეთილისმსურველი იყოს.

ხელისუფლების ყოველგვარი მცდელობა პარლამენტის შტურმით გაამართლოს ახალგაზრდებისათვის რეზინის ტყვიების სახეში სროლა, მათი დასახიჩრება, არის არაადეკვატური

ხელისუფლების წარმომადგენელთა ყოველგვარი მცდელობა, რომ პარლამენტის შტურმით გაამართლოს იქიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ახალგაზრდებისათვის რეზინის ტყვიების სახეში სროლა, მათი დასახიჩრება, არის არაადეკვატური. ყველა ვინც გვიმტკიცებს, თითქოს 18 წლის გოგონას რომ თვალი რომ გამოთხარეს, ამით ვინმემ პარლამენტი დაიცვა, ისიც არაადეკვატურია.

ამიტომ დღეს გახარიას გადაყენებისათვის ბრძოლა ამ ახალგაზრდებისათვის ეს არის ბრძოლა მომავლისთვის, რომ არც ერთმა ხელისუფალმა არ გაბედოს თავის ხალხთან მხეცურად მოპყრობა და ამ ახალგაზრდების წარმატება ჩვენი საზოგადოებისთვის, საქართველოს ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის არის მნიშვნელოვანი.

- მმართველი გუნდის ინიციატივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემითა და უბარიეროდ ჩატარების შესახებ უკვე დარეგისტრირებულია პარლამენტში.

„ქართულმა ოცნებამ“ 2018 წლის 23 მარტს კონსტიტუციის ახალ რედაქციას უყარა კენჭი. მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ უკარგესი კონსტიტუცია მიიღო. მაშინ „ოცნებას“ ბევრი აკრიტიკებდა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას პრაქტიკულად არავის, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად არ გაიზიარა.

ახლა როცა ხელისუფლება იძულებული გახდა თანხმობა განეცხადებინა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე, მმართველი გუნდი უხერხულობასაც კი არ გრძნობს სულ რაღაც 1 წლისა და 3 თვის შემდეგ რომ უწევს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი. თქვენი აზრით, რატომაა ასე და ეს, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?

- მმართველი გუნდი ამაზე უხერხულობას რატომ არ გრძნობს ამას ვერ გეტყვით, ალბათ, ეს უფრო მათ უნდა ჰკითხოთ. ფაქტია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს. თუკი აქამდე „ქართული ოცნების“ დევიზი იყო, „შუა უნდა გაიკრიფოს“, და პოლიტიკური ველი ორი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ასპრეზი უნდა ყოფილიყო, ახალი სისტემა აჩენს შანსს, რომ ქართულ პოლიტიკურ პალიტრაში სხვა ფერებიც გაჩნდეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს... „თუ აქამდე პოლიტიკური ველი ორი პოლიტიკური ძალის „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ასპრეზი უნდა ყოფილიყო, ახალი სისტემა აჩენს შანსს, რომ ქართულ პოლიტიკურ პალიტრაში სხვა ფერებიც გაჩნდეს

აქამდე გვქონდა ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა, „ოცნება“ VS „ნაცმოძრაობა“, რომელიც აწყობდა მმართველ პარტიას იმიტომ, რომ ის ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შიშით ახერხებდა გადამწყვეტ მომენტში თავის მხარეს ამომრჩევლის მობილიზებას და ყველა არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას.

მაგრამ ტრენდი გვიჩვენებდა, რომ „ოცნებას“ ამის გაკეთება სულ უფრო და უფრო უჭირდა. 20 ივნისის მოვლენებმა ანახა, რომ ორპოლუსიანი სისტემისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური პოლარიზება სულ უფრო მზარდ საფრთხეს შეიცავდა ქვეყნის სტაბილურობისათვის და თავად „ქართული ოცნებისათვის“.

უკმაყოფილება საზოგადოებაში სულ უფრო მზარდია და დიდი ალბათობით ამ აქციებმა „ოცნებას“ სწორედ ამ დღეებმა დაანახა, ასეთმა პოლარიზებამ და კონფრონტაციულ პოლიტიკურ კურსში „ნაცმოძრაობის“ აყოლამ შეიძლება ხელისუფლება საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან დაპირისპირებამდე და ვითარების დესტაბილიაზაციამდე მიიყვანოს.

ხელისუფლებას ახალგაზრდობის საპროტესტო გამოსვლებმა და მათმა სიმტკიცემ ნათლად დაანახა, რომ სერიოზული პოლიტიკური დათმობების გარეშე ამ მიტინგების „გაწოვა“ ვერ მოხერხდებოდა.

ხელისუფლებას ახალგაზრდობის საპროტესტო გამოსვლებმა და მათმა სიმტკიცემ ნათლად დაანახა, რომ სერიოზული პოლიტიკური დათმობების გარეშე ამ მიტინგების „გაწოვა“ ვერ მოხერხდებოდა

მეორე მხრივ კი მხოლოდ მიშას დაბრუნების შიშზე თამაშით შესაძლოა „ოცნებას“ ხელისუფლება უკვე ვეღარ შეენარჩუნებინა. მეტიც, არსებული საარჩევნო სისტემის დატოვებით მას შეეძლო უზრუნველეყო „ნაცმოძრაობის“ ერთპიროვნულად მობრუნება ხელისუფლებაში. ვეცდები ავხსნა რატომ: ხელისუფლებაზე გაბრაზებული ელექტორატი ბევრად აღემატება დღეს „ნაცმოძრაობის“ ელეტორატს. თუკი აქამდე „ოცნება“ ფაქტობრივად სრულად ახერხებდა ანტინაცური ელექტორატის ხმების თავის მხარეს მობილიზებას, ასეთ ვითარებაში ახლა უკვე ძალიან დიდი იყო საშიშროება, რომ მიშას მოწინააღმდეგე ამომრჩევევლის „ოცნების“ გამარჯვებისათვის აუცილებელი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებზე აღარ გაჰყოლოდა მმართველი პარტიის თამაშს და მისთვის ხმა აღარ მიეცა.

მხოლოდ მიშას დაბრუნების შიშზე თამაშით შესაძლოა „ოცნებას“ ხელისუფლება უკვე ვეღარ შეენარჩუნებინა. მეტიც, არსებული საარჩევნო სისტემის დატოვებით, მას შეეძლო უზრუნველყო „ნაცმოძრაობის“ ერთპიროვნულად მობრუნება ხელისუფლებაში

თუკი ასეთ ამომრჩეველს (და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა) მაღალი ბარიერის გამო არ ეყოლებოდა პარლამენტში გამსვლელი სასურველი სხვა რეალური ალტერნატივა, დიდი ალბათობით ეს ამომრჩეველიო არჩევნებზე აღარ მივიდოდა.

ეს მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური პარტიების კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში „ოცნებას“ მეორე ტურში მძიმე შედეგებს უქადდა.

მოვლენების ასეთი განვითარების პირობებში, „ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკური ინტერესი და საზოგადოების მოთხოვნა, - გვქონდეს უფრო დემოკრატიული და მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემა, რომელიც უკეთ ასახავს მოსახლეობის განწყობებს, - დაემთხვა ერთმანეთს.

თუკი გვინდა ვიაროთ ფართო პოლიტიკური წარმომადგენლობისაკენ ახლა უმჯობესია შევეშვათ პარტიების მირეკვას „ნაცების“ ან „ოცნების“ მხარეს, რაც აღრმავებს ორპოლუსიანობას და საზოგადოებაში პოლარიზებასა და კონფრონტაციულ ტენდენციებს

ამიტომაც „ქართულმა ოცნებამ“ დააკმაყოფილა პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნა. რაზეც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ კატეგორიულ უარს ამბობდა - მოახდინა საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ინიცირება, რამაც წესით უნდა შეამციროს პოლიტიკური კონფრონტაცია, პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის პროცესი უფრო საქმიან და თანამშრომლობის რეჟიმში გადაიყვანოს.

პროპორციული სისტემის ინიცირებით ხელისუფლებამ გადადგა პოლიტიკურად საკმაოდ ძლიერი და პრაგმატულად სწორი ნაბიჯი, რომელიც ამავე დროს საზოგადოების ინტერესების შესაბამისი აღმოჩნდა.

- ახლა როცა უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია მზადაა მაქსიმუმ წლის ბოლომდე მიიღოს ეს ცვლილებები. ყველაზე აქტუალური საკითხია საბოლოოდ პარლამენტი უბარიერო სისტემას დაუჭერს მხარს თუ 3%-იანს, რასაც მანამდე ოპოზიციური პარტიების მთელი სპექტრი მოითხოვდა.

უცნაურიც კია, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზეა გადასული და გაუგებარია შემდეგ პარლამენტში რატომ უნდა იყვნენ პარტიები, რომლებსაც ხმების 0,67% მიღება შეუძლიათ და რატომ არ უნდა იყოს იგი დაკომპლექტებული მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი პარტიებით.

„რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ „ოცნების“ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც მათი უფროსობით კოალიციაში ხედავს თავის ადგილს მომავალ პარლამენტში.“ მისივე თქმით, „ოცნებას“ ორბიტაზე დეკლარირებული პრორუსები და ასევე დეკლარირებული პროდასავლურებიც ეყოლება.

თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურად გამოიყურება დავით ბერძენიშვილის პროგნოზი?

- დათოს ახასიათებს ხოლმე მწვავე გამოთქმები. ჩემი აზრით, თუკი გვინდა ვიაროთ ფართო პოლიტიკური წარმომადგენლობისაკენ, ახლა უმჯობესია შევეშვათ პარტიების მირეკვას „ნაცების“ ან „ოცნების“ მხარეს. ეს აღრმავებს ორპოლუსიანობას და პოლარიზებას.

სხვათა შორის, ჩემი აზრით რაც უფრო გაღრმავდება ასეთი კონფრონტაციული ტენდენციები, მით უფრო ნაკლები შანსები ექნება „რესპუბლიკელების“ და მსგავსი ტიპის პარტიებს. უახლესი ისტორია ამას აჩვენებს. მხედველობაში მაქვს 1999, 2009, 2012 2016 წლების საპარლამენტო არჩევნები.

პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების პირობებში სააკაშვილისთვის შეუძლებელი ხდება ხელისუფლებაში ერთპიროვნულ მმართველ ძალად დაბრუნება. ამიტომ ის ცდილობს, რაღაცნაირად აჭრას დიალოგი

ჩემი აზრით, ბუნებრივი ბარიერი შეიცავს საფრთხეებს, შეიძლება საკმაოდ ფრაგმენტიზებული პარლამენტი მივიღოთ, მთავრობის და ბიუჯეტების მხარდაჭერა კი დამოკიდებული აღმოჩნდეს მცირერიცხოვანი, პოპულისტური ჯგუფების კორუფციულ თუ სხვა ტიპის ინტერესებზე.

ასეთმა ვითარებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დაასუსტოს მთავრობის შესაძლებლობა გაატაროს მნიშვნელოვანი არაპოპულარული რეფორმები.

- დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე პოლიტიკურ ძალთა შორის დიალოგის ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ ეს პროცესი ხელისუფლების ძირითადი ოპონენტების „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე გაიმართა.

„ოცნება“ „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ ოპონენტებად არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მათ თითქმის 800 ათასი ხმა მიიღეს.

ვითარების უცნაურობა ასე გამოიყურება - ხელისუფლება დიალოგში შედის პარტიებთან, რომლებსაც ხმათა 0,67% მიღების პრობლემა აქვთ და უარს ამბობს ანგარიშგასაწევ ძალებთან დიალოგზე.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად გამართლებულია მმართველი გუნდის ამგვარი ტაქტიკა და სავარაუდოდ რა შედეგზეა იგი გათვლილი?

- ხელისუფლებამ ამ ცვლილებებით მოიგო ბევრი პარტიის გული. სააკაშვილი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც მწვავედ უარყოფითი რეაქცია დააფიქსირა „ოცნების“ ინიციატივაზე. ეს გასაგებიცაა.

პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების პირობებში სააკაშვილისთვის შეუძლებელი ხდება ხელისუფლებაში ერთპიროვნულ მმართველ ძალად დაბრუნება. ამიტომ ის ცდილობს, რაღაცნაირად აჭრას დიალოგი. ამ მიზანს ემსახურება მის მიერ გაჟღერებული რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, რომლიც მხოლოდ ძველი სისტემით შეიძლება ჩატარდეს.

„ნაცმოძრაობის“ ინტერესებში კი შეიძლება იყოს გახარიას არგადაყენება, რათა ქუჩის აქციები გაგრძელდეს და ხელისუფლებამ რამე ისეთი მორიგი შეცდომა დაუშვას, რომელიც ოპოზიციას არ მისცემს მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის საშუალებას

ამაში სააკაშვილს პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა არ აქვს და თუკი სიტუაცია ნორმალურად წავიდა, მიშას არ აქვს რესურსი გაიტანოს თავისი მოთხოვნები.

ასეთ ვითარებაში მოლაპარაკების ფორმატის შექმნაში ხელისუფლების პარტნიორია ყველა პარტია გარდა „ნაცმოძრაობისა“ და ვფიქრობ, დიალოგი ყველასთან შედგება.

„ნაცმოძრაობის“ ინტერესებში კი შეიძლება იყოს გახარიას არგადაყენება, რათა ქუჩის აქციები გაგრძელდეს და ხელისუფლებამ რამე ისეთი მორიგი შეცდომა დაუშვას, რომელიც ოპოზიციას არ მისცემს მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის საშუალებას.

ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა სერიოზულ მუშაობას და პოლიტიკურ ნებას მოითხოვს, რომელსაც მე ვერ ვხედავ

ამ მხრივ, ვფიქრობ, სააკაშვილს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში მაინცდამაინც ბევრი პარტიორი არ ჰყავს. სინამდვილეში სააკაშვილს თანამოაზრეები თუ არა, პარტნიორები შეიძლება უფრო აღმოაჩნდეს მმართველი პარტიის იმ ნაწილში, ვისაც არ სურს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.

- ჩვენში ყველა არჩევნების პრობლემა იყო ამომრჩეველთა სიები, საარჩევნო ადმინისტრაცია, რესურსების არათანაბარი გამოყენება და ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ასევე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი.

ექსსპიკერმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას მმართველი გუნდი სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მაქსიმალურად შეეცდება არჩევნებზე ევროპული სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომელთა რაოდენობა საკმაოდ ბევრი, კერძოდ, 27 იყოო.

2020 წლის არჩევნების შედეგებისადმი ნდობა რომ მაღალი იყოს, თქვენი აზრით, რა ცვლილებებია შესატანი საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლის ჩამოთვლასაც მე შევეცადე?

- რა თქმა უნდა, საარჩევნო გარემო არ არის მხოლოდ საარჩევნო სისტემა. ის უამრავ საკითხს მოიცავს. მე მგონი, ორი ძალიან აქტუალური საკითხია - საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და წინასაარჩევნო პერიოდში საეთერო დროის განაწილება.

სკეპტიკურად ვარ განწყობილი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხის კანონში ცვლილებებით დარეგულირების. ასევე მნიშვნელოვანია პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით რამე შეიცვალოს.

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის სერიოზული ცვლილება იქნებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება, არჩევნების ჩატარება, შეჯამება და ხმების დათვლა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ პარტიას რამდენი კაცი ეყოლება კომისიაში.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს პარტიების დამკვირვებელთა და წარმომადგენელთა უფლებები. თუ არა და მუდმივად ვიქნებით იმის თვლაში, რომელ პარტიას რამდენი წევრი ჰყავს კომისიაში, ხელისუფლება ყოველთვის „იჩალიჩებს“ რომ ოპოზიციაზე ერთი კაცით მეტი ჰყავდეს იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია მისთვის არასასურველი შედეგების შემთხვევაში არ დაამტკიცებს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს და ჩაშლის არჩევნებს.

არსებულ სისტემაში პარტიების კომისიის წევრები იყვნენ და იქნებიან მუდმივი ვაჭრობის და ყიდვა-გაყიდვის საგანი. მე აქ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. რამდენად იქნებიან ამისთვის მზად პარტიები, ვერ გეტყვით.

საეთერო დროის განაწილებაში მთავარი პრობლემაა ის, რომ არსებული სისტემით ჩვენ უკვე ორ ათეულზე მეტი ე.წ. „კვალიფიციური სუბიექტი“ გვყავს, რომელიც აცხადებს პრეტენზიას უფასო საეთერო დროზე.

არ მგონია, რომ სუსტმა პარტიებმა 2020 წლისთვის დაუშვან რაიმე რეფორმა, რომელიც სატელევიზიო ეთერის რეალურ პოლტიკურ ძალთა შორის გადანაწილების შესაძლებლობას შექმნის. ამ მხრივ მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი.

- მესმის, რომ იოლი საქმე არ იქნებოდა არჩევნების ელექტრონულად ჩატარება, მაგრამ ამ ინიციატივითაც რომ გამოსულიყო ხელისუფლება, მართლაც კარგი იქნებოდა.

თუ ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელთანაც ხელისუფლება დიალოგს არ აპირებს, არჩევნების ელექტრონულად ჩატარების საკითხი დააყენა, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი იქნება ხელისუფლების პასუხი?

- ამ საკითხზე ხელისუფლების პასუხი იქნება მარტივი, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს ვერ მოესწრება. ზოგადად, ეს ძალიან ფართო თემაა, ვინ რას და რა მოდელს გულისხმობს ელექტრონულ არჩევნებში.

ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა სერიოზულ მუშაობას და პოლიტიკურ ნებას მოითხოვს, რომელსაც მე ვერ ვხედავ, ისევე როგორც ვერ ვხედავ ამ კუთხით არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების მზაობასაც.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს