მინისტრის მოადგილე ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი თბილისში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტრო უახლოეს მომავალში თბილისში, ახალ აშენებულ კორპუსებში ბინას 800-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულათასისტემით, განაწილდება. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების, უპირობო, განსახლების საკითხი, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ამ ეტაპზე, თბილისში 20-მდე ავარიული შენობა დაიხურება და დევნილი ოჯახები, რომლებიც, წლების განმავლობაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ ბინებს ახალ აშენებულ კორპუსებში მიიღებენ“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ გიორგაძე პირადად ეცნობა იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების მდგომარეობას, რომლებიც ავარიულ ობიექტებში ცხოვრობენ.

„ბინების განაწილებისა და ნგრევადი შენობების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მიიღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღია ნებისმიერი მედია საშუალებისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს