ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2019

როგორ იხელთა მომენტი და რა გააკეთა იუსტიციის საბჭომ “გავრილოვის ღამეს”

რა ეტაპზეა “გავრილოვის ღამის” ამბების გამოძიება

მიტინგის დაშლასაც თავისი წესები აქვს... - სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N7, ივლისი, 2019) მიმოხილვა

* * *

როგორ იხელთა მომენტი და რა გააკეთა იუსტიციის საბჭომ “გავრილოვის ღამეს”

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სია სასამართლოს შიგნით “კლანის” არსებობას ადასტურებს, აცხადებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობამ “გავრილოვის ღამეს” იხელთა მომენტი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსანტთა სია შეავიწროვა. მათი ინფორმაციით, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ბიულეტენებში ერთსა და იმავე კანდიდატს საბჭოს რამდენიმე წევრი აძლევს ხმას. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, რომ პროცედურა წინასწარი შეთანხმებით, კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ მიმდინარეობს და ამაში საბჭოს წევრები აქტიურად მონაწილეობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორ იხელთა მომენტი და რა გააკეთა იუსტიციის საბჭომ “გავრილოვის ღამეს”.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ სწორედ 20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“ იხელთა მომენტი და 50 კაცამდე დაავიწროვა კონკურსანტთა სია. ამ სიის მიმართ, როგორც სახალხო დამცველმა მიანიშნა, არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები. ჩემი აზრით, ეს სია ადასტურებს სასამართლოს შიგნით “კლანის” არსებობას. როდესაც მესამეკლასელებივით ერთმანეთისგან გადაწერილი ბიულეტენები გვაქვს, ეს გვაძლევს საშუალებას, მივმართო პარლამენტს, თავი შეიკავოს კენჭი უყაროს და ლეგიტიმურობა მიანიჭოს ამ სტილით შედგენილ სიას, ეს მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ჩვენს უზენაეს სასამართლოს”, - აცხადებს ანა დოლიძე. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი, რამდენჯერმე დაფიქსირდა ინტერესთა კონფლიქტი. კერძოდ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 50-კაციანი სია შედგა, მასში მოხვდა იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა, ლევან თევზაძე. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია საჯაროდ ცნობილია, თუმცა შენგელიას თვითაცილების შესახებ საკითხი არ დაუყენებია და კენჭისყრაში ჩვეულებრივ მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ლევან თევზაძე ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და “კლანის” ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ირაკლი შენგელია უნდა ჩამოშორებოდა ამ პროცესს, მაგრამ არ ჩამოშორდა. აუცილებლად დავაყენებ საკითხს იმის შესახებ, როდესაც უკვე შემდგომ ეტაპზე დაიწყება გასაუბრებები, რომ ირაკლი შენგელია ამ ეტაპზე მაინც ჩამოშორდეს ამ გასაუბრებას, თუმცა კანონი და მთავარი მოთხოვნა, რომ ინტერესთა კონფლიქტი უკვე წარმოიშვა, დარღვეულია. შერჩევის პროცესს, აი, ასეთი დამოკიდებულება, ხარვეზები და პირადი დამოკიდებულება აყენებს ზიანს”, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანის მაზლი, ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ხოლო კენჭისყრის დროს ონიანს თვითაცილების საკითხი არ დაუყენებია, რაც თავისთავად დარღვევაა”, - დასძენს გამოცემა.

“ჯანეზაშვილის თქმით, ისე გამოდის, რომ უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესი მორგებულია მათზე და ისე მიდის, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების ნათესავები დასაქმდნენ სასამართლოში. არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ ეს არც ქართველი ხალხის ინტერესშია და არც მათი, როგორც საბჭოს წევრების. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137-კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. რომელთანაც გასაუბრების პროცესს ჩანიშნავს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან განსახილველად 20-კაციანი სია პარლამენტს გადაეგზავნება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა საბჭოში ხარვეზებით მიმდინარეობს”, - წერს სტატიის ავტორი.

რა ეტაპზეა “გავრილოვის ღამის” ამბების გამოძიება

“20 ივნისის ამბებიდან 14 დღე გავიდა - დარბევაზე პასუხისმგებელი პირი, ან პირთა ჯგუფი კი დადგენილი არ არის. ასევე დღემდე პასუხ გაუცემელი რჩება კითხვა, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება და სპეცრაზმი ვისი დავალებით მოქმედებდა. მიუხედავად დაზარალებულების ნაწილის დაკითხვისა, შს სამინისტროს ან პროკურატურას ამ დრომდე არც იმ პოლიციელების შესახებ უთქვამს რაიმე, რომლებსაც უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდათ. ასევე არავინ იცის, ამ ადამიანების სს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება თუ არა. ოფიციალური მონაცემებით, გამოძიება 10 პოლიციელზეა დაწყებული. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გახარიას გადასარჩენად მმართველმა გუნდმა ახლი გეგმა შეიმუშავა და პასუხისმგებლობა შეიძლება სრულად სპეცრაზმს დაეკისროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა ეტაპზეა “გავრილოვის ღამის” ამბების გამოძიება.

“ნაცმოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, სცენარი, რომელიც “ოცნებამ” შეიმუშავა ასეთია - იტყვიან, რომ სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებისგან საფრთხე დაინახეს, სროლა საკუთარი გადაწყვეტილებით დაიწყეს, ბრძანება კი არ არსებობდა. “ყველამ კარგად იცის, რომ ბრძანების გარეშე სპეცრაზმი ვერანაირ ქმედებას ვერ განახორციელებს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ისინი დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, უტიფრობაა და გონიერებაზე საუბარიც კი ზედმეტია. უნდა ვიცოდეთ მარტივი ფორმულირება, ბრძანებას ექვემდებარება შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ბრძანების გამცემი ადამიანები იყვნენ ვერტიკალურად და წყობა არის შემდეგი: ეს არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია, ჩუბინიძე და კოორდინაციაში ყველა სამართალდამცველ უწყებასთან, ასევე რეალურად იმ სამმართველოს უფროსებთან, რომლებიც ასევე იდგნენ კორდონის მიღმა”, - ამბობს დეკანოიძე. უმრავლესობაში ოპოზიციისგან განსხვავებით შს მინისტრის პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ 10 პოლიციელის მიმართ დაწყებული მოკვლევა უკვე შედეგია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკვე შედეგია ის, რომ შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, 10 პირთან მიმართებაში წარმოებს პროცესი, მიმდინარეობს როგორც სამსახურეობრივი შემოწმება გენინსპექციის მეშვეობით,რაიმე გადაცდომას ჰქონდა თუ არა ადგილი. თუ გამოიკვეთა ეს ნიშნები შემდგომ პროკურატურა უნდა ჩაერთოს, ორთან თუ სამთან მიმართებაში უკვე მიმდინარეობს პროკურატურაში დანაშაულის ნიშნებთან მიმართებაში გამოძიება”,-აცხადებს ანრი ოხანაშვილი. “კანონმდებლობა არ განიხილავს და არ ასხვავებს ადამიანებს პასუხისმგებლობის ნაწილში, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ყველამ უნდა აგოს პასუხი”, - აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე. მისი თქმით, აქციის დაშლა მოხდა ქაოტურად და სპეცრაზმი კონტროლიდან გამოვიდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებას უკავშირდება, ეს არის კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და მათი პასუხისმგებლობა. აქ საუბარია, როგორც რიგითი სამართალდამცავების მხრიდან პასუხისმგებლობაზე, ასევე საუბარია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების პასუხისმგებლობაზე. პირველ რიგში, პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე როცა ვლაპარაკობთ, ცხადია, მოიაზრება შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო თუ არა მისი ბრძანება ეს არ ცვლის არაფერს, თუ არ იყო ეს მისი ბრძანება, ესეც პრობლემაა. მე მგონია, რომ პროცესი, რაც რუსთაველზე 20 ივნისის ღამეს განვითარდა, იყო ქაოტური პროცესი, რასაც მოჰყვა ის სავალალო შედეგები, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სულხან სალაძე.

მიტინგის დაშლასაც თავისი წესები აქვს... - სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N7, ივლისი, 2019) მიმოხილვა

მიტინგის დაშლასაც თავისი წესები აქვს... / ფოტოხაფანგები საზღვრის დასაცავად / ეროვნული თავდაცვის აკადემიას იუნკერთა ახალი ნაკადი შეემატება / შსს ახალი კამპანია: “ნუ წაართმევ ბავშვობას” / მყვინთავი სამაშველო ოპერაციებიდან / გერმანელი სამხედრო მზარეული - ქართველ სამშვიდობოებზე

“20-21 ივნისს მიტინგის დაშლისას 240 კაცი დაშავდა – როგორც თავად მომიტინგეები, ისე პოლიციელები და ჟურნალისტები. საავადმყოფოში მოხვედრილთა და სამკურნალოდ დატოვებულთა უმეტესობა მძიმედ დაშავებულია, რამდენიმემ, სამწუხაროდ, თვალი დაკარგა, რისი მიზეზიც არალეტალური დანიშნულების რეზინისა და პლასტიკის ტყვიების გამოყენება გახდა. საერთოდ, არალეტალურ, ანუ არასასიკვდილო სპეციალურ საშუალებებს მიტინგების დაშლისას მთელ მსოფლიოში იყენებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენებისას არ იყოს დაცული უსაფრთხოების წესები, კერძოდ, შეზღუდულია სროლის მინიმალური მანძილი და აკრძალულია თავის არეში სროლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არალეტალური იარაღი შეიძლება ლეტალურად გადაიქცეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” (N7, ივლისი, 2019) სტატიაში სათაურით “მიტინგის დაშლასაც თავისი წესები აქვს... / 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მიტინგების დარბევის ტაქტიკის ნაწილი სპეცრაზმმა 2019 წლის 20-21 ივნისსაც გამოიყენა”.

“20-21 ივნისს პარლამენტთან დაზარალებულ მომიტინგეებს რეზინისა და პლასტიკის ტყვიები ახლო მანძილიდან აქვთ ნასროლი, რამაც დაზიანებების მაღალი ხარისხი განაპირობა. თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა - მომიტინგეებმა პარლამენტის ეზოზე რამდენჯერმე მიიტანეს იერიში კოლონებს შორის მდგარ “ბეტმენებზე” (შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმების პოლიციელები, რომლებიც ინდივიდუალური დაცვის ელემენტებით არიან შემოსილი, რაც მათ კინოგმირ “ბეტმენს” ვიზუალურად ამსგავსებს), მოახერხეს რამდენიმეს “მოტაცება” და განაირაღება, ამასთან, “ბეტმენებს” წყლის ბოთლების გარდა,სხვადასხვა საგანსაც ესროდნენ. ასეთ მომენტში სპეცრაზმის მსროლელები, რომლებიც რეზინისა და პლასტიკური ტყვიებიის შემცველი ვაზნებით დატენილი პომპიანი თოფებით იყვნენ შეიარაღებული, “ბეტმენების” ზურგს უკნიდან დამიზნებით ესროდნენ ყველაზე აქტიურ მომიტინგეებს. შესაბამისად, სროლის მანძილი სულ რაღაც 10-15 მეტრი თუ იყო, ზოგიერთ შემთხვევაში (რაც კარგად დააფიქსირეს იმ ადგილას გმირულად მომუშავე ჟურნალისტებისა და ოპერატორების გადაღებულმა ფოტოვიდეო კადრებმა) კი გასროლა 2-3 მეტრშიც კი ხდებოდა, რაც არალეტალურ იარაღს სასიკვდილო შესაძლებლობებს უზრდიდა. ლაპარაკი იმაზე, თუ რატომ ესროდა სპეცრაზმი დამიზნებით ამ თოფებს მომიტინგეებს, არასერიოზულია, რადგან ეს არალეტალური იარაღი სწორედ დამიზნებით სასროლადაა გამიზნული, ოღონდ უსაფრთხო მანძილის (არანაკლებ 30 მეტრის) აუცილებელი დაცვითა და იმ პირობით, რომ ადამიანს თავის არეში არ უნდა ესროლო. დაშავებული მომიტინგეებისა და ჟურნალისტების დიდ ნაწილს რეზინისა და პლასტიკის ტყვიები სწორედ თავის არეში აქვთ მოხვედრილი, რაც აღძრავს ეჭვს, რომ თავში და თანაც ახლო მანძილიდან გამიზნულად ესროდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ხელწერა კი ძალიან წააგავს 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 15 ივნისის (თბილისის პოლიციის სამმართველოსთან) და 2011 წლის 26 მაისის მიტინგების დარბევის ტაქტიკას, როდესაც ასევე ახლო მანძილიდან გამიზნულად თავის არეში ესროდნენ მომიტინგეებს (უფრო უარესი, 7 ნოემბერს სპეცრაზმელებმა, ფაქტობრივად, მიბჯნით, ორ მომიტინგეს ცრემლსადენი გაზის ყუმბარები ესროლეს და მძიმედ დააშავეს), რის გამოც ჩნდება ერთი აზრი - სპეცრაზმელებს იგივე მსროლელები ხომ არ ჰყავთ, რომლებიც 7 ნოემბერსა და 26 მაისს მომიტინგეებზე განსაკუთრებული სისასტიკით ნადირობდნენ? (ამ სტატიის ავტორმა 7 ნოემბერს “იმედის” ტელევიზიასთან გამოცადა კისერში რეზინის ტყვიის მოხვედრის “სიხარული”, რაც ჯინსის ქურთუკის აწეულმა საყელომ ოდნავ შეარბილა). გასაგებია, ისიც, რომ სპეცრაზმელების შემდგომ ქმედებაზე ემოციურად იმოქმედა მომიტინგეთა აგრესიული ნაწილის რამდენიმესაათიანმა “ზეწოლამ”, უშვერი სიტყვებით გინებისა და ფიზიკური თავდასხმების ჩათვლით, მაგრამ იმას, რომ წინასწარგანზრახულად ადამიანს ახლო მანძილიდან და თანაც თავში თუნდაც არალეტალური იარაღით რეზინისა და პლასტიკის ტყვიები ესროლო, გამართლება არა აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“შსს-ს ხელმძღვანელობას, ალბათ, მოუწევს სპეციალური კურსების ჩატარება, რათა სპეცრაზმელებმა ყველაზე აგრესიული მიტინგის დაშლის შემთხვევაშიც დაიცვან უსაფრთხოების წესები, რომ არალეტალური იარაღი მომაკვდინებლად არ გადააქციონ. P.S. 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდგომ ამ სტატიის ავტორი პარლამენტში ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე მიიწვიეს იმის საექსპერტო მოხსენებისთვის, თუ რა სახის სპეცსაშუალებები იქნა გამოყენებული. მაშინ კატეგორიულად დავაყენე საკითხი, რომ FN303 ტიპის პნევმატური იარაღის გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ არასწორი იყო, რადგან მისგან ნასროლი 18 მმ კალიბრის ტყვიების საწყისი სიჩქარე 90 მ/წმ-ს უტოლდებოდა და თითქოსდა ამ არალეტალურ იარაღს ახლო მანძილზე სროლისას სიცოცხლისთვის სახიფათოდ აქცევდა. მაშინდელ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” “მეფობდა” და მათმა წარმომადგენლებმა მხოლოდ იქედნურად ჩაიცინეს, როდესაც პარლამენტარებს შევთავაზე, შეზღუდვა დაეწესებინათ ამ კონკრეტული იარაღის გამოყენებაზე მიტინგების დაშლისას. ცოტა გაბრაზებულმა, ცხელ გულზე პასუხი გავეცი - ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს უკვე თქვენ აღმოჩნდეთ მომიტინგეთა რიცხვში და თქვენივე "დაგეშილმა" სპეცრაზმელებმა ეს ტყვიები თქვენვე დაგიშინოთ-მეთქი... მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში (მათ შორის საქართველოშიც) მიტინგების დაშლისას FN303-ის გამოყენების არასახარბიელო შედეგების (ათობით მძიმედ დაშავებული ადამიანი და თვალის დაკარგვის არაერთი შემთხვევა) გაანალიზების შემდეგ, მისი კლასიფიკაცია საშიშროების სკალის მიხედვით არალეტალურიდან (non lethal) ნაკლებად სასიკვდილომდე (less lethal) გაიზარდა”, - წერს სტატიის ავტორი, ჟურნალ “არსენალის” რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

“14 ივნისს შს სამინისტროში სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეძენილი კავშირისა და სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა. აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა. თემურ კეკელიძემ სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმებსა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ევროკავშირთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას შს სამინისტროს, ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ფოტოხაფანგები საზღვრის დასაცავად / სასაზღვრო პოლიციის ახალი საკომუნიკაციო საშუალებები.

“პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განახორციელა. ჩვენ 25 წელია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციას ესწრაფვის და ჩვენ მოწოდებული ვართ მაქსიმალურად გავაღრმაოთ თანამშრომლობა, მათ შორის სასაზღვრო უსაფრთხოებაში. ამ თანამშრომლობით განხორციელდა მრავალი პროექტი: სასაზღვრო სექტორების მოწყობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სატრანსპორტო საშუალებათა გადმოცემა, საზღვრის დაკვირვების თანამედროვე სისტემის ინსტალირება და სხვ. თანამშრომლობა ევროკავშირსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან გრძელდება და საზღვრის უსაფრთხოების კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი გველოდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე.

“საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები, ფოტოხაფანგები და ქსელური კავშირით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა. სასაზღვრო პოლიცია სასაზღვრო ოპერაციების წარმართვისას ინფორმაციის გაცვლას რადიოსისტემების საშუალებით ახორციელებს. შესაბამისად, ქვედანაყოფების რადიოკავშირის საშუალებებით უზრუნველყოფა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ასევე, საქართველოს რთული რელიეფური პირობების გათვალისწინებით, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისას ეფექტიანია ფოტოხაფანგები, ამ მიმართულების განვითარებაც პრიორიტეტულია. რაც შეეხება ამ პროექტის ფარგლებში გადმოცემულ კავშირის სხვა სპეციალურ აღჭურვილობას, ის საშუალებას გვაძლევს, რთულ რელიეფურ პირობებში განთავსებული 20-მდე სასაზღვრო სექტორი ინტერნეტით უზრუნველვყოთ”, - დასძენს გამოცემასთან საუბრისას სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი მირიან ნადარაია.

“ახლოვდება მისაღები გამოცდები და დაძაბულობაც მატულობს აბიტურიენტებში. ეროვნული თავდაცვის აკადემია ტრადიციულად მომზადებული ხვდება ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესს. “ეროვნული თავდაცვის აკადემიის აბიტურიენტებისთვის (როგორც უმაღლესი სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე იმართება შესარჩევი ტური. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა წინასწარი შერჩევის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია”, - აღნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პოლკოვნიკი მამია ბალახაძე, რომლის თქმით, სკონკურსო კომისიას, როგორც წესი, თავმჯდომარეობს აკადემიის რექტორის ერთ-ერთი მოადგილე”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ეროვნული თავდაცვის აკადემიას იუნკერთა ახალი ნაკადი შეემატება.

“ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევათ შემდეგი კატეგორიის აბიტურიენტებს: ა) რომლებიც დარეგისტრირდნენ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამა და რომლებსაც 2019 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი; ბ) რომელთაც წარმოადგინეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და არ არსებობს სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის საფუძველი. რაც შეეხება აბიტურიენტთა წინასწარ შერჩევას, კონკურსზე დაშვებულმა აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ შერჩევის ოთხი კომპონენტი: ფიზიკური შესაბამისობის ტესტირება; ფსიქოლოგიური შერჩევა, რომელსაც ატარებს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის კვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი; გასაუბრება, რომლის დროსაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდგომ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში; სამედიცინო შემოწმება. მხოლოდ აღნიშნული კომპონენტების დაკმაყოფილების შემთხვევაში აბიტურიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩაირიცხონ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლკოვნიკი მამია ბალახაძე.

“აკადემიაში გვაქვს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამები. აკადემიაში, რომელსაც აქვს სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი, ფუნქციონირებს შემდეგი საგანმანათლებლო ერთეულები: ბაკალავრიატი, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი და ენობრივი მომზადების სკოლა. ამ ეტაპზე გვაქვს შემდეგი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები: ა) მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა; გ) თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა; დ) თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა; სამივე საბაკალავრო პროგრამა შეიცავს ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების კომპონენტს, რადგან აკადემიის დამთავრებისას იუნკრები ბაკალავრის ხარისხთან ერთად იღებენ “ლეიტენანტის” წოდებასაც… მიმდინარეობს მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია. ჩვენი გათვლებით, აღნიშნულ პროგრამაზე შეიძლება პირველი ნაკადი მივიღოთ და სასწავლო პროცესი დავიწყოთ 2020 წლის სექტემბრიდან”, - განმარტავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

“ამისათვის ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. მაგალითად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გავაფორმეთ წამყვან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან (ტექნიკური უნივერსიტეტი, “დელტა” და ა.შ), აგრეთვე აკადემიაში გავხსენით ტექნიკური და გამოყენებითი ლაბორატორიები, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. რაც შეეხება სამხედრო კომპონენტს, აკადემიაში ცალკე ხორციელდება შემდეგი სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამები: ოფიცრის მომზადების საკანდიდატო და სამეთაურო-საშტაბო კურსები. ოფიცრის მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი აკადემიური განათლება და აქვთ სურვილი ოფიცრის რანგში იმსახურონ თავდაცვის ძალებში. კურსზე სასწავლო პროცესი დაახლოებით 10 თვე გრძელდება და მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებიც აუცილებელია მომავალი ოფიცრის ჩამოყალიბებისთვის. სამეთაურო-საშტაბო კურსზე თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამას გადიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები”, - ამბობს რესპონდენტი.

“ენობრივი მომზადების სკოლაში მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების გადამზადება სხვადასხვა უცხო ენაში ენობრივი კომპეტენციის განვითარების მიზნით. აკადემიაში მოქმედებს აგრეთვე ქართულ ენაში მომზადების პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის - აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩარიცხული მსმენელი ერთი წლის განმავლობაში სწავლობს ქართულ ენას, ხოლო სერტიფიკატის აღების შემდგომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხება საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე. კვლევითი კომპონენტის გასაძლიერებლად აკადემიაში შეიქმნა ასევე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელზეც დიდ იმედს ვამყარებთ. სამეცნიერო კვლევებში ჩართული იქნებიან როგორც პროფესორ-მასწავლებლები, აგრეთვე იუნკრები. დაგეგმილი გვაქვს აგრეთვე ინგლისური ენის გარე ექსპერტიზის ჩატარება როგორც ენობრივი მომზადების ცენტრში, ასევე ბაკალავრიატში, რაც აკადემიაში ინგლისური ენის სწავლებას გააძლიერებს”, - დასძენს მამია ბალახაძე.

“შს სამინისტრო ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისათვის დროული შეტყობინების მიზნით შსს იწყებს საინფორმაციო კამპანიას “ნუ წაართმევ ბავშვობას”. კამპანიაში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ღონისძიებაზე შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სტუმრებს ნაადრევი ქორწინების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გააცნეს. კამპანიის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით “ნუ წაართმევ ბავშვობას” - შსს ახალ კამპანიას იწყებს.

“2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება უმეტესად შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხდება, რაც დროულ რეაგირებას ართულებს. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია ამ საკითხის პრობლემატურობაში საზოგადოების დარწმუნება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო კამპანიაც, რომლის დროსაც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებთან. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც კამპანიის მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ. საინფორმაციო კამპანია 18 დღეს გაგრძელდება. ის გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის" ეგიდით ხორციელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი) შს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად არასრულწლოვან შვილებზე ძალადობაში 110 პირი ამხილეს, რომელთაგან 15 შემთხვევაში მოძალადე დედა იყო, ხოლო 95 შემთხვევაში მამა ან მამინაცვალი. დამნაშავე პირები დააკავეს. ძირითადად, დაფიქსირებულია მსხვერპლის სახის, თავის ან სხეულის სხვადასხვა ადგილის დაზიანებები, ასევე მოძალადის მუქარა, სისტემატური ფსიქოლოგიური ან სხვა სახის ძალადობა. მშობლების შვილებზე ძალადობის ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო 62 შემთხვევაში ოჯახის წევრი (დედა ან ბებია), 32 შემთხვევაში მსხვერპლი ბავშვი; 4 შემთხვევაში მეზობელი; 3 შემთხვევაში მოქალაქე/შემსწრე პირი; 2 შემთხვევაში ნათესავი; 2 შემთხვევაში საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა; 2 შემთხვევაში სკოლა/მანდატური; 1 შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია; 1 შემთხვევაში სოციალური სამსახური; 1 შემთხვევაში სხვა პირი. შემაკავებელი ორდერი გაიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან 28 შემთხვევაში ორდერი უგულებელყო დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში სხვა პირმა”, - განაგრძობს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. თუმცა კვლავ დაბალია გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მიმართვიანობა, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. არასრულწლოვანთა ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით შს სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომლის ერთ-ერთი მიზანია გამოძიების მიმდინარეობისას ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის შემსუბუქება და სამართალწარმოებაში მათი მონაწილეობის გამარტივება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს არასრულწლოვნებზე ძალადობასთან ბრძოლას და საზოგადოებას პოლიციის დროულად ინფორმირებისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა უფლებების ნებისმიერი სახით დარღვევა”, - დასძენს გამოცემა.

“არაერთი კამპანიის მიუხედავად, სასწავლო წლის დასრულებას ყოველთვის თან ახლავს ტრაგედიები... ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილს რჩევის მიღებაც უჭირს, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ `არსენალს~ სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი, მაიორი ვარაზ წოწონავა, ამას წინათ ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩავარდნილი გოგონას ცხედრის ამოყვანის ამბავს უყვება. ბატონი ვარაზი დაახლოებით 20 წელია მაშველად მუშაობს და წლების წინ ეკიპირების გარეშე, ლამის შიშველი ხელებით უწევდათ დავალების შესრულება. მას და მის კოლეგებს ხშირად დიდი რისკის ფასად უპოვიათ დაკარგული ადამიანის ცხედარი. იყო შემთხვევები, როდესაც მისი კოლეგები ამ საქმეს შეეწირნენ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით მყვინთავი სამაშველო ოპერაციებიდან.

“ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდა იყო. შემთხვევის ადგილზე ოთხკაციანი ჯგუფი წავედით. ჩანჩქერამდე დაახლოებით გამთენიისას მივედით. სრული ეკიპირებით ვიყავით. არ შემიძლია ლაგოდეხის მოსახლეობის თანადგომაზე, თავდადებასა და მონდომებაზე არ მოგიყვეთ. ამდენი წელია ამ სამსახურში ვარ და ადამიანების ასეთი ერთობა არ მინახავს. თავიდან მეგონა, ყველანი დაკარგული ბავშვის ნათესავები იყვნენ, არადა, იქაურები ყოფილან. ასეთი ტრაგედია მოხდა, სახლში რა გაგვაჩერებდაო, ამბობდნენ. როდესაც განათება ჩავრთეთ, მივხვდი, მძიმე რელიეფური მდებარეობა იყო. ჯერ იმ მხრიდან მოვსინჯეთ შესვლა, სადაც ადგილობრივები მაჩვენებდნენ, ბავშვი ამ ადგილას ჩავარდაო, მაგრამ ჩანჩქერი ქვებზე ისეთი სიმძლავრითა და სისწრაფით ეცემოდა, ლამის ფეხი მომაწყვიტა. არადა, წყალი ღრმა არ იყო, 1-2 მეტრამდე იქნებოდა. უბრალოდ, ჩანჩქერთან გამკლავება იყო შეუძლებელი. მოსახლეობასთან ერთად წყლის დინების შეცვლა გადავწყვიტეთ, რათა დარტყმის ძალა შეგვემსუბუქებინა. ბიჭების დახმარებით ქვებით კედელი ამოვაშენეთ. ამასობაში დამხმარეების რაოდენობა იზრდებოდა. ბავშვის ნათესავებიც მოვიდნენ. ერთი სიტყვით, ჩანჩქერს მიმართულება შევუცვალეთ და წყლის დაცემის ძალაც შევამცირეთ. რამდენიმე ჩაყვინთვის შემდეგ ვითარება გარკვეულწილად შევისწავლე. ჩანჩქერის ქვემოთ, ქვების გარშემო, ხეებიც იყო ჩახერგილი, რაც მუშაობას ართულებდა. მყვინთავებისთვის ერთი დაუწერელი კანონი არსებობს – მთავარია სიფრთხილე და უსაფრთხოების წესების დაცვა, თუ თავი არ დაიცავი, ვეღარც სხვას დაეხმარები…” - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაიორი ვარაზ წოწონავა.

“საბოლოოდ, ჩანჩქერის დაშვების საპირისპირო მხრიდან შევედი. ძალიან ძლიერი დინება იყო და ქვების ქვეშ ვეღარ შევდიოდი. გარშემო ტერიტორია შევამოწმე, იქნებ რამე მოსაჭიდი ვიპოვო, რისი დახმარებითაც შევაღწევ-მეთქი. ჩასვლამდე კი მაჩვენეს დაახლოებითი ადგილი, სადაც ბავშვი ჩავარდა, მაგრამ ვარაუდით ამბობდნენ და არ იყო გამორიცხული, დინებას გაჰყოლოდა. ცხედრის პოვნის შემდეგ, ამოყვანის გეგმას შევადგენდით. ჩავყვინთე და რამდენიმე ხნის შემდეგ ხელის ცეცებით ვიპოვე. ზემოთ მყოფებს ვუთხარი, სავარაუდოდ, მივაგენი, მაგრამ უნდა დავრწმუნდე-მეთქი. მათი დახმარებით იმ ადგილიდან ქვების გატანა დავიწყეთ, თან მეშინოდა, დინებას ცხედარი ისევ არ წაერთმია. ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა მოსასმენად და შესასრულებლად, უფრო რთული. იმ დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, საქმე ბოლომდე მივიყვანო. გოგონას ძმაც იქვე ტრიალებდა. მის თვალებში უდიდესი ტრაგედია იკითხებოდა. ძლიერი დინების გამო თოკით კვანძს ვერ ვაკეთებდი. ზემოთ მყოფებმა ჩანჩქერსა და ქვას შორის დიდი მორი ჩააგდეს, რამაც წყლის შემოდინება შეამცირა. ეს ყველაფერი სულ რაღაც 15-20-მეტრიან მონაკვეთზე ხდებოდა, მაგრამ საშიში ადგილია და ძალიან რთული იყო. ქვების ქვეშ შევძვერი, მაგრამ მოტრიალება ვერ მოვახერხე, ბავშვის სხეულს ხელი დავავლე და უკუსვლით წამოვედი. როდესაც წყლის ზედაპირზე ამოვედი, ამოვისუნთქე, მე ეს შევძელი, შევძელი... არ მინდა ვინმეს იმ რამდენიმე საათის გავლამ მოუწიოს, რაც მე გამოვიარე. კოშმარი იყო”, - განაგრძობს მყვინთავი.

“სიმართლე გითხრათ, არასდროს მიოცნებია მაშველობაზე -მორაგბე ვიყავი. მაშინ ეს სპორტი ასეთი პოპულარული არ იყო. მეგობარმა მითხრა, სამაშველო სამსახურში დაგაწყებინებ მუშაობასო და დავთანხმდი. ფიზიკური მონაცემებიც მიწყობდა ხელს. არაერთი ხიფათისა და სარისკო ვითარების მიუხედავად, დღემდე მოვედი. წყალქვეშ მუშაობა სხვა სამყარო იყო ჩემთვის. მით უფრო, რომ მღვრიე წყალში მიწევს მუშაობა, სადაც ხილვადობა არ არის. წყლის შიში არ უნდა გქონდეს, თორემ დაიბნევი. მე სერტიფიცირებული მყვინთავი ვარ, მაგრამ ყველანაირი წვრთნა სუფთა წყლებში, ზღვაზე და ან თუნდაც მდინარეებში გავიარე, მუშაობა კი მღვრიე, ბინძურ წყლებში მიწევს, სადაც სიბნელეა. რამდენიმე ბიჭისთვის ვეცადე ეს ყველაფერი მესწავლებინა, თავად დაინტერესდნენ და მთხოვეს, მაგრამ ვერ შეძლეს. თუმცა მთაში პროფესიონალები არიან. ასეა, ზოგი წყალშია ძლიერი, ზოგიც მთაში... მე ვცდილობ წყლის ქვეშ “ჩემი ფსიქოლოგია” შევქმნა - ჩემს თავს ვეუბნები, არაფერი დაგემართება, ჟანგბადი გაქვს, დაცული ხარ და იმუშავე, სიბნელეზე არ უნდა იფიქრო-მეთქი. მარტო ვერ იმუშავებ, რადგან გააჩნია, რამდენი ხანი გიწევს იქ ყოფნა და რა სიღრმეზე ხარ. თოკით ვარ ჩაბმული მეორესთან. სამი სახის სიგნალი გვაქვს - ერთი ჩამოქაჩვა ნიშნავს “გამაჩერე”, ანუ მოძრაობის საშუალება არ მოგცენ, ორჯერ ჩამოქაჩვით მიანიშნებ, რომ ამოგიყვანონ; სამზე მეტი კი SOS-სიგნალს ნიშნავს, ანუ მყვინთავს პრობლემები აქვს და სასწრაფოდ უნდა ამოიყვანონ”, - აღნიშნავს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “ალბათ, არაერთხელ გამოგიყენებიათ SOS-სიგნალი?” – პასუხობს:

“დიახ, მაშინ ახალბედა ვიყავი. ერთი გამოცდილი მყვინთავი გვყავს, ბზეკალავა და მასთან ერთად რუსთავისკენ, მტკვარში მომიწია მუშაობა. ქაფიანი წყალი იყო, მღვრიე და ბინძური. ადამიანი იყო გადავარდნილი და ვერ პოულობდნენ. ჭირისუფალიც იქვე იყო. არ მეგონა, თუ ისეთი მძიმე ვითარება დაგვხვდებოდა, თუმცა იმის თქმა, ვერ ჩავალ, გამოუცდელი ვარ-მეთქი, მომერიდა. არადა, მყვინთავად მუშაობის სულ რაღაც ორწლიანი სტაჟი მქონდა. ბზეკალავამაც გამაფრთხილა, არ ჩახვიდეო, მაგრამ არ დავუჯერე, თოკზე ვარ ჩაბმული, რა უნდა მომივიდეს-მეთქი, იხტიბარი არ გავიტეხე და დინებამ მაშინვე წყლის ქვეშ ნანგრევებში შემითრია. თოკი ისე დაიჭიმა, როგორც უნდა დამექაჩა, სიგნალს ვერ მივცემდი. ძალიან ბევრი ვიწვალე. ხელები ნანგრევებში გამეჭედა, მაგრამ როგორღაც გავთავისუფლდი და ამოვედი. შემდეგ ბზეკალავა ჩავიდა და მან ამოიტანა ცხედარი”.

“ფსიქოლოგიური სტრესებს შევეჩვიე, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ნორმატივებს მუდმივად ვაბარებთ. იმდენნაირ ვითარებაში, ისეთი რთულ პირობებში ამომიტანია ცხედარი, არ ვიცი, რამ უნდა გამაოცოს ცხოვრებაში. ერთადერთი, რაც ყოველთვის მაკვირვებს, არის ჭირისუფლის დამოკიდებულება, სანამ ჩავალთ, ისე განიცდიან, პირჯვარს გვწერენ ხოლმე, ღმერთმა მშვიდობით ამოგიყვანოსო, შემდეგაც უამრავ მადლობას გვიხდიან. ძნელია, ამ ყველაფერს ემოციის გარეშე უყურო. რამდენიმე წლის წინ, ისევ ლაგოდეხის სოფელ ცხრაგორში, ნადირობისას დაკარგული მონადირეების ძებნა მოგვიხდა. ზაფხულში, თოვლი რომ დადნა, ორი ვიპოვეთ, ერთი დღემდე დაკარგულია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პირდაპირ უთქვამთ, ქალაქელი მაშველები მთაში ვერ ივლითო, მაგრამ შედეგით გაოცებულან. იმ ბიჭების ახლობლებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს… ოჯახში დეტალურად არასდროს ვყვები სამსახურის ამბებს. მოკლედ ვამბობ, ვიპოვე-მეთქი და მორჩა. ბოლო წლებში უსაფრთხოების გამო შეზღუდვებია დაწესებული, ზღვაში ნასვამი შესვლა არ შეიძლება, გარკვეული მანძილის შემდეგ აკრძალული ზონაა; მაშველები სანაპიროზე მუდმივად არიან და დამსვენებლებს თვალყურს ადევნებენ. ის, რომ თვითმკვლელობის მცდელობა დასჯადი გახდა, ერთგვარი პრევენცია აღმოჩნდა. წინა წლებში ყველაფერი მიშვებული იყო და ტრაგიკული შემთხვევაც მეტი ხდებოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ შესაბამისი აღჭურვილობა არ გვქონდა და მუშაობას როგორღაც ვახერხებდით. იმ წლებში ჩვენი სამსახური საგურამოში იყო და იქიდან დავდიოდი”, - იხსენებს მაიორი.

“ადრე სამაშველო მანქანებიც ცალკე პრობლემა იყო. მაშინ ჩემი უფროსი ცნობილი მყვინთავი ელგუჯა ჯამრიშვილი იყო და მან გამომზარდა. თავად გუჯა, მეგობრები ასე ვეძახდით, წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე და ცნობილი სპელეოლოგი იყო. მდინარეში დაკარგული მოზარდის საძებრად შევიდა და დაიღუპა. მისი ცხედარი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მარტვილში, მდინარე აბაშაში სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. იმ წლებში, როდესაც არაფერი გვქონდა, გუჯა ცდილობდა, რაღაცები თავისი ძალებით მოეძიებინა და ასე გავდიოდით ფონს. თბილისში ასე გვიჭირდა და ხომ წარმოგიდგენიათ, რეგიონში რა ვითარება იქნებოდა. ასე ვიმუშავეთ ორი-სამი წელი. შემდეგ სისტემა ნელ-ნელა დალაგდა. თუმცა ყოველდღიურად ვიღებთ გამოცდილებას, რადგან ყველა შემთხვევა განსხვავებულია. სამწუხაროდ, მე იმ დროს მიწევს გამოძახებაზე წასვლა, როდესაც ადამიანი უკვე გარდაცვლილია და ცხედარს ვერ პოულობენ, ან ვერ ამოჰყავთ”, - დასძენს ვარაზ წოწონავა.

“გერმანიის შეიარაღებული ძალების სერჟანტ რობერტ გიუნტერს ქართველი მეუღლე ჰყავს, რომელიც წლებია უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომრებს ეძებს და ამ საქმეში გერმანელი ქმარი ეხმარება. რობერტს გერმანიაში ყოფნისას ვესაუბრე - თურმე თავადაც სამშვიდობო მისიით 6 თვე კოსოვოში მსახურობდა. ახლა რამდენიმე წელია გერმანიის შეიარაღებულ ძალებში ლოჯისტიკის სამსახურში მუშაობს. სამხედრო მზარეულობამდე ძალიან გრძელი გზა გაიარა, რადგან გერმანიაში ნებისმიერ საქმეს უდიდესი ყურადღებით ეკიდებიან. ზოგჯერ, საერთაშორისო მისიებში წასვლამდე, გერმანიაში ჩასულ ქართველ სამხედროებსაც უმზადებს კერძებს და ამბობს, რომ ისინი სხვადასხვა ბაზაში ძალიან მაღალი დონის მომზადებას გადიან”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით გერმანელი სამხედრო მზარეული ქართველ სამშვიდობოებზე.

“2008 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვიყავი და ორი წელი კოსოვოში ვიმსახურე, - მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მაინტერესებდა, რა ხდებოდა იქ. კოსოვოში მოსახლეობას ძალიან უჭირდა და მაინც იმედით გვიყურებდა, რომ მშვიდობა დამყარდებოდა. ამის შემდეგ ერთხანს სამოქალაქო მზარეულად ვიმუშავე, გურმანი ვარ და კერძების მომზადება ყოველთვის მეხერხებოდა, მაგრამ სამწლიანი კურსები გავიარე და უფრო მომინდა, ბევრი რამ დამეგემოვნებინა. მერე კი შეიარაღებულ ძალებში მოსახვედრად რთული გზა გავიარე - ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მოვემზადე, რათა საჭირო სტანდარტები დამეკმაყოფილებინა. ფსიქოლოგი სპეციფიკურ კითხვებს მისვამდა, მაგალითად, ავღანეთში ხარ სამშვიდობო მისიით, შენ წინ დგას ბავშვი, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს, უნდა ესროლო თუ არა - ერთი სიტყვით, არაერთ მსგავს კითხვას უნდა უპასუხო, არასწორი პასუხის შემთხვევაში, რაც უნდა კარგად იყო ფიზიკურად მომზადებული, შანსი არა გაქვს… ასე რომ, ახლა უფროსი სერჟანტი ვარ, გერმანიის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის სამსახურში ვმსახურობ და ჯარისკაცების გამოკვება მევალება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რობერტ გიუნტერი.

“ქართველ ჯარისკაცებთან ურთიერთობა არაერთხელ მქონია. სამშვიდობო მისიებში წასვლამდე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას გერმანიაში გადიან. მინახავს, როგორ მონდომებით ეუფლებიან ცოდნას. სხვა მხრივ, ჩემი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათთან ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა არა მაქვს. საქართველოში არაერთხელ ვარ ნამყოფი, ძალიან კარგია, რომ საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიციული კერძები აქვს და რაც მთავარია, ცოცხალ ანუ ახალმომზადებულ კერძებს მიირთმევთ. თუმცა, ცოტა არ იყოს, ცხიმიანი კერძები გაქვთ, მაგრამ მრავალფეროვანი და საინტერესო. საქართველო ძალიან ლამაზი, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეგიძლია ერთ დღეს ზღვაზე გაირუჯო და საღამოს მთაში ახვიდე და თბილად ჩაცმამ მოგიწიოს... ხილიც ბევრნაირი გაქვთ, ყველაზე მეტად კი მაინც სტუმართმოყვარეობას გამოვარჩევდი. ალბათ, მხოლოდ თქვენთან შეიძლება ადამიანმა ძალიან კომფორტულად იგრძნოს თავი უცხო საზოგადოებაში. გერმანელებიც სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ ქართველებს ვერ შევედრებით. როდესაც მეკითხებიან, ვურჩევ თუ არა საქართველოში წასვლას, ვპასუხობ, ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ქართველ მეუღლეს აშკარად კარგად გაუცნია თქვენთვის ჩემი სამშობლო” - პასუხობს:

“დიახ, ყოველ ზაფხულს ჩამოვდივართ საქართველოში და სულ უფრო ხშირად ვფიქრობთ, ხომ არ ჩამოვიდეთ საცხოვრებლად. ჩემი მეუღლე მეგი თარჯიმნად მუშაობს, თუმცა მისი ჰობი ძალიან საამაყოა ჩემთვის - მეგი დამოუკიდებლად ეძებს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომრებს, რომელთაც ოჯახები წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ. მან ბევრს აპოვნინა ოჯახის წევრი, ახლობელი და ნათესავი. ძალიან თბილი და გულისხმიერი ხალხი ხართ ქართველები, თუნდაც უცნობი და წლების წინ დაკარგული უფროსების მიმართ დამოკიდებულებით, ბევრი რამის ახსნა შეიძლება. რასაც მეგი აკეთებს, პრაგმატულად თუ შეხედავ, ალბათ, წარმოუდგენელია, ამ რთულ პერიოდში დაუთმო დრო, ფინანსები და ძალისხმევა სხვების მიცვალებულების ძებნას, ეს ყველას არ შეუძლია. საზღაურია ის მადლიერება, რასაც მეომრების ოჯახის წევრებისგან იღებს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდი გერმანელებისთვის საამაყო მაინცდამაინც არ არის, თქვენგან, ქართველებისგან განსხვავებით. ამიტომაც, როდესაც მეგი ამ საქმეს შეუდგა, შევეცადე მისთვის მხარი დამეჭირა. ეს გერმანიის შვილის ერთგვარი კეთილშობილური ჟესტი მგონია”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა