მესტიის მერი - „ნენსკრა ჰიდროს“ გადასახადების სახით ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 8 მილიონი ლარი აქვს გადახდილი

„ნენსკრა ჰიდროს“ გადასახადების სახით ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 8 მილიონი ლარი აქვს გადახდილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

როგორც კახა ჟორჟოლიანი აცხადებს, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ორი სახის გადასახადს იხდის, აქედან ერთი - მიწით სარგებლობას უკავშირდება, მეორე კი, ქონების გადასახადია, რის ხარჯზეც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ერთი მხრივ, კომპანია იხდის მიწის მოსაკრებელს და მეორე, წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების მიხედვით შექმნილი ქონების გადასახადს. 1 113 000 ლარი არის უცვლელი ფასი, რომელსაც კომპანია პროექტის დასრულებამდე ყოველწლიურად გადაიხდის ადგილობრივ ბიუჯეტში მიწის გადასახადის სახით, რაც შეეხება ქონების გადასახადს, წელს უკვე 2.2 მილიონი აქვს გადახდილი და ნოემბერში კიდევ 1.2 მილიონამდე ლარს ველოდებით. 5 მილიონამდეა მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტი დაგეგმილი და აქედან 3 მილიონამდე ლარი“ ნენსკრა ჰესს“ შემოაქვს,“ - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

კითხვაზე, რაში იხარჯება კომპანიის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მესტიის მერი აცხადებს, რომ დამატებითი შემოსავლები განათლებასა და ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილებას ხმარდება. ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სარგებელი, რომელსაც რეგიონი სს „ნენსკრა ჰიდროს“ სოციალური პროექტებიდან იღებს.

„ამ თანხებით დავიწყეთ სტუდენტების დაფინანსება, ასევე გაიზარდა ხარჯები სკოლამდელ აღზრდაზე, ვაფინანსებთ სპორტსმენებს, მომავალი წლიდან გეგმაში გვაქვს რომ ბაკალავრის შემდგომი განათლებაც დავაფინანსოთ. ამასთან, სარეზერვო ფონდი, რომელიც სტიქიური უბედურებების დროს გამოიყენებოდა 15 000 ლარი იყო, ეს ფონდი დღეს 180 000 ლარია.თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოს მასშტაბით, რომელსაც მნიშვნელოვნად გაეზარდა საკუთარი შემოსავლები და ეს მოხდა ჰესების მშენებლობის ხარჯზე, რომელიც ხელს უწყობს როგორც მუნიციპალიტეტის, ისე ქვეყნის განვითარებას. ადგილზე არსებულ პრობლემებს საკუთარი ბიუჯეტით ვაგვარებთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. „ნენსკრა ჰიდროსთან“ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და კომპანია ისეთ სოციალურ პროექტებს ახორციელებს, როგორიცაა მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერა, მექანიზაცია, მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადება.ეს ყველაფერი ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებას“, -აცხადებს კახა ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, მესტია ერთ-ერთი პირველი რეგიონი იყო, სადაც ჰესების წინააღმდეგ სერიოზული პროტესტი დაიწყო, თუმცა დღესდღეობით ვითარება შეცვლილია, რადგან ადგილობრივები თავადვე დარწმუნდნენ, რომ მათთვის „მესტიაჭალჰესის“ მშენებლობას, რომელსაც აპროტესტებდნენ, ზიანი არ მიუყენებია და პირიქით, ეს ჰესი სტიქიური უბედურების განეიტრალებას უწყობს ხელს.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება