დიმიტრი გვრიტიშვილი - ეს მანდატი მონიჭებულია მოსამართლეებისაგან, რომ სასამართლო ხელისუფლება უსაფუძვლო შეტევისას დავიცვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი განმარტავს მიზეზებს თუ რატომ არის სოციალურ ქსელში აქტიური. როგორც გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ის სოციალურ ქსელებში აქტიურობით სამოსამართლეო ეთიკას არ არღვევს.

„მე, გარდა იმისა, რომ ვარ მოსამართლე, ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. საერთაშორისო სტანდარტებით თუ ხდება მოსამართლეებზე და სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა, განსაკუთრებით უსაფუძვლო თავდასხმა, დაცვის ფუნქცია ეკისრება არა ინდივიდუალურ მოსამართლეს, არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან მოსამართლეთა პროფესიულ გაერთიანებას/ ასოციაციას. აქედან გამომდინარე, მე ვაქტიურობ, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ეს არის მანდატი მონიჭებული მოსამართლეებისაგან და ეს მანდატი დამყარებულია საერთაშორისო სტანდარტებზე, რომ მე, უსაფუძვლო შეტევისას დავიცვა სასამართლო ხელისუფლება და მოსამართლეები“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა სამოსამართლო ეთიკის კოდექსის გადახედვის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ფუნდამენტური ცვლილებები ეთიკის კოდექსში არ იგეგმება.

„ეთიკის კოდექსის განახლების საკითხი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დევს სასამართლო ხელისუფლების სტრატეგიაში, მხოლოდ იმ კუთხით, რომ არსებული ზოგადი და ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანი ნორმები დაზუსტდეს. საუბარია დაკონკრეტებაზე და არა რაღაც ფუნდამენტურ ცვლილებებზე. ნორმები, რომელიც აწესებს ეთიკურ სტანდარტებს უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და მკაფიო, იმისთვის რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა შეაფასოს მოსამართლის ესა თუ ის ქცევა, გამოხატვის რეალიზებასთან ერთად შეესაბამება თუ არა არსებულ ეთიკურ სტანდარტებს. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში მოსამართლეების აქტიურობას, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს პრობლემა დგას ზოგადად, იმიტომ რომ ისეთი უნივერსალური ქცევის წესები, როგორიც არის ბანგალორის ქცევის წესები, რომელიც საერთაშორისო დონეზე აწესებს ეთიკურ სტანდარტებს მოსამართლეებისთვის, ისიც კი არ შეიცავს ნორმებს სოციალურ ქსელებში მოსამართლეების აქტიურობასთან დაკავშირებით“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს