სალომე სამადაშვილი - ტუსკთან დავაყენე საკითხი, რომ აუცილებელია დაიწყოს სანქციების განხილვა, რაც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებაში თუ ის ოპოზიციის დევნას გააგრძელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე ოპოზიციის მიერ გაჟღერებული მთავარი გზავნილი ივანიშვილის მიერ ქვეყანაში ოპოზიციის წარმომადგენლების დევნას შეეხებოდა. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილს პირადად გადასცეს გზავნილი, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკური ოპოზიციის დევნას.

გარდა ამისა, სალომე სამადაშვილმა შეხვედრაზე წამოაყენა საკითხი, რომ ევროკავშირმა ივანიშვილთან მიმართებით სანქციების განხილვა დაიწყოს.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვესაუბრეთ ბატონ ტუსკს, ეს არის ის უზარმაზარი საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია დგას, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დააანონსა. ჩვენ ვხედავთ, რომ სახალხო პროტესტი, რომელსაც ხელისუფლება ადეკვატურად არ პასუხობს, მრავალი კვირის განმავლობაში გრძელდება. ამიტომ ჩვენი მხრიდან გზავნილი უკავშირდებოდა იმას, რომ ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროპაში და შესაძლოა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ჩიხში შეიყვანოს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს გზავნილი იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება მისი მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში. მე პირადად დავაყენე ასევე საკითხი, იმის თაობაზე, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებიდან არ იქნება შესაბამისი გამოძახილი, აუცილებელია ევროკავშირმა დაიწყოს განხილვა იმ სანქციების, რომელიც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებაში თუ ის ღიად და აშკარად გააგრძელებს დემოკრატიული სივრცის შევიწროვებას და ოპოზიციის დევნას. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი გზავნილი.

ვფიქრობ, ევროკავშირი შესაბამის გზავნილებს გადასცემს საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში, რათა ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია ოლიგარქიული ინტერესებისგან,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა