მიხეილ ბატიაშვილი - „დედა ენა“ არ არის უბრალოდ სახელმძღვანელო, ესაა წიგნი, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაში ცოტა თუ მოიძებნება

„დედა ენა“ არ არის უბრალოდ სახელმძღვანელო. ესაა წიგნი, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაშიც კი ცოტა თუ მოიძებნება იმ წვლილით, რაც მან ქვეყნის განვითარებაში შეიტანა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის ადაპტირებული „დედა ენის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრი საზოგადოებას სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა და პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია სწორედ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში მოხდა, იქ სადაც მწერალმა 1875 წლის ზაფხულში „დედა ენის“ პირველ გამოცემაზე ხანგრძლივი მუშაობა დაასრულა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მნიშვნელოვანწილად გოგებაშვილის დამსახურებაა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის შედეგად ქართული ენის აღორძინება, ახალ თაობებში სამშობლოსა და განათლებისადმი სიყვარულის გაღვივება და ქართველი ხალხის კონსოლიდაცია.

„1925 წელს, საბჭოთა პერიოდში, გოგებაშვილისეული „დედა ენა“ ბოლოჯერ გამოიცა. მას შემდეგ „დედა ენის“ ახალი რედაქციები, შესრულებული თავად გოგებაშვილის მეთოდისა და პრინციპების უგულვებელყოფით, ავტორიტარულმა ხელისუფლებამ ინდოქტრინაციის მანქანის ნაწილად აქცია და რეჟიმის სამსახურში ჩააყენა. სამწუხაროდ, მრავალ მიზეზთა გამო, ამ ფასდაუდებელი მემკვიდრეობის გაგრძელება დიდხანს ვერც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მოხერხდა.

მხოლოდ 2013 წელს ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ძეგლი მნიშვნელოვანი ნაწილია იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარებული ნომინაციისა „ქართული ანბანის სამი ცოცხალი კულტურა“. ეს სტატუსი ქართულ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ზრუნვას ავალებს ცოცხალი ტრადიციის დაცვასა და განვითარებაზე. „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნება, მისი ქცევა იმ ფუნდამენტად, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობების ცნობიერება უნდა დაეფუძნოს, სწორედ ამ პროცესის აუცილებელი ნაწილია.

იმიტომ, რომ „დედა ენა“ არ არის უბრალოდ სახელმძღვანელო. ესაა წიგნი, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაშიც კი ცოტა თუ მოიძებნება იმ წვლილით, რაც მან ქვეყნის განვითარებაში შეიტანა.

მაგრამ, რაც მთავარია, „დედა ენა“ თავისი არსით არაა მხოლოდ ერთი რომელიმე ისტორიული ეპოქის კუთვნილება. რასაკვირველია, ჩვენს დროში მშობლიური ენის სახელმძღვანელო ახალი მოთხოვნებსა და გამოწვევებს უნდა პასუხობდეს. თავად გოგებაშვილი ბრძანებდა - „დედა-ენა მაშინ მოკვდება, როცა გაუკეთესებას მოაკლდებაო“. ამ გაუკეთესების, ახალ დროის შესაბამისად განახლების პრინციპები და მეთოდიც თავად გადმოგვცა ანდერძსა თუ სხვადასხვა პუბლიკაციაში და დღეს, პირველად ბოლო თითქმის საუკუნის განმავლობაში, ამ პრინციპთა სრული დაცვით, ჩვენ ხელთ გვაქვს წიგნი, რომლიც ღირსეულად აგრძელებს იაკობის დაწყებულ გზას.

ახალ სასწავლო წელს, ადაპტირებული „დედა ენა“ დამხმარე სახელმძღვანელოდ დაბრუნდება ჩვენს სკოლებში.

გენიალური „აი ია“-ს, გოგებაშვილს სხვა მიგნებათა უდიდესი ძალის წყალობით ჩვენი ბავშვები კვლავ იოლად, ხალისითა და შემეცნების სიხარულით დაეუფლებიან წერა-კითხვას, პირველ ნაბიჯებს გადადგამენ გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში, ისწავლიან სამშობლოს სიყვარულს და საფუძველს ჩაუყრიან კარგ მოქალაქეობას. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ „დედა ენის“ დაბრუნება სკოლებში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა და ბედნიერი ვარ, რომ მრავალ ადამიანთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში“, - განაცხადა მინისტრმა.

ბატიაშვილმა ახალი „დედა ენის“ შემუშავება განსაკუთრებით მიულოცა მომავალ თაობებს და მადლობა გადაუხადა სამუშაო პროცესში ჩართულ პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლებს, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრებს, ლიტერატურის მცოდნეებს, მხატვრებს, ტექნიკურ პერსონალს და რაც მთავარია - სახელოვან მეცნიერებს, „დედა ენის“ სარედაქციო სამუშაო ჯგუფის წევრებს, მათ ვინც, მთელი შეგნებული ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა მიუძღვნეს ამ დიდ საქმეს“, - ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა