ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2019

20 ივნისის აქციის დარბევის საქმე - ერთი პოლიციელი დააპატიმრეს, 10-ს უფლებამოსილება შეუჩერეს

ვინ ცდილობს აზერბაიჯანთან კონფლიქტის პროვოცირებას

***

20 ივნისის აქციის დარბევის საქმე - ერთი პოლიციელი დააპატიმრეს, 10-ს უფლებამოსილება შეუჩერეს

“ე.წ. გავრილოვს ღამიდან, 20 ივნისის აქციის დაშლიდან, 25 დღის გასვლის შემდეგ პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და გამოაცხადა, რომ მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია შს სამინისტროს ერთი თანამშრომელი. დაზარალებული მოქალაქე იურისტი დავით ნიორაძეა, პოლიციელის ვინაობა არ საჯაროვდება. პროკურატურას 25 დღე დაჭირდა იმისთვის, რომ საჯაროდ არსებული კადრებიდან, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაა ასახული, მხოლოდ ერთი პოლიციელის დანაშაული დაედგინა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 20 ივნისის აქციის დარბევის საქმე - ერთი პოლიციელი დააპატიმრეს, 10-ს უფლებამოსილება შეუჩერეს

"პროკურატურის ბრიფინგს შს სამინისტროს გამოხმაურებაც დაემატა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა და უფლებამოსილება შეუჩერდა 10-მდე პირს, მათ შორის, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს. საგულისხმოა ის, რომ აქციის დაშლიდან 25-ე დღეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა კადრიც, სადაც ჩანს პოლიციელი ფიზიკური ძალადობით როგორ სვამს იურისტ დავით ნიორაძეს მანქანაში და ნიორაძეზე ძალადობის ამსახველი ეს კადრები პროკურატურამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა გავრცელებული „რუსთავი 2"-ს. მაშინ ნიორაძემ „კურიერს" უთხრა, რომ პოლიციელემა ჯერ აგინა და პანღური ამოარტყა დამცირების მიზნით, შემდეგ ცემით ჩასვეს მანქანაში და მასზე ძალადობა დაკავების შემდეგაც გაგრძელდა. მისი თქმით, სპეცრაზმელები მხოლოდ იმიტომ დაესხნენ თავს, რომ აქციის დარბევას ტელეფონით იღებდა, რის გამოც ტელეფონი დაუმტვრიეს, თუმცა ეკრანის გათიშვის შემდეგ ტელეფონმა ჩაიწერა ხმები, როგორ არაადამიანურად ეპყრობოდნენ და როგორ ითხოვდა ის ექიმს. „რომ დამაკავა, შემიყვანეს თავის ალყაში, დამაწვინეს ძირს და მაგრად დამიმუშავეს ფერდები, ჩამიტეხეს მარჯვენა მხარეს მეთერთმეტე ნეკნი," - იხსენებს დავით ნიორაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მიუხედავად იმისა, რომ დავით ნიორაძემ პოლიციელების მხრიდან მის ცემის ფაქტების გადაღება მობილური ტელეფონით მოახერხა, შს სამინისტრო მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. 20-21 ივნისის აქციის სამართლებრივი შედეგი ასეთია: აქციის მონაწილეების მხრიდან, დაკავებულია 4 მოქალაქე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, იკითხებიან პოლიტიკოსები და ბრალდებულია დეპუტატი ნიკა მელია. სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით შსს-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერა დროებით, 20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე. ასევე 10 სამართალდამცველს შეუწყდა უფლებამოსილება და ბოლოს, პროკურატურამ დააკავა პოლიციელი. საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს პოლიციელი, რომელმაც 21 ივნისს გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე გადაამეტა თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე”, - განაგრძობს გამოცემა.

"შსს-ს თანამშრომელი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილი "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით," - განაცხადეს პროკურატურაში. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, სხვა შესაძლო დამნაშავეების გამოვლენის მიზნით. ამ მიზნით გამოკითხულია რამდენიმე ასეული პირი და მიმდინარეობს მასალების შესწავლა. პროკურატურის ბრიფინგამდე დილით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ აქციის დაშლისას პოლიციამ გამოიყენა ლეგიტიმური ძალა, თუმცა სამწუხაროდ იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და გამოიყენა ზედმეტი ძალა, რაც გამოძიებამ უნდა დაადგინოს და დაუსჯელი არავინ დარჩება”, - დასძენს გამოცემა.

"სამწუხაროდ, გვყავს დაზარებული ადამიანები, ახალგაზრდები და პოლიციელები. არავინ დარჩება დაუსჯელი და ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს 21 ივნისიდან, არის ამის მკაფიო დემონსტრირება. ისევე, როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, უპასუხისმგებლო ადამიანები არ აცდებიან პასუხისმგებლობას, რომ გამოიყენეს ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის", - განაცხადა ბახტაძემ. კითხვაზე, რატომ არ არის დაკავებული მაგალითად სპეცრაზმელი ზაზა ფანცქალაშვილი, რომელიც ცდილობდა დამიზნებით ესროლა ოპერატორისთვის, ბახტაძე აცხადებს, რომ ყველა დაისჯება, ვის მიმართაც ძალის გადამეტება დადგინდება. „გვარი, რომელიც თქვენ ახსენეთ ან ნებისმიერი სხვა გვარი, რომელიც შეიძლება, მონაწილეობდა იმ პროცესებში, რასაც ჰქვია ძალის გადამეტება, გეუბნებით და პროცესი ამას აჩვენებს, რომ ყველა კანონის ფარგლებში იქნება დასჯილი. გამოძიება უნდა დასრულდეს", - წერს სტატიის ავტორი.

ვინ ცდილობს აზერბაიჯანთან კონფლიქტის პროვოცირებას

"ქვეყნის გამოწვევების წინაშე თვითონ ხელისუფლებაში არაა გარკვეული სიმყარე და მდგრადობა. როდესაც ცენტრი სუსტია, პერიფერიებზე სხვადასხვა მარგინალური ძალები თავს წამოყოფს ხოლმე. "აზერბაიჯანს არანაირი ინტერესი არ გააჩნია საქართველოსთან ურთიერთობა დაძაბოს, რადგან კავკასიაში თუ რამე კარგად მუშაობს, ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებია," - აცხადებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დავით გარეჯში არსებული ვითარების შესახებ საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვინ ცდილობს აზერბაიჯანთან კონფლიქტის პროვოცირებას / „ასეთი ვნებათაღელვა მხოლოდ მონატრის გამო არ არის... რუსეთის ინტერესშია სერიოზული დარტყმა მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას“

"საქართველოში ისედაც დაძაბული ვითარების ფონზე, დრო და დრო მდგომარეობა დავით გარეჯშიც რთულდება, რაც აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუარესების კიდევ ერთი სიგნალია. 14 ივლისს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან ხატები გაიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტი გამოიწვია. ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით კი, სინამდვილეში აზერბაიჯანულმა მხარემ კელიებიდან ხატები მათი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გამოიტანეს. კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანელთა თვითმიზანი არ ყოფილა ხატების კელიებიდან გამოტანა იმ მიზნით, რომ ამ ხატებს იქ არაფერი ესაქმება. „მათ განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ხატები ზიანდებოდა, როგორც ქარის, ასევე წვიმის შემთხვევაში და ბრალდებები რომ არ ყოფილიყო მათი მისამართით, რომ ეს მათ დააზიანეს, ამიტომ ამოიტანეს ხატები აღდგომის მონასტერში და გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს," - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პაატა ზაქარეიშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ვითარების დაძაბვა აზერბაიჯანულ მხარესთან ხელოვნურად ხდება. მისი თქმით, სწორედ ქართველები ცდილობენ მეზობელ სახელმწიფოსთან მდგომარეობის გაურესებას, ეს ძალები კი რუსეთიდან იმართება. „სამწუხარო ფაქტებია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თვითონ ხელისუფლებაში არ არის გარკვეული სიმყარე და მდგრადობა ქვეყნის გამოწვევების წინაშე. როდესაც ცენტრი სუსტია, პერიფერიებზე სხვადასხვა მარგინალური ძალები თავს წამოყოფენ-ხოლმე და ეს ბუნებრივი მოვლენაა. "თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანს არანაირი ინტერესი არ გააჩნია ურთიერთობა დაძაბოს, რადგან კავკასიაში თუ რამე კარგად მუშაობს, ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებია. კავკასიის ტერიტორიაზე არის უამრავი კონფლიქტი: საქართველო-რუსეთი, აზერბაიჯანი-სომხეთი, ცალკე ყარაბაღის პრობლემა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა. ჩამონათვალი შეიძლება იყოს უამრავი. „ორი მყარი ურთიერთობა არსებობს, ეს არის საქართველო-აზერბაჯანი და საქართველო-სომხეთი. ახლა ვიღაცა ძალიან დაინტერესებულია საქართველო-აზერბაიჯანის ღერძის მუშაობაზე. ეს რუსეთის ინტერესებშია, მაგრამ ვინ აკეთებს ამას? - ქართველები. საზოგადოებაში არსებული ჯგუფები მონასტრის გამო, რომლებიც ხელისუფლებას მუშაობას არ აცლიან, მზად არიან ნებისმიერი სტრატეგიული დონის მდგრადი ურთიერთიერთობები ამოაყირაონ”, - დასძენს გამოცემა.

"ძალიან მაშფოთებს და მგონია, რომ ასეთი ვნებათაღელვა მხოლოდ მონატრის გამო არ არის. მონასტერი ათასობით წელია არსებობს და კიდევ ამდენი წელი იარსებებს. ეს მონასტერი ასეთი მოვლილი არასდროს ყოფილა, რაც ბოლო 300-400 წლის განმავლობაშია. დღეს ამ მონასტრის გამო ასეთი ვნებათაღელვა აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცას აინტერესებს სერიოზული დარტყმა მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, რაც ჩემთვის შემაშფოთებელია," - აღნიშნა მან. ვინ ახდენს ვითარების პროვოცირებას? ამ საკითხის შესახებ საუბრისას ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „ის ადამიანები, ვინც იქ მიდის და ხმაურობს." „იმ ხალხს, ვინც იქ მიდის და ხმაურობს. იმ ძალების უკან კი შესაძლოა, რუსეთის ინტერესები არსებობდეს. ერთადერთი, ვისაც ეს არეულობა აწყობს, რუსეთია. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭება კი არ აწყობს, ზოგადად არეულობები. სადაც გაუვა, იქ აწყობს არეულობას. „რუსეთს აინტერესებს ნებისმიერი ფორმის არეულობა. ამიტომ მგონია, რომ ძალიან კარგად ეთამაშება რუსულ თემებს ის ხალხი, ვინც დღეს მონასტრის „გადარჩენას" ცდილობს. მონატრებს არავითარი პრობლემა არ აქვს. ზოგადად პრობლემები არსებობს, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფონზე მოგვარებადია, ყოველგვარი დამატებითი დაძაბვის გარეშე. შეიძლება ითქვას, სწორ ადგილზე ვბორძიკებთ," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზა რამდენიმე დღით დაკეტეს, რასაც საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიებმა მაისიდან განაახლეს წლების განმავლობაში შეჩერებული მუშაობა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა