სერგო მეთოფიშვილი - ნაზიბროლა ჯანეზაშვილს არც მორალი და არც სინდისი არ გააჩნია, ამიტომაც ლაპარაკობს უზნეოდ

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას. უნიჭოდ ასრულებენ. არ აქვთ კომპეტენცია და არც განათლება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ამ წუთებში კამათის ფონზე მიმდინარეობს. საბჭო დღევანდელ სხდომას ესწრება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა, სადაც თოდუამ განმარტებები გააკეთა მის მიმართ 15 ივლისს ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე. კამათი საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და მოსამართლე წევრებს შორის ამ საკითხის განხილვას მოჰყვა.

სხდომაზე ჯანეზაშვილმა თოდუას კითხვები დაუსვა, თუ რის საფუძველზე უხდიდა მას ბინის ქირას იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამას კი სხდომაზე სერგო მეთოფიშვილი გამოეხმაურა.

"ნაზიბროლას არ აქვს ზნეობა, არც მორალი და არც სინდისი არ გააჩნია, ამიტომაც ლაპარაკობს უზნეოდ. შევარდნაძის დროინდელი ტენდენციური დაკითხვა გამახსენდა. მეც არ დამიკითხავს ბრალდებულები, როგორც ახლა ექცეოდა ქალბატონი ნაზიბროლა მოსამართლე ილონა თოდუას. თავისი არაკომპეტენტურობის გამო არც კი ესმის რაზე არის საუბარი, ეს არის მისი განათლების პრობლემა. მეტი არაფრის პრობლემა არ არის, ერთადერთი მან იცის "კლანი", ჩინჩალაძე და ა.შ", - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

ამის შემდეგ კი სხდომაზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა ანა დოლიძემ, რაზეც შესაბამისი პასუხი გასცა საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

"დესტრუქციული საქციელია რასაც აკეთებთ, ელემენტარული კულტურა არ გაქვთ, რომ კოლეგებს მოუსმინოთ. ეს არის მიზანმიმართული ქმედება ჩაშალოთ სხდომა",- მიმართა გიორგი მიქაუტაძემ ანა დოლიძეს.

ამასთან, სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძე აჟიოტაჟის ატეხვაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, დოლიძემ მეთოფიშვილს მოუწოდა, რომ გაიხსენოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი.

"დღის წესრიგი გახსოვთ, ბატონო სერგო?! ვიხილავთ ილონა თოდუას ქონების საკითხს", - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ილონა თოდუამ მის სახელზე გაფორმებული საცხოვრებელ ბინა 2014 წელს დედამისს გადაუფორმა, ხოლო ამის შემდეგ კი, სადაც საცხოვრებლად გადავიდა იმ ბინის თანხას იუსტიციის უმაღლესი საბჭო უხდიდა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს