მამუკა ბახტაძე - გიორგი გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას, ისე როგორც არც მე და არც  ჩვენი გუნდის სხვა წევრი

შსს-ს მხრიდან კონსტიტუციის დაცვა თურმე ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება - ამ კონტექსტის განვითარებაც სურს უპასუხისმგებლო ოპოზიციას. გიორგი არ გაურბის პასუხისმგებლობას, ისე როგორც არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას ბოლოდროინდელ გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტის თქმით, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მოხდა.

„ვფიქრობ, რომ შეკითხვაში ცდილობთ, ხელოვნურად დაამძიმოთ კითხვის კონტექსტი. ეს „ქეისები“... რამდენიმე მათგანი არის ტრაგიკული, გამოძიება მიმდინარეობს, ვინც სასტიკი დანაშაული ჩაიდინა - ხორავას ქუჩის საქმეს ვგულისხმობ, იცით, რომ ეს სასამართლოში იხილება. რატომ უკავშირებთ ამ საქმეებს ერთმანეთს? თქვენ მითხარით, რომ რამდენიმე საკითხი დაგროვდა ერთად. მოდით, გულწრფელები ვიყოთ. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა იმ დღეს თბილისში და ეს იყო ტრაგედია თითოეული ადამიანისთვის. მიმდინარეობს გამოძიება. ამ საქმეს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა და 100%-ით უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და არ შეეცადოთ, დავუკავშიროთ ერთმანეთს ისეთი საქმეები, რომელთაც ბუნებაში კავშირი არ აქვთ. რაც შეეხება თავად გიორგის, ბუნებრივია, ის არის ჩვენი გუნდის წევრი და თქვენი კითხვის კონტექსტი არის სრულიად არალერევანტური. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ადამიანს ჩვენს გუნდში, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება, ასეთი ფიზიკურად არ არსებობს, მაგრამ რასაც უპასუხისმგებლო ოპოზიცია ითხოვს, ეს არის სრულიად მიუღებელი. ანუ, ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თურმე ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება. ეს არის ის კონტექსტი, რა კონტექსტის განვითარებაც სურთ ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს. გიორგი არ გაურბის პასუხისმგებლობას, ისევე, როგორც არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა წევრი. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, ობიექტურად დ გამჭვირვალედ იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების, გარკვეული პირების მხრიდან ძალის ზედმეტ გამოყენებას“, - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ის, რომ საზოგადოებას 20 ივნისის ღამეს მომხდარის დამახინჯებული სურათი მიეწოდოს, სრულიად მიუღებელია და ამას მთავრობა არ დაუშვებს, ისევე, როგორც მისივე თქმით, გუნდის არც ერთი წევრი არ გამოეკიდება თანამდებობას.

„ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შემთხვევებიც იყო და ამაზე ვართ ორიენტირებულები, რომ ამას გაეცეს პასუხი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ზოგად სურათს, მთავარ პრობლემას, რამაც ეს გამოიწვია და შემდეგ არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობას, რომ სრულიად დამახინჯებული სურათი მიაწოდონ ქართველ საზოგადოებას, ეს არის სრულიად მიუღებელი. ის დღე იყო ძალიან დიდი გამოწვევა ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ ხომ გვსურს ყველას სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება და მისი მშენებლობა და ის, რომ გავხდეთ ევროპული სრულფასოვანი ოჯახის წევრი? თქვენ რომელ ქვეყანაში, რომელ შემდგარ დემოკრატიაში წარმოგიდგენიათ, რომ მიმდინარეობდეს პარლამენტის შტურმი? ერთი დამისახელეთ. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, რომ გვსურს მდგრადი დემოკრატიის მშენებლობა და მეორე მხრივ, ყოველდღიურად ცდილობენ, რომ მას საფუძველი გამოაცალონ. ეს ხომ მიუღებელია? მე გარწმუნებთ უბრალოდ, ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არასდროს სკამს არ გამოეკიდება და სწორედ ეს არის ჩვენი სულისკვეთება. ამავე დროს ჩვენ არასდროს მივცემთ დესტრუქციულ ძალებს იმის მცირე შანსსაც კი, რომ საქართველო იყოს აგრესიული დღის წესრიგის მძევალი. ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდი და გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად პატივს კანონს სცემს. ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული და ეს იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე რეჟიმში, ისე, რომ მცირე კითხვის ნიშანიც კი არ დარჩეს არავის“, - განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია