ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2019

მამუკა არეშიძე - “ეს იყო რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაცია”

გია ხუხაშვილი – “რუსთავი 2” პროპაგანდისტული ინსტრუმენტია და სასაცილოდ ჟღერს, რომ ხალვაში ამ ინსტრუმენტის დატოვებას აპირებს”

დავით უსუფაშვილი - “ივანიშვილი შეეგუა აზრს, “ოცნება” თუ ხელისუფლებაში დარჩება, მხოლოდ კოალიციაში”

* * *

მამუკა არეშიძე - “ეს იყო რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაცია”

“როგორც ჩანს, “რუსთავი 2”-ის პოზიცია იურიდიულად ვერ იყო გამართული, ამას ხვდებოდნენ თვითონაც და ორიოდე კვირის წინ “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები წუხდნენ, რომ სტრასბურგში მათი საქმე არ იყო მაინცდამაინც კარგად… იყო თუ არა “რუსთავი 2” დემოკრატიის შუქურა? რასაკვირველია, არ იყო. ეს ტელეკომპანია იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალის პოზიციების დამცველი, ფაქტობრივად, პარტიული ტელევიზია, რომელიც არსებული ხელისუფლების რადიკალურ ოპოზიციაში იყო. ხომ გამორიცხულია ერთდროულად იყო პარტიული ტელევიზიაც და დემოკრატიის შუქურაც? უნდა იყოს თუ არა კრიტიკული მედია? რა თქმა უნდა, უნდა იყოს. ეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რათა ხელისუფლებას და საზოგადოდ, პოლიტელიტას, მოდუნების საშუალება არ მიეცეს, რათა იცოდეს საჯარო მოხელემ, რომ მის საქმიანობას საზოგადოება აკონტროლებს”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს იყო რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაცია” / “მე ერთი შეკითხვა მაქვს ოქრუაშვილთან: თუ ეს ტელევიზია შენი იყო, რა თანხით შეიძინე მაღალჩინოსანმა, ქვეყნის ბიუჯეტით?!” / “აშკარაა, ქვეყნის წინააღმდეგ მასშტაბური პროვოკაცია იყო დაგეგმილი, რომლის ერთი რგოლი გახლდათ გავრილოვის თემა, ხელისუფლებამ კი ვერ შეძლო ვერც ამ გამოწვევის ლიკვიდაცია, ვერც დროულად რეაგირება”.

“ზოგჯერ “რუსთავი 2”-ის საქმიანობა, სანამ ის ყოვლად დემაგოგიურ და ტყუილზე დაფუძნებულ პროდუქტად არ იქცეოდა, აბსოლუტურად მისაღებიც იყო და საჭიროც. კრიტიკული ტელევიზიები რომ არ იყოს ქვეყანაში, ხელისუფლების მოხელეები გაცილებით უარესად მოიქცეოდნენ, ვიდრე ახლა იქცევიან, როდესაც პასუხისმგებლიანობის თამაშს მაინც ცდილობენ. თუმცა ვიმეორებ, ერთია კრიტიკულობა, თუნდაც უკიდურესად რადიკალური, და მეორე - დემაგოგია და ტყუილის ტირაჟირება, რასაც "რუსთავი 2" ხშირად ეწეოდა. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს. პროგნოზირება ძნელია, ყოველ შემთხვევაში, ნავსაყუდელი "ტვ მესამის" სახით და ახალი ტელევიზიის შექმნის შანსი ამ კოლექტივს აქვს. ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი მაღალორგანიზებული და მაღალპროფესიული კადრებით დაკომპლექტებული ტელევიზია და მას შეინარჩუნებს თუ არა ხალვაში, არ ვიცი. ჩემი აზრით, სამართლებრივად სწორი ვერდიქტი დადგა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, რასაკვირველია, არა - ეს ტელევიზია ასეთივე მაქინაციებით მიიღო ხალვაშმა დამფუძნებლების ერთი ჯგუფისგან, როგორც მერე მასაც წაართვეს…”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“როგორც ვიცი, დამფუძნებელთაგან ეროსი კიწმარიშვილს მისცეს დიდი კომპენსაცია, აქიმიძესა და დვალს კი კაპიკები მიუგდეს. აქედან გამომდინარე, მათ იძულებით გადააფორმებინეს ვიღაც სხვისთვის ქონება და მერე იმ სხვისგან გამოისყიდა ხალვაშმა. თითქოს ის კეთილსინდისიერი მყიდველი გამოდის, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებასთან ახლომდგომ ხალვაშს არ სცოდნოდა, როგორ გასხვისდა ეს ტელევიზია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხალვაშმა, რა თქმა უნდა, იცოდა ყველაფერი, მაგრამ ისე იყო სააკაშვილის ხელისუფლებისგან შეშინებული, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა. როცა ეს გაბედა სულ სხვა თემაზე, ვნახეთ, მას და მის ქონებას რაც დაემართა - ფაქტობრივად, ქონების ნაწილი წაართვეს, ნაწილი კი დაუწვეს, თვითონ კი წლების განმავლობაში დევნილი იყო. სწორად მოიქცა ხალვაში, დვალსა და აქიმიძეს თანამშრომლობა რომ შესთავაზა, თუმცა არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ეს თანამშრომლობა. აქვე ვიტყვი - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ტოტალური რომ ყოფილიყო, მაშინ ბევრად ეფექტიანი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვხედავთ, რომ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში, კონიუნქტურიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც საზოგადოებას გულს სწყვეტს და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას უჩენს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

ბიძინა ივანიშვილი ხომ არ წასულა იმ გზით, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მიდიოდა, ის არსად შევარდნილა, არავინ დაურბევია, არც ეთერი გაუთიშავს - თუ ივანიშვილი ჩართულია ამ ყველაფერში, გამოდის, მან სწორი გზა - სასამართლოს გზა აირჩია. რაც შეეხება განცხადებებს, რომ ბიძინა ივანიშვილს გავლენა აქვს სტრასბურგზე, რომ ყველაფრის ყიდვა შეუძლია, იდიოტიზმია. მათივე პოლიტიკური მომავლისთვისაა კონტრპროდუქტიული, ევროსასამართლოს ხან ივანიშვილის და ხანაც რუსეთის მოსყიდულად რომ აცხადებენ. ჯვაროსნული ლაშქრობისთვის რომ უხმო უკრაინიდან სააკაშვილმა თავის მომხრეებს, სტრასბურგზე აპირებდა გალაშქრებას?! ნონსენსია ეს ყველაფერი… რაც შეეხება თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის პრეტენზიას, არ ვიცი, შეიძლება მართლაც ასე იყო და მისი ფულით იყო ნაყიდი ტელეკომპანია. იმჟამად ეგ და ხალვაში ძმაკაცები იყვნენ, ოქრუაშვილმა კი ეს იმისთვის გააკეთა, რათა ხალხს არ გაეგო, რა ოდენობის მილიონების მფლობელი იყო. მე ერთი შეკითხვა მაქვს ოქრუაშვილთან: თუ ეს ტელევიზია შენი იყო, რა თანხით შეიძინე მაღალჩინოსანმა, ქვეყნის ბიუჯეტით?!”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ბიძინა ივანიშვილმა გასულ კვირას პირველად შეაფასა ვრცლად ქვეყანაში შექმნილი ვითარება. თქვენი აზრით, რამდენად სწორად ხედავს ვითარებას და “ქართული ოცნების” დაშვებულ შეცდომებს ბიძინა ივანიშვილი?” – პასუხობს:

“ფაქტია, შეცდომები ძალიან დიდი იყო. აშკარაა, ქვეყნის წინააღმდეგ მასშტაბური პროვოკაცია იყო დაგეგმილი, რომლის ერთი რგოლი გახლდათ გავრილოვის თემა, ხელისუფლებამ კი ვერ შეძლო ვერც ამ გამოწვევის ლიკვიდაცია, ვერც დროულად რეაგირება, შედეგად კი 20 ივნისის ღამეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა უკვე მომდევნო დღეებში ხელისუფლებამ, ასე თუ ისე, გადაწყობა მოახერხა და ბევრად ეფექტიანად იმოქმედა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ საქმისთვისაც”.

“ხელისუფლებამ ბოლო თვის განმავლობაში ორ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: სწორი სვლა გააკეთა - პროპორციულ არჩევნებს დაგვპირდა, რამაც ნაყოფი გამოიღო და დიდი ბზარი გააჩინა ოპოზიციურ პარტიებს შორის, და არენაზე გამოიყვანა ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა შესაძლებლობა მწირია, მაგრამ მათი ლიდერების ხმა კარგად ესმის საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატებად უნდა ჩაითვალოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. აქედან გამომდინარე, დღეს ინიციატივა ხელისუფლების ხელშია, მიუხედავად წლების განმავლობაში დაშვებული უამრავი შეცდომისა და შეუსრულებელი დაპირებისა. რაც შეეხება გახარიას, პირველივე დღეებში ვთქვი, გახარიას ადგილას გადავდგებოდი-მეთქი, მაგრამ მას მერე, რაც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო მომხდარზე, არამედ გამოძიების შედეგებზეც, ვფიქრობ, უნდა მიეცეს შანსი თავისი ნათქვამის შესასრულებლად, ოღონდაც გამოძიება არ უნდა გაჭიანურდეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის მისი ძირითადი კონტურები უნდა გახდეს ცნობილი”, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

"გავრილოვზეც მინდა ორიოდე სიტყვის თქმა. ის წალკელი ბერძნების შთამომავალია, მისი ბებია-ბაბუა სწორედ წალკაში არიან დაკრძალული. გავრილოვი ბოლო ოთხ არჩევნებზე ცდილობდა დუმაში შეძრომას, ბოლოს კომუნისტებს მიეკედლა, მანამდე კი იმ ადამიანის ხელის ბიჭი გახდა, რომელსაც 2016 წლამდე ფედერაციის საბჭოში საქართველოს მიმართულება ებარა - ის სამხედრო გენერალია. სწორედ მისი წყალობით მოხვდა გავრილოვი დუმაში, სავარაუდოდ, სპეცსამსახურებმა ასევე “შეტენეს” ასამბლეაშიც და, ბოლოს და ბოლოს, გამოიყენეს ამ საქმისთვისაც. მოკლედ, დაბალი დონის აგენტია. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს იყო რუსული სპეცსამსახურების ოპერაცია, რომელსაც ხელს უწყობდნენ საქართველოშიც. აი, უპირველესად, ეს ყველაფერი უნდა გამოიძიონ. ვფიქრობ, ივანიშვილის განცხადება, გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებაო, ძალიან გაზვიადებულია, თუმცა ამ ეტაპზე გახარიას გადადგომას არც მე ვუჭერ მხარს. ვნახოთ, რას გამოიძიებს. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილი და ხელისუფლება დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად აღიქვამდნენ. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ არ მოხდებოდა თუნდაც პანკისის მოვლენები და მერე ამის მიყოლებით სხვა პროცესებიც”, - დასძენს არეშიძე.

გია ხუხაშვილი – “რუსთავი 2” პროპაგანდისტული ინსტრუმენტია და სასაცილოდ ჟღერს, რომ ხალვაში ამ ინსტრუმენტის დატოვებას აპირებს”

“სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ბუნებრივია, ჩვენ ამაზე არ უნდა ვიკამათოთ, ის უნდა აღსრულდეს. თუმცა პრობლემა ამ კონკრეტული სასამართლო დავის მიღმაა და ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე დავა პირველ მიშასა და მეათე მიშას შორის. იმიტომ რომ, თვითონ ხალვაშიც ნომინალური მფლობელი იყო და ამაზე საკმარისად ბევრი ინფორმაციაა. რეალურად, ისტორია სულ სხვანაირი იყო და კარგად ვიცით, როგორ მოხდა დამფუძნებლების ჩამოშორება, მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილი იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელევიზიას ფაქტობრივად იძულებით ჩამოაშორეს. მათ პროკურატურაში ამ საქმეზე სარჩელიც აქვთ შეტანილი, რომელსაც მტვერი ედება და ხდება ის, რაც ხდება“, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „რუსთავი 2“ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტული ინსტრუმენტია და სასაცილოდ ჟღერს, რომ ხალვაში ამ ინსტრუმენტის დატოვებას აპირებს“.

“შესაბამისად, საერთოდ არ არის საინტერესო ხალვაში ამ დავაში ყარამანიშვილებთან მართლია თუ მტყუანი, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც სხვადასხვა დროს აფილირებული იყო მაშინდელ ხელისუფლებასთან. ხალვაში იყო იმ ხელისუფლების პირველი ნომინალური წარმომადგენელი. ფულის წარმომავლობაც გაუგებარია. რა ფული იყო გადახდილი, ვისთვის იყო გადახდილი და ვისთვის - არა, იცოდა თუ არა ხალვაშმა, რომ დვალსა და აქიმიძეს ასე პირდაპირ გადაგდებას უპირებდნენ ტერორის ქვეშ - ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. ეს საქმე, რაზეც გესაუბრებით, არის სტრასბურგის დავის საგნის მიღმა. სტრასბურგი ასე ღრმად ვერ წავიდოდა, მას ჰქონდა კონკრეტული მოცემულობა და ის არკვევდა ორ სუბიექტს შორის დავას. სინამდვილეში, სამართლიანობის გაგებით არც ერთი ეს სუბიექტი არ არის “რუსთავი 2”-ის მფლობელი. ანუ, სხვის ქონებაზე დაობდნენ და მათ შორს ერთ-ერთი აარჩია სტრასბურგის სასამართლომ, ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ქიბარ ხალვაშის მხარე გვიმტკიცებს, რომ სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხებიან, რაც სრული აბსურდია და გეტყვით, რატომ. ერთის მხრივ, არის მუდმივი აპელირება, რომ “რუსთავი 2” არის “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტული ინსტრუმენტი და სასაცილოდ ჟღერს, რომ ხალვაში ამ ინსტრუმენტის დატოვებას აპირებს. სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება კი არ არის პრობლემა, შეიძლება ის შეიცვალოს, პრობლემაა - რადიკალურად, საპირისპირო ნიშნით შეცვლაში. ხალვაშს არავინ ეუბნება, რომ სარედაქციო პოლიტიკა იგივე დატოვოს, ეს აბსურდი იქნებოდა, მაგრამ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ობიექტურობის კუთხით და არა ხელისუფლების პროპაგანდის მიმართულებით, რაზეც ძალზედ სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვია. ხალვაშს ძალიანაც რომ მოუნდეს ამ კონტროლიდან გამოსვლა და დამოუკიდებელი ტელევიზიის მშენებლობა, ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, რითაც ძალიან ადვილად დააყენებენ თავის ადგილზე. თუნდაც დვალისა და აქიმიძის საქმიდან გამომდინარე. როცა ეს ორი ადამიანი ღამით მიიყვანეს ნოტარიუსთან და წილები ძალისმიერად, კაპიკებში გადააფორმებინეს ვიღაც ფლოსტებიან კაცზე, რომელმაც იქვე მეყსეულად ტელევიზია გადაუფორმა ხალვაშს, ეს საქმე გამოსაძიებელია, რადგან ძალიან მძიმე დანაშაულთან შეიძლება გვქონდეს საქმე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ ხალვაში საერთო ენას გამონახავს კომპანიის დამფუძნებლებთან და მენეჯმენტს გადასცემს დავით დვალს, მე ყველა ჩემ კითხვას მოვხსნი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კითხვები დამრჩეს. ყველაფერს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ ისტორიაში ძალიან კარგად ვარ ჩახედული, მათ შორის პირადი კომუნიკაციის თვალსაზრისით, ამიტომ დაახლოებით ვიცი, რას იზამს დვალი. ის შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას, მაგრამ მხოლოდ ობიექტურობის მიმართულებით. ის არ არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება. ეს ჩემთვის დამაკმაყოფილებელია. თუმცა ვერ წარმომიდგენია, რომ დვალი გახდება გენდირექტორი. ვინც მთელი ეს სპეცოპერაცია ჩაატარა წლების განმავლობაში, მას თუ უნდოდა დვალის კონტროლის ქვეშ ტელევიზიის დაბრუნება, ამის ბევრად უფრო მარტივი გზა არსებობდა - მის სარჩელზე უნდა შემდგარიყო გამოძიება, წილების იძულებით დათმობაზე. ახლა დვალთან საქმის დაჭერა არ მოინდომეს იმიტომ, რომ დვალის კონტროლი ძნელია და ამიტომ ის არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არის საინტერესო. დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით ხალვაშთან პარტნიორობა ბევრად უფრო კომფორტული იყო, ვიდრე დვალი-აქიმიძესთთან და ამიტომ დაიწყო ხალვაშის სარჩელის გამოძიება”, - განმარტავს ექსპერტი.

“გვარებით ლაპარაკს არ დავიწყებ. პერსონიფიცირებას არ აქვს აზრი. საზოგადოებაში დიდ ხანია განსაზღვრულია, ვინ არის პასუხისმგებელი დღეს... კითხვები ჩნდება ყველასთან. საიდან ჰქონდა მილიონები მას, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემი ინფორმაციით, არც ხალვაშის და არც ოქრუაშვილის ფული არ გადაუხდიათ 2004 წელს, ფული საერთოდ სხვისი იყო - ვინ გადაიხადა იმას ჰკითხეთ, ვინც ამაზე საუბრობს… ჩემი ინფორმაციით, ეს არის მესამე მხარის ფული და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ეს მესამე მხარე?! ნაწილობრივ, ოქრუაშვილი ამაზე საუბრობს, როცა ამბობს, რომ ეს არ იყო მხოლოდ მისი ფული. ამ დროს კი ხალვაში ამტკიცებს, რომ თავისი ფული გადაიხადა და ეს ასე არ იყო... ოქრუაშვილი გამოცდილი იურისტია, ამიტომ ამბობს, რომ მარტო მისი ფული არ იყო, სხვების ფულიც იყო. ხელისუფლება ახლა საკმაოდ სერიოზულ უხერხულობაშია შესული, იმიტომ რომ, თუ გამოძიებას დაიწყებს, ვისი ფული იყო, შეიძლება ისეთ რაღაცას გადააწყდეს, რისი თქმაც თვითონ ხელისუფლების ინტერესებში არ იყოს და პრობლემები შეექმნას. ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ამიტომ ასეთ გამოძიებას არ ჩაატარებენ”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე – “ოქრუაშვილის სარჩელზე გამოძიებას არ უნდა ველოდოთ?” – პასუხობს:

“შევხედოთ. მცდელობაში ყველაფერი გამოჩნდება. ფაქტია, “რუსთავი 2”-ის ირგვლივ სულ ასეთი უბედურება იქნება, სანამ არ აღდგება სამართლიანობა”.

დავით უსუფაშვილი - “ივანიშვილი შეეგუა აზრს, “ოცნება” თუ ხელისუფლებაში დარჩება, მხოლოდ კოალიციაში”

“20-21 ივნისი იყო დაგროვილი პრობლემების ამოფრქვევის დღეები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს უფრო გაღრმავდა. ამას ხელი შეუშალა ორი პოლუსის არსებობამ და მტრის ხატების დახატვამ, რომელიც ორივე მხარეს მთავარ საარჩევნო ტაქტიკად ჰქონდა. როგორც კი გაჩნდა ისეთი საკითხი, რომელიც არ ეხებოდა პარტიულ დაპირისპირებას, უამრავი ხალხი გამოვიდა გარეთ. ეს არ იყო მხოლოდ გავრილოვის საწინააღმდეგო მუხტი, ეს იყო საბაბი, დეტონატორი - მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მწვავედ გააპროტესტა ჩვენი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება და ამაზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნებაა”. ამ ვითარების შექმნაში “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ოცნებას” თანაბარი წვლილი მიუძღვით”, - აცხადებს “შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი შეეგუა აზრს, “ოცნება” თუ ხელისუფლებაში დარჩება, მხოლოდ კოალიციაში” / “მინიმუმ სამი პარტიის ერთად დადგომა იქნება აუცილებელი უმრავლესობის შესაქმნელად. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ერთ-ერთი მოთამაშე”.

“20-21 ივნისის მოვლენების განვითარებისას ვნახეთ, როგორ უხეშად ჩაერია ორივე მხარე ჯანსაღ საზოგადოებრივ პროტესტში. ჯერ იყო პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტში შესვლისკენ ბიძგი, მერე ამ კანონდარღვევის აღკვეთის მცდელობისას “ოცნების” ახალი კანონდარღვევა, გამოვლენილი სისასტიკით. თუმცა ამ მსხვერპლის ფასად მივიღეთ პროპორციული არჩევნების პოლიტიკური დაპირება, მაგრამ ესეც მისაღწევია... სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია ვეღარ ვხედავ იმ ივანიშვილს, რომელიც გავიცანი. 2015 წლის შემოდგომიდან სრულიად სხვა ღირებულებებისა და სულ სხვა ქცევების ადამიანს ვხედავ. ბოლო მისი საჯარო გამოსვლაც ამის დასტური იყო. როდესაც შარშან პოლიტიკაში დაბრუნდა, მეგონა, რაღაც გამოსწორდებოდა, ვიფიქრე, დაინახა, რომ ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით წაიყვანა ბევრი საქმე და ახლა რაღაცების შეცვლა უნდა-მეთქი, მაგრამ მივიღეთ კიდევ უფრო დაზარალებული და დასუსტებული სახელმწიფო სისტემა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

“გვყავს არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც არანაირი წონა არ გააჩნია. 3-4 წლის წინ ზურაბიშვილს უფრო მეტი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა საზოგადოებაში, ვიდრე დღეს პრეზიდენტის სტატუსით აღჭურვილს. ეს არის მძიმე შედეგი იმ გაუაზრებელი სტრატეგიისა, რომლის შემოქმედი "ქართული ოცნება", ივანიშვილი და ზურაბიშვილი ერთობლივად არიან. ზურაბიშვილს ქვეყნისთვის გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე შესაძლებლობა აქვს. ეს არის ივანიშვილის შემობრუნების პირველი ძალიან უარყოფითი შედეგი. მეორე შედეგია სასამართლოში არსებული ვითარება. ივანიშვილი გაზაფხულზე საზოგადოებას დაჰპირდა, ოღონდ ხმა მომეცით და ნახავთ, როგორ გამოვსწორდებითო, მაგრამ ამის ნაცვლად პარლამენტის დახმარებით სასამართლოში კლანის წევრების ქურდულად შეპარებას ცდილობდა. ბოლო მისი საჯარო გამოჩენაც მიმდინარე პრობლემებზე ემოციური რეაქცია უფრო იყო, ვიდრე გამოსავლის ძიება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ივანიშვილმა კარგად იცის, რომ პროპორციული არჩევნები კოალიციურ მთავრობას ნიშნავს. ამაზე თავის დროზე ხშირად გვისაუბრია. ეს კოალიცია “ქართული­ ოცნების” სადამფუძნებლო ამოცანაც იყო. გვქონდა საუბარი, რომ ქვეყანა მალე უნდა მივიდეს იმ ვითარებამდე, როცა ერთპარტიულობა დასრულდება. პროპორციული არჩევნები იმიტომ უნდა შემოგვეღო, რომ ხელი შეგვეწყო მრავალპარტიულობისთვის. სწორედ ამიტომ 2014-15 წლებში პარლამენტში დარეგისტრირდა პროპორციული არჩევნების დებულებები 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის. ასე რომ, ახლა კოალიციურ მთავრობაზე ივანიშვილის საუბარი ნიშნავს, რომ ის შეეგუა აზრს - “ოცნება” თუ ხელისუფლებაში დარჩება, მხოლოდ კოალიციაში და არა სხვაგვარად. რაც შეეხება იმას, ვინ სად იქნება, ამაზე მსჯელობა უსაგნოა. ერთ წელიწადში ძალთა თანაფარდობა შეიცვლება საარჩევნო სისტემის, მოქალაქეების განწყობისა და პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის გამო. ივანიშვილის განცხადება, რომ “ნაციონალების” გარდა, ყველასთან ითანამშრომლებს, უფრო პიარსვლას ჰგავს, ვიდრე ტაქტიკას. “ნაცმოძრაობაც” და “ოცნებაც” ამბობენ, მე ვიქნები ნომერი პირველი პარტია, რომელსაც კონსტიტუციით გადაეცემა მთავრობის ფორმირების უფლებაო. ამით აშანტაჟებენ სხვა მოთამაშეებს, რათა მათ მომავალი საქმიანობა ერთის ან მეორის ორბიტაზე ააგონ. საბოლოოდ ან ერთი ჩაგყლაპავს, ან მეორე. თუმცა ვურჩევ, სირბილს ნუ იჩქარებენ - მოდი, ყველა პარტიამ თავისი თავი გადაამოწმოს სამართლიან არჩევნებში, შევა თუ არა საერთოდ პარლამენტში და თუ შევა, რა პროგრამით”, - დასძენს დავით უსუფაშვილი და შეკითხვაზე – “ხაზარაძეს, როგორც ახალ მოთამაშეს, საპარლამენტო არჩევნებზე რა შანსი ექნება?” – პასუხობს:

“მთავრობა შეიძლება 4-5 პოლიტიკური მოთამაშით შეიქმნას, ხოლო ხაზარაძის წამოწყებას აქვს პოტენციალი, რომ ერთ-ერთი მათგანი იყოს. სავარაუდოდ, მომავალ არჩევნებში ლიდერი პოლიტიკური ძალები მიიღებენ არა 35-45%-ს, არამედ 10-20%-ის შუალედში რამდენიმე პოლიტიკური ძალა განთავსდება. ხაზარაძეს აქვს პოტენციალი, რომ წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის იყოს, არა იმიტომ, რომ თავად ხაზარაძეა ჯადოქარი, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ძალის დეფიციტია, რომელსაც სიტყვის საქმედ გადაქცევის უნარი შესწევს. ხაზარაძე სწორედ ამ ტიპის ადამიანია, თანაც პოლიტიკაში შემოდის ევროპული და დასავლური ინტეგრაციის გაძლიერების დროშით. ამ სეგმენტს კი ნამდვილად სჭირდება გაძლიერება”.

“მომავალ არჩევნებამდე ბევრი რამ ძირეულად შეიცვლება. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ორი მთავარი პოლიტიკური ძალა შეეჯახა ერთმანეთს. პოსტსაპრეზიდენტო საარჩევნო ბიძგები 20-21 ივნისის მოვლენებმა დაასრულა და ახალ პროცესებს დაუდო საფუძველი, ამიტომ საინტერესოა, მაგალითად, შემოდგომის მიწურულს როგორი იქნება ძალთა თანაფარდობა. არა მგონია, ასე მარტივად იდგეს საკითხი, რომ ან “ოცნებას”, ან “ნაცმოძრაობას” ცოტაღა აკლია, რომ უმრავლესობა მოიპოვოს. კოალიციის შესაქმნელად მინიმუმ სამ მსხვილ მოთამაშეს მოუწევს ერთად დადგომა. “შენების მოძრაობას” ექნება ამბიცია, რომ იყოს ერთ-ერთი მოთამაშე… რაც შეეხება საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის კვლევებს, საერთოდ კვლევები საინტერესოდ აჩვენებს ტენდენციებს. თუმცა შედეგს, რომლის მიხედვითაც 41%-ია ჩემ მიმართ დადებითად განწყობილი, ეიფორიაში არ ჩავუგდივარ. ეს არ ნიშნავს ხმის მოცემის მსურველთა წრეს, ეს კეთილგანწყობილ ამომრჩეველთა წრეა. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ამის მეოთხედი ხმებად ვაქციოთ, მაგრამ ეს კვლევები 20-21 ივნისამდე, გავრილოვამდე და გაბუნიამდე იყო. ახლა საზოგადოების ცნობიერება აჭრილია, იმედია, შემოდგომისთვის უფრო დამჯდარ სურათს მივიღებთ”, - დაასკვნის დავით უსუფაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა