სტრასბურგი და ხვალეო!..

ვინ როგორ წიაღსვლებშიც არ უნდა წავიდეს (კონსპირაციული თეორიების ჩათვლით) და რაც არ უნდა ფეისბუკის „wall“-ზე ჩამჭრელი თუ თითიდან გამოწოვილი პოსტები აქვეყნოს, ევროპის სასამართლოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამო, რეზიუმე არის ერთი: როგორც ამას წინათ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა თენგო გოგოტიშვილმა ნუგზარ ჯუღელის ფრთიანი ფრაზა გამოიყენა და თქვა „გინდა ახტი, გინდა დახტი, სტრასბურგი მაინც სტრასბურგიაო“, აბსოლუტურად ვეთანხმები და აქ როგორც ერთი ჩინოვნიკი იტყოდა „წერტილი“.

მთავარი მაინც მგონია ის არის, რა იქნება ხვალ… ჩემი გადმოსახედიდან ამ გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს (და არა მარტო მათ) მიეცათ უნიკალური შანსი დაამტკიცონ თავიანთი პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ისინი მართლა დასავლური ღირებულებების მქონე თავისუფალი ჟურნალისტები არიან და არა რომელიღაც პარტიის ან მით უმეტეს, ერთი კონკრეტული, ახირებული ადამიანის მსახურები და ყველაფერს ხედავენ ისე, როგორც ამას უნდა ხედავდეს თავისუფალი და მიუკერძოებელი, ქვეყნის ბედით შეწუხებული „მოდარაჯე ძაღლი“ და არა ისე, როგორც „ავი ძაღლი“, რაც არცთუ იშვიათად და თუ გნებავთ, ძალიან ხშირადაც ისე ხდებოდა, როგორც იმ ერთ ახირებულ ადამიანს მოუნდებოდა, რამაც უზომოდ დააზარალა ეს არხიც და იქ მომუშავე ჟურნალისტებიც. ამის ფაქტებს აქ ნუ ჩამომათვლევინებთ იმიტომ, რომ ძალიან მრავლად მოიპოვება და დარწმუნებული ვარ ყველას კარგად ახსოვს (ვისაც არ ახსოვს, მარტივად შეუძლია ჩახედოს ინტერნეტში არქივს და ადვილად მიაგნებს მიკერძოებულ, რბილად რომ ვთქვათ, დამახინჯებულ და ძალიან ხშირად თავდაყირა დაყენებულ ე.წ. ფაქტებს. ამიტომ ამ თემას აქ აღარ გავაგრძელებ).

სტრასბურგი იყო გუშინ, ცხოვრება გრძელდება და დღეს სხვა რეალობის დრო დგება. ვფიქრობ, თვალები ყველამ ფართოდ უნდა დააჭყიტოს და ერთად უნდა შევხედოთ ამ ახალ რეალობას, მთავრობამაც, მედიამფლობელებმაც და ჟურნალისტებმაც თუ მართლა გვაქვს პრეტენზია გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე. ამიტომ დავუბრუნდები მთავარს, რასაც დასაწყისშიც მოგახსენებდით, ახლა არის სწორედ ეს შანსი იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც თვლის, რომ მართლა ერთი გუნდია და გულწრფელად შეუძლია იაროს ბეწვის ხიდზე და უანგაროდ (პარტიულ ანგარებასაც ვგულისხმობ) იბრძოლოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ სწრაფვისთვის (დარწმუნებული ვარ, „რუსთავი 2“-ში ასეთი ხალხი მრავლად მოიძებნება) და ვინმე შლეგი, ტვინგადაბრუნებული ან ბოღმიანი ადამიანების გავლენით კი არ იტრიალონ ერთ წრეზე, მართლა დაანახონ და დაუმტკიცონ მაყურებელს - დიდი შეცდომების მიუხედავად (შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის) მათ სწორი გზა აირჩიეს და ამ გზიდან აღარ გადაუხვევენ. რაც აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არ იქნება იოლი, თუმცა, არც შეუძლებელი (თან რამხელა ბენეფიტების, გავლენისა და ავტორიტეტის მომტანი იქნება მათთვის ეს ყველაფერი). მინდა მჯეროდეს, თუმცა ვნახოთ, სტრასბურგი და ხვალეო!..

გიორგი თევდორაშვილი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა