ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი „ევრონიუს საქართველო“ დაფუძნდება

ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი „ევრონიუს საქართველო“ დაფუძნდება

ევრონიუსი და სილქნეტი, საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანია, ხელს აწერენ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოში „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე. „ევრონიუს საქართველო“ იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა.

ევრონიუსი - ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხი - ასრულებს მოლაპარაკებებს სილქნეტთან ევრონიუსის მესამე ფრენჩაიზინგის პროექტის, „ევრონიუს საქართველოს“, დაფუძნების თაობაზე. ამას წინ უძღოდა 2018 წლის ნოემბერში ალბანეთში „ევრონიუს ალბანეთის“ და გასულ კვირას დაანონსებული „ევრონიუს სერბეთის“ დაფუძნება.

აღნიშნული ფრენჩაზინგის პროექტები, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე მოლაპარაკებები, ემსახურება ევრონიუსის სტრატეგიულ გეგმას, გახდეს მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური“ მედია. ევრონიუსი განაგრძობს ზრდას გლობალური მედია-არხის სახით, რომელიც თავის მაყურებელს სთავაზობს ადგილობრივი აუდიტორიების მოთხოვნაზე მორგებულ კონტენტს.

IPTV ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტელევიზიის, სილქ TV-ს, მეშვეობით სილქნეტი მომხმარებელს აწვდის როგორც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად სპორტულ, შემეცნებით, საინფორმაციო და გასართობ არხებს, ასევე საკუთარ არხებსაც. ევრონიუსსა და სილქნეტს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, სილქნეტს შეემატება „ევრონიუს საქართველო“, ახალი მედია, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს და ასოცირდება ევრონიუსის ბრენდის მაღალ ცნობადობასა და რეპუტაცასთან.

ევრონიუსის მაუწყებლობა სარგებლობს უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებული მიუკერძოებელი საინფორმაციო მედიის სოლიდური რეპუტაციით. მისი “All Views“ სარედაქციო პოლიტიკა განსაზღვრავს ევრონიუსის, როგორც სანდო და დამოუკიდებელი მედიის, საყოველთაო აღიარებას.

სილქნეტის სახით ევრონიუსმა შეიძინა საიმედო პარტნიორი, რომელიც სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევრონიუსის რეპუტაციის დაცვას და გამყარებას.

თავის მხრივ, ევრონიუსი უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს რა ახლადშექმნილი არხის მთავარ რედაქტორს და დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს და დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს, რომელიც თანხვედრაშია მედიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან (როგორიცაა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი მედიის სხვა უმთავრესი ღირებულებები).

„ევრონიუს საქართველო“ მოახდენს ევრონიუსის კონტენტის ტრანსლირებას ადგილობრივი, ქართული მედია-კონტენტის პარალელურად. კერძოდ, „ევრონიუს საქართველო“ გამოიყენებს ევრონიუსის ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს. ამასთან, ევრონიუსი გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს, რომელიც მედიის მხრიდან მზარდი დაინტერესების რეგიონში შეიქმნება.

აღმოსავლეთის და დასავლეთის სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის მაჩვენებლით (6th in the World Bank’s ‘Ease of Doing Business’ index). საქართველოს აქვს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსი და მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მზარდი ინტერესით სარგებლობს.

მაიკლ პიტერსი, ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი: „გასულ კვირას „ევრონიუს სერბეთის“ და რამდენიმე თვის წინ „ევრონიუს ალბანეთის“ დაარსების კვალდაკვალ, მოხარული ვართ, განვაცხადოთ სილქნეტთან „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ. ევრონიუსში ჩვენ 100%-იანი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. ევრონიუსი დაარსდა 1993 წელს და დაარსების დღიდან სარგებლობს დამოუკიდებელი მედიის აღიარებით. მოუთმენლად ველით სილქნეტთან ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას, რომ წარმოვადგინოთ ახალი მაღალი ხარისხის მედია, რომელიც საქართველოს მაყურებელს მიაწვდის საერთაშორისო ახალ ამბებს ადგილობრივ სიახლეებთან ერთად“.

გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „საქართველოში ევრონიუსის პარტნიორი სილქნეტი იქნება. ამ პარტნიორობის მიზნია ევრონიუს საქართველოს შექმნა. ეს იქნება დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი, რომელიც მაუწყებლობას ქართულ ენაზე წარმართავს.

ევრონიუსთან პარტნიორობა ჩვენთვის დიდი პატივია, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაც. ეს პროექტი ემსახურება ევროპასა და საქართველოს შორის საინფორმაციო ხიდის აშენებას. ევრონიუსის პრინციპია გააჟღეროს ყველა თვალსაზრისი, ყველა ხმა - All Views, All Voices, All Welcome - რაც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრირების გზაზე.

დღეს სილქნეტი არის მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც საქართველოს მომხმარებელს სატელეკომუნიკაციო სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს. და ახლა უმაღლესი სტანდარტების საერთაშორისო საინფორმაციო კონტენტი დაემატება, ევრონიუსის სახით, რომელიც ევროპული პერსპექტივით დანახულ მსოფლიოს ახალ ამბებს აშუქებს. ვიმედოვნებ, რომ ეს წამოწყებაც წარმატებული იქნება.“.

სილქნეტი ქვეყნის უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის მქონე პროვიადერია, რომელიც წარმატებულად ახორციელებს მობილურ მომსახურებას 4.5 ქსელით და სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, ისეთს როგორიცაა ფიქსირებული ტელეფონია, ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფიქსირებული ბროუდბენდი, IPTV და მობილური ქსელი.

ევრონიუსი ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომლის წვდომა მნიშვნელოვნად მაღალია კონკურენტებთან შედარებით. ევრონიუსი მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და ყოველთვიურად თითქმის 400 მილიონ ოჯახს და 135 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას (www.globalwebindex.com).