ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2019

ოქრუაშვილს 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება

"ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და "მაგარ ბიჭობანას" თამაში დაიწყო“ - ხუხაშვილი

ზაფხულის საკურორტო სეზონმა ნაადრევად კრახი განიცადა

***

ოქრუაშვილს 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება

“20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით შს სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება კი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უწყებაში ამბობენ, რომ ამ საქმეზე ოქრუაშვილის გარდა დააკავეს კიდევ 4 ადამიანი. მათ შორის ერთ-ერთი National Geographic-ის ქართული გამოცემის მკვლევარი, ბეჟან ლორთქიფანიძეა. ლორთქიფანიძე სწორედ ის პირია, რომელმაც 2015 წელს 13 ივნისის სტიქიის დროს ბეჰემოტი ბეგი დააძინა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, მან ბევრი რამე იცის ივანიშვილის მიერ ჩადენილ უკანონობებზე და ეს დაკავება მისი და მთელი ოპოზიციის დაშინების მცდელობაა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ოქრუაშვილს 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება / მისი თანაპარტიელები ამბობენ, რომ ივანიშვილი გაბოროტებულია და სისხლი სწყურია

"ბრიფინგი გამართეს ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წევრებმაც და განაცხადეს, რომ პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. „გამარჯვებული საქართველოს" თანადამფუძნებელი, კოტე კემულარია ამბობს, რომ ეს არის სადამსჯელო ოპერაცია იმ პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, რომელიც „კრეფდა ქულებს და რომელიც ყველაზე მეტად ბოლო დროს ნერვებს უშლიდა, ეტყობა, ბიძინა ივანიშვილს". „ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ის სისხლი, რაც თქვენ გაცხიათ ხელებზე და თქვენს გუნდს, ამჯერად ვერ ჩამოირეცხება ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერით. არანაირი მტკიცებულება ამის არ აქვთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს რამე ჰქონდა დაორგანიზებული, იქ ყველა ერთნაირად ვიდექით და ყველა ერთად ვმონაწილეობდით ამაში, რასაც ისინი არქმევენ ჯგუფურ ძალადობას. მაშინ ათასობით ადამიანმა, ყველამ უნდა ვაგოთ ამაზე პასუხი," - განაცხადა კემულარიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ოქრუაშვილის კიდევ ერთი თანაპარტიელის, გუბაზ სანიკიძის თქმით კი დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი. სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ისიც დააკავონ. „ეს მხოლოდ ერთ რამეს მოიტანს, დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მარცხსა და კრახს. ისე, ბიძინას მინდა ვუთხრა, რომ ეს მისი ძალიან სერიოზული შეცდომაა და აწი ელოდოს სიურპრიზებს... ეს კაცი ჭკუაზე არ არის და არის სახიფათო ქვეყნისთვის. მას აქვს ფსიქიკური აშლილობა, ის არის გაბოროტებული და თან აქვს სისხლიანი საშინაო დავალება ვლადიმერ პუტინის მხრიდან. არ გამოვრიცხავ, რომ მეც დამაკავონ," - განაცხადა სანიკიძემ. ირაკლი ოქრუაშვილი ხუთშაბათს საღამოს "რუსთავი 2"-ის შენობიდან გასვლის შემდეგ დააკავეს. ოქრუაშვილის დაკავებას მისი თანაგუნდელი გურამ ჩალაგაშვილი იხსენებს. მისი თქმით, ავტომობილით ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად კოტე კემულარიასთან პარტიის წევრების შეკრებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც რამდენიმე შავი "ჯიპი" მიუახლოვდა და მანქანა გააჩერებინეს. ამის შემდეგ კი ყველა გადმოიყვანეს მანქანიდან და ირაკლი ოქრუაშვილს ხელბორკილები დაადეს. ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული. „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში," - აცხადებენ შსს-ში”, - დასძენს გამოცემა.

"ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 4 პირი. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას," - აცხადებენ შსს-ში. კერძოდ დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული გ. ჯ., რომელმაც სამართალდამცველებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა მათ პოლიციელისთვის წართმეულ ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1990 წელს დაბადებული თ. დ., რომელიც ფიზიკურად უპირისპირდებოდა და თავს ესხმოდა სამართალდამცველებს. მან ძალის გამოყენებით ერთ-ერთი სამართალდამცველი გაათრია ხალხის მასაში. 1972 წელს დაბადებული ი. მ. რომელიც ინტენსიურად ძალადობდა სამართალდამცველებზე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. და 1975 წელს დაბადებული ბ. ლ. რომელიც ასევე, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას," - განაცხადეს შსს-ში. შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ამ დროისთვის 17 პირს აქვს ბრალი წარდგენილი. მათ შორის, დეპუტატ ნიკა მელიას. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით”, - წერს სტატიის ავტორი.

"ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და "მაგარ ბიჭობანას" თამაში დაიწყო“

"ფაქტია, რომ ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და რაღაც ისტერიულ და ქაოტურ მოქმედებებზეა გადასული. ერთადერთი ამოცანა აქვს - ძალაუფლების შენარჩუნება და მაგარ ბიჭობანას თამაში დაიწყო, პრინციპით - "ვინც არ დამემორჩლება ყველას დავიჭერ"... ყველგან ჩნდება კითხვები, კითხვები და კითხვები... კითხვა ჩნდება, თუ მელიაზე და სხვებზე სწრაფად „გახსნეს" საქმე, ოქრუაშვილის ბრალეულობა დროში ასე რატომ გაიწელა და რატომ მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა მოასწრო და ძალიან ბევრი სკანდალური განცხადება გააკეთა, მათ შორის აღიარებითი ჩვენებები ძალიან ბევრ, საზოგადოებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხზე, ვიდრე ეს საქმეა. ასე რომ, კითხვები ჩნდება...”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და „მაგარ ბიჭობანას" თამაში დაიწყო

"ამასთან, თუ პრეცედენტებით ვიმსჯელებთ, ოქრუაშვილს იგივე ბედი ელოდება, რაც მელიას. ანუ, ე.წ. შინაპატიმრობა და ელექტრონული სამაჯური, რადგან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება მაინცდამაინც ლოგიკური არ იქნება და უფრო მეტ კითხვას გააჩენს,"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება ბროუნის მოძრაობას ატარებს, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, არ იციან რა ქნან და მიედ-მოედებიან და ხან ერთ კედელს ეცემიან, ხან - მეორეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პატიმრობას, ალბათ, არ მიუსჯიან. ეს არ იქნება ლოგიკური იმ ფონზე, რაც მოხდა ნიკა მელიასთან დაკავშირებით. გაუგებარი იქნება, იმიტომ რომ, პრინციპში დაახლოებით ერთი და იგივე როლი ჰქონდათ ამ საქმეში, ამიტომ მელია გარეთ და ოქრუაშვილი დაიჭირონ, კიდევ უფრო მეტ კითხვებს დაბადებს. უმჯობესია ოქრუაშვილი დაკითხონ იმ საქმეებზე, რაზეც ამ დღებში ილაპარაკა. იქ ბევრად უფრო მძიმე დანაშაულების კასკადზეა საუბარი და სჯობს მაგას მიხედონ, ვიდრე თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან რაღაც იწილო-ბიწილოთი იყვნენ დაკავებულები. რა დანაშაულებებზეც ილაპარაკა, ბევრი ფიგურანტი ჰყავს, რამდენიმე სერიოზულ საქმეზეა საუბარი, ამ ხელისუფლების ჩინოსნების ჩართვით და სჯობს იმას მიხედონ,"- აცხადებს ხუხაშვილი”, - დასძენს გამოცემა.

"საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოქრუაშვილის ადვოკატმა ანი რეხვიაშვილმა და პარტიის წევრმა გუბაზ სანიკიძემ გაავრცელეს. ინფორმაცია დაადასტურეს შს სამინისტროშიც. მათი ცნობით, ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზეა დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ამ საქმეზე ოქრუაშვილი 23 ივლისს გამოკითხეს”, - წერს სტატიის ავტორი.

ზაფხულის საკურორტო სეზონმა ნაადრევად კრახი განიცადა

"მთელ საქართველოში ტურისტების სიმცირეა. ამას ყველა თვალნათლივ ხედავს ტურიზმის დეპარტამენტის გარდა, სადაც ისევ ვიზიტორების მატებაზე საუბრობენ. რუსეთიდან ფრენის აკრძალვამ, საპროტესტო აქციებმა, პოლიტიკურმა დაძაბულობამ, ლარის დევალვაციამ და უამინდობამაც ზაფხულის საკურორტო სეზონს ბოლომდე მოუთავა ხელი. "თიბისის" ინფორმაციით, ივლისის მეორე კვირაში 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით შემცირდა. თუ პირველ კვირაში, სანამ პირდაპირი ფრენების აკრძალვა ძალაში შევიდოდა, საქართველოში 50 030 ტურისტი შემოვიდა, ივლისის მეორე კვირაში ტურისტების რაოდენობამ 41 423-მდე იკლო. თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 78.6%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება სახმელეთო გზით შემოსულ ტურისტებს, ივლისის პირველ კვირაში მათი რაოდენობა 1.6%-ით დაიკლო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ზაფხულის საკურორტო სეზონმა ნაადრევად კრახი განიცადა / "ყველაზე კარგი ინდიკატორი კი ლარის კურსია, რომელიც სამწუხაროდ, სრულიად უმართავი გახდა”

"ტურისტების ნაკადი რომ შემცირებულია, ამაზე მთავრობის წევრები, პარლამენტარები და სფეროს სპეციალისტებიც საუბრობენ, თუმცა განსხვავებულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაცია. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოში რუსეთიდან ვიზიტების ოდენობა 30.8%-ით გაიზარდა. სწორედ ამ დროს პარლამენტარი, გია ვოლსკი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოში, ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. "საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ თავიდან ავიცილოთ მცირე და საშუალო ბიზნესის კრახი, რომელმაც საკმაოდ დიდი კრედიტები აიღეს ბანკებიდან, მოემზადნენ ტურისტული სეზონისათვის, რასაც დიდი დარტყმა მიაყენა „ნაცსექტის" პოლიტიკამ", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. როგორც გია ვოლსკიმ თქვა, ეკონომიკური ზარალი, უკვე თვალშისაცემია და ეს განაპირობა მაოხრებელმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია. „საქართველო არის სტაბილური ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში არ უნდა შეექმნას არავის საფრთხე. რუსი ტურისტი იქნება, იტალიელი, თუ პოლონელი. აქედან გამომდინარეობს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დასუბსიდირებას ეხება", - განაცხადა ვოლსკიმ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"საერთაშორისო ტურისტების კუთხით სეზონი ნამდვილად ჩავარდნილია და ამის მიზეზი არასტაბილურობასთან ერთად ლარის კურსიცაა. ასე აფასებს, 2019 წლის ზაფხულს პროფესორი პაატა აროშიძე, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და თავისი თვალით უყურებს ყველაფერს. მისი თქმით, ტურისტული ნაკადის შემცირება, ქუჩებში გავლისა დროსაც მარტივად შესამჩნევია. ,,აჭარას წელს, უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის ტურისტები უნდა ჰყოლოდა და ეს გამოიკვეთა კიდეც მაის-ივნისში, როცა უცხოელი ტურისტები ძალიან დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ აჭარა-გურიის მთელ ტერიტორიაზე. 20 ივნისის შედეგ კი ეს კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია. უნდა ვაღიაროთ, რომ საზღვაო ტურიზმი საქართველოში ორიენტირებულია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ტურისტებზე. მაღალი შემოსავლების მქონენი სულ სხვაგან ისვენებენ. რუსეთის მიერ სანქციების მუქარამ და გამუდმებულმა აქციებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მხოლოდ რუს ტურისტებზე არ უმოქმედია ცუდად, სხვებიც დაფრთხნენ. ნებისმიერ დამსვენებელს სტაბილურობა უნდა და მედია სულ სხვა რამეს იუწყებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით არ ყოფილა იმდენად დაძაბული ფონი. ახლა პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ აჭარაში ტურისტული სეზონი ჩავარდა. მე ბათუმელი ვარ და ეს ჩანს ქუჩებში გავლის დროსაც. ყველაზე კარგი ინდიკატორი კი ლარის კურსია, რომელიც სამწუხაროდ, სრულიად უმართავი გახდა”, - ამბობს "რეზონანსთან" აროშიძე”, - დასძენს გამოცემა.

"სპეციალისტები რუსი ტურისტების დანაკლისს ქართული ბაზრისათვის საგანგაშოდ მიიჩნევენ. სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ განსაკუთრებით თბილისი, ბათუმი და ქუთაისი დაზარალდა, რუსი ტურისტების სიმცირის გამო. ,,არ მესმის, რა კვლევაზე და ციფრებზე დაყრდნობით საუბრობენ, რომ ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულა. შესაძლოა ვიზიტორები იგივე რაოდენობით შემოდიან (თუმცა ესეც საეჭვოა), მაგრამ საქართველოში ტურისტების 25% რუსეთზე მოდიოდა. ახლა ისინი აღარ არიან და როცა ამბობენ, რომ ეს საგანგაშო არ არის, ძალიან ცდებიან. თანაც, რუსები მაღალი დანახარჯით გამოირჩევიან. ევროპელი ტურისტები უფრო მდიდრები არიან, მაგრამ ბევრს არ ხარჯავენ, ეს ფაქტია. დღესდღეობით თბილისმა, ბათუმმა და ქუთაისმა განსაკუთრებით იზარალეს. კურორტებზეც რთული ვითარებაა, ოღონდ სამკურნალო ტურიზმში სხვა მდგომარეობაა. ეს დარგი ახლა ვითარდება და იქ დანაკარგზე ჯერ ადრეა საუბარი", - განაცხადა კვარაცხელიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა