დავით დვალის ინფორმაციით, პატარკაციშვილს „რუსთავი 2“-ის ყიდვა უნდოდა და ამას შევარდნაძის თხოვნით აკეთებდა

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი ადასტურებს, რომ ბადრი პატარკაციშვილს „რუსთავი 2“-ის ყიდვა უნდოდა და აცხადებს, რომ ამას მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თხოვნით აკეთებდა. დვალმა 2001 წელს განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტში ისაუბრა, სადაც რამდენიმე დეპუტატის მოწვევით „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსმენა მიმდინარეობს.

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 2001 წელს მათ დაუკავშირდათ კომპანია „ნიუსკორპი“ და არხის შეძენით დაინტერესდა. დავით დვალი ამბობს, რომ მაშინ ჩატარდა კომპანიის აუდიტიც.

„2001 წელს გამოჩნდა „ნიუსკორპი“, ასე წარმოგვიდგინეს თავი, როგორც მერდოკის კომპანია, რომელმაც გამოაცხადა, რომ აქვს სურვილი „რუსთავი 2“-ის შეძენის. აუდიტიც ჩაატარეს. მაშინ იყო საკმაოდ პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება, ეს ამბავი უშუალოდ უძღვის იმ ფაქტს, რომ 2001 წელს შემოვიდა „რუსთავი 2“-ის შენობაში საგადასახადო სამსახური. ჩვენ თავიდანვე ვიეჭვეთ - დაკარგულ საქართველოში „ნიუკორპი“ რატომ უნდა დაინტერესებულიყო ტელევიზიით და გამოირკვა საინტერესო რამ, რომ მათ უკან იდგა ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც შევარდნაძის თხოვნით ასრულებდა ამ როლს, რომ შეეძინა „რუსთავი 2“. ჩვენ ეს ინფორმაცია ბევრგან გადავამოწმეთ. ერთ-ერთი სტუმარი რუსული გვარის მატარებელი იყო და შესაბამისად, ჩვენ მეგობრებთან ეროსი ჩაფრინდა, გადაამოწმა და იქაც დაუდასტურეს, რომ ეს იყო ბადრი პატარკაციშვილი. რა წამს ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი გახდა, ჩვენ შევწყიტეთ მოლაპარაკებები“, - განაცხადა დავით დვალმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ზე მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ხელისუფლება ახალ ტაქტიკაზე გადავიდა და ბადრი პატარკაციშვილმა ჩამოაყალიბა ტელეკომპანია „იმედი“, „რომლის ამოცანა იყო, გაენეიტრალებინა „რუსთავი 2“ და რაც შეიძლებოდა მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა