აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველას, იმოგზაუროს საქართველოს ულამაზეს კუთხეებში და მათ შორის აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები BBC-ის, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს შემდეგ უკვე National Geographic- ის ეთერში ტრიალებს. ბათუმში დასვენებას ურჩევს მგზავრებს ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WIZZ AIR. უფრო კონკრეტულად, რა პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ცნობადობისა გაზრდისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, გთავაზობთ ინტერვიუს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძესთან.

- ქალბატონო თინათინ, როგორც ვიცით, აგრძელებთ რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში. რომ ჩამოგვითვალოთ, კონკრეტულად რას ითვალისწინებს რეგიონის სარეკლამო კამპანიები და რა სეგმენტზეა ის გათვლილი?

- ჩვენ გაზაფხულზე დავიწყეთ რეგიონის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით, რომელიც ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. BBC-ის, Deutsche Welle-სა და Euronews-ის შემდეგ, სატელევიზიო რეკლამა წელს პირველად უკვე National Geographic-ზე ჩავუშვით, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჩვენს სამიზნე ევროპულ ქვეყნებში (ინგლისი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, გერმანია) ეცნობა.

ბათუმში, როგორც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ ქალაქში დასვენებას ურჩევს მგზავრებს უმხვილესი, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WIZZ AIR. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანიის თითოეულ მგზავრამდე მივიტანოთ ინფორმაცია დაისვენონ აჭარაში. ამ შემთხვევაში რეგიონის რეკლამას ეცნობა ის მგზავრები, რომელთა ჩაფრენის ან გამოფრენის მიმართულება ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, გერმანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინაა. ჯამში, კი ეს ციფრი მინიმუმ 2,5 მილიონ მგზავრს ითვალისწინებს.

აჭარის რეკლამას ვაგრძელებთ ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებშიც, სადაც ჩვენი ცნობადობა მაღალია და შესაძლებელია პოტენციური ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება. ჩაშვებულია რეგიონის რეკლამირება ქვეყნის შიგნითაც, გარე რეკლამის, რადიო რეკლამისა დ ონლაინ რეკლამის სახით. რეგიონში შიდა ტურისტების მოგზაურობის სტიმულირების მიზნით შემიძლია დავაანონსო ძალიან კარგია კამპანია, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტი პოპულარული ქართველების ჩართულობით მალე დაიწყებს. დეტალებზე უკვე კამპანიის ჩაშვების შემდეგ ვისაუბრებთ.

- დაველოდებით თქვენს ახალ, შიდა კამპანიას და შემდეგ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას. მანამდე კი რომ გვითხრათ, გარდა უშუალოდ რეკლამისა, რა გზებით აცნობთ აჭარის ტურისტულ პროდუქტების პოტენციურ ტურისტებს?

- გარდა რეკლამისა, მნიშვნელოვანია ჩვენს პოტენციურ ტურისტებამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რომ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში დასვენება არის უსაფრთხო, საინტერესო და ტურისტულად მრავალფეროვანი. ამისთვის ძალიან კარგი საშუალებაა სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული სტატიები, ბლოგები, რეპორტაჟები და გადაცემები, რომლებსაც ჩვენს მიერ ორგანიზებული მედიატურებისას ჟურალისტები ამზადებენ. ჩვენ წელს, ამ მიმართულებით 100-ზე მეტი ჟურნალისტი ჩამოვიყვანეთ პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სამიზნე ქვეყნებიდან. წინა კვირაში ვუმასპინძლეთ „ფორბსისა“ და „კოსმოპოლიტანის“ ჟურნალისტებს, რომლებიც მასალებს აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნებენ. ამჟამად, რეგიონში სტუმრად გვყავს ცნობილი გამოცემების ვოგის, ZOE Magazine-ის, The Fierce Walker-ის, L’Officiel-ის ჟურნალისტები და whowhatwear ინსტაგრამ ბლოგერი, რომელსაც 3,5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. თითოეული გამოქვეყნებული მასალა მაღალი სანდოობით სარგებლობს, რადგან უშუალოდ ჟურნალისტები და ბლოგერები ურჩევენ მათი ქვეყნის მოქალაქეებს იმოგზაურონ საქართველოში, კერძოდ კი, აჭარაში და აღმოაჩინონ მათთვის ახალი თუ უკვე კარგად ნაცნობი ტურისტული მიმართულება. ჯამში, ჩვენი მოწვევით წელს რეგიონში 400-მდე ჟურნალისტმა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა იმოგზაურა. ეს ციფრი კი წლის ბოლომდე ბუნებრივია გაიზრდება.

- ხშირად საუბრობენ, რომ აჭარაში ზღვაზე დასვენება ძვირია. თქვენი შეფასებით რამდენად ბიუჯეტურია რეგიონში დასვენება და მოგზაურობა?

- აჭარის საზღვაო ტურისტული პროდუქტები ყველა კატეგორიისა და ფინანსური შესაძლებლობის ადამიანზეა გათვლილი. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რეგიონში დასვენება ძვირია, რადგან საზღვაო კურორტების მრავალფეროვანი არჩევანი იაფად დასვენების ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა. სარფი, გონიო, კვარიათი, მწვანე კონცხი, ჩაქვი და ქობულეთი გათვლილია ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ზღვაზე მშვიდი დასვენებისთვის, მაშინ როცა ბათუმი ტურისტებს აქტიურ დასვენებას სთავაზობს. რეგიონში 400-მდე რეგისტრირებული განთავსების ობიექტი და უფრო მეტი არარეგისტრირებული საოჯახო-სასტუმროა, სადაც ფასები 10 ლარიდან იწყება და ადგილმდებარეობის, სერვისის, ზომის, პროდუქტების მიხედვით იზრდება. ზღვისპირა კურორტებზე პირველ ზოლში მდებარე ტურისტული ობიექტებისა ფასები ბუნებრივია მეორე და მესამე ზოლში მდებარე ობიექტებთან შედარებით მაღალია, ამიტომ ეს უკვე ტურისტზეა დამოკიდებული სად და როგორ სურს დასვენება. მიმდინარე ტურისტულ სეზონზე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ხშირია ობიექტები, რომლებიც ფასდაკლებებს სთავაზობენ ტურისტებს, რაც რა თქმა უნდა, დამატებითი სტიმულია მოგზაურებისთვის.

- ამ ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ფასდაკლებების ბარათის „Batumi Card” შესახებ, რაც ნამდვილად აქტუალურია მიმდინარე ტურისტულ სეზონზე. რომ დაგვიკონკრეტოთ, რა ტიპის ფასდაკლებების მიღებაა შესაძლებელი ბარათით და ფასდაკლებების მხოლოდ ზაფხულის ტურისტულს სეზონს ეხება თუ წლის განმავლობაშიც გაგრძელდება?

- “Batumi Discount Card” არის ფასდაკლებების ბარათი 10 ლარად, რომლის შეძენაც აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია შესაძლებელი. ბარათში შევძელით თავი მოგვეყარა 50-ზე მეტი ტურისტული ობიექტის, ღირსშესანიშნაობის, კვებისა და განთავსების ობიქტისთვის, სადაც წლის ნებისმიერ დროს ბარათის მფლობელებს 10-დან 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ. მათ შორისაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმი, სხვადასხვა კვებისა და განთავსების ობიექტები. ფასდაკლების ბარათი საშუალებას აძლევს ტურისტებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ აჭარაში არსებული სხვადასახვა ტიპის ობიექტებზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სთავაზობენ ტურისტებს ფასდაკლებებს. გარდა ფასდაკლებებისა, ბარათი ასევე მოიცავს სიმ ბარათსა და მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათს 10 სამგზავრო ბილეთით. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ რეგიონში ფასდაკლებების დამკვიდრებას, მეორე მხრივ კი, ტურისტებისთვის დამატებითი სტიმულის მიცემას ჩვენთან დაისვენონ. წელს, განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს ქვეყანას შიდა ტურიზმის სტიმულირება და ერთად დგომა. მოვუწოდებ ყველას, იმოგზაუროს საქართველოს ულამაზეს კუთხეებში და მათ შორის აჭარაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო