ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2019

შემოდგომიდან ორი ახალი ტელევიზია იხსნება - გვარამია და კეზერაშვილი "რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს გადაიბირებენ?!

"ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა" - ხუხაშვილი

***

შემოდგომიდან ორი ახალი ტელევიზია იხსნება - გვარამია და კეზერაშვილი "რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს გადაიბირებენ?!

“შემოდგომიდან საქართველოში შესაძლოა ორი ახალი მედია საშუალება გაიხსნას. ამის შესახებ უკვე დაანონსებულია და ცნობილია მათი დამფუძნებლები ვინ იქნებიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანიას ხსნის. ამის შესახებ განცხადება, კეზერაშვილმა "ფეისბუქზე" განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, განაპირობა მისი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის შესახებ. კეზერაშვილის მტკიცებით, ეს პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს. სარედაქციო დამოუკიდებლობის მყარი გარანტიების შექმნის მიზნით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო. კეზერაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ტელევიზია დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შემოდგომიდან ორი ახალი ტელევიზია იხსნება - გვარამია და კეზერაშვილი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს გადაიბირებენ?!

"კულუარული ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ კეზერაშვილის ტელევიზია ეთერში შემოდგომაზე გავა. სახელი კი ჯერჯერობით მოფიქრებული არ არის. შემოდგომაზე ახალი ტელევიზიის გახსნა ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაანონსა. როგორც ცნობილი ხდება კეზერაშვილის პარტნიორი გვარამია არ იქნება და ორივე სრულიად სხვადასხვა ტელევიზიის გახსნას აპირებს. თუმცა ასევე კულუარული ინფორმაციით, კეზერაშვილიც და გვარამიაც „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების და პროდუსერების გადაბირებას ცდილობენ. როგორც „რეზონანსს“ წყარო უყვება, კეზერაშვილის ახალ ტელევიზიაში „რუსთავი 2“-ის ყოფილი სახეები ნამდვილად გამოჩნდებიან. რაც შეეხება მოქმედ თანამშრომლებს, მათთან გარკვეული სახის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია”, - აღნიშნავს გამოცემა

"ცნობილია, რომ კეზერაშვილის ახალ ტელევიზიაში გადავა „ფორმულა კრეატივი“ და კეზერაშვილის ერთ-ერთი პარტნიორი იქნება მიშა მშვილდაძე. "რეზონანსი“ მშვილდაძესთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. კულუარული ინფომაციით, კეზერაშვილის ახალ ტელევიზიაში შესაძლოა, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი ვიხილოთ. „რეზონანსი“ მასთან დაკავშირებასაც ეცადა, თუმცა სატელეფონო ზარებს არც მან უპასუხა. კეზერაშვილი კი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ამბობს: "ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. ჩვენ თვალწინ იბადება სამოქალაქო საზოგადოება - გამოჩნდა თაობა, რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ არა მხოლოდ რამდენიმე პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად საზოგადოების და ახალი თაობის დაცვის ქვეშაა. ამავდროულად უკიდურესად დიდ საფრთხედ მიმაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაცია, რა რეალობასაც შევეჯახეთ ახლა და რაც გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ, თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის შეცდომები”, - განაგრძობს გამოცემა.

"მიმაჩნია რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა სჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას - არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში. ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს. დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს. იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად," - ნათქვამია განცხადებაში”, - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ ტელევიზიას დ მის პარტნიორებს, ასევე კულუარული ინფორმაციით, გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი არხი ტელეკომპანია „იბერიას“ ბაზაზე შეიქმნება, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, გასული წლის შემოდგომაზე დაიხურა. სავარაუდოდ, გვარამიას მიერ დასახელებული ერთ-ერთი პარტნიორი ზაზა ოქუაშვილი იქნება, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ და „იბერიის“ მფლობელია. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 25 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ ქმნის ტელევიზიას, სადაც ძველი გუნდით გადავა. ნიკა გვარამია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ბევრი ფიქრისა და პროფესიონალებთან, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვიტა შექმნას ახალი ტელევიზია, რომლის შემოსავლებსაც ოპტიმისტურად უყურებს. მისი თქმით, საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია. ამიტომ ნიკა გვარამია გულშემატკივრებს მიმართავს და ამბობს, რომ ახალი ტელევიზიის დასახმარებლად საჯარო კამპანია მალე დაიწყება”, - წერს სტატიის ავტორი.

"ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა" - ხუხაშვილი

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ მედიის მონოპოლიზაცია, ამიტომ რაც მეტი ტელევიზია, რაც მეტი ინფორმაციის მიღების ცენტრი შეიქმნება, მე ამას მხოლოდ მივესალმები" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დავით კეზერაშვილის განაცხადებას ახალი ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა" - ხუხაშვილი

„თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის თქმით, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა მიეღო ახალი ტელევიზიის შექმნის გადაწყვეტილება, რადგან დიდ საფრთხედ მიაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაცია. ამიტომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად აფუძნებს ახალ სატელევიზიტო პლატფორმას, რომელიც "გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, ან რომელიმე ინტერესთა ჯგუფს და ელიტურ ერთობას, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლებისა და პროგრესის ხმას ქვეყანაში. დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"არავისთვის დასამალი არ არის, რომ კეზერაშვილი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს და ალბათ მათთან ერთად უნდა მოვიაზროთ. მაგრამ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მედიის მონოპოლიზაცია და მისასალმებელია, რაც მეტი ტელევიზია, რაც უფრო მეტი ინფორმაციის მიღების ცენტრი შეიქმნება. სამწუხაროდ საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნა სარეკლამო ბაზრის სიმცირის გამო ძნელია, მაგრამ ისეთი ტელევიზია უნდა შეიქმნას, რომელიც სხვადასხვა გემოვნების მაყურებელს პასუხობს. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს და მის მომავალს, დღეს ამ ტელევიზიის ბედი ბუნდოვანია, მისი არსებობა-არარსებობის საკითხი დგას. მე სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ ქიბარ ხალვაში ტელევიზიას აამუშავებს. არხის დამფუძნებელების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის პოზიცია გამრთლებულია, ისინი სწორ გზას ადგანან, კომპრომისი დაუშვებელია”, - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარების საკითხს, ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა, მთავარია რა პროდუქტი იქმნება ამ საწარმოში. ფაქტია, რომ პროკურატურა ახდენს მოვლენების მაქსიმალურ დრამტიზირებას, იძიებს საქმეებს, მაგრამ ბოლომდე არ მიჰავს. მაგრამ საქმე იცით, რაშია, "რუსთავი 2" კი არ იყო მთავარი პრობლემა და ვერანიარად ვერ დააზიანებდა საზოგადოების განვითარებას 10-დან 9 ტყუილი რომ ელეპარაკა. ვერც იმით, რომ ოპოზიციის ინტერესს წარმოადგნედა. საშიში არ არის მედია და ოპოზიცია, საშიში არის მედია და ხელისუფლება, ტელევიზია, რომელიც ხელისუფლების ნებისმიერ განუკითხაობას შეფუთავს" - აცხადებს "რეზონანსთან" გია ხუხაშვილი”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს