ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2019

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლებას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება”

შეცვლის თუ არა ივანიშვილი სექტემბერში მთავრობას და ვის დანიშნავს პრემიერად

ალეკო ელისაშვილი - “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” სინამდვილეში, “ჩაშკა-ლოჟკები” არიან”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლებას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება”

“თუ ლარის გაუფასურების სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ეს არ დაწყებულა 20 ივნისს, ეროვნული ვალუტა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი ა.წ. იანვრიდან პერმანენტულად უფასურდებოდა. ვფიქრობ, ხელისუფლებას მანამდე უნდა მიეღო ზომები, სანამ პანიკა დაიწყებოდა. აუხსნელიც კია, რატომ უნდა მიჰყავდეს ასეთ დაძაბულობამდე ხელისუფლებას საქმე. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ხელისუფლებაში ვინმე მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყანაში ვითარების დაძაბვას. სახელისუფლებო კულუარებში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ გარედან ისე ჩანს, რომ ხელისუფლებაში ქაოსი და დაბნეულობაა, გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, ყველაფერი ჩამოკიდებულია ერთ კაცზე”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება” / “საზოგადოება კატეგორიულად ითხოვს ხელისუფლებისგან: “დაიდოს” სტაბილურობა! დაუსრულებელი რყევები ქვეყანას ყოველდღე თითო ნაბიჯით სწევს უკან და ყველაფერს საზღვარი აქვს, მათ შორის საზოგადოების მოთმინებასაც”.

“იმაზე ვართ დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილი როდის მოიცლის საქვეყნო საქმეებისთვის. არა აქვთ პასუხები კითხვაზე, რა იქნება ხვალ-ზეგ იმიტომ, რომ კონკრეტული სფეროს ხელმძღვანელმაც კი არ იცის, რა გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება მოუწიოს.ერთი ვერსიით, ხელისუფლება ამ ქაოსს შესაძლოა იმიტომ უწყობს ხელს, რომ მისი მართვით ძალაუფლების შენარჩუნება შეძლოს. დღესდღეობით ამ უბედურებაში, რაც პოლიტიკურ სივრცეში ტრიალებს, დომინანტი ორი ძალაა - “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორივეს ამოცანაა, არ დაუშვან ისეთი ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა, რომელიც მოახერხებს პოლიტიკური ველის დაბალანსებას და ამასთანავე, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს. კიდევ ერთი ვერსია შეიძლება ისიც იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა და პროცესებში მისი ჩაურევლობით შექმნილი ქაოსი ხელსაც აძლევს, რადგან თუ ვინმესთან გარკვეული ვალდებულება აქვს, უთხრას, რომ ვითარებას მეტად ვეღარ მართავს... მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: მაშინ პოლიტიკაში რატომ მოვიდა? ამ ვერსიებს თუ გავყვებით, შეიძლება ძალიან არასასიამოვნო დასკვნებამდეც მივიდეთ, რისი დაჯერებაც არ მინდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მაინც მგონია, რომ ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძე საყოველთაო კორუფციით ცდილობდა ხელისუფლების შენარჩუნებას, ესენი მართვადი ქაოსით ცდილობენ. როდესაც ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი მიმართულებით ჩნდება დაძაბულობის კერები, საფუძვლიანია ეჭვი, რომ ეს შემთხვევითობა კი არა, მიზანმიმართული ქმედებების შედეგია. რა თქმა უნდა, ამ პროცესების უკან რუსეთის ინტერესები აშკარად ჩანს, კრემლი რომ აქ პროვოკაციებს აქეზებს, თქმა არ უნდა, მაგრამ რას ვუპირისპირებთ ჩვენ ამას?! პროცესი ფეთქებადსაშიშია. პოლიტიკური სივრცის პოლარიზაცია ნიშნავს საზოგადოების პოლარიზაციასაც, რასაც აუცილებლად შეუწყობენ ხელს იმ ქვეყნის სპეცსამსახურებიც, რომლის ინტერესებზეც ვლაპარაკობთ. ყველაფერს გააკეთებენ აქ შიდა დაპირისპირების პროვოცირებისთვის, ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ პოლიტიკური სპექტრიც, საზოგადოებაც და მედიაც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მუდმივად ვლაპარაკობთ რუსული რბილი ძალის შესახებ, რომლის მეშვეობითაც კრემლი სხვადასხვა მეთოდით ცდილობს საქართველოში დასავლეთის დისკრედიტირებას, ნიჰილისტური განწყობის დანერგვას და ამ დროს სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა იმ ძალისა და ხალხის ორკესტრირებული შეტევა სტრასბურგსა და საზოგადოდ დასავლურ ღირებულებებზე, რომლებიც იჩემებენ, რომ ლამის მხოლოდ ისინი არიან დასავლური ღირებულებების სამსახურში. მიხვდით, ალბათ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ. ასე რომ, როდესაც რუსული ინტერესების გატარებაზე ვლაპარაკობთ, მარტო­ ერთი მიმართულებით არ უნდა ვუყურებდეთ პრობლემას, პროვოკაცია ნებისმიერი მიმართულებიდან არის მოსალოდნელი. როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილებას უსამართლოდ აცხადებ, ხომ ბუნებრივად ჩნდება განწყობა, რომ რუსეთს თუ სტრასბურგის სასამართლოზეც აქვს გავლენა და ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მოისყიდოს 7 მოსამართლიდან 6, საერთოდ რა გვინდა ამ ევროპაში, რა გვესაქმება ასეთ დასავლეთში? უსამართლო ვითარება და მურუსიძის სამართალი აქაც კი გვაქვს... ვითომ შემთხვევით მოხდა ამ განწყობების წახალისება და მხოლოდ გაუაზრებელი განცხადებები გააკეთეს `ნაციონალმა" ლიდერებმა? ძალიან მეეჭვება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“დვალისა და აქიმიძის განცხადებები სრულიად გაუგებარია. არ ვიცი, თავდაპირველად რა შეთანხმება ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ხშირად იმეორებდნენ, ტელევიზია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის და მისი კეთილი ნება იქნება, თუ წილს გადმოგვცემსო. ეს კეთილი ნება აღმოჩნდა 40%, რომელიც, ეტყობა, საკმარისად `კეთილი ნება" არ აღმოჩნდა დვალისა და აქიმიძისთვის. ცოტა უცნაურია, ამის საფარქვეშ ადამიანს ლამის ყველაფრის დათმობას სთხოვდე. ამ ყველაფერში ისევ და ისევ პოლიტიკური სარჩული ჩანს, ოღონდ ვინ რა თამაშს თამაშობს, ძალიან გაუგებარია და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც, ვფიქრობ, საინტერესოც აღარ არის. რაც შეეხება იმას, რომ “რუსთავი 2” პოლიტიკურ გავლენაში მოექცევა და ამით ხელისუფლება სარგებელს ნახავს, ნურავის ავიწყდება, რომ დღევანდელი ვითარება მკვეთრად განსხვავდება თუნდაც 7 წლის წინანდლისგან და კიდევ უფრო მეტად 2007 წლის სიტუაციისგან, როცა ყველა `ნაციონალურ" მაუწყებელს აკონტროლებდა სააკაშვილი, მაგრამ ამანაც ვერ უშველა და 2012 წელს დათმო ძალაუფლება - ეს იმათ გასაგონად, თუ ვინმეს მართლა აქვს ილუზია, თუ სააკაშვილის გზით წავალ, ეს დამეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაშიო, მით უფრო დღევანდელ ვითარებაში, როდესაც სოციალური მედია ძლიერია და მისი გავლენა საზოგადოებაზე ყოველდღიურად იზრდება”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“არა მარტო ხელისუფლებაშია ქაოსი, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრში.აღარ დარჩა არც ერთი კუნძული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელზეც კითხვის ნიშნები არ იყოს გაჩენილი. ეს რას გამოიწვევს ან დუღილის ტემპერატურა სადამდე მივა, არავინ იცის. ამიტომ მგონია, რომ არასტაბილურობის განცდა კიდევ უფრო გაძლიერდება, თუ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, მაგრამ არა მარტო მან - ოპოზიციამაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და დაასრულოს ყველაფრიდან სკანდალის გამოდნობა და სარგებლის ძიება, ხშირად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებითაც კი. აქამდე ოპოზიცია ერთხმად მოითხოვდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. დღეს, როდესაც ხელისუფლებამ დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა, აშკარაა, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალებს დიდი ენთუზიაზმი არ ეტყობათ, არადა, ახლა მათი უპირველესი მოვალეობაა აიძულონ ხელისუფლება შეასრულოს დაპირება და პროპორციული არჩევნები დააკანონოს”, - ამბობს რესპონდენტი.

“თუ პროცესი ამგვარ კონსტრუქციულ კალაპოტში ჩადგება, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაზე იფიქრებენ, ეს პოლიტიკურ ვითარებას განმუხტავს და ამ ქაოსში სტაბილურობის ელემენტებს შემოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” ცდილობენ ამ არასტაბილურობის განცდით მივიდნენ საარჩევნო ყუთებამდე. საზოგადოება კატეგორიულად ითხოვს ხელისუფლებისგან: “დაიდოს” სტაბილურობა! დაუსრულებელი რყევები ქვეყანას ყოველდღე თითო ნაბიჯით სწევს უკან და ყველაფერს საზღვარი აქვს, მათ შორის საზოგადოების მოთმინებასაც... რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გააქტიურების პერსპექტივას, იმდენად სახიფათოდ მიმაჩნია 2020 წლისთვის ორპოლუსიანი საარჩევნო გარემო, რომ ნებისმიერი ახალი ძალის გამოჩენას მივესალმები პოლიტიკურ სპექტრში. დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” ყველაფერს გააკეთებენ, რომ მესამე ძალა არ შეიქმნას. რამდენად შესაძლებელია ხაზარაძე გახდეს მისი ლიდერი? მას საამისო პიროვნული და ფინანსური პოტენციალიც აქვს. გარდა ამისა, ვიცით, რომ ამომრჩევლის დიდი პროცენტი, ფაქტობრივად, არჩევნის გარეშეა დარჩენილი და გამოკითხვებისას ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ დგას. ასეთი დაახლოებით 800 000 კაცია”, დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ივანიშვილი დიდ ცვლილებებს დაგვპირდა, თუმცა გავიდა ხანი და არაფერი ჩანს... მაინც რა რესურსი რჩება მმართველ ძალას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის?” - პასუხობს:

“როგორი პარადოქსიც უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი საპირწონე “ნაციონალური მოძრაობაა”, “ქართულ ოცნებას” მინიმალური რესურსი იმისა, რომ ვითარება შეცვალოს, ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ის დღითი დღე მცირდება. ხელისუფლებას საფუძვლიანი და დიდი რეორგანიზაცია სჭირდება. ქვეყანაში უპირველესად ქაოსი უნდა აღმოიფხვრას და ქვეყნის განვითარების კონტურები გამოჩნდეს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პრემიერობიდან გადადგა, სულ ვამბობ, რომ ეს იყო შეცდომა და რაც დრო გადის, ეს უფრო თვალსაჩინო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მისდამი ჭარბი ნდობა ჭარბმა უნდობლობამ შეცვალა, დარწმუნებული ვარ, თუ ივანიშვილი იტყვის, პრემიერობა გადავწყვიტე, მთავრობას სათავეში ვუდგებიო და წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, საზოგადოების განწყობა კვლავაც დადებითისკენ შეიცვლება. გარდა ამისა, როგორც ყველა სახელისუფლებო ძალას, მასაც საკუთარ საარჩევნო ყულაბაში აქვს საკმაოდ მასშტაბური სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელთა ხმები. ეს განსაკუთრებით დაასხამს მის წისქვილზე წყალს, თუ დღევანდელი საარჩევნო სისტემა შენარჩუნდა. ამას კი, ვფიქრობ, `ქართული ოცნება~ შეეცდება და ამაში "ნაციონალური მოძრაობაც" დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დაანებონ ამ ორ ძალას ოპოზიციურმა სპექტრმა და საზოგადოებამ!”

შეცვლის თუ არა ივანიშვილი სექტემბერში მთავრობას და ვის დანიშნავს პრემიერად

“შესაძლოა სექტემბრიდან ქვეყანას ახალი მთავრობა და პრემიერი ჰყავდეს. მიუხედავად იმისა, რომ “რეზონანსს” ამის შესახებ მმართველ გუნდში ინფორმაციას ოფიციალურად არ უდასტურებენ, კულუარებში სულ უფრო აქტიურია იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილი მთავრობის დათხოვნას გეგმავს. ამის მიზეზად კი გაუფასურებული ლარი და ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაცია სახელდება. სავარაუდოდ, ის ბახტაძეს კვირიკაშვილის მსგავსად გაათავისუფლებს და მიზეზად კვლავ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას დაასახელებს. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბახტაძის შემცვლელებად კი აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და მოქმედი ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოიაზრებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შეცვლის თუ არა ივანიშვილი სექტემბერში მთავრობას და ვის დანიშნავს პრემიერად / “ქვეყანაში ქაოსია, მიშვებულია სადავეები, ვინ რას აკეთებს, კაცმა არ იცის”.

“როგორც ჩანს, ცქიტიშვილს თავად “ოცნების” შიგნით მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მათი ერთი ნაწილი მინისტრის გარკვეული სახის პიარითაც კი არის დაკავებული და მედიასთან მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ ცქიტიშვილის სამინისტრომ პროექტების სრულად ათვისება მოახერხა და საკმაოდ წარმატებული უწყებაა. თუმცა არსებობს ვერსიებიც, რომ ივანიშვილის გუნდის ნაწილი მის გაპრემიერებას არ ემხრობა. შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ეჭვი ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულმა განცხადებამაც გააჩინა - “სექტემბრიდან მეტად გავაქტიურდებით, “ქართული ოცნებიდან” მაქსიმალური რაოდენობა მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან კომუნიკაციას”, - განუცხადა ჟურნალისტებს ივანიშვილმა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ. სამთავრობო ცვლილებებს ოპოზიციაში ელიან. თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მოძრაობის ჩვენება”, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სამთავრობო ცვლილებები რეალურ პოლიტიკურ ძვრას გამოიწვევს. თუმცა ივანიშვილი, როგორც ყოველთვის, ამ ილუზიის შექმნას კვლავ შეეცდება. “ველოდები სამთავრობო ცვლილებებს. დღეს, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მოძრაობის ჩვენება იმიტომ, რომ აბსოლუტურ უძრაობაში ვართ. ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდება, თვითონაც ხვდება. მეც ველოდები, რომ სამთავრობო ცვლილებები იქნება”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომლის თქმით, მას სამწუხაროდ არ აქვს მოლოდინი, რომ გვარების და სახელების გამოცვლით რეალურად პოლიტიკური ცვლილება მოხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ რა სახის გადადგილებაც არ უნდა მოხდეს, ქვეყანაში სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ რაიმეს გამოსწორებაზე არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ძალიან რთული იქნება. მისი თქმით, ახლა საზოგადოების მთავარი მოლოდინი მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა, რასაც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ “ოცნების” ხელისუფლება შეძლებს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებელია და არა აქვს მნიშვნელობა, ეს რაიმე შედეგს მოიტანს თუ არა. მისი თქმით, თუ ცვლილებები იქნება, მაშინ ვიღაცას რაღაცეები უნდა დაბრალდეს და ორთქლის გამოშვება მოხდეს. თუ პრემიერი შეიცვლება, დიდი მნიშვნელობა ექნება, მას ვინ შეცვლის. ვარაუდობს, რომ გახარიას თემა დღის წესრიგიდან უკვე მოხსნილია. იქნება თუ არა ეს ცქიტიშვილი, ეს ძაბირაძისთვის კითხვებს აჩენს”, - დასძენს გამოცემა.

“ივანიშვილი ზუსტად ერთი წლით ადრე მოსახლეობას დაპირდა, რომ ერთ წელში ბევრი რამე შეიცვლებოდა. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ შეიცვალა კი არა, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ამ ყველაფერს კი ახლა კოსმეტიკური ცვლილებები არ უშველის. შესაძლოა ისევ გარკვეული ილუზიის შექმნას შეეცადოს, რომ ქვეყანაში რაღაც მოძრაობაა და, აი, იმ გაუფასურებულ ლარზე ვიღაცა პასუხს აგებს, მაგრამ ეს ხალხზე აღარ ჭრის. უფრო მგონია, რომ ივანიშვილი 2020 წლმადე სიტუაციის “გათრევას” ისე შეეცდება, როგორც არის. მას კადრების საკმაოდ მოკლე სკამი აქვს. ვინც შეიძლება პრემიერად კიდევ რაღაცის პასუხისმგებლად მოგვეაზრებინა და ვინმეს რამედ ჩაეგდო, გახარიაა. თუმცა 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ახლა მისი საერთოდ მინისტრად დარჩენის საკითხიც კი სათუოა. ამიტომაც ივანიშვილს ახლა რაღაცის გადათამაშება გაუჭირდება. მისი უკან დაბრუნებაც რადიკალურად ვერაფერს ვერ შეცვლის, პირიქით, მას ახლა საკმაოდ დაუვარდა რეიტინგი და ეს შეიძლება უკუეფექტის მომცემიც კი იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“თუ ხელისფლებას რაიმე პროგრამა არა აქვს, მხოლოდ გვარების და სახელების ცვლილება ვერ უშველის. პროგრამის არსებობის შემთხვევაშიც, თუ უკან ივანიშვილი არ დაბრუნდა, ამას ვერავინ შესარულებს. მართალია მას ახლა საკმაოდ დავარდნილი აქვს რეიტინგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი დაბრუნება ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. ახლა რასაც ვუყურებთ, ქვეყანაში ქაოსია. მიშვებულია სადავეები, ვინ რას აკეთებს, კაცმა არ იცის. რაიმე პრობლემებზე ორიენტირება და კონცეტრირება არ ხდება. გარდა ამის, როდესაც არსებობს პრემიერი, რომელსაც მთავრობა ემორჩილება და ამ პრემიერს კიდევ ზემდგომი ჰყავს, რომელსაც ემორჩილება, ეს სისტემა არ მუშაობს. როგორი კარგი პროგრამაც არ უნდა ჰქონდეთ, ეს გამართული სისტემის გარეშე არ მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია დაქსაქსული, ჩამოუყალიბებელი და გაფანტულია, ასეთ სიტუაციაში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რაღაცის შეცვლის რესურსი ჯერ კიდევ “ოცნებას" აქვს”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ალეკო ელისაშვილი - “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” სინამდვილეში, “ჩაშკა-ლოჟკები” არიან”

“ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობს და ეს არის ივანიშვილის კანტორა - როცა დასჭირდება, ხან ერთს გაააქტიურებს, ხან მეორეს, ესენი კი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და არიან ივანიშვილის დავალებების შემსრულებლები. ახლა პროკურატურაც ივანიშვილის პირადი დავალებით არის გააქტიურებული. როგორც ჩანს, აქციებმა ძალიან შეაშინა ივანიშვილი და კონტრშეტევაზე გადავიდა, დაერია ყველას, ვინც თვალში ცუდად გაეჩხირა”, - აცხადებს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი გაზეთ “კვირის პალისტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ალეკო ელისაშვილი: “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” სინამდვილეში, “ჩაშკა-ლოჟკები” არიან” / “ოცნება” რომ უნდა შეიცვალოს, მგონი, ივანიშვილიც ეთანხმება. 2 თვეში 8 წელი გახდება, რაც ხელისუფლებაში არიან და არაფერი გაუკეთებიათ ფულის მოპარვის გარდა. ამიტომ უნდა წავიდნენ. ხელისუფლება არჩევნებით უნდა შევცვალოთ”

“დემოკრატიაზე, ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე ლაპარაკი არც არის. ასეთი გაღატაკებული ქვეყანა ინვესტორებს ისე უნდა დასდევდეს, როგორც ბოშა ბავშვები ძველ თბილისში ტურისტებს ფეხზე ჩამოეკიდებიან და ფულს სთხოვენ. ამის ნაცვლად რა სიგნალებს იღებს მთელი მსოფლიო საქართველოდან? - რომ ოპოზიცია ქუჩაში შეიკრიბა და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერენ, ზოგს დაკითხვაზე იბარებენ და ამის შემდეგ რომელი ნორმალური დალაგებული ინვესტორი ჩადებს საქართველოში ფულს?! ბანანის რესპუბლიკა ან რომელიმე ღრმა აფრიკული ქვეყანა ხომ არ არის, სადაც ყოველი მეორე ოფიცერი გადატრიალებას რომ აწყობს?! ეს ხელისუფლება ქვეყანაზე კი არ ფიქრობს, იმაზეა გამეცადინებული, რითი ასიამოვნოს ივანიშვილს... პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალებაა ის, რაც მამუკა ხაზარაძის გარშემო ხდება: ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდეს, საქმე აღძრულია. ხაზარაძემ თქვა, სექტემბრიდან პოლიტიკურ აქტივობას ვაპირებო და იმ წუთშივე ჩამოიღეს თაროდან საქმე - ეს ყველაფერი პოლიტიკური ოპონენტისთვის ანგარიშის გასწორებაა... რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ მინდა ჩვენ ხელისუფლების უკან გადადგმული ნაბიჯი ბოლომდე მივიყვანოთ - არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება სიტყვად კი არ უნდა დარჩეს, არამედ კონსტიტუციაში აისახოს. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპრომისია”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი.

“თუ გვინდა გადატრიალებებითა და არეულობით არ შეიცვალოს ხელისუფლება და შეიცვალოს არჩევნების გზით, პროპორციული არჩევნების წესი უნდა ჩავწეროთ კანონში.როდესაც პარლამენტი ხალხის განწყობის მიხედვით დაკომპლექტდება, ქუჩაში არეულობისთვის ადგილი აღარ დარჩება. არავის არ გვინდა გადატრიალება-გადმოტრიალებები, ამიტომ პროპორციული არჩევნები უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ორ ძალას არ აწყობს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება - “ოცნებას” და “ნაცმოძრაობას”. სინამდვილეში, ისინი, როგორც რუსები იტყვიან, “ჩაშკა-ლოჟკები” არიან, ერთმანეთს აძლიერებენ”, - დასძენს ელისაშვილი და შეკითხვაზე - “რიგგარეშე არჩევნების ალბათობას თუ ხედავთ?” - პასუხობს:

“ასე, მოწმენდილ ცაზე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, თან მაჟორიტარული წესით, დიდ მღელვარებას გამოიწვევს. ამ ავანტიურით ხალხი ბიძინა ივანიშვილს თავს არ მოატყუებინებს. “ქართული ოცნება” რომ უნდა შეიცვალოს, მგონი, ბიძინა ივანიშვილიც ეთანხმება. 2 თვეში 8 წელი გახდება, რაც ხელისუფლებაში არიან და არაფერი გაუკეთებიათ ფულის მოპარვის გარდა. ამიტომ უნდა წავიდნენ. ხელისუფლება არჩევნებით უნდა შევცალოთ. ეს ხელისუფლება ყველას ყელში ამოუვიდა, მაგრამ არავის არ უნდა მათი შეცვლა გადატრიალება-გადმოტრიალებით”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს