საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო სასამართლოსთან დაკავშირებული გეგმების დაანონსების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქვეყანაში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება. გეგმები საკმაოდ ამბიციურია და არბიტრაჟის სფეროში ქვეყნის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ასეთ დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში არამომგებიანი და საერთაშორისო სტანდარტებით დაფუძნებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის არსებობას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალური მდივანი ბექა ინჯია ამბობს, რომ აღნიშნული საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ საქართველოს რეგიონულ საარბიტრაჟო ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა წამოადგენს, რაც გულისხმობს ამ რეგიონში წარმოშობილი დავების საქართველოში გადაწყვეტას. საქართველოს საერთაშოროსო საარბიტრაჟო ცენტრი ICC-სთან აქტიურად თანამშრომლობს.
- რამდენად რეალურია საქართველოსთვის, არბიტრაჟის მიმართულებით რეგიონული ჰაბის სტატუსის მოპოვება და რამდენად ახლოს ვართ ასეთ რეალობასთან?
- სხვა ცნობილი რეგიონალური საარბიტრაჟო ცენტრებისგან განსხვავებით, GIAC-ი ძალიან ახალგაზრდა საარბიტრაჟო დაწესებულება, თუმცა მისი არსებობის 4 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი საერთაშორისო ცნობადობა მოიპოვა. ინსტიტუტი ჩართულია არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაში და მოვლენაში. აუცილებელია ცალკე გამოვყოთ ყოველწლიური საარბიტრაჟო დღეები, რომელიც ჩვენი ორგანიზებით უკვე მე-6 წელია იმართება და უფრო და უფრო მეტ დაინტერესებულ საერთაშორისო ექსპერტსა და პრაქტიკოსს იზიდავს. ეს კი ჩვენი ქვეყნის დავების გადაწყვეტის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საარბიტრაჟო ცენტრის მთავარი მიმართულება ბიზნეს და საერთაშორისო დავების გადაწყვეტაა, სტატისტიკური მონაცემებით ჩვენს მიერ განხილულ საქმეთა 65% საეთაშორისო დავას წარმოადგენდა.
- რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში საერთაშორისო არბიტრაჟის განვითარება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის და რამდენად მოქმედებს ეს საერთაშორისო ინვესტორთა მხრიდან ქვეყნის მიმართ ნდობაზე?
არბიტრაჟი ერთგვარი გარანტიაა ინვესტორისთვის, რომ მარტივად და ეფექტურად გადაწყვიტოს დავები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მისი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო დავების მოზიდვა და მათი საქართველოში გადაწყვეტა. მაღალ კვალიფიციურ დონეზე ჩატარებული საარბიტრაჟო პროცესებით იქმნება სწორი პრაქტიკა, რაც თავის მხრივ კარგი მაგალითია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში არსებობს სანდო საარბიტრაჟო ინსტიტუტი. ამით კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყნისადმი ნდობა და ზოგადად უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა გახდება შესაძლებელი. სასამართლო სისტემასთან ერთად სანდო და მოქნილი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების არსებობა ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვისა და ბიზნესის გამართულად ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.
- რა მისცა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის კომისიაში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებამ და ზოგადად, რა მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ცენტრს საერთაშორისო ასპარეზე?
- გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის კომისია (UNCITRAL) არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტი საერთაშორისო სავაჭრო და კომერციული სამართლის მათ შორის, ასეთი დავების გადაწყვეტის კუთხით. სწორეს აქ ხდება ამ მიმართულებით საერთაშორისო დონეზე უმნიშვნელოვანესი რეფორმებისა და ინიციატივების თავმოყრა და შემდგომში რეკომენდაციების, მოდელური კანონებისა და სიახლეების მიღება და გამოქვეყნება, რაზეც საერთაშორისო საზოგადოება ზოგადად თანხმდება.
ამდენად, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ამ ორგანიზაციაში დამკვირვებელ წევრად მიღება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ამ დარგში პოზიციონირებისთვის, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც მთელი რეგიონიდან მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი წარმოადგენს ერთადერთ დამკვირვებელ წევრს.
- ბოლო წლებში მოხდა არბიტრაჟის შესახებ კანონის რეფორმა, ახლა კი იხვეწება კანონი მედიაციასთან დაკავშირებით. რას მისცემს ეს ბიზნესს?
- 2015 წელს უმნიშვნელოვანესი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, რამაც უფრო მოიყვანა შესაბამისობაში ჩენი კანონი საერთაშორისო სტანდარტებთან, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა სრულად შეესაბამება და ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე მიღებულ საუკეთესო პრაქტიკას. ეს კი ბიზნესისთვის დამატებითი მოტივაციაა. რაც შეეხება მედიაციას - მედიაციის კანონი, რომელიც პრაქტიკულად მიღებულია და ცოტა ხანში გამოქვეყნდება კიდეც, ვფიქრობთ ხელს შეუწყობს მედიაციის მეშვეობით დავების გადაწყვეტის კიდევ ერთი მოქნილი მექანიზმის ჩამოყალიბებას. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ კერძო კომერციული მედიაციის პლატფორმის დანერგვასა და განვითარებას.
- რა გეგმები აქვს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს ახლო მომავალში ქვეყანაში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით?
- ჩვენთვის უპირველეს სამომავლო გეგმას წარმოადგენს, როგორც ადგილობრივი ასევე ბიზნეს-წრეების მიერ არბიტრაჟის გამოყენების გაზრდა. ამისთვის აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნეს სექტორთან შეხვედრების, თემატურ ღონისძიებების, სემინარებისა და ცნობადობის ამაღლების სხვადასხვა აქტივობების გამართვას. ამ მიმართულებაში შედის ასევე საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლება, რისთვისაც ვგეგმავთ რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ღონისძიებების ჩატარებასს. სწორედ ასეთ ღონისძიებათაგანი იყო ერევანში გამართული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საქართველოს მიღწევები ამ დარგში და GIAC-ის როლი. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ მიმდინარე წელს განვავითარებთ კომერციული მედიაციის პლათფორმას და მოვახდენთ მის აქტიურ პოპულარიზაციას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"