ქართული პრესის მიმოხილვა 09.08.2019

სოსო ცისკარიშვილი - “გამორიცხულია ივანიშვილი პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნდეს”

ინგა გრიგოლია - “100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკავშირდება ტელეკომპანიას”

აშშ საერთაშორისო დახმარებას დროებით ყინავს - როგორ აისახება ეს საქართველოზე

* * *

სოსო ცისკარიშვილი - “გამორიცხულია ივანიშვილი პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნდეს”

“როგორც კი დაიწყება დავა აწყმოსა და წარსულს შორის აღმოჩნდება, რომ ვკარგავთ მომავალს” - ჩერჩილის ეს სიტყვები დღევანდელი საქართველოსთვის არის დაწერილი. “ამიტომ, რომ არ დავკარგოთ მომავალი წარსულზე განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმას სჯობს უკეთეს მომავალზე ვიზრუნოთ”- ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი 11 წლის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ არ სურს ივანიშვილს პრემიერობა: “გამორიცხულია, რომ ის ამ თანამდებობაზე დაბრუნდეს” - ცისკარიშვილი.

“ამ წლების მანძილზე უამრავი მოსაზრება, შეფასება თუ ტყუილი მოვისმინეთ ამ ომთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ თავი და თავი ამ ტრაგედიის არის რუსეთი. რა თქმა უნდა, იყო დაშვებული შეცდომები მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც ის, რომ წაგებულ ომზე ატყდა ყიჟინა ომი მოვიგეთო. მაგრამ ჩემი აზრით, დღეს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ასეთი კრიტიკა წინა ხელისუფლების მიმართ არა მგონია საქმეს წაადგეს. ომს და წარსულს ისტორია შეაფასებს. ჩვენ კი ღრმად ჩავფიქრდეთ და ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე, როგორ შევცვალოთ არსებული რეალობა, დავიბრუნოთ ჩვენი ტეორიტორიები და ქვეყანაში იყოს მშვიდობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

“პროპორციული საარჩევნო სისტემით მომავალი არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს, არის ხარვეზები, თუნდაც ხელისუფლების მცდელობა - დაქსაქსოს ოპოზიცია და მომავალ პარლამენტში შეიყვანოს მისთვის სასურველი პატარ-პატარა პარტიები. ასევე, მედიის საქმიანობაში ჩარევა, მოვუწოდებ ხელისუფლებას ხელები შორს მედიისგან. მაგრამ, მიუხედავად ხარვეზებისა, ოპოზიცია “ოცნების” ამ შეთავაზებას უნდა დათანხმდეს და პოლიტიკურ ძალებში საკითხისადმი მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, რა თქმა უნდა, კამათის ფონზე. წინასწარი პროგნოზის გაკეთება, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, მხოლოდ ამაზე აქცენტის გაკეთება არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოადგება, უნდა მივყვეთ პროცესს და ქართველი ხალხი თავის არჩევანს თავად გააკეთებს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იქნება ქალბატონი თამარ ჟვანია, “ოცნებას” გამარჯვების დიდი შანსი აქვს”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.

“ვფიქრობ, რომ ჩვენი “კადრებთუხუცესი” მომავალი მთავრობისთვის მარტივად შეარჩევს ისეთივე “წარმატებულ” მინისტრებს, როგორიც დღეს გვყავს. ამიტომ, დიდ ცვლილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობიდან არ ველი და ალბათ ისევ “გართობის მთავრობა”იქნება. მაგრამ, თუ ცვლილებების აუცილებობა დადგება, უნდა შეიცვალოს ეკონომიკური გუნდი, იმ სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქართულ ეკონომიკაშია. ჩემი აზრით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა შექმნას ეკონომიკური საბჭო 15 კაცის შემადგენლობით, რომელიც დაკომპლექტდებოდა მაღაკვალიფიციური პროფესიონალებით, ასეთების პოვნა საქართველოში არ გაჭირდება, მით უმეტეს სამეცნიერო წრეებში. საბჭოს შემადგენლობაში არ შევა ეკონომიკის მინისტრი, ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა და შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ პრემიერ-მინისტრს. ასეთი პრაქტიკა არსებობს განვითარებულ ქვეყნებში”, - მიიჩნევს ცისკარიშვილი და შეკითხვაზე - “თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს ისევ პრემიერ - მინისტრად და შეასრულოს ის დაპირებები, რომელიც ერთი წლის წინ გასცა. იზიარებთ ამ მოსაზრებას?” - პასუხობს:

“ივანიშვილს, რომ პრემიერ-მინისტრობის სურვილი ჰქონდეს, დიდი ხანია ამ სავარძელში იჯდებოდა. გამორიცხულია, რომ ის ამ თანამდებობაზე დაბრუნდეს, ამიტომ, ტყუილად ნუ ირჯებიან ჩემი კოლეგები”

ინგა გრიგოლია - “100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკავშირდება ტელეკომპანიას”

“ტვ პირველის” დამფუძნებლის ვატო წერეთელის გამოკითხვა დასრულდა. სამოქალაქო სასამართლო მან რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. წერეთელი ამბობს, რომ მას დაკითხვისას ეჭვი გაუჩნდა, რომ მის ოჯახზე, კერძოდ მამაზე სურთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რის შემდეგაც მასზე, როგორც ტელეკომპანიის მესაკუთრეზე მანიპულაციას შეძლებენ. “ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე უნდათ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულაციას”, - ამბობს ის. მისივე განცხადებით, არ არსებობს მომჩივანი და არც დაზარალებული და სწორედ ეს აჩენს ეჭვებს, რომ ასეთ საქმეზე, რომელიც 11 წლის წინანდელია, პროკურატურა თავად დაინტერესდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა სურს პროკურატურას “ტვ პირველის” დამფუძნებლისგან / “100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკავშირდება ტელეკომპანიას” - ინგა გრიგოლია.

“მაინტერესებდა ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე”, ამბობს “ტვ პირველის” დამფუძნებელი, რომელიც ვარაუდობს, რომ მიმდინარე მოვლენები უშუალოდ ტელეკომპანიას უკავშირდება. მისი თქმით, ტელევიზიაზე კონკრეტული შემოტევები იყო, ამიტომაც, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ ეს საქმეც ტელევიზიას უკავშირდება. “ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამითი, ჩემი აზრით, შეეცდებიან, ჩემზე პირადად მანიპულირებას... ტელევიზიასთან დაკავშირებით იყო ერთგვარი შემოტევები, ამიტომ ტელევიზია არის დამოუკიდებელი, ყოველთვის რჩება გავლენების მიღმა და მოვლენების შუა გულში, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები”, - განაცხადა ვატო წერეთელმა. წერეთელი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. მას გამოძიება ედავება, რომ ბანკირებმა წერეთლის კომპანიის დახმარებით ფული გაათეთრეს. “ტვ პირველის” დამფუძნებლის გამოკითხვაზე განმარტებას პროკურორი, არჩილ ტყეშელაშვილი აკეთებს - მან განმარტა, თუ რატომ გადაწყდა ვატო წერეთლის გამოკითხვა სწორედ ახლა, როდესაც საქმე, დაახლოებით, ერთი წლის წინ აღიძრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როგორც პროკურორი ამბობს, ამ საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულების მოპოვება ეტაპობრივად მოხდა. მისი თქმით, კონკრეტულად, ერთი დამატებითი მტკიცებულების მოპოვების საფუძველზე შემდგომი პირის დაკითხვა არ ხდება. მტკიცებულებების მოპოვება ეტაპობრივად მიმდინარეობს. “მას შემდეგ, რაც შევაფასეთ მოპოვებული მტკიცებულებები და გავაანალიზეთ, თუ ვისი დაკითხვა იყო საჭირო, დავდექით ამ აუცილებლობაზე და, შესაბამისად, სწორად ახლა ვკითხავთ ჩვენ ბატონ ვახტანგ წერეთელს”, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა. პროკურორის განცხადებით, მათ ვერ მიიღეს პასუხები დასმულ შეკითხვაზე და ვატო წერეთელი უმეტეს შემთხვევაში მათ ეუბნებოდა, რომ არ ახსოვს კონკრეტული დეტალები. ”ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა “სამგორი ემის” და “სამგორი ტრეიდის” წილის მფლობელს, ეს, შეგახსენებთ, ის კომპანიებია, რომელზეც მოხდა ამ თანხების სესხად გაცემა, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. გამოძიებამ რა გაარკვია, დეტალურად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. შეხება ჰქონდა ამ კომპანიებთან, იყო ამ კომპანიების წილის მფლობელი, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები”, - თქვა პროკურორმა”, - დასძენს გამოცემა.

“ერთი პროცენტით რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი “ტელეკომპანია პირველს”, არ უკავშირდება, მაშინ პროკურატურასთან არ მივიდოდი”, - ეს განცხადება “ტვ პირველის” გენერალურმა პროდიუსერმა, ინგა გრიგოლიამ გააკეთა. ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ვატო წერეთლის გამოკითხვა პირდაპირ უკავშირდება “პირველს”. ინგა გრიგოლია იმ საქმეებს იხსენებს, რომლებიც ბოლომდე გამოძიებული არ არის. “100-დან 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება სწორედ ტელეკომპანია “პირველს” და რატომ, იმიტომ, რომ ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და გირაო შეუფარდეს, რომ კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც წესით, საქმის მონაწილე უნდა ყოფილიყო, არ გამოუკითხავთ. წარმოიდგინეთ, ეს ხომ არის, თავისთავად, რაღაც უცნაური მოვლენა. პლუს, ჩვენ ვსაუბრობთ, თუ არ მეშლება, 11 წლის წინანდელ ამბავზე, რომელსაც არ ჰყავს არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ქვეყანაში, სადაც უამრავი გამოუძიებელი საქმეა, სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი... უეცრად, როდესაც ამდენი ამბავი არის გამოუძიებელი, თურმე გამოძიება ინტერესდება 11 წლის წინანდელი საქმით, საქმით, რომელსაც არ ჰყავს არც მომჩივანი, არც დაზარალებული”, - ამბობს ინგა გრიგოლია, რომლის თქმით, “ესეც ხომ არის ძალიან უცნაური მოვლენა”, - წერს სტატიის ავტორი.

აშშ საერთაშორისო დახმარებას დროებით ყინავს - როგორ აისახება ეს საქართველოზე

“სიენენის” ინფორმაციით, დონლდ ტრამპმა დროებით გაყინა საერთაშორისო დახმარების პროგრამის დაფინანსება, სანამ თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისი არ შეამოწმებს ნებისმიერ იმ თანხას, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში არ გახარჯულა. ასეთი შემოწმება ეფუძნება თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახელზე გაგზავნილ წერილს. წერილის თანახმად, დაფინასების მოცულობა დაახლოებით 2-დან 4 მილიარდ დოლარს შეადგენს, განსახილველი თანხები ეხება ფისკალურ 2018/19 წელს. თუ მათ არ დახაჯავენ 30 სექტემბრამდე, ისინი ფედერალურ ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს, რადგან ფისკალური წელი 30 სექტემბერს მთავრდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აშშ საერთაშორისო დახმარებას დროებით ყინავს - როგორ აისახება ეს საქართველოზე / “ეს სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება, რადგანაც ეს პროექტები ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულია”.

“კრიტიკოსები შიშობენ, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ჯანდაცვის, სამშვიდობო საქმიანობის, ნარკოტიკების კონტროლისა და საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობის პროგრამების დაფინასების მკვეთრი შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა უკვე დაამტკიცა ფინანსების გამოყოფა. ამ ლოგიკის თანახმად, დონალდ ტრამპის მიერ საერთაშორისო დახმარების პროგრამის დაფინანსების გაყინვა, საქართველოზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს, რადგან საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებთაგან, რომლებსაც ეს პროგრამა სხვადასხვა პროექტების განხორციელებას აფინასებს და რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, რაც დაფინანსების პროექტის პირდაპირი მიზანია. “ამ პროგრამის მნიშვნელობაზე შემიძლიათ გითხრათ, რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაწყებული 90-იანი წლებიდან როდესაც USAID საქართველოში რეფორმების პროგრამას აფინანსებდა, მათ შორის უკანასკნელ დრომდე და თუ ეს რაიმე სახით შეფერხდა, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება, იმიტომ, რომ ეს პროექტები ქვეყნის ინსტიტუციური პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულია”, - განმარტავს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოში ეს პროექტი ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან მოქმედებდა და მისი მიმართულებებია: ქვეყნის ინსტიტუციური მმართველობა, რეფორმების მთელი წყება, დაწყებული სამართლებრივი სისტემიდან ეკონომიკურ სისტემამდე, ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ა. შ. ეს არის ძალიან ფართო წრე საკითხებისა, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, დემოკრატიული პროცესების განვითარების, მისი რაიმე სახით შეფერხება საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენა იქნება ჩვენთვის, იმედი მაქვს რომ ეს არ მოხდება” - აცხადებს მენაღარიშვილი. ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო დახმარების პროგრამები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე თქმით, უმჯობესია საკუთარი ეკონომიკა განვავითაროთ და თვითკმარი სახელმწიფო შევქმნათ”, - დასძენს გამოცემა.

„USAID-ის პროგრამები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ძალიან ცუდი დანაკარგი იქნება, მაგრამ ეს არ იქნება აპოკალიფსი, ჩვენ ჯობია, რომ საკუთარ ეკონომიკას მივხედოთ და ჩვენ თვითონ განვითარდეთ ისე, რომ თვითკმარი სახელმწიფო შევქმნათ, თორემ ასეთი პროგრამები ხან იქნება ხან არა და ქვეყნის განვითარების ჩამოკიდება ნებისმიერი უცხო ქვეყნის პროგრამებზე და ამაზე აპელირება არასწორად მიმაჩნია”, - ამბობს ხუხაშვილი. USAID 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. მის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაწეული დახმარება 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საუბარია ინიციატივებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, განათლების გაუმჯობესებას, იძულებით გადაადგილებული პირებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის ზრდას და ა.შ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტო USAID 1961 წელს დაარსდა და მისი მიზანია სხვადასხვა სახელმწიფოების არასამხედრო დახმარება. სააგენტო სახელმწიფო მდივნის დაქვემდებარებაშია. წლიური ბიუჯეტი 27 მლრდ-ს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა