მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები

ჩინეთის ადგილსა და როლზე თანამედროვე მსოფლიოში, აშშ-ჩინეთის, ევროკავშირ-ჩინეთის, რუსეთ-ჩინეთის, ასევე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების თავისებურებებსა და ანაკლიის პროექტში ჩინეთისა და რუსეთის მონაწილეობაზე ვაშინგტონის მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზებზე, ამავე პროექტში პეკინის მონაწილეობის სავარაუდო პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ყოფილ ელჩს ჩინეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარს, ელჩს, მიხეილ უკლებას ესაუბრა.

- ბატონო მიხეილ, 2017 წელს ჩატარებულმა ჩინეთის კომპარტიის მე-19 ყრილობის შედეგებმა ცხადი გახადა, რომ პეკინმა დაძლია მისთვის ისტორიულად დამახასიათებელი არაექსპანსიური საგარეო პოლიტიკა და ჩინეთმა ნელ-ნელა დაიწყო მზადება მსოფლიო ლიდერის მანტიის მოსარგებად.

ყოველწლიურად იზრდება ჩინეთის ეკონომიკის ხვედრითი წილი მსოფლიო ეკონომიკაში, დღევანდელი ჩინეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით არათუ დაეწია ამ სფეროში დაწინაურებულ ქვეყნებს, არამედ საგრძნობლად გაუსწრო კიდეც. მეტიც, უკანასკნელ წლებში მისი სამხედრო პოტენციალი, მათ შორის კოსმოსში, სულ უფრო ხელშესახები ხდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით ჩინეთის ადგილსა და როლს დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში, სადაც მისი აქტორობა სულ უფრო ანგარიშგასაწევი ხდება?

- დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ჩინეთი ნელ-ნელა იწყებს მსოფლიო ლიდერი სახელმწიფოს როლის მორგებას, სულ უფრო ძლიერდება მისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა. ის რად ღირს, რომ ჩინეთი გაერო-ს უშიშროების მუდმივი წევრი ქვეყანაა და ბირთვული სახელმწიფოა. ის საერთაშორისო პოლიტიკის გლობალური აქტორია და საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში არსებული საკვანძო საკითხების გადაწყვეტაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ზოგიერთი მკვლევარი ჩინეთს აშშ-ს ჩელენჯერადაც კი მიიჩნევს, ზოგი კი პირიქით, მის შესაძლებლობებს გადაჭარბებულად თვლის. დღევანდელი ჩინეთი შეესაბამება გლობალური სახელმწიფოს კრიტერიუმებს. ტერიტორიული ნიშნით, მოსახლეობის რიცხოვნობით, სამხედრო სიძლიერითა და ეკონომიკური ზრდის ტემპებით ის შეიძლება ნამდვილად მივაკუთნოთ გლობალურ სახელმწიფოს.

დღევანდელი ჩინეთი შეესაბამება გლობალური სახელმწიფოს კრიტერიუმებს. ტერიტორიული ნიშნით, მოსახლეობის რიცხოვნობით, სამხედრო სიძლიერითა და ეკონომიკური ზრდის ტემპებით ის შეიძლება ნამდვილად მივაკუთნოთ გლობალურ სახელმწიფოს

საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და გლობალური მოთამაშეა და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში. მათ შორის მსოფლიოს დიდი ოცეულის G-20-ის, მსოფლიოს ხუთი უმსხვილესი ქვეყნისგან შემდგარ ჯგუფში, რომელშიც არიან - რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა.

ჩინეთი არის ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონალური ორგანიზაციების წევრი, როგორებიცაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ცენტრალურ-აზიური სამიტი, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს წყნარ ოკეანურ საბჭოში, აზია-ევროპის ფორუმში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ თანამშრომლობაში.

ჩინეთი ასევე თანამშრომლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნების ასოციაცია „ასიანთან,“ რომლის ფარგლებში შექმნილია დიალოგის ფორმატები „ასიან-ჩაინა“, „ასიან-ჩინეთ-იაპონია-სამხრეთ კორეის რესპუბლიკა,“ „ასიანი“-იაპონია-ინდოეთი-ახალი ზელანდია“.

2018 წელი ჩინეთისათვის გახლდათ ჩინეთში ეკონომიკური რეფორმების დაწყების მე-40 წელი. ამ რეფორმებმა რადიკალურად შეცვალა ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკური რეფორმების გატარების მე-40 წლისთავზე ჩინეთის ეკონომიკური ზრის ტემპმა საშუალოდ 9,5% შეადგინა. მშპ-ს მოცულობა 225-ჯერ გაიზარდა და 2017 წელს გადააჭარბა 13 ტრილიონ აშშ დოლარს.

ეკონომიკური რეფორმების გატარების მე-40 წლისთავზე ჩინეთის ეკონომიკური ზრის ტემპმა საშუალოდ 9,5% შეადგინა. მშპ-ს მოცულობა 225-ჯერ გაიზარდა და 2017 წელს გადააჭარბა 13 ტრილიონ აშშ დოლარს

აშშ-ს მშპ 21 ტრილიონამდეა, შესაბამისად, ამ მონაცემით ჩინეთი მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ. როგორც ქვეყანა არის მეორე ადგილზე, მაგრამ მას, როგორც გაერთიანება, ევროკავშირი უსწრებს. ანუ, ამ მონაცემით მესამე ადგილზეა აშშ-ის და ევროკავშირის შემდეგ.

ჩინეთი არის მსოფლიო ლიდერი და მისი სავალუტო რეზერვები შეადგენს 3,6 ტრილიონ ამერიკულ დოლარს. იგი ასევე ლიდერი ქვეყანაა სხვადასხვა წიაღისეულის - ნახშირის, რკინის, ტყვიის, თუთიის მოპოვებაში და მნიშვნელოვანი მასშტაბებით მოიპოვებს ნავთობს, ურანსა და იშვიათი ლითონების მადნებს.

ჩინეთი სამრეწველო პროდუქციის სახეობათა აბსოლუტურ უმრავლესობას აწარმოებს. ჩინეთი არის მსოფლიოში უდიდესი ავტომწარმოებელი ქვეყანა.

დღეს იგი იმაზე მეტ ავტომობილს უშვებს, ვიდრე აშშ-სა და იაპონიის წამყვანი კომპანიები.

დღეს ჩინეთი ლიდერია გლობალური კონკურენციის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტელეკომუნიკაციები და ხელოვნური ინტელექტი. პროგნოზებით, 2030 წლისთვის ჩინეთის მშპ-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემების ხარჯზე გაიზრდება 7 ტრილიონი აშშ დოლარით, ხოლო ამერიკული კომპანიები ჩინელებთან წაგებას პროგნოზირებენ 5 ჯისთვის ბრძოლაში.

დღეს ჩინეთი აშშ-ს უსწრებს ისეთ დარგებში, როგორიცაა რობოტოტექნიკა, დრონების წარმოება, გადასახადის მობილური სისტემები. დღეს მსოფლიოში 10-ვე ვენჩურული სტარპატიდან, რომელთა კაპიტალიზაციამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, 6 ჩინური, 3 ამერიკული და ერთი ინდური კომპანიაა.

დღეს ჩინეთი აშშ-ს უსწრებს ისეთ დარგებში, როგორიცაა რობოტოტექნიკა, დრონების წარმოება, გადასახადის მობილური სისტემები. დღეს მსოფლიოში 10-ვე ვენჩურული სტარპატიდან, რომელთა კაპიტალიზაციამ ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, 6 ჩინური, 3 ამერიკული და ერთი ინდური კომპანიაა

რაც ყველაზე მთავარია, ჩინეთი ინოვაციების და ტექნოლოგიების დამოუკიდებელი მწარმოებელი ხდება. რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მსოფლიოში კონკურენცია.

რაც შეეხება სამხედრო მიმართულებას. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 2-ჯერ - 2018 წელს შეადგინა 176 მილიარდი აშშ დოლარი და იგი არის აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილზე, რომლის სამხედრო ბიუჯეტი 700 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

ჩინეთში სწრაფად მიმდინარეობს სამხედრო რეფორმები. ჩინეთს მსოფლიოში რიცხობრივად უდიდესი შეიარაღებული ძალები ჰყავს. დღეს ჩინეთის სამხედრო ელიტის პრიორიტეტები ჩვეულებრივი შეიარაღების დაგროვების პოლიტიკიდან თანდათან სამხედრო ინფორმაციული ტექნოლოგიების შემუშავებისკენ ინაცვლებს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 2-ჯერ. 2018 წელს შეადგინა 176 მილიარდი აშშ დოლარი და იგი არის აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილზე, რომლის სამხედრო ბიუჯეტი 700 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია

თავდაცვითი სისტემის რეფორმის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ჩინეთის არმიის თანამედროვე მაღალხარისხიანი იარაღით აღჭურვა. ამ კონტექსტში მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სარაკეტო ჯარების, ასევე სამხედრო საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალების განვითარების საკითხებს.

ჩინეთის სამხედრო ძალები აღჭურვილი არიან ყველა სახით იარაღით, მათ შორის ბირთვული და თერმობირთვული იარაღით. ატომური და ბალისტიკური რაკეტების მქონე წყალქვეშა გემებით, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ჩათვლით.

ჩინეთმა განათავსა სამხედრო ბაზები შრი-ლანკაში, პაკისტანში და ჯიბუტში. ჯიბუტში ასევე განლაგებულია 5 ათასკაციანი ჯარი. ჩინეთმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს სამხედრო-საზღვაო ძალების ჩამოყალიბებაში.

მაგალითად, სამხედრო საბრძოლო გემების რაოდენობით ჩინეთმა გადაასწრო აშშ-ს. ახლა მას 300 სამხედრო გემი ჰყავს. აშშ-ს 286 გემი, თუმცა მთლიანობაში ტონაჟითა და სიმძლავრით ამერიკელები ჯერჯერობით წინ არიან. მარტო ის რად ღირს, რომ მათ ჰყავთ 11 ავიამზიდი, ხოლო ჩინელებს 1 ავიამზიდი.

საბრძოლო გემების რაოდენობით ჩინეთმა გადაასწრო აშშ-ს. ახლა მას 300 სამხედრო გემი ჰყავს, აშშ-ს 286 გემი ჰყავს, თუმცა მთლიანობაში ტონაჟითა და სიმძლავრით ამერიკელები ჯერჯერობით წინ არიან. მარტო ის რად ღირს, რომ მათ ჰყავთ 11 ავიამზიდი, ხოლო ჩინელებს 1 ავიამზიდი

მართალია, კიდევ აშენებენ ავიამზიდებს, მაგრამ ამ თვალსაზრისით დღეისათვის რეალობა ასეთია. საინტერესოა ის, რომ ჩინური გემების გამოყენება ჩინეთის საზღვაო საზღვრებიდან სხვა ტერიტორიებზე განსაზღრული არ არის.

ჩინეთის მზარდი გლობალური როლი იწვევს ეროვნული ინტერესების ევოლუციასა და გაფართოებას. სულ უფრო აქტუალური ხდება ამბიციური მიზნები ანუ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესთა სფერო სცილდება ვიწრო ეროვნულ ინტერესებს.

ჩინეთის დამოკიდებულება ნედლეულის მოწოდებაზე და ძირითად სავაჭრო მარშუტებზე აიძულებს მას გააძლიეროს თავისი მოქმედება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში გავლენის მოპოვებისა და ამ მარშუტებზე კონტროლის გასაფართოებლად.

ჩინეთის მზარდი გლობალური როლი იწვევს ეროვნული ინტერესების ევოლუციასა და გაფართოებას. სულ უფრო აქტუალური ხდება ამბიციური მიზნები ანუ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესთა სფერო სცილდება ვიწრო ეროვნულ ინტერესებს

ამ მიზანს ემსახურება 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ გამოცხადებული „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა, რომლის სტრატეგია შედგება ორი მსხვილი პროექტისაგან - „აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური პროექტი, ე.წ. ევრაზიული სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აერთიანებს ჩინეთს ევროპასთან და მეორე - „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა“, რომელიც აერთებს ჩინეთის პორტებს აფრიკის სანაპიროსთან, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის პორტებთან და რომლის მიზანია სავაჭრო კავშირების აღდგენა და ეკონომიკური აქტივობების გაზრდა ჩინეთსა და ცენტრალური აზიის, ჩინეთსა და ევროპისა და ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებთან.

ეს ახალი კავშირები ევროპასთან 12-14 დღემდე ამცირებს გადაზიდვის დროს, როდესაც საზღვაო გადაზიდავებს სჭირდება 30-45 დღე. ჩინეთს სავაჭრო ბრუნვა აქვს 60-ზე მეტ ქვეყანასთან. 2012-2013 წლებში მისმა სავაჭრო ბრუნვამ სხვადასხვა ქვეყნებთან 6 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო პირდაპირ განხორციელებულმა ინვესტიციებმა 90 მილიარდი აშშ დოლარი.

აღნიშნულ პერიოდში ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა 20-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამავე პერიოდში ჩინეთმა ყველაზე მეტი ინვესტიციები განახორციელა ენერგეტიკაში, ტრანსპორტში და საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

- გასული საუკუნის 70-წლებიდან მოყოლებული აშშ-სა და ჩინეთს შორის გაღრმავებულმა ურთიერთობებმა პრაქტიკულად ყველა სფეროში ჩინეთს საშუალება მისცა გაძლიერებულიყო ეკონომიკურად, ფინანსურად, არ ჩამორჩენოდა დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს ტექნოლოგიების ათვისებასა და განვითარებაში.

მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ხელმძღვანელი ტრამპი გახდა, ვაშინგტონსა და პეკინს შორის არაერთი გაუგებრობა იყო, რომელიც აშშ-ში ჩინურ ნაწარმსა თუ ნედლეულზე გადასახადების გაზრდას უკავშირდებოდა.

მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ორივე მხარე ერთმანეთს ანგარიშს უწევს. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნის დედაქალაქებში ესმით - ისინი დღევანდელ მსოფლიოში ერთმანეთის უპირველესი კონკურენტები არიან.

თქვენ როგორ დაახასითებდით ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობებს და მსოფლიო პოლიტიკის საკვანძო საკითხებში თანამშრომლობის ხარისხს?

- თანამედროვე მსოფლიოში ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ორმხრივ კომუნიკაციას. ეს არის თანამშრომლობა ერთი მხრივ მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ და ყველაზე განვითარებად ქვეყანას შორის.

ბოლო ათწლეულის მანძილზე სწრაფი განვითარების გამო ანალიტიკოსების ნაწილი ჩინეთს აშშ-ის მთავარ მეტოქედ განიხილავენ. ეს განპირობებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მნიშვნელოვანი წარმატებებით ეკონომიკაში, დიპლომატიასა და სამხედრო სფეროში.

აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობები მრავალ ასპექტში იკვეთება და წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. რომელთა შორის ძირითადია შემდეგი თემები და მიმართულებები - ტაივანის საკითხი, სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორია და რეგიონალური უსაფრთხოება, დოლარის გაცვლითი კურსი და სავაჭრო პოლიტიკა, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ.

ბოლო ათწლეულის მანძილზე სწრაფი განვითარების გამო ანალიტიკოსების ნაწილი ჩინეთს აშშ-ის მთავარ მეტოქედ განიხილავენ. ეს განპირობებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მნიშვნელოვანი წარმატებებით ეკონომიკაში, დიპლომატიასა და სამხედრო სფეროში

რა ხდება დღეს აშშ-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში? ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის - იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები, მტრები, კონკურენტები თუ პარტნიორები? ამ კითხვებზე არაერთგვაროვანი პასუხებია და მათზე ზუსტი პასუხის მისაღებად ღრმა ანალიზს მოითხოვს.

მიუხედავად აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებში მრავალი უთანხმოებისა და სხვადასხვა წყალქვეშა დინებებისა, ექსპერტების დიდი უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ვაშინგტონი და პეკინი ურთიერთსაჭიროებებიდან გამომდინარე იძულებული არიან ჰქონდეთ ერთიანი მიდგომა 21-ე საუკუნის ისეთ გლობალურ საკითხებსა და გამოწვევებზე, როგორებიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გამოცდაზე კონტროლი, კორეის ნახევარკუნძულის პრობლემატიკა, კლიმატური ცვლილებები, გლობალური ფინანსური კრიზისი და სხვა.

პეკინი ვაშინგტონისთვის არა მხოლოდ ანგარიშგასაწევი, არამედ პრაგმატულად საჭირო ძალაა. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როგორც არასოდეს ისე სჭირდება ამერიკას ჩინეთი და ჩინეთს ამერიკა. მათი ეკონომიკა იმდენად არის გადახლართული, რომ ახლა მათთვის წამგებიანია მათ შორის კონფრონტაცია.

პეკინი ვაშინგტონისთვის არა მხოლოდ ანგარიშგასაწევი, არამედ პრაგმატულად საჭირო ძალაა. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როგორც არასოდეს ისე სჭირდება ამერიკას ჩინეთი და ჩინეთს ამერიკა. მათი ეკონომიკა იმდენად არის გადახლართული, რომ ახლა მათთვის წამგებიანია მათ შორის კონფრონტაცია

ამას ადასტურებს აშშ-სა და ჩინეთს შორის ახლა მიმდინარე სავაჭრო ომი, რომელმაც შეამცირა როგორც აშშ-ს შიდა პროდუქტის ზრდა და იზარალა ჩინეთმაც. თუ სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთის ეკონომიკურის ზრდის მაჩვენებელი 6,2% იყო, აშშ-სთან სავაჭრო პრობლემების გამო წლის ბოლოსთვის მხოლოდ 6% იქნება.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე და პრაქტიკულად რეცესიიკენ მიჰყავს. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, საქმე გვექნება მსოფლიო ეკონომიკის კრიზისთან.

უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო თემა აშშ-სა და ჩინეთს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ტრამპი ემუქრებოდა ჩინეთს მკაცრი ეკონომიკური ზომებით, რათა გაეუმჯობესებინა ის სავაჭრო დისბალანსი, რომლის გამოც აშშ გაუმართლებელ და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიდა.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭო ომის დაწყების თარიღად პირობითად ითვლება 2018 წლის 6 ივლისი, როდესაც აშშ-მ ძალაში შეიყვანა დამატებითი 25%-იანი საიმპორტო ტარიფები ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ 34 მილიარდი აშშ დოლარის საქონელზე, რაზეც ჩინეთმა დაუყოვნებლივ გადადგა სიმეტრიული ნაბიჯები. კერძოდ, აშშ-დან ჩინეთში იმპორტირებულ საქონელს ასევე 25%-იანი საიმპორტო ტარიფები დაუდგინა.

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭო ომის დაწყების თარიღად პირობითად ითვლება 2018 წლის 6 ივლისი, როდესაც აშშ-მ ძალაში შეიყვანა დამატებითი 25%-იანი საიმპორტო ტარიფები ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ 34 მილიარდი აშშ დოლარის საქონელზე, რაზეც ჩინეთმა დაუყოვნებლივ გადადგა სიმეტრიული ნაბიჯები. კერძოდ, აშშ-დან ჩინეთში იმპორტირებულ საქონელს ასევე 25%-იანი საიმპორტო ტარიფები დაუდგინა

აგვისტოს პირველ რიცხვებში აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ჩინეთი „ვალუტის მანიპულატორ“ ქვეყნად გამოაცხადა. იმავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჯერ კიდევ ადრე იგი თავის მოხსენებებში კონგრესისთვის მიუთითებდა, რომ ჩინეთი საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე მიზანმიმართულად ამცირებდა იუანის კურსს. ხოლო ბოლო დღეებში განახორციელა კონკრეტული ნაბიჯები, რითაც მოახდინა თავისი ვალუტის დევალვაცია და ამავდროულად შეინარჩუნა თავისი შთამბეჭდავი სავალუტო რეზერვები.

იუანის განხორციელებული დევალვაციის მიზანი იყო არასამართლიანი და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება საერთაშორისო ვაჭრობაში. ჩინეთის ასეთი ქმედება გახლავთ G-20-ის ფორმატში აღებული ვალდებულებების დარღვევა. აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა ვალუტის მანიპულაციაში დაადანაშაულა ჩინეთი და ევროკავშირი და დაემუქრა მათ სავალუტო ომის სავაჭრო ომად გადაქცევაში.

2019 წლის 5 აგვისტოს აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის კიდევ უფრო გამწვავების შედეგად, უმსხვილესი ამერიკული კომპანიების საბაზრო ღირებულება აქციების გაუფასურების შედეგად დაეცა 700 მილიარდი აშშ დოლარით. ხოლო მსოფლიოს 500-ზე ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ერთბაშად დაკარგა 117 მილიარდი აშშ დოლარი. ეს ნათლად მიუთითებს თუ რა საფრთხის შემცველია აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე ომი მსოფლიოს სავაჭრო სისტემებისთვის და მთლიანობაში მსოფლიო ეკონომიკისთვის.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ დღეს აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკა იმდენად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ დღეს ჩინეთს აშშ-ს ბაზარზე უკავია მობილური ტელეფონების ექსპორტის 60%, კომპიუტერების 55%, ავეჯის წარმოების 50%, საუბარი აღარ არის ტექსტილზე, სათამაშოებზე, ველოსიპედებზე და სხვა სახის საქონელზე. ეს ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის.

დღეს აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკა იმდენად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ დღეს ჩინეთს აშშ-ს ბაზარზე უკავია მობილური ტელეფონების ექსპორტის 60%, კომპიუტერების 55%, ავეჯის წარმოების 50%, საუბარი აღარ არის ტექსტილზე, სათამაშოებზე, ველოსიპედებზე და სხვა სახის საქონელზე. ეს ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის

ჩინეთი არის აშშ-ს მთავარი პარტნიორი ქვეყანა და მისი სავალუტო რეზერვი 3,6 ტრილიონს შეადგენს. გარდა ამისა, ამერიკული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მილიარდ 400 მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი. ჩინეთის ბაზარზე პრაქტიკულად ყველა ამერიკული გიგანტი წარმოებებია წარმოდგენილი. დაწყებული მაღალი ტექნოლოგიებით, უმსხვილესი საავტომობილო გიგანტებით, დამთავრებული ასევე უმსხვილესი ფასტფუდის კომპანიებით.

ჩინეთი არის აშშ-ს მთავარი პარტნიორი ქვეყანა და მისი სავალუტო რეზერვი 3,6 ტრილიონს შეადგენს. გარდა ამისა, ამერიკული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მილიარდ 400 მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჩინეთის დადებითი სავაჭრო სალდოს 60% მოდის ამერიკულ კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ ჩინეთის ბაზარზე. კომპანიების პროდუქცია, რომლებიც მუშაობენ ჩინეთის ბაზარზე, შემოდის აშშ-ში.

ჩინელი ექსპერტები უკვე ღიად აღიარებენ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ამჟამად მიმდინარე სავაჭრო ომი ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩინეთის ეკონომიკაზე, მაგრამ ჩინეთს გააჩნია უნარი მოახდინოს ამ ნეგატიური ზეგავლენის დაძლევა შიდა მოთხოვნილების ზრდისა და მაღალხარისხიანი განვითარების ხელშეწყობის მეშვეობით.

- აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე აქტიურად ვითარდება ჩინეთ-ევროპის სავაჭრო ურთიერთობები. ევროკავშირმა მხარი არ დაუჭირა აშშ-ს მოწოდებას ევროპაც ჩართულიყო ჩინეთთან სავაჭრო ომში.

თქვენ როგორ დაახასიათებდით ჩინეთსა და ევროპას შორის სადღეისოდ ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს?

- აქტიურად ვითარდება ჩინეთ-ევროკავშირს შორის თანამშრომლობა. ჩინეთის პოლიტიკა ევროკავშირთან მიმართებაში არის ძალზე აქტიური და შთამბეჭდავი. პეკინი ევროპის მიმართულებაზე გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა გაამკაცრეს პოლიტიკა ჩინელი ინვესტორების მიმართ.

თუ ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით ვიმსჯელებთ, ყველაზე დიდი ინვესტიციები ჩინეთმა განახორციელა - დიდ ბრიტანეთში 70 მილიარდი აშშ დოლარი, იტალიაში 35 მილიარდი დოლარი, გერმანიაში 20 მილიარდი და საფრანგეთში 15 მილიარდი.

ჩინეთის პოლიტიკა ევროკავშირთან მიმართებაში არის ძალზე აქტიური და შთამბეჭდავი. პეკინი ევროპის მიმართულებაზე გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა გაამკაცრეს პოლიტიკა ჩინელი ინვესტორების მიმართ

ტრადიციულად ჩინური ინვესტიციები ხორციელდება ცნობილ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში. ასევე ახალგაზრდა კომპანიებში, რომლებსაც აქვთ საინტერესო პატენტები, მაგრამ არ აქვთ თანხები წარმოებისთვის. „ვოლვოს“ ერთი დიდი დანაყოფი ცნობილმა ჩინურმა კომპანიამ შეიძინა.

დღეს ჩინეთი და ევროკავშირი ერთმანეთისთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ევროკავშირისთვის ჩინეთი გახლავთ მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, ხოლო ჩინეთისთვის ევროკავშირი გახლავთ პირველი სავაჭრო პარტნიორი.

მაგალითად, გერმანიასთან, ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს გადააჭარბა 200 მილიარდ აშშ დოლარს. ევროკავშირი ცდილობს ჩინეთთან მიმართებაში განახორციელოს პრაგმატული პოლიტიკა, როგორც ეკონომიკურ კონკურენტთან.

აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გართულების ფონზე ძალზე მნიშვნელოვანი იყო მარტის თვეში ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ვიზიტი ევროკავშირის ქვეყნებში.

დღეს ჩინეთი და ევროკავშირი ერთმანეთისთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ევროკავშირისთვის ჩინეთი გახლავთ მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, ხოლო ჩინეთისთვის ევროკავშირი გახლავთ პირველი სავაჭრო პარტნიორი

ამ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შთამბეჭდავ და მნიშვნელოვან შეთანხმებებს. ხელი მოეწერა შეთანხმებას საავიაციო კონცერნ „აირბახთან“. კონტრაქტის ღირებულება 50 მილიარდ ევროს შეადგენს და ითვალისწინებს ჩინეთის მიერ ა320-ის ტიპის 290 და ა350-ის ტიპის 10 თვითმფრინავის შეძენას.

გარდა ამისა, ხელი მოეწერა შეთანხმებას 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტეინერმზიდების მშენებლობაზე. ასევე გაფორმდა შეთანხმება იტალიელებთან ტრიესტისა და გენუას პორტების მშენებლობებში ჩინელების მონაწილეობაზე. იტალიაში ასევე ხელი მოეწერა 29 შეთანხმებას, რომლის ღირებულება 5,8 მილიარდი დოლარია. ამავე მოლაპარაკებების შედეგად იტალია 7 მილიარდი ევროთი გაზრდის თავის ექსპორტს ჩინეთში.

საინტერესოა ის, რომ ჩინეთი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა საზღვაო პორტები, აეროპორტები, რკინიგზა, ელექტროგამანაწილებელი ხაზები, მილსადენები და ასე შემდეგ.

ჩინურ კაპიტალს ეკუთნის მსოფლიოს უდიდესი ევროპული პორტების -როტერდამის პორტის 30%, ანტვერპენის პორტის 20%, აშენებს ახალ ტერმინალს ჰამბურგის პორტში. ევროკავშირის სამხრეთში საბერძნეთის უდიდესი პირეის პორტის სამი ტერმინალიდან 2 გადაცემული აქვს უდიდეს ჩინურ სახელმწიფო კომპანია „კოსკოს“. ამ პორტის ოპერირების 51% ამავე კომპანიას ეკუთვნის.

ჩინეთს ასევე აქვს ტერმინალები ესპანეთის ვალენსიის, ბილბაოს პორტებში, ასევე აქვს აქტივები პორტუგალიისა და საბერძნეთის სხვადასხვა პორტებში.

ჩინურ კაპიტალს ეკუთნის მსოფლიოს უდიდესი ევროპული პორტების -როტერდამის პორტის 30%, ანტვერპენის პორტის 20%, აშენებს ახალ ტერმინალს ჰამბურგის პორტში. ევროკავშირის სამხრეთში საბერძნეთის უდიდესი პირეის პორტის სამი ტერმინალიდან 2 გადაცემული აქვს უდიდეს ჩინურ სახელმწიფო კომპანია „კოსკოს“. ამ პორტის ოპერირების 51% ამავე კომპანიას ეკუთვნის

გარდა ამისა, ჩინეთი აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. მათთან თანამშრომლობის ფარგლებში მას შემუშავებული აქვს 16+1 მექანიზმი, რომელსაც იგი აქტიურად ამუშავებს.

ჩინური საფრთხე გაცნობიერებული აქვთ ევროკავშირშიც. მაგრამ, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის პირობებში, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გართულებული ურთიერთობების გამო ევროკავშირი აღრმავებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ევროკავშირი არ შეუერთდა აშშ-ს მოწოდებას შეუერთდეს ევროკავშირი ჩინეთთან სავაჭრო ომში.

- ცალკე საუბრის თემაა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები.

უკანასკნელ წლებში პრეზიდენტი პუტინი ხშირად ჩადიოდა პეკინში იმ იმედით, რომ რუსულ გაზს ჩინეთი იყიდდა, გაზსადენის მშენებლობისთვის ფინანსებსაც არ დაიშურებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

მიუხედავად ამისა, მოსკოვსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ სტაბილურია. ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრები ლამის ტრადიციად იქცა. ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ამას წინათ მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში, რომლის დროსაც მას პეტერბურგის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭეს.

ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობაში უფროსი ძმის როლს ჩინეთი ასრულებს, მაგრამ ისიც არ რჩება შეუმჩნეველი, რომ კრემლმა ამ ურთიერთობებისთვის ბევრი იმუშავა და ეს როლიც მორგებული აქვს. თქვენ როგორ დაახასიათებდით ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებს?

- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით პეკინი-მოსკოვის ურთიერთობებში დომინანტის როლში აშკარად ჩინეთია. ასეა, რადგან რუსეთი ძირითადად ნედლეულის - ნავთობის, გაზის, ელექტროენერგიის, ლითონებისა და ხის მასალის მიმწოდებელია.

2018 წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ პირველად გადალახა 100 მილიარდიანი თამასა. სულ ახლახან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის რუსეთში დროს დაიგეგმა სავაჭრო ბრუნვის 200 მილიარდ დოლარამდე გაზრდა 2024 წლისთვის.

2018 წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ პირველად გადალახა 100 მილიარდიანი თამასა. სულ ახლახან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის რუსეთში დროს დაიგეგმა სავაჭრო ბრუნვის 200 მილიარდ დოლარამდე გაზრდა 2024 წლისთვის

ჩინეთისა და რუსეთის დღეისათვის აქტიური თანამშრომლობის მიუხედავად, შეიძლება გამოიყოს ამ ურთიერთობების სამი მიმართულება - პოლიტიკური, ეკონომიკური - სავაჭრო-საინვესტიციო-ენერგეტიკული და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა.

ამაზე მეტყველებს ისეთი ფაქტები, როგორიცაა ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთისადმი უკრაინის კრიზისში. ქვეყნებს შორის კონვერტაცია ეროვნულ ვალუტებში. მათ შორის ვაჭრობაში აღარ გამოიყენება ამერიკული დოლარი. ჩინეთის სამხედრო წვრთნებში რუსეთის მონაწილეობა და ასე შემდეგ.

ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მოსკოვისა და პეკინის მიერ ოფიციალურად აღიარებულია, როგორც თანასწორი და ნდობაზე დამყარებული, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემაზე დამყარებული სტრატეგიული თანამშრომლობა.

ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გააქტიურდა იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი უკრაინაში მოქმედებების გამო იმყოფება ამერიკისა და ევროპის ეკონომიკური სანქციების ქვეშ. ასევე იმ დროს, როდესაც ჩინეთსა და აშშ-ს შორის გაჩაღებულია სავაჭრო და სხვა ომები. ასეთ ფონზე მათი დაახლოება თავისთავად მოხდა.

ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გააქტიურდა იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი უკრაინაში მოქმედებების გამო იმყოფება ამერიკისა და ევროპის ეკონომიკური სანქციების ქვეშ. ასევე იმ დროს, როდესაც ჩინეთსა და აშშ-ს შორის გაჩაღებულია სავაჭრო და სხვა ომები

სტრატეგიული და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ჩანს, რომ რუსეთმა გეზი აღმოსავლეთისკენ აიღო. მოსკოვის მიზანია, ეკონომიკური დივერსიფიცირების პოლიტიკის გატარებისას ნაკლებად დაზარალდეს აშშ-სა და დასავლეთის სანქციების გამო. ასეთივე მიზნები აქვს ჩინეთსაც.

მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა არ არის სახარბიელო. კერძოდ, მსოფლიოს მრავალ რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთის საინვესტიციო აქტიურობა, ხოლო რუსეთში ეს ზრდა არ არის შთამბეჭდავი.

ჩინეთ-რუსეთის თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საინვესტიციო და ენერგეტიკული სექტორებით. რუსეთი სატვირთო გადაზიდვებში საკვანძო მონაწილეა ქვეყანაა, რადგან მის ტერიტორიაზე ორი სახმელეთო მარშრუტი გადის.

ჩინეთ-რუსეთის თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საინვესტიციო და ენერგეტიკული სექტორებით. რუსეთი სატვირთო გადაზიდვებში საკვანძო მონაწილე ქვეყანაა, რადგან მის ტერიტორიაზე ორი სახმელეთო მარშრუტი გადის

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ ჩინეთს აშშ-სა და ევროკავშირისთვის საფრთხედ, რუსეთისთვის ჩინეთი არანაკლები საფრთხეა. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთთან შედარებით ჩინეთი სულ უფრო შესამჩნევად ძლიერდება, ურალს იქეთ რუსეთის ტერიტორია ქვეყნის 70%-ს შეადგენს, რომელზეც მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს.

ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონების წიაღში არის მენდელეევის მთელი ტაბულა. ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, რუსეთისთვის მზარდი ჩინეთი დამაფიქრებელი საფრთხეა.

როგორც ექსპერტები მიიჩნევენ ჩინეთს აშშ-სა და ევროკავშირისთვის საფრთხედ, რუსეთისთვის ჩინეთი არანაკლები საფრთხეა. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთთან შედარებით ჩინეთი სულ უფრო შესამჩნევად ძლიერდება, ურალს იქეთ რუსეთის ტერიტორია ქვეყნის 70%-ს შეადგენს, რომელზეც მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს

უნდა ითქვას, რომ სამხედრო სფეროში ჩინეთი და რუსეთი აქტიურად თანამშრომლობენ, ატარებენ ერთობლივ წვრთვნებს, მაგრამ ექსპერტთა დაკვირვებით, თუ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი შესამჩნევად შერბილდა, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ისეთი არ იქნება, როგორც დღეისთვის არის.

- გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი და რუსეთი სამხედრო ალაინსს შექმნიან. მზადდება ხელშეკრულება, რომელიც ფაქტობრივად, ორმხრივი სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა იქნება.

მათი ერთობლივი სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენები უკვე აკონტროლებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სივრცეს. თქვენი დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთმა მსოფლიო ლიდერის მანტიის მორგება რუსეთთან ერთად დაიწყო?

- ჩემი აზრით, ჩინეთ-რუსეთს შორის დაწყებული დაახლოების პროცესი მაინც უკავშირდება აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუარესებას. ჩინეთი რუსეთთან ურთიერთობებს ამერიკასთან მანევრებისთვის იყენებს.

ჩინეთი რუსეთთან ურთიერთობებს ამერიკასთან მანევრებისთვის იყენებს

თუ ჩინეთისთვის რუსეთთან ურთიერთობები აშშ-სთან და მთლიანად დასავლეთთან ურთიერთობების საპირწონე გახდა, მასში ჩაერთო დასავლური სოლიდარობა, ეს ჩინეთისთვის მოვლენათა განვითარების არასასურველი სცენარი იქნებოდა.

ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ჩინეთისთვის რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება და გაუმჯობესება აშშ-სა და დასავლეთთან მანევრირების პოლიტიკის ნაწილია.

- ვიცით, რომ უკანასკნელ წლებში აქტიურად და საკმაოდ დინამიურად ვითარდება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები. საგრძნობლად გაზრდილია ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, ჩვენთან ჩინელ ტურისტთა რაოდენობა. აქტიურად მუშაობენ ჩვენთან ჩინური კომპანიებიც.

2 წლის წინ საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება კი გააფორმეს, მაგრამ ჯერ აშკარად ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართული ღვინო ჩინეთში ისეთივე პოპულარობით სარგებლობდეს, როგორც რუსეთში. თქვენ როგორ შეაფასებდით სადღეისოდ ჩამოყალიბებულ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს? სავარაუდოდ, როგორ აღიქვამდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში ჩინეთის პირველი დიპლომატისა და სახელმწიფო მრჩეველის ვან ი-ს ვიზიტს?

- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მეტწილად ეს ეხება თანამშრომლობას ვაჭრობაში, ინვესტიციების მოზიდვას, ფინანსებს, ტურიზმს, ინფრასტრუქტურული მშენებლობის სფეროებს. მნიშვნელოვანია მხარეთა შორის მჭიდრო ურთიერთობების გაზრდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნა საელჩო თბილისში, რამაც სტიმული მისცა ორ ქვეყანას შორის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

საქართველო ტრადიციულად ესწრაფვის ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას, რომელსაც დღეს მსოფლიოში ნომერ მეორე ეკონომიკა აქვს და რომელიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. გაიზარდა საქართველოს ექსპორტის მოცულობა ჩინეთში და ჩინური ინვესტიციების ოდენობა საქართველოში.

საქართველო ტრადიციულად ესწრაფვის ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას, რომელსაც დღეს მსოფლიოში ნომერ მეორე ეკონომიკა აქვს და რომელიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. გაიზარდა საქართველოს ექსპორტის მოცულობა ჩინეთში და ჩინური ინვესტიციების ოდენობა საქართველოში

2018 წელს ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ გადააჭარბა 1 მილიარდ აშშ დოლარს და შეადგინა 1 მილიარდ 31 მილიონი აშშ დოლარი. რაც 10%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. ამ მონაცემით ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს.

სამწუხაროდ, ჩვენი ექსპორტი გაცილებით მცირეა. 2018 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულ იქნა 198 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი ძირითადად შედგება - სპილენძის მადნები და კონცენტრატები (135 მილიონი აშშ დოლარი), ღვინო, სამედიცინო დანიშნულების ხელსაწყოები, სპილენძის ნარჩენები და სხვადასხვა.

ჩინეთის მხრიდან საექსპორტო პროდუქციაში ყველაზე დიდი წილი მოდის გამომთვლელ მანქანებზე (41 მილიონი), ტურბორეაქტიული ძრავები, ნახშირბადები, საბურავები, კონდიციონერები და ასე შემდეგ.

2018 წელს ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 31 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. ამ მონაცემით ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს. 2018 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულ იქნა 198 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია

ბოლო პერიოდში ჩინეთში პოპულარული გახდა ქართული ღვინო და იგი ჩინეთში ჩვენი საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეისთვის ჩინეთში გახსნილია 40-მდე ღვინის სახლი, მაღაზია და სალონი.

2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ჩინეთში განხორციელდა 7,52 მილიონი აშშ დოლარის ღვინის ექსპორტი. გასულ წელთან შედარებით ზრდა 7%-ია. ქართული ღვინის მოხმარების მაჩვენებლით ჩინეთი რუსეთისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილზეა.

ჩინეთიდან საქართველოში პირველი ინვესტიცია განხორციელდა 2002 წელს. იმ პერიოდიდან დაწყებული დღემდე სულ განხორციელდა 664,666 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

2018 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება. ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა 2017 წელს.

2019 წლის თებერვლიდან ძალაში შევიდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჰონ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონსა და საქართველოს შორის. ორ ქვეყანას შორის 2011 წლიდან რეგულარულად დაფრინავენ თვითმფრინავები და მათი სიხშირე საკმაოდ მაღალია.

ჩინეთიდან საქართველოში პირველი ინვესტიცია განხორციელდა 2002 წელს. იმ პერიოდიდან დაწყებული დღემდე სულ განხორციელდა 664,666 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია

ჩინეთსა და საქართველოს შორის საკამოდ პერსპექტიულია თანამშრომლობა ე.წ. „ახალი აბრეშუმის გზის“ კონტექსტში. იგი შესაძლებლობას იძლევა სრულად იყოს გამოყენებული საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის პოტენციალი.

საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩინეთის დახმარებას ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობაში. დერეფნის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა ბაქო-თბილისის ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი და ასევე ანაკლიის პორტი.

- ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით იყო იმგვარი განცდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში აშშ-სა და ჩინეთის თანამშრომლობა გარდაუვალი უნდა ყოფილიყო.

მაგრამ, ანაკლიის პორტის თემაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა - „პორტი უფრო გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკასთან და აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას.“

დამკვირვებელთა ნაწილი პომპეოს საკმაოდ ვრცელ და მრავალპლასტიან განცხადებას მიესალმა, იგი შეფასდა, როგორც ანაკლიის პორტის მშენებლობის საქმეში ვაშინგტონის ღია მხარდაჭერა, მაგრამ, დამკვირვებელთა მეორე ნაწილს გაკვირვება არ დაუმალავს იმის გამო, რომ ამ პროქტში აშშ-ს არ სურდა ჩინეთის მონაწილეობა.

თქვენ როგორ აღიქვით, ანაკლიის თემაზე ჩინეთთან დაკავშირებით პომპეოს განცხადებას?

- ეს განცხადებები, მათ შორის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელიც 27 წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი პორტების მიმართ დიდია ინტერესი და მათ განვითარებას აქვს პერსპექტივა.

ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ დაბალანსდება გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები შავი ზღვის რეგიონში.

მოგეხსენებათ, რომ ახლა შავი ზღვა გადაქცეულია ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების ზღვად, რის გამოც თავისთავად გაიზარდა ამ ზღვის ეკონომიკური და უსაფრთხოების განზომილება. ამ საკითხში ძალზე მნიშვნელოვანია თუ როგორ ითანამშრომლებენ ისეთი გლობალური და რეგიონალური მოთამაშეები, როგორებიც არიან ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი.

ახლა შავი ზღვა გადაქცეულია ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების ზღვად, რის გამოც თავისთავად გაიზარდა ამ ზღვის ეკონომიკური და უსაფრთხოების განზომილება. ამ საკითხში ძალზე მნიშვნელოვანია თუ როგორ ითანამშრომლებენ ისეთი გლობალური და რეგიონალური მოთამაშეები, როგორებიც არიან ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი

ვიმეორებ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება, ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თბილისში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საინტერესო რეგიონია.

ბაქო-თბილისი-ყარსის მეშვეობით უკვე ხდება ჩინეთიდან ტვირთების ევროპის მიმართულებით გადაზიდვა. მარშრუტი ასეთია - ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი.

ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტმა ჩინეთიდან ევროპაში სახმელეთო გზით საკმაოდ შეამცირა მანძილი, შესაბამისად გადაზიდვის ხანგრძლივობა. ჩინეთიდან ევროპაში ჩინური ტვირთების მოხვედრას სჭირდება 9-დან 14 დღე. და ეს მაშინ, როდესაც საზღვაო მარშუტს სჭირდება 30-45 დღე.

ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტმა ჩინეთიდან ევროპაში სახმელეთო გზით საკმაოდ შეამცირა მანძილი, შესაბამისად გადაზიდვის ხანგრძლივობა. ჩინეთიდან ევროპაში ჩინური ტვირთების მოხვედრას სჭირდება 9-დან 14 დღე. და ეს მაშინ, როდესაც საზღვაო მარშრუტს სჭირდება 30-45 დღე

ისიც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შემუშავებული აქვთ ერთიანი გამჭოლი ტარიფები, რაც ამ მარშრუტს ხდის უფრო კონკურენტუნარიანს. ეს კი ზრდის ამ მარშრუტზე ნაკადების ზრდის პერსპექტივას. ამ პროცესში ასევე ჩართულია უკრაინა.

2019 წლის 25 მაისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ვა ნი, რომელსაც შეხვედრები ჰქონდა ჩვენს პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ვიზიტი შეფასდა როგორც ისტორიული, რადგანაც ბოლო 23 წლის განმავლობაში თბილისში პირველად ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს.

ამ ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ გლობალურ ინიციატივასა და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობაზე. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ პეკინი სრულად იზიარებს საქართველოს მისწრაფებას გახდეს სატრანსპორტო-სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი ევროპასა და აზიას შორის.

თბილისში ჩინეთის პირველი დიპლომატის ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ გლობალურ ინიციატივასა და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობაზე. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ პეკინი სრულად იზიარებს საქართველოს მისწრაფებას გახდეს სატრანსპორტო-სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი ევროპასა და აზიას შორის

აღინიშნა, რომ საქართველოს დიდი გამოწვევები აქვს უსაფრთხოების კუთხით, რაც ჩვენი ქვეყნის ნაწილის ოკუპაციას უკავშირდება. ამ თვალსაზრისითაც საქართველოსთვის ფასდაუდებელია ჩინეთის მხარდაჭერა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საქმეში.

საქართველო თავის მხრივ „ერთი ჩინეთის“ პრინციპის ერთგულია და ეს მისი პოზიცია ურყევია.

ჩინეთის საგარეო სამეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების მეტად შესწავლა და გააჟღერა ინიციატივა სამი ძირითადი მიმართულებით, კერძოდ, - ვაჭრობის, დივესიფიკაციის და ლოჯისტიკის მიმართულება.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინვესტორია და მისი ჩართულობითაც არაერთი პროექტი ხორციელდება. მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.

ჩინელი მინისტრის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსა და რეგიონის მიმართ, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჩინეთის ხელისუფლებას აქვს მკაფიო ხედვა იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მსხვილი პროექტების განხორციელებაში, რომელიც გულისხმობს ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნის განვითარებას.

ჩინეთის ხელისუფლებას აქვს მკაფიო ხედვა იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მსხვილი პროექტების განხორციელებაში, რომელიც გულისხმობს ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნის განვითარებას

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 25-27 აპრილს „სარტყლის და გზის“ მეორე ფორუმში საქართველოს მონაწილეობა. ამ ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც 27 აპრილს ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის მთავრობებს შორის „საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრების ტრანსპორტირების შესახებ“.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ამა წლის 1-2 ივნისს ჩინეთის ქალაქ დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი, რომელმაც გამართა ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან, ბატონ ლი კეციანთან. სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობისათვის ხელშეწყობის საკითხი.

- ბატონო მიხეილ, ჩვენ საუბარი დავიწყე იმით, რომ ჩინეთმა ნელ-ნელა დაიწყო მსოფლიო ლიდერის მანტიის მორგება. ეს რომ ასეა, თქვენმა ამომწურავმა საუბარმა ჩინეთის თემაზე ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოვა, მე მაინც გთხოვდით დასკვის სახით ჩინეთზე კიდევ ორიოდ სიტყვის თქმას.

- დღეს ჩვენს თვალწინ, მწვავე კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება, რაც გამალებული შეიარაღების ფონზე ძალზე რთული და მტკივნეული პროცესია და რომლის გამოძახილია მიმდინარე სავაჭრო, სავალუტო, საინფორმაციო და სხვა ჰიპერომები.

თუ როგორ მოხდება გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების სტრატეგიების და მათივე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესები შეთავსება დამოკიდებულია ამ მნიშვნელოვანი მოთამაშეების პასუხისმგებლობაზე, სიბრძნესა და გონიერებაზე

როგორ მოხდება ერთდროულად აშშ-ს - „ისევ გავხადოთ ამერიკა დიადი, ამერიკა პირველი,“ ევროკავშირის - „ერთიანი ევროპა“, ჩინეთის - „ერთი სარტყელი და ერთი გზის“, სხვა გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების სტრატეგიების შეთავსება და ამ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური რუბიკის კუბიკის აწყობა, დამოკიდებულია ამ მნიშვნელოვანი მოთამაშეების პასუხისმგებლობაზე, სიბრძნესა და გონიერებაზე.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო