გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“

დღევანდელი უსაფრთხოების გარემო განსაკუთრებით მოწყვლადია კიბერტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში. ისევე როგორც სპეცსამსახურების მოქმედებები, კიბერ მოქმედებებიც გარკვეულ ლოგიკასა და სტრატეგიას ემყარება. თუ 80-იანი წლების ეპოქაში ერთ-ერთ ასეთ ცენტრალურ სტრატეგიულ მეთოდიკას „საინფორმაციო ოპერაციები“ ეწოდებოდა, მაგალითად, 80-იანი წლების რუსული საინფორმაციო პროპაგანდა „ოპერაცია ინფექცია“, დღეს მათ უკვე „გავლენის ოპერაციებს“ უწოდებენ. მათი შეუიარაღებელი თვალით განსაზღვრა საკმაოდ რთულია, თუმცა მინიმალური დეფინიცია ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: „მოწინააღმდეგეზე ტაქტიკური ინფორმაციის მოკრება და პროპაგანდის შექმნა/გავრცელება მასზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად“.

ასეთ ოპერაციებს ჩვენ ვხედავთ უკვე როცა ისინი მოქმედებაშია, მაგალითად რუსული ინტერნეტის კვლევის სააგენტოს ბოტების მიერ საუდის არაბეთის წინააღმდეგ, ან ირანისა აშშ-ს წინააღმდეგ, რუსეთისა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, ჩინეთისა ტაივანის წინააღმდეგ და ა.შ.

ამ ყველაფერს ორი განზომილება აქვს - გარე საფრთხეებისა და შიდა პოლიტიკური მანიპულაციების. ერთი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ხოლო მეორე დემოკრატიისა და სუსტად განვითარებული და ინფორმირებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა ძალაუფლების მოპოვების მიზნით.

გავლენის ოპერაციები თავისით არ ჩნდება. ისინი იგეგმება და განხორციელდება სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ორგანიზაციებისა და თუ ჯგუფების მიერ. მათი მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგების პოტენციური სისუსტეების დადგენასა და მის საწინააღმდეგოდ მათ გამოყენებაშია. ასეთი ოპერაციებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა ამ სისუსტეების გააზრება და შემდეგ მათი აღმოფხვრა. როგორც მათ კიბერუსაფრთხოებაში უწოდებენ „მკვლელობათა ჯაჭვის“ პრევენცია. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, ასეთი სისუსტეების დადგენა შეიძლება იყოს ადვილი მტრული სახელმწიფოსათვის, ხოლო მაშინ, როდესაც ქვეყანას არ აქვს გაკეთებული კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების შეფასება, რთულია თავად ჩვენთვის. ანუ პრაქტიკულად დაუცველები ვართ ასეთი შეტევებისგან სისტემური თვალსაზრისით და ეს გამოიხატება ძალიან ხშირად. მათ შორის ადვილად შესამჩნევი იყო ე.წ. გავრილოვის თემის ირგვლივ და შემდგომი მოვლენებისას.

რატომ „გავლენის ოპერაციები“? ამაზე მთავარი პასუხი ინტერნეტის მასიურობაშია. ამიტომაც, ასეთი შეტევები და ოპერაციები სწორედ მასიურ, საზოგადოებრივი პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენება და გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე კონვენციური შეტევა.

ნაბიჯი 1. ეს ოპერაციები თავდაპირველად ადგენენ იმ ე.წ. ხვრელებს, რაც საზოგადოებაში არსებობს, მაგალითად, დიდი ინტერესი იდეოლოგიური მიდგომებისადმი, ღირებულებითი გაორება, რელიგიური პარადიგმიდან დღევანდელი სახელმწიფოს მოწყობის აღქმადობა, არასიღრმისეული დაკვირვება ინფორმაციაზე და კრიტიკული აზროვნების დაბალი დონე ზოგადად განათლების ხარისხსა და სისტემაში. ამიტომ, ასეთ დროს, შედარებით ადვილია, ეთნიკური, ღირებულებითი, საფინანსო თუ სხვა გრძნობებზე მანიპულირების ინიცირება გავლენის ოპერაციების მეშვეობით.

საპირწონე მოქმედება ამისა შეიძლება იყოს საზოგადოების დამოკიდებულება უპირველესად. ადამიანები უნდა მიეჩვიონ იმ ინფორმაციის კარგად გააზრებას, რომლებიც პირველად დონეზე წარმოშობენ სიბრაზეს სხვა მოქალაქეებისა თუ ინსტიტუციების მიმართ. მაგალითად, სექსუალური უმცირესობების ან ბანკების მფლობელების მიმართ. ასეთი გავლენის ოპერაციების მთავარი მიზანი სწორედ სიბრაზის გამოწვევაა. გაბრაზებული საზოგადოების პირობებში კი ადვილია სხვადასხვა ტიპის მანიპულაციები ან აქტიური სპეცსამსახურებრივი მოქმედებების განხორციელება. ეს განსაკუთრებით ადვილია დაძაბული საზოგადოებრივი ფონის - მიტინგებისა და მანიფესტაციების პირობებში, როდესაც სოციალური ემოცია ადვილად „აალებადია“.

ნაბიჯი 2. აუდიტორიის შექმნა. აუდიტორიები თავისით არ ყალიბდება. მათ შექმნაზე და მობილიზებაზე იხარჯება საკმაოდ დიდი რესურსები. ასეთი ძირითადი რესურსებია საინფორმაციო საშუალებები, მედია და სოცმედია. განსაკუთრებით სოციალურ მედიაში ფართოდ გამოიყენება ე.წ. ფეიკ ექაუნთების, სამომხმარებლო ანგარიშების მასიური შექმნა. აქვე ვიტყვი, რომ ჯანსაღი ინტერნეტ გარემოსთვის ეს მოქმედება დანაშაულად უნდა მიიჩნეოდეს და კანონმდებლობაში უნდა იყოს ასახული. ასეთი ანგარიშების მეშვეობით ხდება ყალბი საზოგადოებრივი აზრის შექმნა. როგორც ვიცით საზოგადოება, უმეტეს შემთხვევაში სწორედ საკუთარი გაბატონებული ტენდენციებისა თუ მოსაზრებების ტყვეობაშია. აქ იგულისხმება პირველ რიგში, მცდარი აზრის ჩამოყალიბება და გავრცელება და მისით მანიპულირება, როდესაც ნეიტრალური ადამიანი ერიდება ამ გავრცელებულ აზრს ღიად დაუპირპირდეს. მას ეშინია არ იქნას გაკიცხული მხოლოდ იმიტომ, რომ როგორ გაბედა და თქვა ის რაც ეწინააღმდეგება ყალბ ავტორიტეტს, ყალბ გაბატონებული მოსაზრებას. ასეთ მიდგომას, რომელსაც „დასახელება და შერცხვენა“ ეწოდება, ხშირად იყენებენ ცალკეული იდეოლოგიური ჯგუფებიც. ამით კი, მარტივად სარგებლობენ მტრული სპეცსამსახურები და პროპაგანდისტული საშუალებები. მაგალითად, ე.წ. ლგბტ თემის მომხრეები მოწინააღმდეგებს ლატენტურ ჰომოსექსუალიზმში სდებენ ბრალს, ხოლო ამ თემის მოწინააღმდგეები პირიქით, მათ მხარდამჭერებს არავაჟკაცურ საქციელსა და ა.შ. თავისთავად სპეცსამსახურისთვის არც ერთი პოზიციაა მნიშვნელოვანი და არც მეორე. მათთვის მთავარი დაძაბულობის კერის, ღირებულებითი „ცივი ომის“ კერების მუდმივი არსებობაა, რათა აქტიური დაძაბულობის აქტივაცია შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დროს.

საწინააღმდეგო მოქმედებები. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. ტროლ ფაბრიკებისა და ყალბი ანგარიშების გამოვლენა/წაშლას. მაგრამ, ეს ვერ იქნება მხოლოდ სოცმედია პლატფორმების მენეჯმენტის ზრუნვის საგანი. აქ სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია. ამისათვის მინიმუმ პრევენციული საკანონმდებლო ღონისძიებები უნდა გატარდეს. ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების სისტემის იმდაგვარად ორგანიზებას, რომ მომავალი საზოგადოება ნაკლებად მოწყვლადი და რეაგირებადი იყოს ამდაგვარ გამოწვევებზე.

ნაბიჯი 3. გავლენის ოპერაციათა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა არის ალტერნატიული ნარატივის შექმნა. ალტერნატიული ნარატივის მიზანი ორია: ყალბი ისტორიის მოგონება და მასიური დისკუსიის გაჩაღება ყალბსა და რეალურს შორის სიმართლის დადგენაზე. მაგალითად, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველო წარმოჩენილიყო აგრესორად, ხოლო რუსეთი დამცველად. ამისათვის აუცილებელი იყო გაჩენილიყო დაუსრულებელი კამათი იმის თაობაზე თუ ვინ დაიწყო ომი. ამ კამათმა შექმნა სწორედ ალტერნატიული ნარატივი, რადგან კამათის ორივე მხარე ავტომატურად ცდილობდა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. ადამიანური სისუსტის ერთი ნიშანი ხომ ისიცაა, რომ არ აღიაროს მცდარი საკუთარი მოსაზრება. ამდენად, დამატებით ხდება ყალბი არგუმენტაციის, დასკვნებისა და თუ ექსპერტიზების გავრცელება, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ამ ნარატივის გაშლას.

საწინააღმდეგო მოქმედება. პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტორები თანხმდებიან, რომ კამათი ამ საკითხზე აღარ უნდა გაგრძელდეს, არ მოხდეს მისი აფიშირება და შემდგომი განხილვა, მივიღოთ არსებული მოცემულობა, გავუსწოროთ მას თვალი და ვიფიქროთ გამოსავალზე. ყველა აქტორი, რომელიც ამის წინააღმდეგ წავა, ავტომატურად დააყენებს თავს მტრული და ყალბი ნარატივის მხარეს, არ აქვს მნიშვნელობა რა თემას შეეხება ის.

გავლენის ოპერაციები კიდევ არაერთ ასეთ ტაქტიკურ ნაბიჯებს შეიცავს, თუმცა მათ მეტად აღარ გავშლი. ეს სამი საკმარისია, რათა საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ებრძოლოს მას. თავისთავად არც ერთი ჩამოთვლილი ე.წ. საწინააღმდეგო ზომა არ არის სრულყოფილი და საკმარისი, მაგრამ წარმოადგენს მინიმალურ დაცვითი მიდგომის დონეს.

საინტერესოა გავლენის ოპერაციათა გამოყენება შიდა პოლიტიკური ბაზრისათვის. მეთოდოლოგია პრაქტიკულად იგივეა, რაც ზემოთ ჩამოთვლილი. საშუალებებიც იგივე, ტროლები, ბოტები, ყალბი ნარატივი და ე.წ. დაქირავებული ინდივიდები, რომლებიც სიამოვნებით მოქმედებენ ასეთ დროს საკუთარი საჭიროების გასამართლებლად. გავლენის ოპერაციათა განმასხვავებელი თვისება შიდა მოხმარებისთვის არის ერთი ფაქტორი - პრევენციული პროპაგანდა. ეს განსაკუთრებით ეხება პოტენციურ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. არასრული, არასანდო და არადამოუკიდებელი მართლმსაჯულებითი სისტემის პირობებში გაცილებით მარტივია შერცხვენილი, საზოგადოების თვალში ნეგატიური იმიჯის მქონე ადამიანის დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა. ამიტომ, ყოველ ასეთ დაკავებას კვაზი-დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველთვის წინ პიარული „გაშავება“ უძღვის. ასეთ დროს, საზოგადოების სოლიდარობა პირის მიმართ იმდენად დაბალია, რომ აბსოლუტურად შეკერილი საქმის პირობებშიც კი მის მიმართ რთულია სამართლიანი გადაწყვეტილების დაყენება, ხოლო გამტყუნება უაღრესად ადვილი. ამ დროს კი, კანონი არ დაგიდევს და არც უნდა დაგიდევდეს მორალურ პარადიგმას. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო ადამიანს იმისთვის კი არ უნდა სჯიდეს რომ ის ცუდია, ამორალურია ან ზნეობრივად გასაკიცხი, არამედ იმიტომ, რომ მან კონკრეტული სამართალდარღვევა ჩაიდინა. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ყველა ამორალური ნაბიჯი დასჯადი იქნებოდა. ამიტომაც, რომ დავუბრუნდეთ ზემონახსენებ სიბრაზის თემას, პრევენციული პროპაგანდის მიზანიც სწორედ გაკიცხვის ნარატივის შექმნაა შემარცხვენელი სახელების დარქმევის გზითა თუ ყალბი ისტორიების დაბრალებით. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ადამიანები დააკვირდნენ კონკრეტულ გამაღიზიანებელს, სიბრაზის მაინიცირებელი ინფორმაციის სისწორეს. ეს გადამწყვეტია, რადგან უკვე გაბრაზებული ადამიანი ადვილად ექცევა გაკიცხვა/დამუნათების ცდუნებაში და ხდება პროპაგანდის გამავრცელებელი.

საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ ამ საგარეო და შიდა საფრთხეებს გავუმკლავდეთ კიბერეპოქაში, საჭიროა უფრო დაკვირვებულები ვიყოთ, რათა არ აღმოვჩნდეთ სასარგებლო იდიოტების როლში ჩვენივე ნების საწინააღმდეგოდ. ხოლო სახელმწიფომ თავის მხრივ შესაბამისი რეგულაციები მიიღოს, აამოქმედოს და შეასრულოს.

ლევან ბოძაშვილი

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან