კახა კალაძის განცხადებით, კომპანია, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე იმუშავებს, უკვე შერჩეულია

ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტზე ბრიტანული კომპანია „ქრისბლენდფორდ ასოშიეითი“ იმუშავებს. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნულ კომპანიას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიოში მნიშვნელოვანი ძეგლების, ღირსშესანიშნავი ადგილების, ისტორიული ლანდშაფტებისა და ტურისტული ობიექტების კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტებისა და სტრატეგიების შემუშავებაში.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკის პარკთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა პროექტთან დაკავშირებით და გვყავს გამარჯვებული კომპანია. ეს არის ბრიტანული კომპანია, „ქრისბლენდფორდ ასოშიეითის“ (Chris Blandford associates) და ეს კომპანია იმუშავებს პროექტზე, რომელიც წლის ბოლოსთვის უნდა წარმოადგინოს. ამ კომპანიას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება მსოფლიოში რთული, მნიშვნელოვანი ძეგლებისა და საერთაშორისო, ღირსშესანიშნავი ადგილების, მათ შორის ისტორიული ლანდშაფტებისა და ტურისტული ობიექტების კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტებსა და სტრატეგიების შემუშავებაში. ძალიან დიდი კომპანიაა და და მათ გამოცდილებაში არის არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მაგალითად: სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, სტოუნჰენჯის მსოფლიო მემკვიდრეობის აღდგენის პროექტი, პადუას ბოტანიკური ბაღები და ა. შ. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გვყოლოდა გამარჯვებული კომპანია, რადგან დიდი ხანია ამ პროექტის განხორციელება გვინდა და გარკვეული პრობლემების გამო ხდებოდა ინტერესთა გამოხატვის ჩავარდნა და ვერ ვახერხებდით შეგვერჩია შესაბამისი კომპანია. ძალიან მიხარია, რომ გვყავს ასეთი ძლიერი კომპანია“,-განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდება ისტორიული სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რასაც პარკის ფუნქციური ზონირება დაეყრდნობა. ასევე, პარკში არსებული მწვანე საფარის ინვენტარიზაცია მოხდება და ახალი დენდროლოგიური პროექტი შემუშავდება. კალაძის თქმით, პროექტის განხორციელებისას საზოგადოების ჩართულობა იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. თბილისის მერის განცხადებით, ვაკის პარკში ისტორიული იერსახე შენარჩუნდება.

კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის პროექტი ასევე ითვალისწინებს ლოკომოტივის სტადიონიდან კუს ტბისკენ მიმავალი ფერდობის ზონირებას და მის პარკთან ინტეგრაციასაც. რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება წარმოდგენილი, მისი უშუალო განხორციელება კი მომავალი წლიდან დაიწყება.

მერის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვაკის პარკში არსებულ კასკადსაც, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. კასკადის რეაბილიტაციაზე ცალკე პროექტი შემუშავდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო