ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2019

“რუსთავი 2”-ის დასასრული - “კურიერი” ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა

“ოცნებამ” ოპონენტების ჩამოშორება დაიწყო - როგორ იკვრება წრე ხაზარაძის წინააღმდეგ

* * *

“რუსთავი 2”-ის დასასრული - “კურიერი” ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა

“რუსთავი 2” “კურიერის” ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. მათ ერთობლივი განცხადება მედიასთან გააკეთეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ტელეკომპანია წაართვეს და იქ დარჩენის აზრს ვეღარ ხედავენ. ჟურნალისტების თქმით, მათ შეხვდა არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია და დარჩენა შესთავაზა. თუმცა რადგან მიაჩნიათ, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი არ იქნება, მათ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. “კურიერის” ძირითადი გუნდის წასვლის წინაპირობა კი საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლება გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ადგილი არხის ხელმძღვანელმა ქიბარ ხალვაშმა ნინო შუბლაძეს შესთავაზა, რომელიც წლების წინ საინფორმაციოს ხელმძღვანელი იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რუსთავი 2”-ის დასასრული - “კურიერი” ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა.

“20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან ასევე გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე, ასევე “ნანუკას შოუს” წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად “ინტერესთა კონფლიქტი” დასახელდა. 20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. "რუსთავი 2"-ზე 21 აგვისტოს არ გასულა არც ერთი საინფორმაციო გამოშვება. ჟურნალისტი ნათია გოგსაძე, რომლემაც ასევე ტელევიზია დატოვა, აცხადებს, რომ “რუსთავი 2” მისი სახლი აღარ არის. “რუსთავი 2” ჩვენ წაგვართვეს და “რუსთავი 2” ჩვენი სახლი აღარ არის. დღევანდელი დღე ისეთივე მძიმეა ჩემთვის, როგორი მძიმეც იყო გუგუტიანთკარის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა თავად შლიდნენ საკუთარ სახლებს და ტოვებდნენ. 13 წელი გავატარე “რუსთავი 2”-ში, ამაყი ვარ ყველა წლით“, - განაცხადა გოგსაძემ. ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი აცხადებს, რომ მან ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ტელეკომპანია ბიძინა ივანიშვილისგან არის ოკუპირებული. ამბობს, რომ ტელევიზიიდან წასვლა უმძიმს, თუმცა სხვა გამოსავალი არა აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ოკუპირებული “რუსთავი 2”. ამ ყველაფერში, ამ ჩვენს გადაწყვეტილებაში დამნაშავე არის ერთადერთი ადამიანი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მოვლენ ალბათ სხვები ჩვენ ადგილზე და გააკეთებენ ახალ “კურიერს”, - განაცხადა თამარ ბაღაშვილმა. ვინ დაიკავებს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ადგილს, ამ დრომდე უცნობია, რადგანაც ნინო შუბლაძე აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა შემოთავაზება მიიღო. ამაზე შუბლაძე “ფეისბუქში” წერს. “პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ, „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ. მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას. ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ. ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის, არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად. არც ახლა გადავალ ამ ზღვარს”, - წერს ნინო შუბლაძე. “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიმართავს, შეუერთდნენ იმ არხს, რომელსაც თავად ქმნის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნიკა გვარამია წერს, რომ “რუსთავი 2”-ის მთავარი სახეებით ამბიციურ ტელეკომპანიას აკეთებს, რისთვისაც აქვს საჭირო თანხა და შენობა. “ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვ-ია. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. ვისაც უნდა პაატა სალია, რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის”, - წერს გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე. “როცა ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ტოვებენ არხს, ეს იმას ნიშნავს, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია”, - ასე აფასებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე “რუსთავი 2” -დან ჟურნალისტების წასვლას. ამბობს, რომ “ეს პროცესები და სცენარები ნაცნობია და წარსული წლების არაერთ ამბავს შეგვახსენებს, რომელიც სხვადასხვა ტელეკომპანიას შეხებია”. მისი თქმით, საია უკვე ესაუბრა “რუსთავი 2”-დან გათავისუფლებულ რამდენიმე ადამიანს და კვლავაც მზად არის ნებისმიერს, ვისაც ამის სურვილი ექნება, აღმოუჩინოს სამართლებრივი მხარდაჭერა”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, არ მაქვს დიდი წარმოდგენა, რომ პოლიტიკურ დისკრიმინაციას დაადგენს სასამართლო. გვქონია ასეთი საქმეები წარმოებაში: ეკა მიშველაძის საქმეს გავიხსენებ. ძალიან ცალსახა იყო ეს ნაწილი. სასამართლომ დაადგინა, რომ უკანონოდ იყო გათავისუფლებული, თუმცა ძალიან ერიდებიან, პოლიტიკურ კომპონენტზე ნაკლები მგრძნობელობა აქვს სასამართლოს, ვიდრე დისკრიმინაციის სხვა ფორმებზე. ჩვენ არხის ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე დახმარება შევთავაზეთ”, - განმარტავს სალაძე, რომლის თქმით, “ყველა მათგანს აღმოუჩენენ მხარდაჭერას”, - წერს სტატიის ავტორი.

“ოცნებამ” ოპონენტების ჩამოშორება დაიწყო - როგორ იკვრება წრე ხაზარაძის წინააღმდეგ

“ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ოპონენტებისა და სავარაუდო ოპონენტების ჩამოშორება”, - ასე აფასებენ “რეზონანსთან” ანალიტიკოსები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას. მათი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ზუსტად იგივე მეთოდებით ებრძვის ხაზარაძეს, როგორც თავად მას 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი დევნიდა. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ანგარიშები დაუყადაღა. ამ პროცესში ასევე საყურადღებოა დეპუტატისა და “ოცნების” წევრის ბიძინა გეგიძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ოპონენტების ან მომავალი ოპონენტების განეიტრალებისთვის გარკვეულ ჯაჭს კრავს. მათი ვარაუდით, გეგიძე გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობის გამო იდევნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნებამ” ოპონენტების ჩამოშორება დაიწყო - როგორ იკვრება წრე ხაზარაძის წინააღმდეგ.

“მართალია, ჯერ კონკრეტულ დეტალებზე არაფერია ცნობილი, მაგრამ როცა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა, მაშინვე დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ეს პოლიტიკაში მოსვლას ნიშნავს და პროცესში აუცილებლად იქნებოდა ჩართული გიორგი კვირიკაშვილიც. თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს ანაკლიის პორტსაც უკავშირებს და მსჯელობას ამ ხაზითაც ლოგიკურად მიიჩნევენ. “დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!” - წერს ხაზარაძე “ფეისბუქში”. პროკურატურის განმარტებით კი სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძესთან მიმართებაში დღის წესრიგი ეტაპობრივია და ანაკლიის პორტის საკითხს ემთხვევა. მისი აზრით, ხაზარაძის მიმართ ბრალდება აბსურდულია და პოლიტიკურად მოტივირებული. ვახტანგ ძაბირაძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესი მიდის. მისი აზრით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნოდ მკაცრი ხელი გამოაჩინოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მესამე ძალა არ გამოჩნდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა