სასტუმრომ Holiday Inn Telavi ესპანელ შეფ მზარეულს ალან გონსალესს უმასპინძლა. ესპანელი შეფ მზარეული საკუთარ გამოცდილებაზე, ქართულ და ესპანურ სამზარეულოსა და საკუთარ მიღწევებზე ambebi.ge-ს ესაუბრა.
ალან გონსალესის კულინარიისადმი ინტერესი მისმა ოჯახმა განაპირობა, რომელსაც ანდალუზიაში სარესტორნო ბიზნესი ჰქონდა. მოგვიანებით კი მან კულინარიული და გასტრონომიული მიმართულებით განათლება სპეციალურ სკოლასა და უნივერსიტეტში მიიღო.
„მზარეულობა ჩემი პროფესიაა და წლებია, სამზარეულოში ვსაქმიანობ... ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემს ოჯახს ესპანეთში, კერძოდ, ანდალუზიაში სარესტორნო ბიზნესი ჰქონდა. ძალიან ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, რომ ჩემები ჩართულები იყვნენ ამ ბიზნესში და მეც პატარა ასაკიდანვე ვსაქმიანობდი. მოკლედ, ეს პროფესია ბავშვობიდან შემიყვარდა“, - განაცხადა ალან გონსალესმა.
დღეს ალან გონსალესი კომპანიის HCI Hotel Collection International კორპორატიული F&B დირექტორია.
აღნიშნული კომპანია სასტუმროების ქსელს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს. საქართველოში მას ორი სასტუმრო - თელავსა და ქუთაისში აქვს.
ცნობილი შეფი სწორედ ამ ქსელის მეშვეობით აღმოჩნდა საქართველოში და ახლა თავის გამოცდილებას ქართველ კოლგებს უზიარებს.