ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019

თინა ხიდაშელი - “ხელისუფლების სამიზნე დღეს ტვ პირველია”

კახა კუკავა - “მთავრობის დანაშაული ის არის, რომ ხაზარაძე 2013 წელს არ დაიჭირა”

* * *

თინა ხიდაშელი - “ხელისუფლების სამიზნე დღეს ტვ პირველია”

“მაქსიმალური პრევენცია 2020-ია მარცხისთვის - ეს არის ხელისუფლების მხრიდან ამოცანა, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა დაუსახა თავის გუნდს, უფრო სწორად იმ ადამიანებს, ვინც ახლა ჰყავს გარშემო. ამ ამოცანის შესასრულებლად რაც გახდება საჭირო, იმას გააკეთებენ. გამომდინარე იქიდან, რა ტიპის ადამიანებზეც ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ისინი არაფერზე უკან არ დაიხევენ”, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თინა ხიდაშელი: “ივანიშვილი საქართველოში ჩრდილოეთ კორეას ვერ გააკეთებს” / ხელისუფლების სამიზნე დღეს ტვ პირველია”.

“დამოუკიდებელი მედია, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოხატავს, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით არის დაკავებული და მედია, რომელიც ხელისუფლების გადაცდომებსა და უკანონო მოქმედებებზე საუბრობს, რა თქმა უნდა პრობლემაა არჩევნებისთვის, ამიტომ მიაჩნიათ, რომ უნდა გააჩუმონ. ბიზნესმენები, რომელთაც შეიძლება სითამამე აღმოაჩნდეთ და გადაწყვიტონ, რომ სწორედ ამ განსხვავებულობას დაუჭირონ მხარი, უნდა გააჩუმონ. პრევენცია უნდა გააკეთონ შიდა რღვევისთვისაც. მაგალითად, ბიძინა გეგიძის საქმე ჩემთვის სწორედ ამის დასტურია... ამიტომ მიმაჩნია, რომ რაც ხდება, ყველაფერი ერთ სისტემაში უნდა დავინახოთ და არა როგორც ცალ-ცალკე შტრიხები რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე თუ რომელიმე კონკრეტულ ბიზნესკომპანიაზე, იქნება ეს ტელევიზია თუ სხვაგვარი ბიზნესი. დიახ, ამ ერთიან სქემაში დღეს ტვ პირველი არის მთავარი პრობლემა და სამიზნე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხდა რუსთავი 2-ში, როდესაც კურიერი გააჩერეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

“მოკლევადიან პერსპექტივაში რაც ჩაფიქრებული აქვთ, გამოუვათ - ზუსტად ისევე, როგორც “რუსთავი 2”-ში გამოვიდა. ხაზს ვუსვამ - მოკლევადიანად. მცდელობას არ დააკლებენ ამას, მაგრამ მოახერხებენ თუ არა იმას, რომ ტვ პირველი გათიშონ ფიზიკურად, როგორც კურიერი გააქრეს, ამის მოლოდინი მაინცდამაინც არ მაქვს. ამასთან დაკავშირებით დათო უსუფაშვილს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო პოზიცია და მოსაზრება. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გასაკეთებელი საზოგადოების მხრიდან, რომ პრევენციულად ვიმოქმედოთ და არა ისე, რაღაც რომ მოხდება, მერე ვიშვიშის რეჟიმში დავიწყოთ ლაპარაკი. თუ ამაზე შევთანხმდებით, მაშინ ბევრი ინიციატივა, მოსაზრება თუ პოზიცია გაჩნდება და დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემა არაფერი არ იქნება. მაგრამ მთავარი სწორედ ეს არის - ვართ თუ არა პრევენციისთვის საბრძოლველად მზად და ვართ თუ არა შეთანხმებული ამ საკითხებზე. ამ წუთის მდგომარეობით, უკაცრავად ჟარგონისთვის და სახეზეა “პოსლეზე” ვიშვიში და არა ის, თუ დღეს რა ვქნათ იმისთვის, რომ ეს აღარ დაგვემართოს...”, - განაგრძობს რესპონდენტი”

“ხელისუფლება საკუთარი გეგმის თვალსაზრისით “რუსთავი 2”-ში თავს გამარჯვებულად თვლის. ყველა თვალსაზრისით კი არ გაიმარჯვეს, მაგრამ ის, რაც კონკრეტული ამოცანაც დაუსახა ბიძინა ივანიშვილმა, ეს ამოცანა მათთვის მიღწეულია. დანარჩენი საზოგადოება რას ვფიქრობთ, ეს მეორე საკითხია. ამ შემთხვევაში თემას უნდა შევხედოთ მათი გადმოსახედიდან - ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ვიცოდეთ, როგორც აპირებენ 2020 წლის არჩევნებამდე მოძრაობას”- დასძენს თინა ხიდაშელი და შეკითხვაზე - “თუ გამოუვიდათ ტვ პირველთან ის, რაც გაუვიდათ “რუსთავი 2”-თან, იმის რისკსაც ხომ არ ხედავთ, რომ უკვე ტოტალურ კონტროლზე გადავიდნენ, მათ შორის პრესის და ინტერნეტის კონტროლის მხრივაც?” - პასუხობს:

“ამას პუტინი ვერ ახერხებს და გარწმუნებთ, რომ ამას ვერც ბიძინა ივანიშვილი მოახერხებს. რაღაც ისეთი გვაქვს, რის გაკეთებასაც ვერ მოახერხებენ. ივანიშვილი საქართველოში ჩრდილოეთ კორეას ვერ გააკეთებს. ამიტომ ასეთი მასშტაბის საფრთხეს მე ვერ ვხედავ. თუმცა მათი ამოსავალი, მათი ამოცანა, მათი მიზნები, მათი მცდელობა, მათი ხედვები ძალიან შორს კი არ არის ჩრდილოეთ კორეასთან, როგორც ამას მათი მოქმედებებიდან ვხედავთ... მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება საქართველოში”.

კახა კუკავა - “მთავრობის დანაშაული ის არის, რომ ხაზარაძე 2013 წელს არ დაიჭირა”

“რუსთავი 2” უნდა დაჰბრუნებოდა კანონიერ მესაკუთრეს, მაგრამ ივანიშვილის დანაშაული ის არის, რომ ეს საქმე არ უნდა ყოფილიყო მის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე დამოკიდებული და სასამართლოს ეს უნდა გაეკეთებინა 2013-ში ამ 2014 წელს. მხოლოდ მაშინ, როცა ივანიშვილი ვიღაცაზე კონკრეტულად გაბრაზდება, ის აძლევს პოლიტიკურ დაკვეთას ხან სასამართლოს, ხან პროკურატურას და ამ გზით ხდება ქონების გადაფორმება, რაც არასწორია. ზუსტად იგივე შემიძლია გითხრათ თიბისი ბანკსა და მამუკა ხაზარაძეზე, რომლის მიმართ მიმდინარე გამოძიება არის პოლიტიკური დაკვეთი შედეგი. იმიტომ, რომ ეს დანაშაული 2008 წელს არის ჩადენილი და რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური დაკვეთა, მაშინ ხაზარაძეს 2013-2014 წლებში დაიჭერდნენ”, - აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთავრობის დანაშაული ის არის, რომ ხაზარაძე 2013 წელს არ დაიჭირა” / კახა კუკავა: “ოცნება” ხელისუფლების გადაბარებისთვის უნდა მოემზადოს”.

“დანაშაული ხაზარაძეს როგორ არ ჩაუდენია. გასუსული რომ არის და ამ თემაზე არაფერს ამბობს, 16 მილიონი ხომ გაიტანა ბანკიდან და სახლში წაიღო?! საკუთარი ბანკი ხომ გაქურდა? ხომ გახსოვთ, 90-იანების დასაწყისში აქ იყო “ოქროს თასი” და სხვა პატარ-პატარა ბანკები. ზუსტად იმავეს აკეთებს ხაზარაძე, რაც მაშინ გააკეთეს მხედრიონელებმა, იმ ბანკების დამფუძნებლებმა - ადგნენ და მეანაბრეების ფული გაიტაცეს სადღაც, დატოვეს მეანაბრეები პირში ჩალაგამოვლებულები. დადგენილია და გთხოვთ ხაზგასმით ჩაწეროთ, ამას არც ხაზარაძე უარყოფს, რატომღაც არამედ არავინ აკეთებს აქცენტს, რომ 16 მილიონი ლარი გაიტანეს და წაიღეს სახლში. ეს არის ის 16 მილიონი, რომელიღაცა ოფშორულ კომპანიას რომ გადაურიცხეს და იმ 16 მილიონიდან კაპიკი უკან არავის დაუბრუნებია - ამას ხომ არ უარყოფენ? ეს 16 მილიონი ჩვენი ფული, რომელიც ბანკს მივაბარეთ, ხაზარაძემ გააქანა და წაიღო სახლში, ეს როგორ არ არის დანაშაული?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

“ეს ზუსტად ისეთივე დანაშაულია, რაც მხედრიონმა დამართა 90-იანი წლების დასაწყისში ბანკებს. ამიტომ დღეს ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ამიტომ ხელისუფლებას იმაზე კი არ უნდა წავუყენოთ პრეტენზია, ხაზარაძეს რატომ იჭერენ, პრეტენზია იმაზე უნდა წავუყენოთ, 2013-ში რატომ არ დაიჭირეს. როცა კარგად ემსახურებოდა “ქართულ ოცნებას” და კორუმპირებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა, მაშინ არ გახსენებია ხელისუფლებას ეს და როდესაც გადაუხვია ცოტა გზა ხაზარაძემ და ვანო ჩხარტიშვილთან ცოტა უთანხმოება მოუვიდა, მერე გაახსენდათ. აი, ეს პრეტენზია უნდა გვქონდეს ხელისუფლებასთან”, - განაგრძობს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი.

“მთავრობა ვერ დაიძვრენს თავს ამ კრიზისიდან, შეიძლება გადაავადოს უბრალოდ. პრემიერ-მინისტრი არ არის პოლიტიკური ფიგურა, არ არის მთავრობის მეთაური, ეს ყველამ იცის. 2020 წლამდე, ასე თუ ისე ეს ასატანია, რადგან ხალხი შეგუებულია, რომ ხელისუფლება 2020-ში უნდა შეიცვალოს, ხოლო თუ 2020-ს შემდეგად ამ სისტემის შენარჩუნების მცდელობა იქნება, ეს ძალიან გააძლიერებს რადიკალურ ელემენტებს საქართველოში”, - დასძენს კუკავა და შეკითხვაზე - “შემოდგომიდან ოპოზიცია ქუჩაში გასასვლელად ემზადება...” - პასუხობს:

“ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური დაჯგუფება - ამათ ოპოზიციას ნუ უწოდებთ, ესენი არიან კრიმინალები და ექსტრემისტები. ისინი ყველანაირად შეეცდებიან ქვეყანაში ვითარების გამწვავებას. ესენი არია საქართველოს მტრები და ყველა გზას იყენებენ სიტუაციის ასარევად. ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სექტემბერ-ოქტომბერში რუსთაველზე მივიღოთ სამოქალაქო დაპირისპირება და სისხლისღვრა. მთავრობა უნდა ეცადოს ამათ საბაბი არ მისცეს და ესენი პირიქით იქცევიან - ვიტყვი, რომ შესაძლოა იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებიც გახდეს ერთ-ერთი საბაბი საპროტესტო აქციებისა. ამ ხელისუფლებას არაფრის ლეგიტიმაცია არ აქვს. არ აქვს ლეგიტიმაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშნოს. ეს უნდა გააკეთეოს ახალმა ხელისუფლებამ, რომელსაც ეს ლეგიტიმაცია ექნება...”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით