ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2019

ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე - სად უშვებენ ბახტაძეს

რა შემთხვევაში უწინასწარმეტყველებს კატასტროფას ხელისუფლებას ჭიჭინაძე

***

ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე - სად უშვებენ ბახტაძეს

“ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად სამთავრობი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბარი როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებში მიდის. ბოლო რამდენიმე კვირაა, სამთავრობო კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში სამთავრობო კარუსელს გეგმავს. პირველ რიგში ის აპირებს, რომ პრემიერი შეცვალოს და სავარაუდოდ, ამის შესახებ თავად მამუკა ბახტაძესაც ინფორმაცია აქვს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილის საიდუმლო კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე - სად უშვებენ ბახტაძეს

"არსებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე, დიდი ალბათობით ისევ რკინიგზის დირექტორად დაბრუნდება. მის პოსტზე კი რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. შესაძლოა სკამი ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაიკავოს, ასევე გუნდის შიგნით "ოცნების" დეპუტატების უმრავლესობას გიორგი დანელია სურს. თუმცა, შესაძლოა, მთავრობის მეთაურად გიორგი გახარია მოგვევლინოს. თუ კი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია პრემიერის სავარძელში გადაინაცვლებს, მაშინ მის ადგილს "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. სამთავრობო ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელი არ პასუხობს. მამუკა ბახტაძემ არც უარყო და არც დაადასტურა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გავრცელებული ხმები და ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აქცენტი „ქართული ოცნების" გუნდურობაზე გააკეთა. „ეს საკითხი პერიოდულად იწევა, სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს. ჩვენ ვართ გუნდი, ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ყველაზე მნიშვნელოვანია 2020 წლის საარჩევნო პროგრამა, რომლითაც საზოგადოების წინაშე წარვდგებით, პასუხობდეს ყველა გამოწვევას, ესაა ამოცანა",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. იგივე კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პასუხობს, რომ: "ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამ ცვლილებებს ყოველთვის ჰქონდა თავისი რაციონალური არგუმენტები", - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს, ოღონდ არა გუნდის გაჯანსაღების და უფრო კომპეტენტური ადამიანების მოყვანის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ მისმა ახალმა სამთავრობო გუნდმა 2020 წლის არჩევნები ნებისმიერი ხერხით მოაგებინოს და ხელისუფლება შეანარჩუნებინოს. ხოლო თუ ამ პოსტზე გიორგი გახარია დაინიშნა, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ეს „ოცნებას" საბოლოოდ ჩაძირავს. ანალიტიკოსები კი "რეზონანსთან" ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, შესაძლოა 2020 წელს ქვეყანას კოალიციური მთავრობა ჰყავდეს, რადგანაც "ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით ვეღარ გაიმარჯვებს. ამიტომაც, ყველა ის მინისტრი ვინც ცვლილებების შემთხვევაში დაინიშნებიან, 1-წლიანი მინისტრები იქნებიან. ამიტომაც ასეთ მოკლე დროში თანამდებობაზე ყოფნას რა აზრი და ეფექტი ექნება, გაუგებარია. ისინი ასეთ მოკლე დროში რადიკალურ ცვლილებებს ვერ შეძლებენ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა და სამთავრობო ცვლილებები 20-21 ივნისის მოვლენებმა შეაფერხა და დროში გაწელა. მისი თქმით, გარკვეული დროა იმისთვის საჭირო, რომ გახარიას გაპრემიერება უმტკივნეულოდ მოხდეს”, - დასძენს გამოცემა.

"ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მაშინ ახლა სამთავრობო ცვლილებებს აზრი აქვს. თუ არადა, მაშინ გაზაფხულზე უნდა მოხდეს, სადაც მინისტრთა კაბინეტი საზოგადოებას უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გასაკეთებელ საქმეზე დაელაპარაკება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ კი „ოცნება" უმრავლესობით კვლავ მოვა. „გახარიას ირგვლივ სიტუაცია რომ ჩაცხრეს და ის პრემიერი გახდეს, დრო სჭირდება. თუმცა, სექტემბერი ან ოქტომბერი რამდენად საჭირო პერიოდია, ვერ გეტყვით. არ არის გამორიცხული სექტემბრიდან პოლიტიკური მოვლენები ისევ გააქტიურდეს. ახლა მთავარია რა უნდა ბიძინა ივანიშვილს და რა აქვს მას 2020 წლისთვის ჩაფიქრებული. თუ მას სჭირდება შეუპოვარი და მკაცრი ხელი, რა თქმა უნდა, გახარიას პრემიერად ვიხილავთ. "როგორც ვანო მერაბიშვილი სჭირდებოდა სააკაშვილს, ისევე სჭირდება ივანიშვილს გახარია. მისი გაპრემიერება ოპოზიციისთვის მწვავე ნიშანი იქნება იმის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გაბრაზებულები თუ ქუჩაში გამოსვლას მოისურვებენ, იგივეს მიიღებენ, რაც 20 და 21 ივნისს მიიღეს. ამიტომ, სამთავრობო ცვლილებებით უკვე გამოჩნდება რა გზას დაადგება ივანიშვილი", - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან". ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საზოგადოებაში დაგროვილი პრობლემების და ხელისუფლების მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულების შესამცირებლად, სამთავრობო გზით ცვლილებებით სიარული, „ოცნების" ხელისუფლებას სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან აქვს გადმოღებული. თუმცა, მსგავსი ტაქტიკის გამოყენებისას, რამდენად წარმატებულები იყვნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ესეც უნდა გავიხსენოთ. გარდა მაგისა, ალაფიშვილი ამბობს, რომ როდესაც წელიწადნახევარია დარჩენილი საპარლამენტო არჩევნებამდე, წინ მძიმე შემოდგომა და ზამთარი გაქვს, ხელისუფლება ამ ცვლილებებით ფონს ვერ გავა. „არც ის არის გამორიცხული, რომ შემოდგომაზე თუ სიტუაცია კვლავ კრიზისში შევა, მაშინ იავნიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების სცენარისკენ ქვეყანას წაიყვანს. თუმცა ეს ხელისუფლებას რომ 20 ივნისამდე ექნა, კიდევ მის სასარგებლოდ შედეგი შეიძლება დამდგარიყო, მაგრამ ახლა, როდესაც მომავალი საარჩევნო სისტემა გაცხადებულია, საპარლამენტო არჩევნების ვადამდელი დანიშვნა რევოლუციის ტოლფასი იქნება, რომელსაც თავად ეს ხელისუფლება მოაწყობს. "რაც შეეხება გახარიას გაპრემიერებას, როგორც ვიცით მას „ოცნების" შიგნითვე დიდად არ წყალობენ. ამიტომ მისი დანიშვნა საკმაოდ რთული საკითხი იქნება და გუნდშივე დაპირისპირებას გამოიწვევს. არ ვიცი ეს რამდენად აწყობს ივანიშვილს. იქნებ იმიტომაც სჭირდება, რომ რეალურად ქვეყანაში ხელოვნური პრობლემები შექმნას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდეთ. ან კიდევ იმისთვის, რომ მისი დახმარებით და მკაცრი ხელით წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ველი გაწმინდოს", - აცხადებს ალაფიშვილი "რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

რა შემთხვევაში უწინასწარმეტყველებს კატასტროფას ხელისუფლებას ჭიჭინაძე

"როდესაც ხელისუფლება არ ასრულებს თავის საარჩევნო დაპირებებს და ემსახურება მხოლოდ კორპორაციულ ინტერესებს, ხდება მხოლოდ საკუთარი ინტერესების მომსახურე და არ უსმენს ხალხს, ის აუცილებლად შევა ჩიხში. "დღეს "ქართული ოცნება" ჩიხშია შესული და მას 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს"- ასე ეხმაურება "ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შემთხვევაში უწინასწარმეტყველებს კატასტროფას ხელისუფლებას ჭიჭინაძე / “ოცნებას” აწყობს გარიგება "ნაცმოძრაობასთან", რომ შემდეგ ხმები მოიპარონ და ერთმანეთში გადაინაწილონ”

"დავით ჭიჭინაძის თქმით, როდესაც ხელისუფლება არ ასრულებს თავის სააარჩევნო დაპირებებს, ემსახურება მხოლოდ კორპორაციულ ინტერესებს, ხდება მხოლოდ საკუთარი ინტერესების მომსახურე და არ უსმენს ხალხს, ის აუცილებლად შევა ჩიხში. დღეს "ქართველი ოცნება" ჩიხშია შესული და მას 2020 წლის არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. "ქართული ოცნება" დაადგა ძალიან ცუდ გზას, იგი დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს. მას ჰგონია, რომ ძალისმიერი მეთოდებით და პოლიტიკური რეპრესიებით გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას. ხელისუფლებას, დღეს აწყობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ნულოვანი ბარიერი, იმისთვის, რომ გაურიგდეს პოლიტიკურ ძალებს, უფრო მეტად აწყობს გარიგება "ნაციონალურ მორაობასთან", რომ შემდეგ ხმები მოიპარონ და ერთმანეთში გადაინაწილონ. ეს კარგად აქვთ აპრობირებული და ისევ შეხმატკბილებულები იქნებიან. რაც შეეხება საზოგადოების მოლოდინს მესამე ძალის გამოჩენასთან დაკავშირებით და ამ ძალაში ხაზარაძის მოაზრებას, მესამე ძალასთან დაკავშირებით მოლოდინი, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ხაზარაძის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რადგან გაუჭირდება ხალხის ნდობის მოპოვება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯერ-ჯერობით მას პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია. თუ ფულზეა საქმე, ხაზარაძეზე მეტი ფული აქვს ივანიშვილს, მაგრამ რა გააკეთა? ჩემი აზრით, პოლიტიკაში მდიდარი ხალხი არ უნდა იყოს, რადგან ისინი პოლიტიკაში მოდიან თავისი ფულის გადასარჩენად. მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან და პრემიერ-მინისტრის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ცვლილებები "ოცნებას" წარმატებას ვერ მოუტანს და არა მგონია, რომ ვინმე დათანხმდეს ან თავი გაწიროს "ქართული ოცნებისთვის", როცა ხელისუფლებაში დარჩენის პერსპექტივა ნაკლებად არის, ანუ წაგებულ თამაშს არავინ არ დათანხმდება”, - დასძენს გამოცემა.

"ოცნებას" არ ესმის, რომ მანიპულაციებით ფონს ვეღარ გავა, მან დაკარგა ხალხის ნდობა. დღეს ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდობა, რომელიც ძალიან გააქტიურდა და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. ეს ის ახალგაზრდები არ არინ, ვისაც მხოლოდ პლაკატების გასაკრავად გამოიყენებს, მათი ქუჩაში გამოსვლა ნიშნავს, რომ სწორედ ისინი არიან დღეს მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა. თუ ხელისუფლება ამ ახალგაზრდების ხმას არ შეისმენს, მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებს, კატასტროფულ შედეგს მიიღებს", - აცხადებს "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძე“, - წერს სტატიის ავტორი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს