ილია პანამარიოვი - საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის პრობლემის მოგვარების თეორიული შანსი აქვს, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გააკეთოს ცხინვალის პრობლემის გადასაჭრელად

რუსეთის დუმის ყოფილი წევრი ილია პანამარიოვი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის პრობლემის მოგვარების თეორიული შანსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რეგიონში მოსახლეობის განწყობების შეცვლას შეძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსეთის ყოფილმა დეპუტატმა განუცხადა, როგორიც არ უნდა იყოს ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების გზები, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში მიდგომა სრულიად განსხვავებული უნდა იყოს.

„ვფიქრობ, რომ სრულიად სხვადასხვა ვითარებაა შექმნილი "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთში იმიტომ, რომ მათ, ვინც იქ ცხოვრობენ, განსხვავებული მისწრაფება და ინტერესები აქვთ. მაგალითად, "სამხრეთ ოსეთი" ასე თუ ისე მიზნად ისახავს რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, აფხაზეთს კი სურს დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბდეს ანუ ამ კონტექსტში სხვაობა ნამდვილად არის. რამდენჯერმე გაიჟღერა კიდეც "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხმა, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვიტეს, რომ ეს არ გააკეთონ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად ერთგანაც და მეორეგანაც ეს იქნება გაყინული თემა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. რთულად წარმომიდგენია, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ეს ვითარება შეიცვალოს. მე ყველა შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ალბათ, ამ ორივე ტერიტორიის მიმართ სტრატეგია უნდა იყოს განსხვავებული, რადგან "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობას ძალიან ცხადად სურს იყოს ჩრდილოეთ ოსეთთან გარკვეული სახის ურთიერთობაში, აფხაზები კი უფრო მეტად თავისთვის არიან. თუ მოხერხდება გარკვეული გარდატეხის მოხდენა თვითონ აფხაზების განწყობაში, ვერ ვხედავ განსაკუთღებულ მიზეზს იმისთვის, რომ რუსეთი აფხაზეთს რაღაც განსაკუთრებით ჩაეჭიდოს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ილია პანამარიოვმა.

ამასთან, ყოფილი დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შეიძლება არსებობდეს კერძო ინტერესები, რეგიონს მაინც არ აქვს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე პანამარიოვი ამბობს, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების თეორიული შანსი საქართველოს ხელისუფლებას აქვს, თუმცა იმის წარმოდგენაც კი უჭირს, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის პრობლემა გადაჭრას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო