ეკატერინე მიქაბაძე - 2019 წლის ივლისში ეკონომიკური ზრდის მთავარი კონტრიბუტორი არის მშენებლობის, მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორები

2019 წლის ივლისში ეკონომიკური ზრდის მთავარი კონტრიბუტორი არის მშენებლობის, მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ეკატერინე მიქაბაძემ ისაუბრა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.1 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.1პროცენტს გაუტოლდა.

„ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია - 2019 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაში მთავარი კონტრიბუტორი იყო მშენებლობა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მრეწველობასა და ვაჭრობაში. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია საგარეო ვაჭრობის მონაცემების მკვეთრი გაუმჯობესება - 2019 წლის ივლისში ექსპორტი გაიზარდა 17.5%-ით, სავაჭრო დეფიციტი 83.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა,“ – აღნიშნა მიქაბაძემ.

მანვე გამოჰყო ძირითადი სექტორები, სადაც 2019 წლის ივლისში მთიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

„მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ოპერაციები უძრავი ქონებით და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - ეს ის ძირითადი სექტორებია, სადაც მიმდინარე წლის ივლისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა. გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც - ივლისში 7.8 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, რაც შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“ , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მიქაბაძის თქმით, 2019 წლის ივნისში სავალუტო ფონდმა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში არსებული პროგრამის მეოთხე მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან პროგრამის შეუფერხებელ განხორციელებაზე. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სავალუტო ფონდის მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი.

მისივე განცხადებით, 2019 წლის აგვისტოში სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა.

„Fitch“-ის მიერ რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობის და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე. 2019 წლისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების და კერძო სექტორის ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელება, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას“ , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის ივლისში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 152 ერთეულს გაუტოლდა და წინა წელთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 7.7% შეადგინა (8.8%-დან 2017 წელს), ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ს 6.2 პროცენტამდე შემცირდა. მთავრობის მიერ საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ინვესტორთა განწყობაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს