საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააძლიეროს ზრუნვა თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რაც გულისხმობს დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს ფუნქციობას, ამავდროულად, არ აჰყვეს კრემლის პროვოკაციებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, მკაფიოდ გამოხატონ რუსეთის პროვოკაციული და აგრესიული მოქმედებების მიმართ მათი დამოკიდებულება.
„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დესტრუქციულ, პროვოკაციულ მოქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საოკუპაციო ძალებმა მოახდინეს სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზება საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს.
მათი წარმომადგენლები ძალის დემონსტრირებით, ულტიმატუმის ფორმით მოითხოვენ საქართველოს პოლიციის მიერ გახსნილი საპოლიციო საგუშაგოს გაუქმებას. რაც, აღმაშფოთებელია და იწვევს ჩვენ მძაფრ პროტესტს. ბოლო დროს აშკარად გახშირებულია რუსეთის საოკუპაციო, ან მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ძალების მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებები. გამყოფი ხაზის "ბორდერიზაცია", მავთულხლართები პირდაპირ, ცინიკურად ადამიანების ბაღებზე, ეზოებზე და სახლებზე გადის, სახეზეა ადამიანების გატაცებების ფაქტები, სადისტური მკვლელობები.
ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააძლიეროს ზრუნვა თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რაც გულისხმობს დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს ფუნქციობას, ამავდროულად არ აჰყვეს კრემლის პროვოკაციებს, გაზარდოს ძალისხმევა ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: ლიბერალური აკადემია თბილისი; ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი; ასოციაცია „ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“; ასოციაცია ,,დეა"; საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო; ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო; პრესის ასოციაცია; ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი“; „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“; „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის“.