ბორის სოკოლოვი - რუსეთს დასავლეთთან „მიუნხენი-2“-ის მსგავსი გარიგების იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს

დასავლეთსა და რუსეთს შორის დღევანდელ ურთიერთობებსა და პერსპექტივაზე, ანკარა-მოსკოვის დაახლოების ფონზე რა კორექტივების შეტანაა მოსალოდნელი სამხრეთ კავკაშიაში რუსეთისა და თურქეთის პოლიტიკაში, ასევე დღევანდელ რუსეთში არსებულ ვითარებასა და იმაზე, სავარაუდოდ რა ბედი ელის რუსეთის მიერ საქართველოსათვის „სუდეტურად წაგლეჯილ“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „ინტერპრესნიუსი” ისტორიის მეცნიერებათა დოქტორსა და ცნობილ რუს პოლიტიკის ანალიტიკოსს ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2020 წელს ნიუ-იორკში დაგეგმილი დიდი შვიდიანის შეხვედრაზე მიიწვევს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ევროპას მოუწოდებს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას.

ამას წინ უძღოდა ის, რომ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს შეჩერებული ჰქონდა ევროსაბჭოს წევრობა და მის წინააღმდეგ დაწესდა ეკონომიკური სანქციები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ისევ ძალაშია, ევროსაბჭოში რუსეთს აღუდგინეს უფლებები. თქვენი დაკვირვებით რა ხდება პირობით დასავლეთსა და რუსეთს შორის?

- ჯერჯერობით ვერანაირად ვერ შევაფასებდი, რადგან ერთია ევროსაბჭოში უფლებების აღგენა, რაც, რა თქმა უნდა, სიმბოლური ჟესტია და ამიტომ დიდი მნიშვნელობის არაა. რაც შეეხება დიდ რვიანში რუსეთის მიწვევის პერსპექტივას ვფიქრობ, რომ ამაზეც საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ამის თაობაზე გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება.

ის, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ამგვარი რამ ერთი და ორი წლის წინაც მაკრონსაც აქვს გაკეთებული და მერკელსაც. ვერ ვხედავ საფუძველს ვივარაუდო, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში რაიმე პრინციპულად იცვლება.

ვერ ვხედავ საფუძველს ვივარაუდო, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში რაიმე პრინციპულად იცვლება

იგივე მაკრონმა ბევრჯერ განაცხადა - იმისათვის რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში პრინციპული ხასიათის ცვლილებები მოხდეს, საჭიროა რუსეთმა მოაგვაროს უკრაინასთან კონფლიქტი. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გაურკვევლად რჩება და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს პროცესი საკმაოდ დიდხანსაც გაგრძელდება. მხედველობაში მაქვს ის, რომ დასავლეთი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას.

- კრემლთან აფილირებული რუსი პოლიტოლოგები საუბრობენ იმაზე, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია სრულდება, მეტიც, საუბარია გარკვეული ტიპის კოოპერაციაზეც კი.

შესაძლოა სულ მთლად ასეც არაა, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კონტურები შესაძლოა არ ჩანს, მაგრამ კონფრონტაციაზე უარის თქმისა და კოოპერაციისაკენ სწრაფვა არსებობს...

- ეს რომ ასე არაა, ამაზე მეტყველებს ის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არავის გაუუქმებია. თუ კოოპერაციაში იგულისხმება „ჩრდილოეთ ნაკადის“ ფარგლებში რუსეთთან თანამშრომლობა, ამგვარი კოოპერაცია ამ საკითხებში მანამდეც არსებობდა.

არანაირი საფუძველი არ არსებობს ვივარაუდო, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში პრინციპული ცვლილებები მოხდება და ვითარება შეიცვლება.

არანაირი საფუძველი არ არსებობს ვივარაუდო, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში პრინციპული ცვლილებები მოხდება და ვითარება შეიცვლება

უპირველესად ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები რუსეთსა და უკრაინას შორის.

დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფრონტაციაზე რეალურად უარის თქმა იქნებოდა მაშინ, თუ დასავლეთი რუსეთს დაწესებულ სანქციებს გააუქმებდა. ამგვარ პერსპექტივამდე ჯერ საკმაოდ შორია.

- იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს უკრაინის რადაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს, მთავრობა უკვე დააკომპლექტა, ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები.

- არ ვიცი, ვინაიდან მოვლენები ყველანაირად შეიძლება განვითარდეს. უკრაინის ახალი ადმინისტრაცია თავის უფლებებში სულ ახლახან შევიდა და რეალურად როგორ წარმართავენ საქმეებს რუსეთთან მიმართებაში ძნელი სათქმელია.

ჯერჯერობით დეკლარაციის დონეზე უკრაინის ახალი ხელისუფლება იგივეს ამბობს, რასაც წინა ხელისუფლება. მაგრამ, ვხედავთ, რომ კიევს აქვს რუსეთთან დიალოგის სურვილი. ვნახოთ, დასრულდება თუ არა ექსცესების გარეშე მხარეებს შორის ტყვეთა გაცვლა.

- შეიძლება ითქვას, რომ ახლა ბურთი მოსკოვის მხარეზეა?

- არა, ასეც ვერ ვიტყოდი, ვინაიდან უნდა გაირკვეს როგორი იქნება რეალურად უკრაინის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში.

უნდა გაირკვეს ისიც, თუ რისი მიღწევა უნდა უკრაინას დონბასში. ჯერჯერობით, ეს ცხადად არც გარკვეულია და არც ჩანს. არა მგონია, უკრაინამ უახლოეს ხანებში შეძლოს მოსკოვთან სადავო საკითხებში რაიმე მოდუს-ვივენდის მიღწევა.

არა მგონია, უკრაინამ უახლოეს ხანებში შეძლოს მოსკოვთან სადავო საკითხებში რაიმე მოდუს-ვივენდის მიღწევა

- აშშ-ს სენატორები დაუშვებლად მიიჩნევენ რუსეთის დიდ რვიანში დაბრუნებას იმის გამოც, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიები. უკვე ცხადია, რაც მეტს ისაუბრებს პრეზიდენტი ტრამპი ნიუ-იორკში პრეზიდენტ პუტინის მიწვევაზე, მისი ოპონენტები სულ უფრო მწვავე განცხადებებს გააკეთებენ...

- რამდენადაც მე მესმის, საუბარია არა რუსეთის დიდ რვიანში დაბრუნებაზე, არამედ იმაზე, რომ ტრამპს აქვს იდეა პუტინის აშშ-ში მოწვევაზე, მაგრამ ეს ექვემდებარება შეთანხმებას.

ტრამპს სურს მოიწვიოს პუტინი იმ შეხვედრაზე, რომელზეც შესაძლოა მიწვეული იქნებიან ბრაზილია, უკრაინა, თუნდაც საქართველო, ან კიდევ სხვა ქვეყნები. საუბარი არაა, დიდ რვიანში რუსეთის სრუფლებიან წევრად დაბრუნებაზე. ასეც რომ იყოს კრემლმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთი დიდ რვიანში დაბრუნებით მაინცდამაინც დაინტერესებული არაა.

საუბარი არაა დიდ რვიანში რუსეთის სრუფლებიან წევრად დაბრუნებაზე. ასეც რომ იყოს კრემლმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთი დიდ რვიანში დაბრუნებით მაინცდამაინც დაინტერესებული არაა

- გასაგებია, რომ ევროპასა და აშშ-ს თავისი პრობლემები საკმარისზე მეტი აქვთ, მაგრამ თქვენი დაკვირვებით რას შეიძლება ნიშნავდეს ტრამპის, მაკრონს ანდა იტალიელი პრემიერების მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული რევერანსები?

- ჯერჯერობით არც არაფერს ნიშნავს. ევროპა ცდილობს რუსეთი გარკვეულ კომპრომისზე დაიყოლიოს, მაგრამ ამ კომპრომისის კონტურები ჯერ ჩამოყალიბებულიც არაა.

ევროპა ცდილობს რუსეთი გარკვეულ კომპრომისზე დაიყოლიოს, მაგრამ ამ კომპრომისის კონტურები ჯერ ჩამოყალიბებულიც არაა

ამიტომ არა მგონია, რომ რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს პერსპექტივა აქვს. იმისთვის, რომ კომპრომისი მოიძებნოს, მისი კონტურები მაინც უნდა იყოს მონიშნული. მაგალითად, როგორი შეიძლება იყოს კომპრომისი დონბასთან ანდაც ყირიმთან მიმართებაში.

- ცნობილი რუსი ისტორიკოსი ლილია შევცოვა მიიჩნევს, რომ მოძრაობები რუსეთის მიმართულებით შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ აშშ-ს სურს ჩინეთის შესაკავებლად რუსეთის გამოყენება.

ჩინეთ-რუსეთის ურთიერთოებების გათვალისწინებით რამდენად რეალისტურად გამოიყურება შევცოვას მოსაზრება?

- ვფიქრობ, ეს არარეალურია იმიტომ, რომ ამისთვის ჩინეთსა და რუსეთს შორის უნდა იყოს აშკარა კონფრონტაცია. ეს კი ჯერ არ შეინიშნება. არ მგონია ტრამპს ჰქონდეს იდეა რუსეთი გამოიყენოს ჩინეთის შესაკავებლად.

არ მგონია ტრამპს ჰქონდეს იდეა რუსეთი გამოიყენოს ჩინეთის შესაკავებლად

ასეც რომ იყოს, გაუგებარია ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთზე ბევრად სუსტმა რუსეთმა რა მონაწილეობა შეიძლება მიიღოს მზარდი ჩინეთის შეკავებაში.

- უცნაურად გამოიყურება ანკარასა და მოსკოვს შორის დაწყებული ვალსი. დამკვირვებელთა უმრავლესობა შენიშნავდა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა სიტუაციურ ხასიათს ატარებდა.

მაგრამ, ერდოღანი და პუტინი ისევ ინტენსიურად ხვდებიან ერთმანეთს, აღრმავებენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას. თქვენ რას იტყოდით თურქეთ-რუსეთის აშკარად უცნაურ დაახლოებაზე?

- ჩემი აზრით, ერდოღანი ცდილობს აშშ-სა და რუსეთს შორის ლავირებას. ამისთვის კი ორივეს იყენებს. თურქეთმა რუსული S-400 კი შეიძინა, მაგრამ თვითმფრინავების შეძენაზე დაწყებული საუბრები ჯერ მხოლოდ საუბრებია.

ჩემი აზრით, ანკარა-მოსკოვის ურთიერთობები ბევრს არაფერსაც არ ნიშნავს. მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ ბევრ საკითხში, მათ შორის სირიის საკითხში.

ანკარა-მოსკოვის ურთიერთობები ბევრს არაფერსაც არ ნიშნავს. მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ ბევრ საკითხში, მათ შორის სირიის საკითხში

შესაძლოა, რაღაც ეტაპზე ეს ინტერესები დაემთხვეს ერთმანეთს და მათი გაერთიანება ირანის წინააღმდეგ იყოს მიმართული. არც ესაა გამორიცხული.

- რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაღრმავებამ სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და თურქეთის დამოკიდებულებებში?

- ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაღრმავება სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და თურქეთის დამოკიდებულებებში არანაირ კორექტივებს არ შეიტანს. საერთოდ არანაირს.

ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაღრმავება სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და თურქეთის დამოკიდებულებებში არანაირ კორექტივებს არ შეიტანს

არა მგონია ამ თემებს ეხებოდნენ პუტინი და ერდოღანი გახშირებულ შეხვედრებზე და ჰქონდეთ იმის განცდა, რომ სამხრეთ კავკასიაში მათ უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციებში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

თურქეთისთვის მთავარი მტერი სომხეთია და ეს მოცემულობა კიდევ კარგა ხანს არ შეიცვლება.

- რუსული მედია აქტიურად წერს იმაზე, რომ თურქეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთს ავიწროებს, ანკარის პოლიტიკური ამბიციები მოსკოვისაგან სერიოზულ საპასუხო მუშაობას მოითხოვს.

თქვენი დაკვირვებით, რა საპასუხო სამუშაოებზე შეიძლება იფიქროს რუსეთმა ვთქვათ, იგივე სამხრეთ კავკასიაში?

- ჩემი აზრით, არა მგონია რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თურქეთის საპასუხო სამუშაობს ატარებდეს. არც ის მგონია, რომ აპირებდეს.

რუსეთს გარკვეული გავლენები აქვს სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკაში, მაგრამ იმისათვის, რომ ეს გავლენები გაზარდოს, ამისათვის რეალური რესურსები არ აქვს.

რუსეთს გარკვეული გავლენები აქვს სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკაში, მაგრამ იმისათვის, რომ ეს გავლენები გაზარდოს ამისათვის რეალური რესურსები არ აქვს

- ოსური მხარე რუსი სამხედროების მხარდაჭერით მთელი ზაფხული აგრძელებდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. ქართული მხარე მას ჩვენს საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად განიხილავს.

ფაქტია, რომ ვითარების ესკალაციის მცდელობა სახეზეა, ოფიციალური თბილისი ვითარების დეესკალაციას მეტ-ნაკლები წარმატებით კი ცდილობს, მაგრამ ...

- ვფიქრობ, ეს გახლავთ მცდელობები მოისინჯოს თუ როგორი რეაქცია ექნება ქართულ მხარეს. რამდენადაც მესმის, ქართული მხარე სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს.

- მოსინჯვის მიზანი რაა?

- მაგალითად, იმის გარკვევა აპირებს თუ არა ოფიციალური თბილისი სამხედრო ძალის გამოყენებას სასაზღვრო ომის პროცესში. ვფიქრობ, ოსური მხრიდან აქტივობები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველო არ შეეცდება სამხედრო ძალის გამოყენებით ვითარების შეცვლას.

რამდენადაც მესმის, ქართული მხარე სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს

არა მგონია, რაც ხდება ოსური მხრიდან ან რუსული მხრიდან იყო ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების საბაბი იმისთვის, რომ შემდეგ ოსური და რუსული მხარეები შეტევაზე გადავიდნენ.

რატომღაც მაინც მგონია, რომ ქართულმა მხარემ ძალაც რომ გამოიყენოს, კონფლიქტის ხარისხი ომამდე არ მივა.

- ხანგამოშვებით ვეცნობი პუტინის ყველაზე დიდი რუსი კრიტიკოსის ანდრეი პიონტკოვსკის პუბლიკაციებს. ბატონი ანდრეის მტკიცებით, კრემლი ევროპასა და აშშ-ში აქტიურად მუშაობს ევროპული და ამერიკული ელიტების მოსასყიდად და ამაში რუსი ოლიგარქატის მილიარდები იხარჯება.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია პიონტკოვსკის მტკიცება, რომ მოსკოვი აქტიურად მუშაობს მსოფლიოს ისტებლიშმენტთან იმისათვის, რომ ევროპა-ამერიკის პოლიტიკურმა კლასმა რუსეთი ისეთი მიიღონ, როგორიც ის რეალურად არის?

- ალბათ, კრემლი დასავლელ პოლიტიკოსებს ქრთამის სახით რაღაცას უხდის, მაგრამ არა მგონია, რომ ამ მიზნებისთვის შექმნილი ფონდი ისეთი დიდი იყოს, როგორც ბატონი პიონტკოვსკი ამბობს.

რუსეთი დასავლელ და ამერიკელ პოლიტიკურ წრეებში აქტიურად რომ მუშაობდა, ამას არავინ არასდროს არ უარყოფდა. ეს არც გუშინ და არც გუშინწინ არ დაწყებულა.

რუსეთი დასავლურ და ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში აქტიურად რომ მუშაობდა, ამას არავინ არასდროს არ უარყოფდა. ეს არც გუშინ და არც გუშინწინ არ დაწყებულა

- ბატონო ბორის, ამჯერად თქვენთან დაკავშირება იმის გამოც გადავწყვიტეთ, რომ მალე 11 წელი შესრულდება, რაც თქვენ 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას მიუძღვენით გახმაურებული სტატია სათაურით „Оттяпать по судетски“.

თქვენ კი ამბობთ, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ, ფაქტია, რომ დასავლეთმა ვერ აიძულა რუსეთი უარი ეთქვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე, შემდეგ ყირიმის ანექსიაზე.

ისტორიიდან გვახსოვს, რომ „წაგლეჯვას სუდეტურად“ წინ უძღოდა 1938 წლის 30 სექტემბერს ხელმოწერილი მიუნხენის შეთანხმება, რომლითაც გერმანიას გადაეცა ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ-სა და ევროპის დღევანდელი ლიდერები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან გასული საუკუნის 30-იან წლებში ბრიტანეთის პრემიერ ჩემბერლენს, საფრანგეთის პრემიერ დალადიესა და იტალიის პრემიერ მუსოლინის.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჩემბერლენ-დალადიეს როლი ახლა ტრამპმა და მაკრონმა შეასრულონ? ანუ რუსეთმა აიძულოს დასავლეთი მიიღოს მოსკოვის პირობები რათა შედგეს „მიუნხენი-2“?

- ვფიქრობ, რომ არა, „მიუნხენი-2“ ვერანაირად ვერ შედგება. ასე ფიქრის საფუძველს ძალიან ბევრი რამ მაძლევს. რუსეთის სისუსტე, რუსეთში ევროპის მიმართ დაინტერესება მხოლოდ იმაშია, რომ რუსეთმა ევროპას ენერგომატარებლები მიაწოდოს. აშშ-ს მსგავსად არც ევროპა განიხილავს რუსეთს ჩინეთის შემაკავებლად.

ამ და კიდევ სხვა მიზეზთა გამო, დასავლეთს არანაირი ინტერესი არ აქვს რუსეთთან მიაღწიოს გლობალური შეთანხმებას, ამიტომ რუსეთს დასავლეთთან მიუნხენის მსგავსი გარიგების იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს. ამგვარი გეგმები რუსეთთან მიმართებაში არც ევროპას და არც აშშ-ს არ შეიძლება ჰქონდეთ.

რუსეთს დასავლეთთან მიუნხენის მსგავსი გარიგების იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს

ევროპაცა და ამერიკაც მზად არიან რუსეთთან იმეგობრონ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი შეასრულებს რიგ პირობებს. გარდა ამისა, იგივე ევროპაცა და ამერიკაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მეგობრობას ცდილობენ.

ევროპაცა და ამერიკაც მზად არიან რუსეთთან იმეგობრონ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი შეასრულებს რიგ პირობებს

მართალია, სხვადასხვა მიზეზთა გამო უკრაინასთან ან საქართველოსთან ურთიერთობები ყოველთვის წარმატებული არ თუ ვერ გამოდის.

- თქვენი აზრით, ამ ურთიერთობებში რა არ გამოდის?

- როცა ვამბობ - არ თუ ვერ გამოდის, უპირველესად ვგულისხმობ იმას, რომ ვერ ხერხდება უკრაინასა და საქართველოში იმ მოცულობით ინვესტიციების განხორციელება, როგორი შესაძლებლობებიც ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს აქვთ.

ვერ ხერხდება უკრაინასა და საქართველოში იმ მოცულობით ინვესტიციების განხორციელება, როგორი შესაძლებლობებიც ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს აქვთ

ჩემი აზრით, უპირველესი მიზეზი იმისა, რომ ევროპა და აშშ თავს იკავებენ უკრაინასა და საქართველოში მეტი ინვესტიციები განახორციელონ გახლავთ ის, რომ ამ ქვეყნებში საკმაოდ მაღალია კორუფციის დონე.

- უკრაინასთან შედარებით საქართველოში კორუფციის დონე გაცილებით ნაკლებია...

- გეთანხმებით, საქართველოში ალბათ კორუფციის დონე ნაკლებია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოს ფაქტობრივ მმართველს რუსეთში კორუფციონერის რეპუტაცია ჰქონდა და არა მგონია ამ თვალსაზრისით იგი პრინციპულად შეცვლილიყო.

- ბრძანეთ, რომ დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში თავად არა ჩამოყალიბებული თავისივე საბოლოო მიზნებში. რადგან ასე თვლით, მე კითხვას ასე დავსვამდი - თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ის საბოლოო მიზნები, რომლებშიც დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს?

- ვგულისხმობ იმას, რომ თავად დასავლეთი უნდა გაერკვეს რა უნდა რუსეთისაგან. თეორიულად დასავლეთს უნდა სურდეს რუსეთში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა. მაგრამ, ეს ის პუნქტი არაა, რომელიც მასზეა დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, ოდესღაც რუსეთში ხელისუფლების ცვლილება მოხდება, მხედველობაში მაქვს ბუნებრივი მიზეზები, ადრე თუ გვიან პუტინი გარდაიცვლება, მაგრამ, ძნელია იმის პროგნოზირება, ეს როდის მოხდება.

ჩემი დაკვირვებით, დასავლეთის გლობალური მიზანი რუსეთთან მიმართებაში სწორედ რეჟიმის ცვლილებაა. რაც შეეხება კონკრეტულ მიზნებს, ევროპის ეკონომიკური ამოცანაა შეინარჩუნოს რუსეთი როგორც ენერგომატარებლების მიწოდების წყარო.

ჩემი დაკვირვებით, დასავლეთის გლობალური მიზანი რუსეთთან მიმართებაში სწორედ რეჟიმის ცვლილებაა

აშშ-ს კი რუსეთთან მიმართებაში რამე განსაკუთრებული ეკონომიკური მიზანი იმის გამო არ აქვს, რომ ეკონომიკურ სფეროში აშშ-რუსეთის ურთიერთობები ისედაც მინიმალურია.

- სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის დედაქალაქსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ქუჩის აქციები გაიმართა. საპროტესტო ტალღა დიდი არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მასიურობით აშკარად გამოირჩეოდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით დღევანდელ რუსეთში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას და სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- ჯერ პროტესტს არ მიუღწევია იმ დონისთვის, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების ცვლილების გამოწვევა. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი არჩევნები ქალაქ მოსკოვსა და სხვა რეგიონებში ხელისუფლებისათვის პროგნოზირებადი შედეგით დასრულდება.

ზოგადად, ვითარება რუსეთში საკმაოდ ბნელი და პირქუშია, მოსახლეობის ცხოვრების დონე შესამჩნევად ეცემა, იზრდება მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული. ეს იწვევს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას.

ვითარება რუსეთში საკმაოდ ბნელი და პირქუშია, მოსახლეობის ცხოვრების დონე შესამჩნევად ეცემა, იზრდება მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული. ეს იწვევს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას

იმისათვის, რომ ეს უკმაყოფილება ისეთ მძლავრ საპროტესტო აქციებში გადაიზარდოს, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების ცვლილება, აქამდე ჯერ საქმე არ მიდის.

- რუსეთის ისტორიის გათვალისწინებით, ამის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, თუ გარედან ჩარევები არ იქნა. 1917 წელს „ოქტომბრის რევოლუცია“, სინამდვილეში კი „ოქტომბრის გადატრიალება“ გარე ძალების მიერ იყო დაფინანსებულ-მხარდაჭერილი. ვხედავთ, რომ გარე ძალები არ აპირებენ რუსეთის საშინაო საქმეეში ჩარევას და ამგვარ პროცესებში მონაწილეობას...

- არა, რაღაც მომენტში შესაძლოა მართლაც ჰქონდეს ადგილი სამოქალაქო აქტივობის აფეთქებას, მაგრამ ჯერ ამის ნიშნები რეალურად არ არსებობს. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით იმ საზოგადოებაში, რომელიც საპროტესტო აქციებზე გამოდის, მათ შორისაც არ არის იმ ტიპის სოლიდარობა, როგორც, ვთქვათ, იგივე კიევში მაიდნის აქციის მონაწილეებს შორის იყო.

ვგულისხმობ იმას, რომ საპროტესტოდ გამოსული საზოგადოება საპოლიციო ძალებს რიგითი პროტესტანტების დაკავების საშუალებას აძლევს და მათ წინააღმდეგობას არ უწევს.

დიახ, გარე ძალები ამ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ რაღაც მომენტში არაა გამორიცხული უკმაყოფილოთა რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს და რაღაც დიდი აფეთქების მსგავსი გამოიწვიოს. პირადად მე არ გამოვრიცხავ რუსეთის სამეფო კარზე გადატრიალებას. ეს ვარიანტი შესაძლებელია.

სხვათა შორის, სამეფო კარზე გადატრიალება ახლა იმის გამოა შესაძლებელი, რომ საერთოდ, ხალხის ძალისხმევით ხერხდება მხოლოდ არაპოპულარული დიქტატორების ჩამოგდება.

ფაქტია, რომ ახლა პუტინი ხალხში კარგავს პოპულარობას. ამიტომ თუ ახლა ვინმეს სურს რუსეთში სამეფო გადატრიალების მოწყობა, მას შეუძლია ჰქონდეს ამის მცდელობა.

თუ ახლა ვინმეს უნდა რუსეთში სამეფო გადატრიალების მოწყობა, მას შეუძლია ჰქონდეს ამის მცდელობა

მას შეიძლება პირველ ეტაპზე ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ხალხი მას არ ჩამოაგდებს.

- თქვენ ამ თემაზე ისე მსჯელობთ, თითქოს კრემლთან დაახლოებულ ელიტებში დიდი განხეთქილება არსებობს. ასეა?

- ეს უცნობია. მე ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რომ თუ საქმე სახელმწიფო გადატრიალებამდე მივიდა, ის შეიძლება მოხდეს იმ მომენტში, როცა ადამიანები, რომლებიც ამის განხორციელებას დააპირებენ, ჩათვლიან, რომ კრემლის ელიტისთვის პუტინი უკვე საჭირო აღარაა.

ჩემი დაკვირვებით, კრემლის ელიტაში განხეთქილება ჯერ არ არის. მაგრამ, თუ გაჩნდა, ეს პროცესებს დააჩქარებს და უმოკლეს ვადებში გამოიწვევს სამეფო კარზე გადატრიალებას. ჩვენ ელიტაში განხეთქილების შესახებ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ შევიტყობთ.

- 11 წლის წინ, მას შემდეგ რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, თქვენ დაწერეთ გახმაურებული სტატია „წაგლეჯვა სუდეტურად“. ახლა როცა, 2008 წლის აგვისტოდან 11 წელია გასული, რა შეგიძლიათ თქვათ იმ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა საქართველოს წაგლიჯა?

- რუსეთმა მიაღწია იმას, რომ ახლა საქართველოში პრორუსული ხელისუფლებაა. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ ლოიალობის გარკვეული ფარგლები აქვს.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, მოისურვებს თუ არა რუსეთის შემდეგი ხელისუფლება ამ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნებას

უფრო ხმამაღლა იგი ამის შესახებ განცხადებებს ვერ გააკეთებს, ვინაიდან საქართველოში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი პრორუსულად არაა განწყობილი და არ დაუჭერდა მხარს მის მიერ გაჟღერებულ რიტორიკას. ქმედებებზე აღარაფერს ვამბობ.

- თქვენ როგორ გესახებათ რუსეთის მეირ საქართველოსთვის წაგლეჯილი ტერიტორიოების ბედი?

- ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, მომავალში თუ როგორი ხელისუფლება იქნება რუსეთში. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, მოისურვებს თუ არა რუსეთის შემდეგი ხელისუფლება ამ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნებას.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს