რომან გოცირიძე მინისტრობის კანდიდატებს - თქვენ ხართ საარჩევნო შტაბი, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შექმნილი პოლიციური ინსტიტუტი

თქვენ ხართ საარჩევნო შტაბი, თქვენ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შექმნილი პოლიციური ინსტიტუტი ხართ და არა ქვეყნის გადასარჩენად მომზადებული ჯგუფი, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელსაც პარლამენტში ფრაქციების ფორმატში უსმენენ.

გოცირიძემ 20 ივნისის ღამის კადრების ჩვენების შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი მომავალში პასუხს აუცილებლად აგებენ, იმაზე, რაც მათ მმართველობას უკავშირდება.

„სამი თვეა ჩვენ ვისმენთ ეკრანებიდან და გვეკითხება ყველა, რატომ მოხვდა ბავშვებს ტყვია, ვინ ჩაიდინა დანაშაული, ვინ აგო ხელისუფლებიდან ამ დანაშაულისთვის პასუხი, ვინ დაისაჯა, ვინ არიან ის დამნაშავეები, რომლებსაც ჯერ კიდევ მფარველობს ბატონი ივანიშვილი?! ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები დღეს განსასჯელის სკამზე იყვნენ, გვევლინებიან ხელისუფლების სათავეში. ვინ გასცა ბრძანება და საერთოდ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ რატომ მიდის საქართველო პოლიციური სახელმწიფოს გზით?! 20 ივნისის შემდგომ საქართველოში იმდენი დანაშაული და მოვლენები მოხდა, რომელიც ერთ დიქტატორს მრავალი წლის განმავლობაში ეყოფოდა.

ძალიან მოკლედ ჩამოგითვლით: რეპრესიები, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, ირაკლი ოქრუაშვილი ჩასვით ციხეში, ნიკა მელია არის შინაპატიმრობაში, „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას წაუყენეთ ბრალი, „რუსთავი2“ დახურეთ და შეასრულეთ რუსეთის სათათბიროს დეპუტატების სანუკვარი ოცნება, გახსოვთ, ალბათ გამოაცხადეს, მოდით, ვიყიდოთ „რუსთავი2“, დიასპორამ შეაგროვოს რუსეთში ფულიო, არ დასჭირდა რუსეთს ფულის შეგროვება, აგერ დახურეთ ფაქტობრივად „რუსთავი 2“ და იქიდან არ ისმის მართალი სიტყვა, აგრძელებთ მედიასაშუალებების დევნას, ბრძოლა გამოუცხადეთ „ტვ პირველს“ , გათიშეთ არხი თქვენი „ბოტების“ საშუალებით, აგრძელებთ იმ გზას, რომელიც გამოიყენეთ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ, როდესაც ჰაკერული შეტევა განხორციელდა ამ ბანკის წინააღმდეგ და სად არის გამოძიებული ეს საკითხი, ბიზნესი დაატერორეთ, „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობა ფაქტობრივად ქვეყნის შიდა პატიმრობაშია, წერეთელზე სისხლის სამართლის საქმე აღძარით, გააჩერეთ ანაკლიის პროექტი, 50-მდე ადამიანი დააპატიმრეთ, კულიმინაციაა, დღეს, როდესაც ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ ამ ჩადენილ საქმეებზე , უნდა მართონ მთელი ქვეყანა და თქვენ უნდა დაგიჭიროს მხარი პარლამენტმა, ბოლო წერტილი სახელმწიფოს მიტაცების, უზურპაციის და ქვეყნის საბოლოო მიტაცების პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება, 20 მოსამართლე პირდაპირ ივანიშვილის ხელქვეითი და უმრავლესობა, რომელიც ივანიშვილისგან იღებდა ხელფასს და მისი დაქირავებული პირები იყვნენ, მოგვევლინებიან უზენაესი სასამართლოს წევრებად. ეს ყველაფერი ხდება სამი თვის განმავლობაში. რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა პირდაპირი მცდელობა ავტორიტარული რეჟიმისათვის.

ძალოვანი სტრუქტურები ისე დაალაგა ივანიშვილმა, რომ ერთი წლის განმავლობაში თქვენ საქმე კი არ უნდა აკეთოთ, ლარს კი არ უნდა უშველოთ, სიღარიბე კი არ უნდა დაძლიოთ, თქვენ ხართ საარჩევნო შტაბი. თქვენ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შექმნილი პოლიციური ინსტიტუტი ხართ და არა ქვეყნის გადასარჩენად მომზადებული ჯგუფი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქციების ფორმატში „ნაციონალური მოძრაობა“ უსმენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა